"გაიტანეთ გრენლანდია" ანუ ტრამპის გეოპოლიტიკური სკანდალი - "დიდ დონალდს" კუნძულის ყიდვა სურს, დანია კი თავდაცვას აძლიერებს - კვირის პალიტრა

"გაიტანეთ გრენლანდია" ანუ ტრამპის გეოპოლიტიკური სკანდალი - "დიდ დონალდს" კუნძულის ყიდვა სურს, დანია კი თავდაცვას აძლიერებს

„როგორც კი დონალდ ტრამპმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გრენლანდიას აშშ-ისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კუნძული უნდა შევისყიდოთო, არ გასულა სამი საათიც და დანიის მთავრობამ გრენლანდიის სამხედრო დაცვისათვის ხარჯები გაზარდა“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „დონალდ ტრამპი გრენლანდიის შესყიდვას გეგმავს, დანია კი კუნძულის თავდაცვას აძლიერებს“.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის ხარჯების პაკეტი „ორნიშნა ციფრს შეადგენსო“ და არ დაუზუსტებია, თუმცა, დამკვირვებლების თქმით, პაკეტის მოცულობა 12-15 მილიარდ დანიურ კრონს შეადგენს.

გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობა

გრენლანდიაზე, რომელიც დანიის ავტონომიურ ტერიტორიად ითვლება, განლაგებულია აშშ-ის მსხვილი კოსმოსური ბაზა „პაითუპიკი“. არქტიკულ კუნძულს მართლაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ამერიკისათვის, რადგან ევროპისაკენ უმოკლეს გზაზე მდებარეობს. გრენლანდიის წიაღში, ასევე, მოიპოვება ნავთობი, ქვანახშირი და იშვიათი ლითონების სხვა წიაღისეული. გლობალური დათბობის პირობებში, როცა ყინულის საფარი თანდათან დნება, მათი დამუშავება შედარებით იოლი ხდება.

ლუნდ პოულსენის თქმით, თავდაცვის პაკეტი მოიცავს ორი ახალი საინსპექციო გემისა და შორი მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შეძენას, ასევე, ძაღლების მარხილების პარკის სწრაფ განახლებას. პაკეტი ითვალისწინებს გრენლანდიის ავტონომიის დედაქალაქის - ნუუკის (ყოფილი გოთჰობის) სამოქალაქო აეროპორტის მოდერნიზებას ისე, რომ მათზე დაშვება-აფრენა თანამედროვე ავიაგამანადგურებლებმა - F-35-მაც შეძლონ. გაიზრდება დანიის არმიის ნუუკის სამხედრო გარნიზონის რაოდენობა და მისი დაფინანსება.

მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მედიაპლატფორმა Truth Social-ში დაწერა: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და მთელ მსოფლიოში თავისუფლების განმტკიცების მიზნით, ამერიკა თვლის, რომ გრენლანდიის ფლობა და კონტროლი აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“.

„ბოდიში მისტერ ტრამპ, მაგრამ გრენლანდია ჩვენი საკუთრებაა"

"ჩვენ ფულზე არ ვიყიდებით და ამას არასოდეს დავუშვებთ. თავისუფლებისათვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, - ასე უპასუხა გუშინ, 24 დეკემბერს გრენლანდიის ავტონომიის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ აშშ-ის პრეზიდენტს.

ანალიტიკოსების თქმით, დანიის მთავრობის მიერ კუნძულის თავდაცვის გაძლიერების გეგმა საკმაო ხანია, იხილება და ამიტომ პაკეტის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დონალდ ტრამპის ნათქვამმა გამოიწვია. უბრალოდ, საკითხის გადაწყვეტა დაჩქარდა.

დღემდე დანია ძალიან დაყოვნებით მოქმედებდა, გრენლანდიის დაცვის გაძლიერების საქმეში (მასზე თვალი უჭირავთ ჩინეთს და რუსეთს, ახლა კი ამერიკაც ემატება), ამჯერად კი სიტუაცია, დიდი ალბათობით, გაუმჯობესდება.

დანიის სამხედრო აკადემიის თანამშრომლის, სტენ კერგორის ვარაუდით, დონალდ ტრამპს, ალბათ, თავისი განცხადებით, დანიის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენა სურდა, რომ კოპენჰაგენს ამგვარი ნაბიჯი გადაედგა. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპს განზრახული ჰქონდა, რომ დანიამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს კუნძულის დაცვის მიმართ. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჭკვიანურად მოიქცა: თავისი განცხადებით დანიის მთავრობა აიძულა, გაეძლიერებინა არქტიკული სამფლობელო, რათა უშუალოდ თვითონ, ამერიკამ, ნაკლები თანხები დახარჯოს - იქ ხომ აშშ-ის ბაზაც არის?!“ - თქვა სტენ კრეგორმა BBC-ისთან საუბარში.

ამერიკულ-დანიური სკანდალი

სხვათა შორის, დონალდ ტრამპს გრენლანდიის დაუფლების საკითხი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროსაც „აწუხებდა“. 2019 წელს მან თქვა, რომ კარგი იქნებოდა, გრენლანდია ამერიკამ იყიდოს, უნდა შევთავაზოო, თუმცა დანიის მთავრობამ მაშინაც გააკრიტიკა თეთრი სახლის ამბიციები.

კიდევ ერთი ფაქტი იმდროინდელი შეხლა-შემოხლიდან: დანიის ქალმა პრემიერ-მინისტრმა - მეტე ფრედერიკსენმა დონალდ ტრამპის შეთავაზებას „აბსურდული“ უწოდა, ტრამპმა კი დანიელ ქალბატონს „საზიზღარი“ უწოდა და კოპენჰაგენში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

საერთოდ კი, პირველად გრენლანდიის ყიდვის საკითხი წამოაყენა 1860-იან წლებში პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა, რომელიც, დონალდ ტრამპის მსგავსად, კინაღამ იმპიჩმენტის მსხვერპლი გახდა. ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ენდრიუ ჯონსონის პრეზიდენტობის პერიოდში იყიდა ამერიკამ რუსეთისაგან ალასკა, 1867 წელს, - ნათქვამია „ბიბისის“ პუბლიკაციაში.

ასე რომ, ჩვენში ცნობილი გამონათქვამი - „გაიტანეთ გრენლანდია“, ამერიკისათვის მიუღებელია - პირიქით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო