"სამი თვეა ვითხოვ, ერთი კაცი მაინც მომიყვანეთ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოართვეს-მეთქი, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა. მედავებიან იმაზე, რომ არ მჯერა ს - კვირის პალიტრა

"სამი თვეა ვითხოვ, ერთი კაცი მაინც მომიყვანეთ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოართვეს-მეთქი, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა. მედავებიან იმაზე, რომ არ მჯერა სისულელეების"

"2024 წელი გამოწვევებით იყო სავსე ადამიანების უფლებების თვალსაზრისით", - ამგვარად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გასულ წელს. მისი თქმით, რიგ საკითხებში იყო პროგრესიც, მაგრამ ბოლოდროინდელი­ მოვლენების შედეგად დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადაფარა ყველა ის სიკეთე, რაც ხელისუფლებამ რეკომენდაციების შედეგად გაითვალისწინა.­ გასული წლის გამოწვევებსა და 2025 წლის პერსპექტივებზე სახალხო დამცველი ვრცლად გვესაუბრება.

„დიახ, არაპროპორციული ძალა ნამდვილად გამოიყენეს“

- ფიქრობთ, რომ მომიტინგეებზე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს?

- დიახ, ნამდვილად არაპროპორცი­ული ძალა გამოიყენეს, განსაკუთრებით დაკავების შემდეგ. იზოლატორებში მყოფ პირთა უმრავლესობა ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ სცემეს. რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება დააკავოს ნებისმიერი მოქალაქე, თუკი კანონს დაარღვევს. აქციაზე ნამდვილად იყვნენ გარკ­ვეული ჯგუფები, რომლებიც კანონს არღვევდნენ - პოლიციას პიროტექნიკის საშუალებით ცეცხლს უხსნიდნენ, პარლამენტში ცეცხლი გააჩინეს და მათი დაკავება ნამდვილად ლეგიტიმური იყო, მაგრამ ყოვლად დაუშვებელი იყო მათი ცემა და ზემოქმედების სხვა საშუალებები. ბევრი მოქალაქე მიუთითებდა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც აღარ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი იმ ქუჩებზეც დააკავეს, სადაც აქცია არ იყო.

- იანვარში ევროსაბჭოს წამების შემსწავლელი კომისია აპირებს ჩამოსვლას. შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მომიტინგეების ნაწილი არა მხოლოდ ნაცემი, არამედ ნაწამებიცაა?

- ვერ ვიტყვი, რომ სისტემურ წამებასთან გვაქვს საქმე, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს 144 პრიმა მუხლი, რომლის სტანდარტსაც ცალკეულმა შემთხვევებმა შეიძლება მიაღწიოს. თუმცა ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებთ­, ეს ყველაფერი გამოძიების საკითხია. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, დანარჩენი ახლა მათზეა.

- მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეთა დაუნდობლად ცემის ფაქტები პირდაპირ ეთერში გვაქვს ნანახი, არც ერთი სამართალდამცავი არ დასჯილა უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ყოველივე ამის ფონზე რამდენად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ საგამოძიებო სამსახური თქვენ მიერ გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს?

- ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ აქციებზე დაკავებულებზე ძალადობის ფაქტებზე დღემდე მართლაც არავინ დასჯილა. ვფიქრობ, ასე გაგრძელება შეუძლებელია. დამნაშავე პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და ეს უნდა იყოს პრევენცია იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს.

- პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებს თავად პრემიერი­ კობახიძეც ვერ უარყოფს და გვარწმუნებს, რომ მსგავს საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ მარტის აქციების დროს ჩადენილი დანაშაულები არ არის გამოძიებული. რა ბერკეტები და მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა მოვალეობა დროულად და ეფექტურად შეასრულონ?

- გაზაფხულის აქციების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მივიღეთ დაშვება იმ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტებს შეეხებოდა. ჩვენ არა გვაქვს საგამოძიებო მასალებზე წვდომა, მაგრამ უწყებას შეუძლია მოგვცეს დაშვება, საგამონაკლისო წესით. ამ საქმეების შესწავლას დღემდე ვაგრძელებთ, რამდენიმე ათეული ტომია. მალე საზოგადოებას გავაცნობთ ანგარიშს, სადაც შეფასებული იქნება გამოძიების ეფექტურობა მარტისა და აპრილის მოვლენების დროს. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, წვდომა არა გვაქვს, თუ მოგვცემენ დაშვებას, ამასაც შევისწავლით და ავსახავთ ანგარიშებში.

"ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით რა განვიცადე, ეს სხვა საკითხია..."

- ალეკო ელისაშვილი უკვე მეორედ გახდა პოლიციელების ძალადობის ობიექტი.

- ადამიანურად რა განვიცადე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩემი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას მეგობრების უფლებების დარღვევაზე მეტი ვილაპარაკო, ვიდრე რიგითი მოქალაქეების. უპირატესობას ვერავის მიანიჭებ, ყველას უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია და ამას არასოდეს გავაკეთებ. რაც შეეხება ალეკოს, სხვებთან ერთად მის საქმესაც ვსწავლობ. გირაო რომ შეეფარდა, ამას მხოლოდ მივესალმები, მიხარია, რომ ციხეში არ არის, თუმცა გამოძიება ვალდებულია ძალიან მაღალი სტანდარტით დაამტკიცოს და არგუმენტებით გაამყაროს მისთვის წარდგენილი ბრალი. სხვა შემთხვევაში კითხვის ნიშნები ნამდვილად დარჩება.

"რაც დრო გადის, ნიღბიანების თარეშთან დაკავშირებით, მით მეტი კითხვა ჩნდება"

- ბოლო დროს ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს შავ ფორმებში ჩაცმული ნიღბიანი ჯგუფები უსაფრდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის პროვოკაციად აფასებენ. რატომ არ აკავებს პოლიცია მათ?

- ურთიერთბრალდებები რომ არ იყოს, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება. სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ისინი ოპოზიციის პროვოკატორები არიან, მმართველი პარტიის დავალებებით მოქმედებენ თუ უბრალოდ კრიმინალები არიან. სხვა შემთხვევაში მარჩიელობა გამომივა.

იმაზე, რომ არაფორმალური, ნიღბიანი პირები უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს და ძალადობენ მათზე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმის დროულად გამოძიება, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.

- თავდასხმის რომელიმე ფაქტმა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა თუ იქონია?

- კი, იყო ასეთი, მაგალითად, წაქცეულ ახალგაზრდას სახეში წიხლი რომ ჩაარტყეს. ასევე, ის ბიჭი, კომაში რომ ჩააგდეს, ჩემი შვილის ტოლია. მე ის კლინიკაშიც მოვინახულე. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა.

გაზეთის "კვირის პალიტრა" სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე - „რა ვქნა, არავის მოსწონს ჩემი პოზიცია...“