"მოსაწვევი ყველას გაუგზავნეს საერთო ჩატით, თუმცა... მოძველებულია ეს თემები ჩემთვის" - რატომ არ დაესწრო თემურ ჭყონია პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრას?!
აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-სთან პრემიერ მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მის თქმით, მოსაწვევი საერთო ჩატით ყველას გაუგზავნეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, ვერ დაესწრო.
თუმცა, თემურ ჭყონია იქვე აღნიშნავს, რომ „ეს თემები“ მისთვის მოძველებულია.
„მოსაწვევი ყველას გაუგზავნეს საერთო ჩატით, მე სამწუხაროდ, ორშაბათობით ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სტუმრები მყავდა და ვერ დავესწარი. ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია, თუმცა, ბევრი საქმეები მქონდა და ამიტომ ვერ დავესწარი, ეს არის რეალური მიზეზი.
რაც ჩემი თავი მახსოვს, ასეთი შეხვედრები სულ არის და მოძველებულია ეს თემები ჩემთვის“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.
კითხვაზე, მომავალში აპირებს, თუ არა მსგავს შეხვედრაზე დასწრებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ არ იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ვიწრო წრეში შეხვედრები უფრო შედეგის მომცემი იყოს. იმ შემთხვევაში კი, თუ შეხედულებების გათვალისწინება არ მოხდება, შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
„არ ვიცი მომავალში დავესწრები თუ არა, გააჩნია, რა შინაარსის იქნება. მე ვფიქრობ დღევანდელი მდგომარეობით და იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მოქმედმა ბიზნესებმა განვითარების ამდენი ეტაპი გაიარეს, შეიძლება ასეთ შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვიწრო წრეებში უფრო შედეგის მომცემი იქნება. აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“,- ამბობს თემურ ჭყონია.