მრავალპროფილური ბიომეურნეობა ივრის ნაპირებზე
ამ მრავალპროფილურ ბიომეურნეობას განსაკუთრებული ისტორია არა აქვს, უბრალოდ, ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანები, რომლებსაც მსგავსი რაღაცის გაკეთება ყოველთვის სურდათ. ამასთანავე, მათთვის მნიშვნელოვანი იყო გემრიელი და ჯანსაღი სურსათი, თავისი გემოვანი და სასარგებლო თვისებებით. მოსწონდათ სოფლის გარემო, ბუნებაში ყოფნა, იდეაც აქედან ჩამოყალიბდა და ფერმის შესაქმნელად დაიწყეს მუშაობა.
ახალგაზრდა მეურნეობა რამდენიმე წლისაა. ნაკვეთი 2019 წელს შეიძინეს და მეხუთე წელი შესრულდება, რაც საქმიანობას შეუდგნენ. "კოვიდმა" ცოტათი კი შეაფერხა კონკრეტული მიმართულებები და სამუშაო, მაგრამ არ შეჩერებულან.
თამთა კალანდაძე, მეურნეობის თანადამფუძნებელი:
- დღეს უკვე მრავალპროფილური ბიომეურნეობა გვაქვს. ფერმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოსა და მდინარე ივრის ნაპირას, 25 ჰექტარზეა გაშენებული. ყორუღის აღკვეთილს (დაცული ტერიტორიები) ვესაზღვრებით, რაც აქ მომავალში ტურიზმის განვითარებისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენი მეურნეობა სხვადასხვა მიმართულების კულტურებს მოიცავს - ხეხილის ბაღს, ვენახს, მარცვლოვან, ერთწლიან კულტურებს (ძირითადად, სიმინდს), ბოსტან-ბაღჩეულს - სეზონის მიხედვით ყველაფერი მოგვყავს. გვაქვს ხელოვნური ტბა და მისი საშუალებით ფერმის ტერიტორია წყლით მარაგდება, წვეთოვანი სარწყავი სისტემით ირწყვება ბაღი, ვენახი, ბოსტანი. ტბის წყლის გამოყენება დანერგილი პრაქტიკაა, თევზნამყოფი წყალი უვნებელია მორწყვისთვის, მეტადაა გამდიდრებული ჟანგბადით. თევზს ჯერ არ ვყიდით, თუმცა ტბაში სატესტოდ ჩაშვებულია.
ფერმაში მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი გვყავს. ჯერ ძროხა არც ისე ბევრია, ფრინველებიდან კი ინდაური, ქათამი და ბატი. გაგვიმართლა, რომ ეს ტერიტორია შესაძლებლობას გვაძლევს მაქსიმალურად დაუბინძურებელ გარემოში გვქონდეს ბიომეურნეობა.
- სხვადასხვა მიმართულების მეურნეობა ერთდროულად დაიწყეთ?
- თავიდან ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურებით დავიწყეთ, პირველად სიმინდი მოვიყვანეთ. კახეთში მიწის წყლით მომარაგება ერთ-ერთი პრობლემაა და მივხვდით, რომ წვეთოვანი სარწყავი სისტემა გვჭირდებოდა. შემდეგ ნელ-ნელა სხვადასხვა კულტურებიც დავამატეთ და მეორე წელს ბაღის გაშენება დავიწყეთ, ხოლო 2 წლის წინ, როცა ყველაფერი მოვამზადეთ, ვენახიც ჩავყარეთ.
ბევრი სირთულე გავიარეთ, თუმცა თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქმიანობა დარგის სპეციალისტებთან ერთად დავიწყეთ. მონდომება და ენერგია კი გვქონდა, მაგრამ ყველაფრის სწორად გასაკეთებლად აგროსფეროში საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნდა. ახლა გვყავს ჩვენი აგრონომი, კონსულტანტი მებაღეობასა და მეხილეობაში. მაქსიმალურად ვცდილობთ ბაზარზე არსებული გამოცდილება და ცოდნა გავიზიაროთ, რათა შეცდომა იშვიათად დავუშვათ. ასეთმა მიდგომამ სარგებელი მოგვიტანა, მართლაც იმაზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დავუშვით, ვიდრე გამოცდილი ხალხისა და კონსულტანტების გარეშე შევძლებდით.
- ეს ადგილი რატომ შეარჩიეთ?
- ადგილის შერჩევისას კონკრეტული პირობები არ წამოგვიყენებია. უბრალოდ, როცა ვნახეთ, ძალიან მოგვეწონა. ირგვლივ საოცარი ბუნებაა, მყუდრო და მშვიდი გარემოა, ამასთანავე, მიწა დაუმუშავებელი იყო და მანამდე მხოლოდ საძოვრად იყენებდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ აქაურობა თბილისთან ახლოსაა. ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღეთ.
ვინც ამ საქმეში ვართ, ოჯახში ყველას პატარა ჰყავს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი პროდუქტების ქონა. საზღვარგარეთ მოგზაურობის დიდი პრაქტიკაც გვქონდა, სადაც არაერთ ბიოფერმაში ვყოფილვართ. გაგვისინჯავს ბიოპროდუქტიც - ხორცი, ბოსტნეული... ამიტომ ვიცოდით, რა განსხვავებაა ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტს შორის. ისიც დავინახეთ, რომ ბაზარზე ასეთ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. ასე გადაწყდა, რომ ჩვენი მეურნეობა ბიომიმართულების ყოფილიყო. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ "ელკანას" ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის კონსულტანტებთან. დაწყებული გვაქვს მუშაობა სერტიფიცირებაზეც. სხვადასხვა პროდუქტზე სერტიფიკატების მიღებას სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობა სჭირდება და ამაში აქტიურად ვართ ჩართული.
- ესე იგი, იყენებთ ბიოპრეპარატებს.
- ბიოპრეპარატებსა და გადამწვარ ნაკელს, დავიწყეთ ბიოჰუმუსის ადგილზე გამომუშავებაც. შარშან და შარშანწინ სატესტო პერიოდი გვქონდა. მომავალში გვინდა ნიადაგის გაჯანსაღება მხოლოდ ბიოჰუმუსით მოხდეს. ბიომეურნეობის არსიც ისაა, რომ სრულად თვითკმარი იყოს.
- მუშახელზე რას გვეტყვით?
- ჩვენი მეურნეობა იურიდიულად კოოპერატივია, შესაბამისად, გვყავს მუდმივი თანამშრომლები, აგრონომები, კონსულტანტები. რაც შეეხება მუშახელს, ფერმაში არის საცხოვრებელი ფართობიც, სადაც მუდმივად ცხოვრობს ჩვენი დამხმარე ოჯახი და ყველაფერს მეთვალყურეობს, დამატებით დამხმარე ძალას კი სეზონური საქმეებიდან გამომდინარე ვიწვევთ.
- სად ყიდით პროდუქტს და ვინ არიან თქვენი პროდუქტის მომხმარებლები?
- პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ წლეულს დავიწყეთ, მომხმარებელთან უკუკავშირი გვაინტერესებდა. შეუძლიათ სოციალურ ქსელშიც დაგვიკავშირდნენ და დაგვიკვეთონ, ჩვენი წინასწარ გამოქვეყნებული პოსტიდან გამომდინარე, სასურველ პროდუქტს თბილისში მივაწოდებთ. როგორც ვვარაუდობდით, დიდი ყურადღება გამოხატა მშობლების სეგმენტმა, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და სურთ შვილებმა ჯანსაღი პროდუქტები მიიღონ. ასევე, გვყავს კლიენტები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და ჯანსაღად კვებას არჩევენ. მომხმარებლებში ისეთებიც არიან, დიდ ყურადღებას რომ აქცევენ გემოვან თვისებებს. ასე რომ, პროდუქტი სწრაფად იყიდება.
- მიწოდება სეზონურია?
- კი, თუმცა სათბურიც გვაქვს და მომავალ წელს ვეცდებით პროდუქტები გრძელი ციკლით მივაწოდოთ. წლეულს მრავალფეროვან ბოსტნეულს, მარცვლოვან კულტურას, ჭყინტ სიმინდსა და მისგან მიღებული მჭადის ფქვილს ვაწვდიდით. მჭადის ფქვილს წინასაახალწლო დღეებშიც მივაწვდით, ასევე ხორცპროდუქტებსაც...
გვაქვს 60 დასახელების ხილი, როგორც თესლოვანი, ისე კურკოვანი. ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ბაღში მინიმუმ 2-3 სახეობის ხილი მოდის.
- ეკოტურიზმის დანერგვაზე გიფიქრიათ?
- დიახ, გვინდა ჩვენი ფერმა ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად ვაქციოთ, საფერმო ტურიზმად. შემდეგი წლისთვის სამი კოტეჯი გვექნება, ნაწილი აშენებულია, ნაწილიც შენდება. ვფიქრობთ, 3-4 წელიწადში გამართულად შევძლებთ ეკოტურიზმში მუშაობას. გვინდა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ელექტრონული გაყიდვების ვებგვერდის გამართვა, სადაც შეკვეთილ პროდუქტს კურიერი ადგილზე მიაწვდის.
- ენერგოეფექტურობაზეც ზრუნავთ?
- დიახ. ჩვენი წვეთოვანი სარწყავი სისტემაც იმას ემსახურება, რომ წყლის რესურსებს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ. ბიომეურნეობის მთელი შინაარსიც ისაა, რომ რაც ერთს აკლდება, მეორეს არგებს. წლეულს მზის პანელების სისტემა დავამატეთ და მზის ენერგიით დავიწყეთ ელექტროენერგიის გამომუშავება. ჯერჯერობით ახალი დამონტაჟებულია, ამიტომ ზაფხულს ველოდებით, რათა მეურნეობაში მზის ენერგია უფრო აქტიურად გამოვიმუშაოთ. მოკლედ, ასეთი გეგმები გვაქვს.
ლალი ფაცია