ვიქტორ ორბანი: "რუსებო, წაეთრიეთ სახლში!" - "უნგრელი ჩე გევარადან" "დონ ვიტორიომდე": როგორ გახდა ულტრალიბერალი ორბანი ნაციონალისტი
როგორ შეიძლება ევროპის ცენტრში მდებარე ევროკავშირისა და ნატოს წევრი დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად აქციო და თითქმის თხუთმეტი წელი ერთპიროვნულად მართო? - ამ კითხვაზე პასუხი ვიქტორ ორბანის ფენომენში უნდა ვეძიოთ. როგორ უნდა მოახერხო რომ ყველაზე „ერთგულ მეგობრებად“ ისეთი ავტორიტარული ქვეყნები გეგულებოდეს, როგორიც რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი და თურქეთია? ესეც ვიქტორ ორბანის „დამსახურებაა“.
ამიტომ დღეს ვიქტორ ორბანის შესახებ ვისაუბროთ, რომელიც 1963 წლის 31 მაისს უნგრეთის პატარა ქალაქ სეკესფეჰერვარში მოევლინა ქვეყანას. ის ინტერნაციონალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა: მამას ბოშური ფესვები ჰქონდა, დედას კი – ებრაული. ამის მიუხედავად, დღეს ვიქტორ ორბანი „დასაბმელი“ ნაციონალისტია და განსაკუთრებული ამრეზით სწორედ რომ ებრაელებსა და ბოშებს უყურებს. პოლიტიკური ქამელეონის რა ნიჭი უნდა ჰქონდეს „დონ ვიტორიოს“ (ხშირად ასეც მოიხსენიებენ უნგრელები „მოფერებით“ ვიქტორ ორბანს), რომ კომუნიზმთან და ტოტალიტარიზმთან მებრძოლი ახალგაზრდა სულ მალე თავად იქცა პოპულისტ ავტორიტარულ მმართველად და თავად დადგა იმ „ბნელ მხარეს“, რომელსაც ებრძოდა.
ვიქტორ ორბანი სკოლაში სწავლისას კომკავშირულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, თანაც დიდი გატაცებით თამაშობდა ფეხბურთს. შემდეგ არა ერთი საარჩვენო-სარეკლამო კლიპისთვის გამოუყენებია ორბანს თავისი „ფეხბურთელობა“. ზოგადად, ავტორიტარულ მმართველებს უყვართ საკუთარი „სპორტულობის“ ჩვენება: პუტინი ხშირად გვაწონებს თავს ძიუდო/სამბოს ილეთებით, ხოლო ბელარუსის „ბატკა“ ლუკაშენკო – ჰოკეის თამაშით.
უნგრეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ეუთოს ანგარიშს, ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რისთვისაც ორბანმა „საჩუქარიც“ დაიმსახურა. 2020 წლის 5 ივნისს ალექსანდრე ლუკაშენკომ ვიქტორ ორბანს ბელარუსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური აჩუქა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გვარის წარწერით.
რა გზა გაიარა ვიქტორ ორბანმა პოლიტიკაში?
გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში იანოშ კადარის ხელისუფლების კრიტიკა სულ უფრო ძლიერდებოდა და, როგორც ყოველთვის, ავანგარდში სტუდენტები იდგნენ. ვიქტორ ორბანი სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურად ჩაება ახალგაზრდულ ცხოვრებაში. ბუდაპეშტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა ცალკე პროფესიული კოლეჯის შექმნა მოახერხეს, სადაც გაცილებით მეტი თავისუფლება იყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვიქტორ ორბანის ბევრი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი შემდგომ პარტია „ფიდესის“ წევრი გახდა და უნგრეთის მთავრობაში მასთან ერთად მუშაობდა.
1986 წელს უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი ამ „თავისუფლების კუნძულს“ ეწვია და ძალზე კმაყოფილი დარჩა ახალგაზრდების, მათ შორის - ვიქტორ ორბანის ულტრალიბერალიზმით, რაც თავად მილიარდერის პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამებოდა.
პროფესიული იურიდიული კოლეჯის გახსნის ინიციატორი და მისი პირველი ხელმძღვანელი იშტვან შტუმპი იყო, რომელიც ორბანზე ექვსი წლით უფროსი გახლდათ და უკვე სამეცნიერო ხარისხიც ჰქონდა. ამასთან ერთად, მას „უმცროსი მეგობრებისაგან“ ის გამოარჩევდა, რომ უკვე დაოჯახებული იყო. მისი მეუღლე კი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, იშტვან ხორვატის ქალიშვილი ანდრეა გახლდათ. ორბანის უფროსი მეგობრის, იშტვან შტუმპის სიმამრი იანოშ კადარის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ჩინოვნიკი იყო, რაზეც მისი დოსიეც მეტყველებს:
უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1980 წლის 24 აპრილი – 1985 წლის 29 მარტი); ცენტრალური კომიტეტის მდივანი (28 მარტი, 1985 – 23 ივნისი, 1987) და ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული და მართვის განყოფილების კურატორი; უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (25 ივნისი – 16 დეკემბერი, 1987 წ.) და კვლავ უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1987 წლის 16 დეკემბერი – 1990 წლის 23 იანვარი).
მკითხველმა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს: სოციალისტურ/კომუნისტური რეჟიმის დროს უნგრეთის უშიშროების დანაყოფები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდნენ. ასე რომ: 1980–1990 წლებში იშტვან ხორვატი ხელმძღვანელობდა იმ „პოლიტიკურ პოლიციასაც“, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ უნგრელებს მეთვალყურეობდა და ყველაზე აქტიურების გადაბირება/კომპრომეტირებაზე მუშაობდა.
იშტვან ხორვატი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად იცნობს ვიქტორ ორბანს
უნგრულ მასმედიაში გამოქვეყნებული უშიშროების საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პირადად იშტვან ხორვატი აკონტროლებდა პროფესიული იურიდიული კოლეჯის შექმნისა და „ოპერატიული დამუშავების“ პროცესს.
1987 წელს ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, სოციოლოგად. ერთი წლის შემდეგ ვიქტორ ორბანი და მისი მეგობრები „სოროსის ფონდის“ სტიპენდიანტები გახდნენ.
ისტორიული მოვლენა უნგრეთისთვის
1988 წლის 30 მარტს, უნგრეთისთვის (შესაძლოა, მთელი ევროპისთვისაც) ისტორიული მოვლენა მოხდა: იურიდიული ფაკულტეტის ყოფილმა სტუდენტებმა და მათმა მეგობრებმა დააარსეს „ახალგაზრდა დემოკრატთა ალიანსი“ (უნგრულად – Fiatal Demokraták Szövetsége, შემოკლებით - Fidesz). მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიქტორ ორბანიც გახლდათ. ხომ ნამდვილი კურიოზია: ჯორჯ სოროსი აფინანსებდა იმ ახალგაზრდას, რომელიც შემდგომ მისი დაუძინებელი მტერი გახდა.
„ფიდეს“-ს თავდაპირველად ერთი ლიდერი არ ჰყავდა, ორბანის გარდა აქტიურობდნენ: გაბორ ფოდორი, ლასლო კოვერი, ტომაშ დოიჩი, ზოლტ ნემეტი და სხვ. „ფიდეს“-ის შექმნისთანავე ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ ასეთი ორგანიზაციის შექმნა უკანონოა და მისი საქმიანობა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრებაო. თუმცა ამას ხელისუფლების მხრიდან არანაირი მოქმედება არ მოჰყოლია. ერთი წლის შემდეგ კი უნგრეთში დანთებულმა ნაპერწკალმა მთელი აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმები იმსხვერპლა.
1989 წლის 28 იანვარს უნგრეთის კომუნისტური ხელისუფლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იმრე პოჟგაიმ ოფიციალურ განცხადებაში 1956 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება უწოდა. ამას მოჰყვა რადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უნგრეთში. ეს იყო ნამდვილი შოკი მთელი „სოციალისტური ბანაკისათვის“ და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ კომუნისტური რეჟიმების ნგრევა სწორედ უნგრეთიდან დაიწყო.
1989 წლის 16 ივნისს ბუდაპეშტში გაიმართა ყოფილი „კონტრრევოლუციონერების“,
ბუდაპეშტი, 1989 წლის 16 ივნისი.
ვიქტორ ორბანი: "რუსებო, წაეთრიეთ სახლში!"
შემდეგ კი ეროვნული გმირების: იმრე ნადის, გეზა ლოშონცის, ფერენც დონატის და სხვა სასტიკად ნაწამებ-მოკლული უნგრელი პატრიოტების ნეშტების გადასვენების ცერემონიალი. მრავალ გამომსვლელს და ემოციურ სიტყვას შორის ყველას დაამახსოვრდა საშუალო ტანის ახალგაზრდის რადიკალური მოწოდება: „რუსებო, წაეთრიეთ სახლში!“. ეს ვიქტორ ორბანი იყო. მაშინ უნგრეთში საბჭოთა არმიის 60-ათასიანი კონტინგენტი იყო განლაგებული და კა-გე-ბე, რომელსაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ადგილობრივ უშიშროებასთან, ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობდა უნგრეთში. ამიტომ ყველას უკვირდა ამ ახალგაზრდის გამბედაობა.
„უნგრელი ჩე გევარა“ – ვიქტორ ორბანი
უკანასკნელ წლებში უნგრულ მასმედიაში დაიბეჭდა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მასალა (მაგ.https://kuruc.info/r/9/94946), სადაც უნგრეთის შსს, უშიშროების დეპარტამენტის საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასაბუთებს, რომ „ფიდესი“, შექმნის დღიდან, უნგრეთის „პოლიტიკური პოლიციის“ კონტროლის ქვეშ იყო და იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი აგენტი-ინფორმატორი ჰყავდა.
(მეორე ნაწილის დასასრული)