დასცხებს თუ არა ზელენსკი აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებულ რუსულ ბაზებს - უკრაინული დრონები უკვე ვლადიკავკაზის თავზე დანავარდობენ
25 დეკემბერს უკრაინამ მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა გროზნოზე (კამიკაძე-დრონებად გადაკეთებული ორადგილიანი სასწავლო Aeroprakt A-22 Foxbat-ის ტიპის თვითმფრინავებით),, რომლის მოგერიების დროს რუსულმა საზენიტო რაკეტამ ან რაკეტებმა მძიმედ დააზიანეს ბაქოდან გროზნოში მფრენი აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ავარიული დაშვებისას ყაზახეთის აქტაუში, მოჰყვა მის ბორტზე მყოფთაგან 38 ადამიანის დაღუპვა.
ამ ტრაგიკულმა ფაქტმა (კრემლი ჯერჯერობით არ აღიარებს ამ დანაშაულს) ერთგვარ ჩრდილში მოაქცია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც - იმავე 25 დეკემბერს უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა პირველად განახორციელა შეტევა ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზზეც...
ის, რომ უკრაინის მხარე მიზანმიმართულად ირჩევს სამიზნეებს თავისი კამიკაძე-დრონებისთვის ჩეჩნეთში, დაღესტანში და ახლა - ჩრდილოეთ ოსეთშიც, შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციის ამ სუბიექტებიდან მოგროვებული ჩეჩნები, დაღესტნელები თუ ოსები მესამე წელია, უკრაინის მოქალაქეებს ხოცავენ უკრაინის ტერიტორიაზევე და გასაგებია, თუ რა შურისძიების მოტივი ამოძრავებთ კიევში...
მაგრამ უკრაინას რუსების მხარდამხარ, ხომ, ასევე ებრძვიან ის აფხაზებიც და ოსებიც, რომლებიც იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რამდენად მოსალოდნელია, რომ ვლადიკავკაზზე თავდასხმის შემდეგ იგივე ოკუპირებულ ცხინვალში და მით უმეტეს - სოხუმში განმეორდეს, რომელიც ბევრად ახლოა უკრაინის ფრონტთან?
დაარტყამს თუ არა უკრაინა აფხაზეთში და ცხინვალში განლაგებულ რუს ოკუპანტებს?!
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები, საიდანაც გაგზავნილი დანაყოფები დღეს უკრაინის ქალაქებს მიწასთან ასწორებენ - ეს სამხედრო ბაზები საუკეთესო მსხვილ სამიზნეებს წარმოადგენენ და გახდებიან თუ არა ისინიც უკრაინული კამიკაძე-დრონების ახალი „მასპინძლები“?

უკრაინის ფრონტის ხაზიდან ოკუპირებული ცხინვალის მე-4 რუსულ სამხედრო ბაზამდე პირდაპირი ხაზით 800 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის აეროდრომამდე, სადაც მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, 600 კმ-ი.
მაშინ, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები ახერხებენ თათრეთის დედაქალაქ ყაზანამდე 1 100-1 200 კმ -ის უპრობლემოდ გაფრენას და იქ, ცათამბჯენებზე ზუსტად დაჯახებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებამდე მოღწევაც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ნიუანსები...
გუდაუთაში, მე-7 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე, უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის შესაძლებლობა ბევრად უფრო ადვილად მოჩანს და მათი ფრენის მარშრუტი მთლიანად შავი ზღვის თავზე, ძალიან დაბალ სიმაღლეზე - 30-50 მეტრზე შეიძლება განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს ამ კამიკაძე-დრონების ადრეულ რადიოლოკაციურ აღმოჩენას, რუსი სამხედროების მხრიდან.
მაგრამ ამ შემთხვევაში ოდესიდან ან რუმინეთის საზღვრის სიახლოვიდან აფრენილი უკრაინული კამიკაძე-დრონებისთვის აუცილებელი გახდება ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისთვის გვერდის ავლა, რაც ფრენის მანძილს ათას კმ-ზე მეტად გაზრდის.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსული სამხედრო ბაზის უკრაინული კამიკაძე-დრონების მხრიდან შესაძლო თავდასხმას, ეს ტექნიკურად ბევრად უფრო რთულად გამოიყურება, რადგან მათ დონბასის ფრონტის ხაზიდან ჯერ უნდა გადალახონ თავად რუსეთის ტერიტორია, როსტოვისა და კრასნოდარის მხარეებში, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში შემოფრინდნენ და იქიდან ეცადონ კავკასიის ქედის გადალახვით მიაღწიონ ოკუპირებულ ცხინვალამდე...
სწორედ კავკასიის დიდი ქედი იქცევა ბუნებრივ წინააღმდეგობად, რადგან მათზე გადასაფრენად უკრაინულ კამიკაძე-დრონებს 3-4 კმ სიმაღლეზე აფრენა მოუწევთ, რაც ამ საფრენ აპარატებზე დაყენებული მცირე სიმძლავრის შიდაწვის ძრავებისთვის დიდ პრობლემას შექმნის.
გარდა ამისა, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რომლებიც მიზნებამდე დაბალ სიმაღლეზე ფრენით „მიიპარებიან“, ერთი კმ-ი სიმაღლეც რომ „აიღონ“, მაშინვე ადვილად გამოჩნდებიან რუსული რადიოლოკაციური სადგურების მონიტორებზე და საზენიტო რაკეტების ლუკმა შეიქმნებიან...

არის მეორე გზაც უკრაინული კამიკაძე-დრონების ოკუპირებულ ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზამდე მისაღწევად, მაგრამ ის... საქართველოს საჰაერო სივრცეში გადის - ფოთიდან ცხინვალამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 190 კმ-ია და თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონები რუმინეთის საზღვრიდან ფოთამდე შავი ზღვის თავზე უპრობლემოდ გადალახავენ ათას კმ-ზე მეტს, მათ დანარჩენი ამ 190 კმ-ის დაფარვაც აღარ გაუჭირდებათ GPS-ის გამოყენებით, რომლის სიგნალსაც რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში არავინ ახშობს.
ფოთიდან ცხინვალამდე ფრენისას უკრაინულ კამიკაძე-დრონებს მოუწევთ სიმაღლის აღება, თუნდაც ლიხის ქედის გადასალახავად, მაგრამ მათ ქართული საჰაერო თავდაცვის შიში არ ექნებათ...
ამ მარშრუტით ოკუპირებულ ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზაზე უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ საჰაერო თავდასხმის განხორციელება ტექნიკურად კი არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში წამოიჭრება სხვა, ბევრად უფრო სერიოზული, პოლიტიკური პრობლემა...
საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ მისცემს უფლებას ოფიციალურ კიევს, რომ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებით განხორციელდეს საჰაერო შეტევა თუნდაც რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე, ცხინვალში, რადგან ეს გამოიწვევს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან შესაძლო საპასუხო ქმედებებს უკვე თავად საქართველოს წინააღმდეგ.
იმ შემთხვევაში კი, თუკი კიევი თბილისთან დაუკითხვად, მალულად შეეცდება ეს გააკეთოს, იქნება დიდი პოლიტიკური შეცდომა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან -ერთია, თუკი ისინი საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებით შეუტევენ შავი ზღვისპირა გუდაუთისა თუ ოჩამჩირის რუსულ სამხედრო ობიექტებს, ოკუპირებულ აფხაზეთში (თუმცა ესეც გამოიწვევს ოფიციალური თბილისის რეაქციას) და სულ სხვა, თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონები ფოთიდან ცხინვალამდე ქართულ ცას დაუკითხავად გადალახავენ, როდესაც არ იქნება გამორიცხული საბრძოლო ქობინიანი ამ უპილოტო საფრენი აპარატების შემთხვევითი ჩამოვარდნა და აფეთქება რომელიმე ქართულ დასახლებულ პუნქტში...
ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „მოცულობაში“ იზრდება და გადაწვდა მეზობელი მოლდოვას, რუმინეთისა თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეებსაც, სადაც დროდადრო რუსული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები შეფრინდებიან, არ ახალია,მაგრამ ნაკლებად უნდა გვსურდეს, რომ უკრაინის ფრონტის გამოძახილმა, აფეთქებების სახით, ჩვენს საქართველომდე მოაღწიოს, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე...