"ეს ოპოზიციაც ღმერთს არ უქნია", "ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა", "მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებასაც" ვხედავ და ოპოზიციასაც"
ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ მოვლენებზე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ხდება
და თითოეული ჩვენგანის ღელვის საფუძველია, საკუთარ პოზიციას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გვიზიარებენ.
"ეს ოპოზიციაც ღმერთს არ უქნია"
მანანა კოზაკოვა, მსახიობი:
- პრემიერ-მინისტრი რომ გამოვიდა და გააკეთა განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ძალიან განვიცადე. ბოლო დროს საერთოდ ყველანი ცუდად, დეპრესიულად და მძიმედ ვართ. მაშინ კონსტიტუციაში რატომ ჩაიწერა, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, ამდენი წელი ხომ ამ გზით ვიარეთ, ეს ხომ უამრავი ადამიანის სურვილი იყო და უეცრად ამ ყველაფრის უგულებელყოფა? ეს არ არის სწორი საქციელი.
- ხელისუფლება სულაც არ თვლის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია.
- იცით რა, მე ერთს გავაკეთებ და მეორეს ვიტყვი. დიდი ბოდიში, მაგრამ შემიძლია თქვენი სახლიდან ღიმილით გაგაგდოთ. ამ ხელისუფლების ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ის ადამიანები და ქვეყნების წარმომადგენლები, ვისზეც გაწევრების საკითხში ვართ დამოკიდებულები, გვეუბნებიან, რომ ევროპულ გზას გადაუხვიეთო, ჩვენ ჯიუტად ვიძახოთ, ისევ იმ გზაზე ვდგავართო. საბოლოოდ რა გამოვა? სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტეს, პროგრამები შეწყვიტეს... ქვეყნის მმართველები ჯიუტად ამბობენ, არ ვცვლით კურსსო, ეს სადაური წესია? აქაური წესია. ევროპული გზა რა არის? ეს მართლა გეოგრაფიას და სადმე წასვლას ხომ არ ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვირჩევთ იმ ფასეულობებს, რომელიც არის ცივილიზებულ სამყაროში. ევროპაა ღირსეული ცხოვრება, ღირსეული ხელფასი, პენსია, დაცული უფლებები... ფაქტია, უამრავი ადამიანი ამდენი ხანი ქუჩაში დგას ისე, რომ ლიდერიც კი არავინ არის. ეს ხომ რაღაცნაირად უნდა დალაგდეს.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დალაგდეს?
- ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, რომელიც ამ დღეებში დააპატიმრა, ანდრო ჭიჭინაძიდან დაწყებული, გიორგი ახობაძით დამთავრებული. არ შეიძლება ასე დიდხანს გაგრძელდეს, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
- მომავალ ხელისუფლებაში ვის ხედავთ?
- სამწუხაროდ, ვერავისაც ვერ ვხედავ. ეს ოპოზიციაც ღმერთს არ უქნია, მაგრამ რაც არის, ეს არის. კოალიციური მთავრობა უნდა იყოს.
- მგონი, თავადაც სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, არა?
- კი სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან დღევანდელ ოპოზიციას ერთმანეთში ვერ მოულაპარაკია, ხელი ვერ ჩაუკიდია საარჩევნოდაც კი. თუმცა ამ სიტუაციაში, მაინც ვთვლი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მომავალში კი პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ განათლებული ახალგაზრდები, შეიქმნას სხვაგვარი პოლიტიკური ელიტა.
- თქვენი შეფასებით, ევროკავშირის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი როგორია?
- ძალიან უსამართლოდ გვექცევიან. რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინის ამბებს ვუყურებ, სხვა რა შეგრძნება შეიძლება გქონდეს ადამიანს? ბევრი ქვეყნის ლიდერი უსამართლოდ იქცევა.
- რას გულისხმობთ?
- რომ გამოდიან და უკრაინის ამბებზე ამბობენ, აღვშფოთდითო, რა არის აღშფოთება? ამ ქვეყანაში ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება, სინათლე და გათბობა არ აქვთ და ესენი შეშფოთებულები არიან, გაზულუქებულები. ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება. ამაზე ღიად ლაპარაკის სულ გვეშინია და არ უნდა გვეშინოდეს. ის ადამიანები, რომლებიც საპირისპირო პოზიციაზე არიან, კონტრარგუმენტად ამ თემას გვიბრუნებენ, გეგონება, ჩვენ სხვა პოზიცია გვქონდეს. ამ პირობებშიც კი შეუძლია ევროკავშირს მარტივად განმუხტოს სიტუაცია, ერთი ნაბიჯი გადმოდგას ჩვენი ქვეყნისკენ.
- ამას რატომ არ აკეთებს?
- არ ვიცი, მაგათ პრობლემებზე რომ გადავიდეთ, საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგათი ბიუროკრატია ასეთია. იქ ყველა კარგად არის თავის ადგილზე და არაფერს აკეთებენ ისეთს, რომ ზედმეტი პრობლმები შეიქმნან. ხომ ხედავთ, ვინ არის აქტიური? ბალტიისპირეთის ქვეყნები, ვისაც დიდი წნეხი ჰქონდა რუსეთისგან, ვინც მათ მმართველობას, იდეოლოგიას კარგად იცნობს და საშიშროებასაც მეტს ხედავს, ის აქტიურობს და არა ვიღაც შვედეთში, იქ სულ ფეხზე ვკიდივართ, მათი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, რუკაზე რომ ვარსებობთ, წესიერად ეგეც არ იცის.
- აქციებზე აქტიურად დადიხართ?
- დავდივარ, მაგრამ აქტიურად ვერ ვახერხებ, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს ვერ მიწყობს.
- თქვენი თვალით დანახული რეალობა როგორია? ამ აქციებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ აქციებზე დგანან, ჩემი თაობისგან განსხვავებულები არიან. ქართველი საზოგადოება ძალიან გაზრდილი და კულტურულია. იმ დღეს ვიღაც გოგომ ჩამოიარა, წყლის ბოთლებს აგროვებდა, ქუჩაში ნაგავს არ ტოვებენ. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ამ თაობის ზნეობაზე ხომ მეტყველებს?! ამ ახალგაზრდებს ასე რატომ ექცევიან, რა მოხდა, განა დიალოგს წინ რამე შეიძლება დაუდგეს? ასე ხომ, ჩიხში შევდივართ. ჩემი მეგობრები, ვინც სხვა პოზიციაზე არიან, სოციალურ ქსელში ფისოების და ჩიტების ფოტოებს დებენ. რა, სხვა არაფერი ხდება, არ ვიმჩნევთ? ახალი წელი მოდის და ყველაფერი კარგადაა?
- თქვენ დიალოგი ახსენეთ. პრემიერმა არაერთხელ გამოთქვა ინიციატივა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე და დიალოგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თქვენ მასთან შეხვედრის სურვილი არასდროს გაგჩენიათ?
- რომელი ლიდერი მე ვარ?!
- ლიდერი არ ხართ, მაგრამ დადიხართ აქციებზე, რაც იმის დასტურია, რომ თქვენი პოზიცია პრემიერის პოზიციისგან განსხვავებულია.
- სიმართლე გითხრათ, აქცია ისე "გაბევრდა", მთელ ქალაქს ისე მოედო, ლიდერებიც არ არიან. არც ვიცი, ვინ არის, ვისაც უნდა დაელაპარაკო. შეიძლება შენი აზრი მეორე დიდი ჯგუფისთვის სულაც არ იყოს მოსაწონი. ეს ახალგაზრდები პოლიტიკოსებს არ იკარებენ, რაღაცნაირი უკომპრომისო თაობაა. ამას ცოტათი ვერ ვხვდები. არ უნდათ პოლიტიკოსები და მორჩა!
- არჩევნებს რომ ითხოვენ, ხომ ოპოზიცია უნდა მოვიდეს კოალიციურ მთავრობაში და გამიჯვნა როგორ გამოდის?
- ეს მეც არ ვიცი, ლოგიკა სად არის? ჩემი პირველი მოთხოვნაა გამოუშვან დაპატიმრებული ადამიანები. ანდრო უწესიერესი ბიჭია, ლევანის სტუდენტი იყო, ეს ბიჭი ციხეში არც ერთი დღით არ უნდა გაეჩერებინათ.
"ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა"
ზურა ხაჩიძე, მომღერალი:
- დიდი ხანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებას ვუყურებ. თუ რამე ხელშესახები გაკეთდა ევროკავშირთან დასაახლოებლად, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა... კობახიძის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე სწორედ ისე გავიგე, როგორც იყო ნათქვამი. ზოგიერთმა კი არასწორად გაიგო, მეორე დღესვე გამოვიდა პრემიერი და განმარტა. ევროკავშირი გაფართოებას 2030 წლამდე ისედაც არ გეგმავს, ეს არის მათი მხრიდან გაცხადებული. 2028 წლამდე მოვემზადებით, ყველა ვალდებულებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაკისრია, შევასრულებთ და 2028 წელს განაცხადს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გავაკეთებთო. რა იყო აქ გაუგებარი? თუმცა ისიც ითქვა, თავად დღეს თუ გახსნიდა ევროკავშირი მოლაპარაკებას, ხელისუფლება იმ დღესვე ხელს მოაწერდა.
- რატომ განარისხა ამ განცხადებამ საზოგადოება, რა საფრთხე დაინახეს?
- ოპოზიცია ყველგან და ყოველთვის ყველაფრით მანიპულირებს. სავარაუდოდ, მათ დააჯერეს ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან გამოსული, არ ვლაპარაკობ იმ ნაწილზე, ვინც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის და პოლიციელს წვავს. პოლიცია კი მართლაც მოწოდების სიმაღლეზეა. ინტერნეტში ხელმისაწვდომია, როგორ იქცევა ამერიკის პოლიცია, საფრანგეთის, სხვა ევროპული ქვეყნების, როგორ შლიან აქციებს, რა ფორმას იყენებენ. არ გამოვრიცხავ, ცალკეულ გადაცდომებს ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან. ვიცი, ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2008 წლის ომში ამ ქვეყანას იცავდნენ. ახლა კი მათ ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ეს გადაცდომები ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საპროტესტო აქციებზე იმყოფებიან. იქ ბევრი მშვიდობიანად დგას, მაგრამ მათ გვერდით ისეთებიც არიან, ვინც ქაოსს და დაძაბულობას ქმნიან. მშვიდობიანი მონაწილეები ასეთებს აუცილებლად უნდა გაემიჯნონ.
ძალიან არ მომწონს ცნობილი ადამიანების ორმხრივი სტანდარტი. ძალადობას თუ გმობ, არ შეიძლება, დაგმო ცალმხრივად. გმობენ ჟურნალისტზე ძალადობას, მაგრამ არ გმობენ "იმედის" ან "პოსტივის" ჟურნალისტზე ძალადობას. ეს არ არის ორმხრივი სტანდარტი? ეს ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ახლო წარსულში ჩვენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი უკვე ჩამოვაგდეთ და ხომ გვახსოვს, რა მოჰყვა ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებას? ცუდი გამოცდილება გვაქვს და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ იგივე არ განმეორდეს. ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა ავიყვანოთ, ძმათა შორის დაპირისპირება რომ ავირიდოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს, მსოფლიოს ლიდერებმა აკრძალეს ჰიტლერის პარტია. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ. ამ ქვეყანაში სისხლი არ უნდა დაიღვაროს, ისედაც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ერთმანეთს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. პრემიერმაც არაერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ პირებს შეხვედრისკენ, დიალოგისკენ.
- ბულინგი, დაპირისპირება, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, რაზე მიანიშნებს?
- სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ხშირად ფიზიკურ ძალადობაზე მეტიც კი. ვინც ბულინგს მიმართავს, მისი პრობლემა კატეგორიული აზროვნებაა. ვინც მის მსგავსად არ ფიქრობს, ყველა მტერია, ყველა რუსია, მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი. სხვანაირად ვერ ფიქრობენ. პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან. ჩვენი ქვეყანა კანონს გამჭვირვალობის შესახებ რომ იღებდა, მაშინ განცხადება გავაკეთე, ოდესმე თუ დავინახავ, რომ "ქართული ოცნება" ევროპული გზიდან გადაუხვევს და რუსეთისკენ წავა, ქუდს დავიხურავ და წამოვალ-მეთქი. დღეს რაღაც ტექსტებზე მთაგავენ, მაბულინგებენ, წერენ, - დაგაგვიანდა, წამოსვლის განცხადებას რატომ არ აკეთებო? ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ნეიტრალური პოლიტიკური ექსპერტებისგან, დასავლელი ანალიტიკოსებისგან. ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა, აკერმანის სწავლებები რომ გაიარეს. გაიხსენეთ, რამდენი ხელოვანი ესწრებოდა ამ ტრენინგებს და როგორ ლაპარაკობდნენ, ჩვენ ხელოვნებაზე ვისმენდით ლექციებსო. ეს ადამიანები შეცვივდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნახეთ, როგორ ელაპარაკებიან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა დამკვირვებელმა, რომელიც არჩევნებს ესწრებოდა, აღიარა არჩევნების შედეგი და რაღაც ჯგუფს, რომელსაც არ სურს ამ ქვეყნის წარმატება, დიდი სურვილი აქვს, ომში ჩაგვითრიონ, ძალადობენ და არ აღიარებინებენ მათ ლიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეზობელმა მოგვილოცა, რუსეთის გარდა. რუსეთი ამ პროცესში საერთოდ არც ერევა. ტრამპი როგორც კი "თეთრ სახლში" შევა, მსოფლიოს პოლიტიკა შეიცვლება და ბევრი რამ შეიცვლება საქართველოშიც. მაქვს მოლოდინი ობიექტური მიდგომების, გადატვირთვის პოლიტიკის. შესაბამისად, ევროსტრუქტურების ტონალობაც შეიცვლება. დიდი იმედი მაქვს, უკრაინაში ომი დასრულდება და საფრთხე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა, მოიხსნება. საქართველოში მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ჩვენი ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, ახლა მთავარია, ეს ტურბულენტური პერიოდი მაქსიმალურად ფრთხილად გავიაროთ. მმართველმა ძალამ ძალიან კარგად იცის, რა არის დღეს საჭირო.
- რა არის საჭირო?
- პენსიების ზრდა, ხელფასების ზრდა, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას უკეთესობისკენ შეცვლის.
- სამართალდამცავებთან პირადი საუბრები ახსენეთ. აქციების თემაზე რას გელაპარაკებიან?
- ამბობენ, რომ მიდიან მათთან და რუსულად ელაპარაკებიან, შეურაცხყოფას აყენებენ იმ ბიჭებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათგან ბევრს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული. ძალიან გულდაწყვეტილები არიან. ისეთი გაწონასწორებული პოლიცია, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, აქამდე არ გვყოლია. წინა ხელისუფლების დროს, სამმართველოსთან რომ შევიკრიბეთ და უცნობი ღობეზე გადახტა, მაშინ სპეცრაზმი სკანდირებდა: "მიშა! მიშა!" და თავიანთ ფარებს დუბინკებს ურტყამდნენ. დღევანდელი პოლიცია დაცლილია პოლიტიკისგან. მათაც ძალიან კარგად იციან, აქციის მონაწილეების ნაწილი, როგორ არის შეცდომაში შეყვანილი.
- 14 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. საზოგადოების ნაწილისთვის ეს კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია, თავად ემხრობით. საინტერესოა, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა რით მოიპოვა?
- მიხეილ ყაველაშვილს 25 წელია ვიცნობ. მერაბ ჟორდანიასთან ვიყავი ჩასული და მაშინ გავიცანი, როდესაც ის შვეიცარიაში ერთ-ერთ გუნდს წვრთნიდა. არა მგონია, პატრიოტიზმს საზღვარი გააჩნდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი სისხლით და ხორცით საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტია, ძალიან კარგი ქართველია. დიპლომზე აპელირებენ. დიპლომიანი ბევრი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც დღეს ერეკლე მეფეს, ისტორიას გვილანძღავს. სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს რომ მოუწოდებდა სკოლებიდან გამოსვლაზე, რა დიპლომზეა ლაპარაკი? ეს ადამიანი რამდენ არაკონსტიტუციურ ქმედებაშია მხილებული. მიხეილ ყაველაშვილს წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ის ქართველ ხალხს იმედს არ გაუცრუებს. სწორედ ამ დამოკიდებულებით შეირჩა ამ თანამდებობაზე. ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რომ ნდობა აღიდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამ ქვეყანაში.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა განიმუხტოს ეს მდგომარეობა?
- დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ახალგაზრდების ნაწილი უნდა შეიკრიბოს, გამოეყოს ამ აქციებს და დასხდნენ მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან. ეს უნდა იყოს ღია შეხვედრა.
- დღემდე რატომ არ მოხდა ეს შეხვედრა?
- ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობაა“ გადაფარებული. ალბათ ბულინგის ეშინიათ. იქ ბევრი ჭკვიანი ადამიანი დგას, უნდა გამონახონ ძალა და წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, სწორედ აქ არის ჩასაფრებული "ნაციონალური მოძრაობა". ეს დიალოგი ოპოზიციას არ აწყობს.
"მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებასაც" ვხედავ და ოპოზიციასაც"
ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:
- პარლამენტის წინ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი და გულგახეთქილი ადამიანი დგას. იქ ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავთ. ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით, ევროპულ მომავალს. ამას ყოველ ჯერზე ვხედავ.
- ბუნებრივია, უერთდებით მათ მოთხოვნებს.
- რა თქმა უნდა.
- რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზიდან ქვეყანამ გადაუხვია?
- ეს პირდაპირ ტელევიზორში გვითხრეს და გვითხრა პრემიერ-მინისტრმა.
- მოლაპარაკებების შეჩერება შეწყვეტას ნიშნავს?
- იმ მსახიობის დაჭერა, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებთან სიცილის თერაპიას ატარებს, თქვენი აზრით, რას ნიშნავს? ევროპა დღეს გვეუბნება, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი ურთიერთობის შეწყვეტას ნიშნავს.
- ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე არ იგეგმება.
- ამისკენ სვლა სავალდებულოა. მე რომ უნივერსიტეტში ვაბარებდე და 4 გამოცდა მქონდეს ჩასაბარებელი, გამოცდების დღემდე თუ არ ვიმეცადინებ და პირდაპირ გამოცდის დღეს გამოვცხადდები, ხომ ვერ ჩავაბარებ?
- ხელისუფლება ამბობს, რომ 2028 წლამდე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებენ, ანუ იმეცადინებენ.
- ეს ძალიან კარგია, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება ევროკავშირის სტანდარტებში არ შედის.
- ევროკავშირმა მოლაპარაკებები არ გაუხსნა საქართველოს, მაგრამ გაუხსნა მოლდოვას, მათი ეს პოლიტიკა ჩვენი ქვენის მიმართ რამდენად სამართლიანია?
- არ ვიცი, პოლიტიკოსი რომ ვიყო და მაღალი თანამდებობა მქონდეს, ან პოლიტიკოსი მეგობარი მაინც რომ მყავდეს, აუცილებლად ვკითხავდი. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ადამიანი ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვხედავ, რომ ევროკავშირს სურს საქართველო იყოს მათი წევრი. კონსტიტუციაში წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს არჩევანია. ჩემი მოვალეობა და უფლებაა მივისწრაფოდე ევროკავშირისკენ. ეს მეკუთვნის კანონით, როგორც ვიღაცას ეკუთვნის პენსია. წყენა, რასაც გულისხმობთ, მესმის, მაგრამ ევროკავშირი ხომ მაღალ სტანდარტს ნიშნავს და ამ სტანდარტს ჩვენ აუცილებლად უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ახლა ამ აქციებით ვაჩვენებთ ევროპას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათთან ინტეგრირება. დღეს მე დიდი უსამართლობის განცდა მაქვს. არასდროს პოილიციელებზე ცუდი არ მითქვამს, პირიქით, მეამაყებიან და მიმაჩნია, პოლიცია ჩვენი ძალაა. იმედი მაქვს, პოლიციელებში გამოჩნდება ის სულისკვეთება, რომ გადმოვიდნენ სამართლის მხარეს, რადგან მათ სამართალდამცავები ჰქვიათ.
- ხელისუფლების მხრიდან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
- უნდა შეასრულონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები. ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის საშუალება. არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური.
- ვის ხედავთ მომავალ მთავრობაში?
- უკლებლივ ყველას, მე არ ვარ კონკრეტულად რომელიმე პარტიის მხარდამჭერი. ყველაზე კარგი იქნება კოალიციური მთავრობა. ბევრი აზრის მქონე ადამიანი უნდა იყოს პარლამენტში, რომ გადაწყვეტილებები არა მიკერძოებულად, არამედ სამართლიანად იქნეს მიღებული. იქ უნდა იბრძოლონ, დაჭამონ ერთმანეთი, ჩვენთვის სასიკეთოდ მიიღონ გადაწყვეტილებები და არა საკუთარი თავისთვის. მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებასაც" ვხედავ და ოპოზიციასაც, მაგრამ ყველა იმ რაოდენობით უნდა იყვნენ შესულები, როგორც ამას ხალხი გადაწყვეტს.
თამუნა კვინიკაძე