"ერთ წელიწადში აქ დავიწერეთ ჯვარი. ვლადი ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი და ბევრს ქართველი ეგონა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა. არც ერთი მნი - კვირის პალიტრა

"ერთ წელიწადში აქ დავიწერეთ ჯვარი. ვლადი ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი და ბევრს ქართველი ეგონა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა. არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ ავიწყდება და საჩუქრებით მანებივრებს"

ეს ამბავი ქართულ-სერბულ სიყვარულზეა.

ის ლამაზი ურთიერთობა, რომელიც უცხოელ სტუდენტთა საქართველოში სტუმრობის დროს დაიწყო, ბედნიერებით დასრულდა. თუმცა, რატომ დასრულდა? დღემდე გრძელდება და მიუხედავად რამდენიმეწლიანი თანაცხოვრებისა, არც გაფერმკრთალებულა, კვლავ ფერადია და მშვენიერი.

ჩვენი ქართველი გოგო, ანა ივანიძე სერბების რძალი გახდა. დღეს ის უკვე ორი შვილის დედაა. მისი მეუღლე ვლადიმირ ტოშიჩია საქართველოზე, ჩვენს ხალხზე, კულტურასა და ტრადიციებზე შეყვარებული ადამიანია.

- ჩემი ბიძაშვილი ვანო და ვლადიმირი დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი სამეფო კოლეჯში სწავლობდნენ ერთად, მერე ცოტა ხნით გაიყო მათი გზები და ვლადმა ბელგრადში განაგრძო სწავლა. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად, მოსკოვში, როცა რუსული ენის შესწავლა გადაწყვიტეს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვანომ სამეგობრო საქართველოში დაპატიჟა. ჯგუფში სერბი, რუსი, ტაილანდელი და ფრანგი თანაკურსელები იყვნენ. მე ამ დროს გერმანიაში ვიყავი. ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. სტუმრებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს და აღფრთოვანდნენ, განსაკუთრებით ვლადი მოიხიბლა. ჩვენს ოჯახში სუფრა რომ გაიშალა, მამაჩემისთვის უთხოვია, ქართულად "მამაო ჩვენო" წამიკითხეთო. მერე, მას სერბულად ულოცია და ჩვენებმა თქვეს: ეს კაცი ჩვენიანიაო... უჩემოდ გაიბა უხილავი სიმები ვლადიმირსა და ქართველ მასპინძლებს შორის. ვანომ აღარ მომასვენა, ჩამოდი, ჩემს მეგობრებს საქართველო უნდა ვაჩვენო და მინდა შენც გვერდით მყავდეო. აეროპორტში ჩემი ბიძაშვილის მთელი სამეგობრო დამხვდა. მათ უკვე მოესწროთ და სუხიშვილების ცეკვა ენახათ, ეს რა ჯადოქრები ვიხილეთ სცენაზეო, - აღტაცებით მიზიარებდნენ შთაბეჭდილებას. მომინდა, რაც შეიძლება ახლოს გამეცნო მათთვის ჩვენი კულტურა და ტრადიციები, დამენახვებინა, რანი ვიყავით ქართველები, საიდან მოვდივართ და რამდენ ხელთუქმნელ საგანძურს ვფლობთ. გავემგზავრეთ დეიდაჩემთან, რომელიც გურიაშია გათხოვილი. კრიმანჭულმა პირი დააღებინა სტუმრებს, მერე იმერეთში გადავინაცვლეთ, იქაც საოცრება ელოდათ: გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, კაცხის სვეტი... აღიარეს: დავრწმუნდით, რომ ის ლეგენდა სიმართლეს შეეფერება, საქართველო რომ ღმერთის ადგილსამყოფელი იყო და მერე ქართველებს დაუთმოო. ვლადი მაშინ უკვე მევენახეობით იყო გატაცებული და ქართული ვაზის ნერგები წაიღო სერბეთში. იქიდან თითქმის ყოველდღე მწერდა და მიყვებოდა, როგორ გაიხარა სერბულ მიწაზე ქართულმა ვაზმა.

- ქართულ ვაზთან ერთად თქვენმა სიყვარულმაც გამოიღო ნაყოფი... თუმცა, მაინც რთულია უცხო ქვეყანაში, განსხვავებული ტრადიციებისა და კულტურის ხალხთან შეგუება. არ გაგიჭირდა?

- ერთ წელიწადში დავქორწინდით. აქ დავიწერეთ ჯვარი. ვლადი ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი და ბევრს ქართველი ეგონა. სერბები ბევრი რამით ჰგვანან ქართველებს. მათთვისაც ოჯახი უპირველესია, უყვართ დიდი წვეულებები, მისდევენ მევენახეობას, თუმცა არ ჰყავთ სუფრის თამადა და არ იციან სადღეგრძელოები. ისინი სასმისს ხელში იღებენ, ერთმანეთს თვალებში შესცქერიან და ამბობენ: "ჟიველი", რაც ნიშნავს "გვეცოცხლოს". გაგიკვირდებათ და სამჯერ გადაგვიხადეს ქორწილი. პირველად მაშინ, როცა ჩავედი სერბეთში, ქალაქ პიროტში (სადაც ამჟამად ვცხოვრობთ) და მთელი ნათესაობა შეკრიბეს ქართველი რძლის გასაცნობად; მეორედ მაშინ, როცა ხელი მოვაწერეთ; მესამედ ტრადიციული, 400-კაციანი ქორწილი გვქონდა. ჩვენი პირველი სიხარული, ლაზარე უკვე 3 თვის იყო. მამამთილი სიამაყით აცხადებდა, ჩემი რძალი გიტარაზე კარგად უკრავს და მღერისო. მომიტანეს გიტარა და "საქართველო, ლამაზო" ვიმღერე. ამ დროს სტუმრებს გამოეყო ქალაქის მთავარი ქირურგი, ალექსანდრე ლილიჩი და სიმღერაში ამყვა. გაოცებულმა შევხედე. თურმე ის ქართველებს და ჩვენს კულტურას დიდ პატივს სცემს, იუთუბზე ეს სიმღერა მოუსმენია და იმდენად მოსწონებია, რომ ისწავლა... ვლადის მშობლები და ნათესავები ისე თბილად დამხვდნენ, ისეთი სიყვარულით მიმიღეს, რომ გაუცხოების გრძნობა მალევე გაქრა. აქ ბებია-ბაბუის კულტია. შვილიშვილების გაზრდაშიც მონაწილეობენ. ვლადი ბებია-ბაბუის გაზრდილია. საოცრად თბილი ადამიანია ვლადის დედის მამა. როდესაც გამიცნო, გადაშალა დიდი ენციკლოპედია, სადაც საქართველოზე ეწერა და მითხრა: როგორც კი გავიგე, ჩემს შვილიშვილს ქართველი მოჰყავდა ცოლად, ყველაფერი წავიკითხე საქართველოს შესახებ. თურმე, რა საოცარი ქვეყნიდან ხარო. ზოგადად, სერბები ყურადღებიანი, მხიარული და შრომისმოყვარე ხალხია. მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ჩვეულებები და ტრადიციები ჩვენგან განსხვავებული აქვთ. მაგალითად, ყველა ოჯახს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს. ამ დღესასწაულს "სლავა" ჰქვია. ჩვენი ოჯახის მფარველი წმინდა იოანე ნათლისმცემელია. 20-21 იანვარს დიდი სუფრა იშლება და უამრავი სტუმარი მოდის. ლანგარზე დარიჩინით შეზავებული კორკოტი დევს ბევრ კოვზთან ერთად. თითოეული სტუმარი შემოსვლისას პირჯვარს იწერს და ერთ კოვზ კორკოტს მიირთმევს. მარტში ახალშეუღლებულების დღეს აღნიშნავენ. სადაც ახალგაზრდა წყვილია, იმ ოჯახში ნათესავები სტუმრად მიდიან და ულოცავენ. მოზარდის სრულწლოვან ასაკს მშობლები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ზამთრისთვის გრანდიოზული სამზადისი იციან: ხდიან რაკიას (არაყია), ამზადებენ ღვინოს, ხარშავენ აივარს (გარნირი პაპრიკით და ზეთით), ამზადებენ ძეხვებს, ბოლავენ ხორცს, დებენ სხვადასხვა ბოსტნეულის მწნილს... ცხვრის, თხის და ღორის ხორცი თითქმის ყველა სადღესასწაულო სუფრაზეა. მას მთლიანად აცხობენ ფურნეში და დიდი ლანგრით დგამენ სუფრის შუაგულში. სოფლის მეურნეობა წამყვან დარგად ითვლება. თითქმის ყველა ოჯახს აქვს ტრაქტორი, მიწის დამუშავება არავის ეზარება. დიასახლისებს ყვავილების მოშენება უყვართ და ერთი სიამოვნებაა აყვავებული ეზოს, აივნების დანახვა.

ana-ivanidze-tosic-4-1735114515.jpg

- ენის ბარიერი როგორ დაძლიე? ვიცი, რომ აქტიური საზოგადო ცხოვრება გაქვს, ჩვენს საელჩოში ხშირად ხარ ღონისძიებებზე.

- 6 თვეში შევისწავლე სერბული ენა მასწავლებლის დახმარებით. მანამდე ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდით ოჯახში. ქართულ საელჩოსთან ახლო ურთიერთობა მაქვს. 2019-დან 2023 წლამდე ილია კობერიძე იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სერბეთში, კულტურული და გაწონასწორებული ადამიანი. მისი მეუღლეც, საერთაშორისო დიპლომატი, გვანცა კეშელავა არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ორჯერ დამპატიჟეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მას მერე დავახლოვდით. ხშირად ვიღებდი ქართულ-სერბულ ღონისძიებაში მონაწილეობას, ქართულ კულტურას უფრო ახლოს ვაცნობდით სერბებს. ზოგჯერ დახმარება სჭირდებოდათ იქ მყოფ ქართველებს და სერბულ ინსტიტუციებთან კომუნიკაციაში აქტიურად ვერთვებოდი. ამჟამინდელი ელჩიც, მაია მახარაძეც საოცრად ყურადღებიანი და ენერგიული ქალბატონია. ძალებს არ იშურებს, რომ ბელგრადში მყოფ ქართველებს ნებისმიერი საკითხი მოუგვაროს.

- იმდენად კარგად აითვისე სერბული ენა, რომ ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" თარგმნე და მალე წიგნად გამოსცემ. რატომ მაინცდამაინც დუმბაძე და ეს რომანი?

- დუმბაძე ჩემი საყვარელი მწერალია. ბავშვობიდან მის ნაწარმოებებზე ვიზრდებოდი. დუმბაძე ხომ ის მწერალია, ყველა ემოციას ერთად რომ აღვიძებს: კიდეც იცინი, კიდეც ტირი, ხარობ და სევდიანობ. სერბებს ჰყავთ დუმბაძის მსგავსი მწერალი, ბრანისლავ ნუშიჩი. ვფიქრობ, სერბ მკითხველს ჩვენი დუმბაძე ძალიან მოეწონება.

- ცოტა რამ მეუღლესა და შვილებზეც გვითხარი.

- ვლადი სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს. სამსახურის მერე თავის მარანს მიაშურებს ხოლმე. არაჩვეულებრივ ღვინოს აყენებს. ეს მისი საყვარელი საქმიანობაა. მუდმივად მონაწილეობს ეკლესიების აღდგენაში, მღვდლებთან და ხატმწერებთან მეგობრობს. ისინი ხშირად გვიწვევენ სტუმრად "სლავაზე" და ვლადს ეუბნებიან, ანამ გიტარა წამოიღოს, ქართულად გვიმღეროსო. ერთხელ სამარხვო სადილზე სამღვდელო პირები დავპატიჟეთ. სტუმრებს ქართული მხალეულობა დავახვედრე. აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ: რა უქენი ამ ბოსტნეულობას, რომ ხორცივით ანაყრებსო? ვლადი თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე მეუღლე და მამაა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა. არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ ავიწყდება და საჩუქრებით მანებივრებს. საოცრად კომუნიკაბელურია, უყვარს სტუმრები, ხმაურიანი ადგილები. მე სიმშვიდე და წიგნის კითხვა ყველაფერს მირჩევნია. ბავშვები მამას ჰგვანან ენერგიულობაში. ლაზარე 5 წლისაა, მილა 3-ის. ყურადღება თუ მოვადუნეთ, სასწაული სურათი შეიძლება დაგვხვდეს: ბიჭი რადიატორის მილებზე დაძვრება და კარადიდან ხელს მიქნევს, გოგო კი ფქვილს მოაბნევს იატაკზე და მერე "თოვლზე" ხატვით ერთობა. ბუნებით მოსიყვარულეები არიან. ქუჩაში სეირნობისას, ნაცნობს თუ უცნობს, ყველას ესალმებიან და უღიმიან. ქართული სამზარეულო სიგიჟემდე უყვართ და ხშირად მთხოვენ ხინკლის გაკეთებას. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, უარის თქმა არ გამომდის. გულის სიღრმეში მიხარია, რომ ქართულს უპირატესობას ანიჭებენ. მალე გოგებაშვილის "დედაენით" დავაწყებინებ ქართულად ლაპარაკს, კითხვას და წერას. ძილის წინ ქართულ ზღაპრებს ვუამბობ ხოლმე. ზოგჯერ, თუ რამე შევცვალე, მისწორებენ, მასე კი არა, ისე იყოო. როცა ჩემს მშობლებს ხედავენ ვიდეოთვალით, ჩანთებს გამოიტანენ და თავისი ჭკუით სამგზავროდ ტანსაცმელს ალაგებენ, მეხვეწებიან, წავიდეთ საქართველოშიო. ძალიან თბილ გარემოში ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაინც შემომიტევს ნოსტალგია. ასეთ დროს ისევ წერა და ჩვენი მწერლების ნაწარმოებები მშველის.

ana-ivanidze-tosic-3-1735114567.jpg

- ამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხო. ვიცი, სულით და გულით იმ ახალგაზრდების გვერდით ხარ, რომლებიც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვიან და იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

- ძალიან განვიცდი ამ პოლიტიკურ მოვლენებს. ძნელია, შორიდან უყურო, რაც ხდება შენს ქვეყანაში. ხელისუფლებას მეტი თმენის ვალდებულება აქვს, ახალგაზრდას, ქალს თუ კაცს, ექიმს, ჟურნალისტს ფიზიკურად რომ უსწორდებიან, ეს მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა. ასეთ დროს მტერი ხარობს და ხეირობს. აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდების შემართებით. ისინი პროგრესს და ნათელ მომავალს უჭერენ მხარს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიმარჯვებენ.

მარინა ბაბუნაშვილი

ჟურნალი "გზა"