აპატიებს ალიევი პუტინს?! - რუსების მიერ ჩამოგდებული აზერბაიჯანული თვითმფრინავის საქმე: რას აპირებს ბაქო - კვირის პალიტრა

აპატიებს ალიევი პუტინს?! - რუსების მიერ ჩამოგდებული აზერბაიჯანული თვითმფრინავის საქმე: რას აპირებს ბაქო?

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჰიპოთეზების“ განხილვა და თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია - სანამ გამოძიება თავის დასკვნებს არ გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „სულ უფრო ფართოდ იხილება ვერსია, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მიერ დაზიანდა და ჩამოვარდა“ (ავტორი - კენუნ ხალილოვა, კორესპონდენტი). საქმე ეხება ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სამგზავრო ლაინერს, რომელიც 25 დეკემბრის დილით ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, შემდეგ კი, გროზნოსთან მიახლოებისას, კურსი მოულოდნელად შეიცვალა, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა, ეკიპაჟის ჩათვლით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთმა ზემოთ ხსენებული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სულ უფრო ფართოდ იხილება ვერსია - ავიაკატასტროფა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საბრძოლო მოქმედებას უკავშირდება. გამოძიებას ყაზახეთი აწარმოებს. 26 დეკემბერს ყაზახეთის მენგისთაუს ოლქის სატრანსპორტო პროკურორმა აბილაიბეკ ორდაბაევმა განაცხადა, რომ გამოძიება ჯერჯერობით იმ დასკვნამდე არ მისულა, რომ თვითმფრინავის კატასტროფა რუსეთის სარაკეტო სისტემის მოქმედებამ გამოიწვია.

აზერბაიჯანი რუსეთის ბრალდებისაკენ იხრება...

აზერბაიჯანში ხუთშაბათი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც გამოძიების მიმდინარეობას პირადად აკონტროლებს, კატასტროფას „აზერბაიჯანელი ხალხის უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.

ამასთან, აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ანონიმური წყარო ლაპარაკობს იმას, რომ კატასტროფა გამოიწვია რუსული რაკეტის აფეთქებამ - მისმა ნამსხვრევებმა თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ის ფაქტობრივად უმართავი გახდა. ეკიპაჟი ბევრს ეცადა, თვითმფრინავი გადაერჩინა, მაგრამ ლაინერი უკვე დასაღუპავად იყო განწირული. ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ სააგენტო „როიტერის“ (Reuters) კორესპონდენტს უთხრა, რომ წინასწარი ვარაუდები გამართლდა - თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტთან ახლოს მართლაც რუსულმა საზენიტო-სარაკეტო სისტემამ - „პანცირმა“ დააზიანა, იმავდროულად, დამატებით პარალიზებული გახდა რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემითაც.

„რა თქმა უნდა, არავინ ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა სპეციალურად გააკეთა, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ უკვე დადგენილ ფაქტებს, ბაქო ელოდება, რომ მოსკოვი აღიარებს შეცდომას და გამოაცხადებს, რომ სწორედ მისი მიზეზით ჩამოვარდა აზერბაიჯანის თვითმფრინავი“, - ციტირებს „როიტერი“ ანონიმური წყაროს ნათქვამს. სხვათა შორის, ამ დასკვნას ადასტურებს კიდევ სამი აზერბაიჯანული წყარო, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

ხუთშაბათს, საღამოს, აზერბაიჯანის პროსამთავრობო ტელეარხმა AnewZ-მაც აჩვენა სიუჟეტი, რომ Embraer E190 სწორედ რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად დაზიანდა - ფიუზელაჟი და ფრთები ნამსხვრევების შედეგად არის დახვრეტილი.

რუსეთი კი კვალის დაფარვას ცდილობს?!

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა რასიმ მუსაბეკოვმა განაცხადა, რომ „თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტით დაზიანდა, გროზნოს ცაზე და ამის უარყოფა შეუძლებელია“. დეპუტატის თქმის, ვიღაც-ვიღაცები ახლა კვალის დაფარვას ცდილობენ, იმის ნაცვლად, რომ ოფიციალურად ბოდიში მოიხადონ და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.

„მათ მიმართ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. აუცილებელია, რომ [რუსეთმა] კომპენსაცია გადაიხადოს დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ოჯახების სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე პოლიტიკურ სიბრტყეზე გადავა“, - ციტირებს აზერბაიჯანული სააგენტო „თურანი“, რასიმ მუსაბეკოვის ნათქვამს.

ფრანგულ სააგენტოს „ფრანს-პრესს“ აშშ-ის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ წინაწარი ნიშნები მართლაც ადასტურებს ვერსიას - „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი მართლაც რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ დააზიანა და ჩამოაგდო.

ისრაელის ავიაკომპანიამ El Al-მა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ უახლოეს კვირაში აუქმებს თელ-ავივ-მოსკოვის ავიარეისებს, „რუსეთის საჰაერო სივრცეში კრიზისული მდგომარეობის გამო“.

ბაქო - მოსკოვს: „აღიარე და ბოდიში მოიხადე“

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მატულობს ზეწოლა რუსეთზე - კრემლს მოუწოდებენ, რომ ჩადენილი შეცდომა აღიაროს. ტელეარხების კომენტატორები ამბობენ, რომ ბაქო მოსკოვისაგან შესაბამის განცხადებას და ბოდიშის მოხდას ელოდება.

აზერბაიჯანის რამდენიმე პროსამთავრობო ტელეარხმა 26 დეკემბრის საღამოს გადაცემებში ალაპარაკა ექსპერტები, რომლებიც ღიად აცხადებდნენ - თვითმფრინავის კატასტროფა რუსეთის ბრალიაო.

რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა თავს იკავებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებისაგან - ბაქოსათვის ძალიან ძნელი იქნება, პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს იმ დროს, როცა მოსკოვი ჯერ არ აღიარებს თვითმფრინავის ჩამოგდებას. როგორც ჩანს, საგამოძიებო კომისიამ, რომელიც აზერბაიჯანელი და ყაზახი ოფიციალური პირებისაგან შედგება, უკვე მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ ჯერ დუმილს ინარჩუნებს, მანამდე, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება დაშვებულ შეცდომას არ აღიარებს.

მოსკოვს მოუწევს, პასუხი გასცეს კითხვებს: რატომ არ დახურა თავისი საჰაერო სივრცე , როცა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და რატომ არ მისცა ნებართვა უკვე დაზიანებულ სამგზავრო თვითმფრინავს, პირველივე შესაძლებლობის დროს ახლო-მახლო რომელიმე აეროპორტში დაშვებულიყო, ამის ნაცვლად კი შორეულ აქტაუს აეროპორტში გადაამისამართა?!

როგორც რუსეთის ტელევიზიას ერთ-ერთმა გადარჩენილმა მგზავრმა უამბო:

„სქელი ნისლის პირობებში, ეკიპაჟი ორჯერ ცდილობდა გროზნოს აეროპორტში დაშვებას, მაგრამ მესამე მცდელობისას გვერდით რაღაც აფეთქდა და თვითმფრინავის ფიუზელაჟის გარსაცმის ნაწილი ჰაერში გაიფანტა“.

სხვათა შორის, საერთაშორისო მასმედიაში თავდაპირველად კრემლისადმი ლოიალური რუსული ტელევიზიის მიერ შეთხზული ვერსიები გავრცელდა, რომლის თანახმად, თვითმფრინავი, თითქოსდა, ფრინველთა გუნდში მოჰყვა და და დაზიანდაო, შემდეგ კი - ბორტზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდაო.

როგორც ექსპერტი ჯასტინ კრამპი ამბობს, BBC-ისთან ინტერვიუში, საყურადღებოა თვითმფრინავის დაზიანებები შიგნიდან და გარედან: „აშკარაა, რომ ფრთებსა და ფიუზელაჟზე არსებული ნახვრეტები რაკეტის საბრძოლო ქობინის დეტონაციამ გამოიწვია“.

წყარო