"ამერიკული დაცვის აყვანა ივანიშვილს აშშ-დან ურჩიეს"
რატომ აღარ დააფინანსეს ამერიკელებმა საქართველოში დაცვის კადრების მომზადების კავკასიური ცენტრის პროექტი?!
"საკვების მიღებისას ბიძინა ივანიშვილს მეტი სიფრთხილის გამოჩენას ვურჩევდი"
გია ხუხაშვილი: "ის დროა, ჩემი ძაღლისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო"
"ჩვენი ხელისუფლება იმდენ ადამიანს უსმენს, რომ თანამედროვე აპარატურა აღარ ჰყოფნის"
"უგულავამ რომ გარისკოს და დაცვის გარეშე გაიაროს, შეიძლება მაგრად მოხვდეს"
ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვის გამკაცრებული ზომები, ხალხმრავალ აქციებზე ტრიბუნის გასწვრივ ტყვიაგაუმტარი მინა, შორიახლოს კი დაცვის ამერიკელი თანამშრომლების გამჭოლი მზერა, მავანთა განსჯის საგანი კარგა ხანია გახდა. არსებობს თუ არა გაოპოზიციონერებული მილიარდერის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, რატომ აიყვანა მაინცდამაინც ამერიკელი მცველები? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" გია ხუხაშვილი ესაუბრა:
- მოგეხსენებათ, ამერიკელები ამ საქმის პროფესიონალები არიან. ბატონ ბიძინას დღეს შერეული ჯგუფი იცავს, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. ვიცი, რომ ივანიშვილს ამერიკელი მცველების დაქირავება აშშ-დან ურჩია ერთმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.
ივანიშვილს ფიზიკური საფრთხე ნამდვილად ემუქრება. გახსოვთ, ალბათ, ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გაახმაურა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სწორედ ამის შემდეგ ურჩიეს ივანიშვილს დაცვის გამკაცრება. ისედაც ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არსებობს მხოლოდ ორი გზა ივანიშვილის ასპარეზიდან ჩამოსაცილებლად, - მისი ფიზიკური ან პოლიტიკური ლიკვიდაცია. ვფიქრობ, აქციებმა ცხადყო, რომ ხელისუფლებას არ ძალუძს ივანიშვილის პოლიტიკური ლიკვიდაცია, ამდენად მისი ფიზიკური განადგურების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.
- აქციებზე ტყვიაგაუმტარი მინების აღმართვა რამ განაპირობა?
- ხალხმრავალ მიტინგებზე დიდია მისი ხელყოფის ალბათობა. სხვათა შორის, ვახტანგ კომახიძემ დააზუსტა მეთოდი, რომელიც შესაძლოა ხალხმრავალ ადგილებში აამოქმედონ. კერძოდ, ყოველთვის შეიძლება ივანიშვილის ლიკვიდირებისთვის გამოიყენონ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირი (თუნდაც ციხიდან დროებით გამოშვებული), რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებს დანაშაულს. ასეთი პრეცედენტები მსოფლიოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა. ვაცხადებ, დაცვამ ივანიშვილის ტრიბუნის გარშემო ტყვიაგაუმტარი მინების აღმართვის გადაწყვეტილება სავსებით სწორად მიიღო. არავინ იცის, ხელისუფლების გაცხელებულ თავში რა უგუნური იდეები გაჩნდება.
- ბატონო გია, თქვენი ბინის ჭერიდან მოსასმენი აპარატურა ამოიღეს. მაინცდამაინც არც თქვენ ყოფილხართ დაცული.
- დიახ, ამ ზომის აპარატურით ადრე კა-გე-ბე უსმენდა დაკვირვების ობიექტს, XXI საუკუნემ უფრო თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობები მოიტანა. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება იმდენ ადამიანს უსმენს, რომ თანამედროვე აპარატურა აღარ ჰყოფნის.
პატარა მოსასმენ აპარატს კვების ბლოკი და დამატებითი მოწყობილობა სჭირდება, რომ ვთქვათ, ავტომობილში მყოფმა მოუსმინო ადამიანს.
ჩემს ბინაში კი ისეთი მძლავრი ტექნიკური აღჭურვილობა დაუმონტაჟებიათ, რომელიც არათუ კილომეტრების დაშორებით იძლევა მოსმენის საშუალებას, არამედ მიმდინარე საუბრის ონლაინრეჟიმით "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვის შესაძლებლობასაც აჩენს. სხვათა შორის, ამავე კორპუსში ცხოვრობენ დავით კეზერაშვილი, გია ჭანტურია, ირაკლი ალასანია.
როგოც ვთქვი, ჩემი ძაღლი ბიძინა ივანიშვილის ძაღლთან მეგობრობს, ხანდახან მასთან ერთად თამაშობს და, ალბათ, ამის გამოც აკვირდებიან... (იცინის). მოკლედ, ის დროა, ჩემი ძაღლისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო, რადგან ამ ქვეყანაში უკვე ძაღლურად ცხოვრებაც აღარ შეიძლება.
"კვირის პალიტრა" შეეცადა ინფორმაცია მოეპოვებინა აშშ-ში დაცვის სამსახურების შესახებ, რომლებიც VIP-კლიენტებს იცავენ.
რა განსხვავებაა მათსა და ქართველ მცველებს შორის? გვყავს თუ არა საქართველოში კვალიფიციური კადრები? რა მიზნით ქირაობენ თანამდებობის პირები მცველებს? - ამის თაობაზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი წევრებისგან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ში გადახვეწილი გოჩა ვეტრიაკოვია, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც უშიშროების, ასევე თავდაცვის სამინისტროებში. ის ამჟამად ამერიკის სამხედრო უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და გლობალური კვლევების კურსდამთავრებულია.
გოჩა ვეტრიაკოვი: "ამერიკელებს მაღალ დონეზე აქვთ ცხელ წერტილებში დაცვის უკეთ ორგანიზების უნარი. აშშ-ის პრესტიჟულ ფირმებში მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში - სპეცსამსახურში, პოლიციაში ან არმიაში ნამუშევარი პირები. ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მცველებიც ასეთ ფირმაში დაიქირავეს.
საქართველოში პროფესიონალი მცველების დეფიციტია. ქართველი თანამდებობის პირები მცველებს იმიტომ ქირაობენ, რომ თავში მუშტი არ მოხვდეთ. დაცვის წევრები ფიზიკური ხელშეუხებლობის გარდა მეტს ვერაფერს უზრუნველყოფენ. ინტერნეტით გავრცელდა ფოტო, როგორ მგზავრობს ერთ-ერთი ცივილიზებული ქვეყნის ქალაქის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისში ეს წარმოუდგენელია. უგულავამ რომ გარისკოს და დაცვის გარეშე გაიაროს, შეიძლება მაგრად მოხვდეს...
დაცვას ინფორმაციის მიღება-გადამუშავებაც უნდა შეეძლოს, უნდა ჰყავდეს თანამშრომლები, რომლებიც დეტექტიურ მოკვლევასაც ჩაატარებენ. მაგალითად, თუ პოლიტიკური ლიდერი აქციის დროს საჭიროებს დაცვას, შესასწავლია იმ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის დასახლების არეალი, მრავალრიცხოვნება, ავტომანქანების მოძრაობა და სხვ."
ვასილ გიგოლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ღონისძიებების დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებული (თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსის მოადგილე): "მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს იმის თაობაზე, თუ რატომ დაიქირავა ივანიშვილმა ამერიკელი მცველები. ალბათ, იმიტომ, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ვერაფერს გაუბედავენ, ვერ აიძულებენ, დასაცავი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ. ამერიკის სპეცსამსახური საქართველოში ამ საქმის ზოგად კურსს ატარებს, რაც მაღალი დონის დაცვის სამსახურის ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა მაინც არიან პროფესიონალი კადრები, რომლებიც უცხოელ სპეციალისტებს არ ჩამოუვარდებიან. ისინი 1992-1998 წლებში მოამზადეს ცენტრალური სადაზვერვო და საქართველოს დაცვის სახელმწიფო სამსახურებში. ამერიკის სპეცსამსახურებს გადაღებული აქვთ ფილმი, რომელიც ამ მომზადების პროცესს ასახავს. ეს შესულია აშშ-ისა და უცხოეთის სპეცსამსახურების სასწავლო ლიტერატურაში. ამის შემდგომ მთელ კავკასიაში მხოლოდ ორი კაცი მოამზადეს. საქართველოშიც უნდა შექმნილიყო ისეთივე ცენტრი, როგორიც ეგვიპტეში, ევროპასა და ამერიკაში. პროექტი ამერიკელებს უნდა დაეფინანსებინათ, მაგრამ უარი თქვეს მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ, სულხან პაპაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკელების შემოთავაზებული კანდიდატურის ნაცვლად ცენტრის ხელმძღვანელად თავიანთი კანდიდატის დანიშვნა განიზრახა. ამერიკელებმა შეაჩერეს პროექტი და მისი ხელმძღვანელი საქართველოდან წავიდა. ცხადია, ამ ამბავმა შევარდნაძის ყურამდეც მიაღწია. Aზემოთ ხსენებულ ორ პირს (რომლებიც კავკასიის მასშტაბით მოამზადეს) აშშ-მა შესთავაზა ქვეყნიდან წასვლა და ყველანაირი დახმარება. ერთი მართლაც წავიდა, ხოლო მეორე საქართველოშია.
იმავე პროექტზე საუბარი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს ამერიკელებმა, კერძოდ, ბუშის ვიზიტის დროს. თუმცა, კვლავ შიდაწინააღმდეგობები წარმოიშვა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენ, ყველამ, სპეცსამსახური დავტოვეთ.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრები დაკომპლექტებულია მხოლოდ პარტიული და პირადი სიმპათიების მიხედვით. კადრები პოლიციაში მზადდება და მათი დონის განსაზღვრა არაპროფესიონალის თვალისთვისაც კი შესაძლებელია. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტი გორში ომის დროს, ჰალსტუხის ღეჭვის კადრები და ა.შ. ახლახან სააკაშვილის ვიზიტის ამსახველი კადრები გავრცელდა იტალიაში... ყველა ამ სიტუაციაზე მე ვიტყოდი, სად იყო დაცვა ან იყო კი? წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფოტოები როგორ გავრცელდა?
პრეზიდენტი ქვეყნის სახეა და გული მწყდება, როცა ამგვარი ფაქტებით მისი დისკრედიტაცია ხდება. არადა, ერთ დროს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური ნამდვილად შედიოდა მსოფლიოს შვიდ უძლიერეს დაცვის სამსახურებს შორის.
- ხალხმრავალ აქციებზე არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ ლიდერის უსაფრთხოება ვერ იქნეს დაცული?
- რასაკვირველია, არსებობს და თან ძალიან დიდი. ეს განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დიდია ინტერესი ამ პოლიტიკური ფიგურის ჩამოცილებისა. ამ დროს უსაფრთხოების დასაცავად ყველა დეტალია გასათვლელი. ამის კლასიკური მაგალითია შარლ დე გოლის ლიკვიდაციის მცდელობა (ერთმა ანალიტიკურად მოაზროვნე დაცვის თანამშრომელმა გახსნა ეს შეთქმულება). ეს მაგალითი სპეციალურ სასწავლო ლიტერატურაში იმისთვის არის განხილული, რომ მივხვდეთ, რას ნიშნავს სწორი ანალიზი...
- არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი ლიდერის განადგურება შეიძლება, რაოდენ დაცულიც უნდა იყოს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა. მსოფლიოში არც ერთი ლიდერის მკვლელობა შემთხვევითი არ ყოფილა, თვით კენედის მკვლელობამდეც კი გამოიკვეთა კანონზომიერების ჯაჭვი, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან არაპროფესიონალიზმის გამართლებასა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება. კარგი დაცვა არის ინტელექტს პლუს ანალიტიკური აზროვნება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფიზიკური მომზადება. ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთ სისტემაში მოყვანილი და გადანაწილებული, რათა შეიქმნას დაცვის ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმი.
- რა რჩევას მისცემდით ივანიშვილს?
- ედუარდ შევარდნაძემაც თქვა, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც ყურადსაღებია.
მე წინა პლანზე წამოვწევდი საკვების თემას და ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილის გამოჩენას ვურჩევდი, ასევე მნიშვნელობას მივანიჭებდი ინფორმაციულ უსაფრთხოებას.
რატომ ჩამოაშორეს ამერიკელების არჩეული პროფესიონალი ბუშის ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებას?
პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ ფსიქიკურად არამდგრადი პერსონის გამოყენება ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდად ითვლება, თუმცა მიზანს ყოველთვის ლიდერის ლიკვიდაცია არ წარმოადგენს. მაგალითად, ვასილ გიგოლაშვილის აზრით, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს "ტერაქტის მცდელობა" ვინმეს ლიკვიდაციას მიზნად სულაც არ ისახავდა. "იმხანად მე ვხელმძღვანელობდი სააკაშვილის დაცვით ღონისძიებებს. ბუშის ჩამოსვლის წინ ამერიკელებმა მთხოვეს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მომემზადებინა პერიმეტრი. მაშინ დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლების ზოგიერთ წევრთან, რომლებიც დავალების შესრულების დროს ხელს მიშლიდნენ...
განსაკუთრებით კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ. ბოლოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ მე აღარ მევალებოდა პრეზიდენტების უსაფრთხოების გაკონტროლება. მაშინვე ვთქვი, თუ რამე მოხდება, პასუხს არ ვაგებ-მეთქი. როცა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო, სწორედ მაშინ გამათავისუფლეს მოვალეობისგან, მერე თითქოს იპოვეს რუსული ტიპის ხელყუმბარა, რომელიც ვითომ ისროლეს და არ აფეთქდა. თუმცა მანამდე ისეთი უსაფრთხოების ზომები იყო იქ გატარებული, ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო", - აცხადებდა ვასილ გიგოლაშვილი "კვირის პალიტრისთვის" 2010 წელს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.