"ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენმა მშობელმა დღესაც არ იცის თავისი შვილის ამბავი" - რა გამოაცხადა აფხაზეთის განათლების მინისტრმა შევარდნაძის დავალებით
მონაზონი მართა ნაჭყებია ბავშვობაში ბევრ დროს ატარებდა სენაკში,
ბებიასთან, რომელიც განათლებული და მორწმუნე ქალი იყო. გოგონას უყვარდა მისი მონაყოლი ამბები. იხსენებს: "დილით გავიღვიძებდი და ბებიას ლოცვა მესმოდა, ღამე ვიძინებდი და ბებიაჩემი ლოცულობდა". მისი ბებია მონაზონი ეკატერინე ელიავა გახლდათ (დედის დედა), რომელიც შარშან, ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. თავად გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ცხოვრობდა, სადაც დგას მე-6 საუკუნის ტაძარი და იქვე იყო სკოლა. მომავალი მონაზონი და მისი ორი ძმა სწორედ ამ ტაძრის ეზოში იზრდებოდნენ... აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, მონაზონ მართას დედა სენაკში იყო წასული. უცებ ყველა გზა ჩაიკეტა. მართა, მამამისი და ბებია ეკატერინე დრანდაში დარჩნენ...
დაბომბვა „სწავლის“ დაწყების დღეს
- შევარდნაძემ „პერემირიე“ როცა გამოაცხადა, მისი დავალებით გამოვიდა აფხაზეთის განათლების მინისტრი ჯანელიძე და ჩემი ყურით მოვისმინე, რაც თქვა: სტუდენტები უნივერსიტეტში თუ არ გამოცხადდებით, ეს სამშობლოს ღალატი იქნებაო. ვის უნდოდა მოღალატის სახელი და წავედით. მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდები სოხუმში და ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენმა მშობელმა დღესაც არ იცის თავისი შვილის ამბავი. დრანდიდან დავდიოდი უნივერსიტეტში, ავტობუსით 20 წუთის გზა იყო, მაგრამ იმ დროს სად იყო ტრანსპორტი? ვიღაც გამვლელი თუ გაგიჩერებდა მანქანას. გამოვცხადდით უნივერსიტეტში და გვგონია, რომ სწავლა უნდა დაიწყოს... იმ დღესვე სოხუმი საშინლად დაბომბეს, პირველად დაბომბვაში მაშინ მოვყევი. არ ვიცით რა გავაკეთოთ, მივრბივართ შუა ქუჩაში მე და ჩემი სკოლელი ხათუნა. ისმის ბომბის აფეთქების და წუილის ხმა, ზუსტად ისე, სამამულო ომზე ფილმებში რომ გვინახავს და ამას, ახლა შენი თვალით უყურებ. ქუჩა სავსე იყო და უცებ კაციშვილი აღარაა, მარტო მე და ხათუნა მოვრბივართ. ვიღაც სამხედრო კაცი კედელზეა აყუდებული და გვეძახის: გაჩერდით, გაჩერდით... არ შეიძლებოდა გვერბინა და მისი რჩევით, ჩვენც კედელს ავეყუდეთ. სოხუმის ცენტრში დაძაბულები ვდგავართ. გავიხედე და ერთი მოხუცი ქალი ქოლგით რომ მოდიოდა, დაბომბვის მერე წევს და ქოლგა თავზე ახურავს... სიმწრისგან სიცილი დავიწყეთ. შეწყდა დაბომბვა და სახლამდე როგორ მივაღწიე, არ მახსოვს. საწყალი დედაჩემი გაჭაღარავებული დამხვდა. თან ტელევიზიით აცხადებდნენ, სოხუმი იბომბებაო. ასეთ საშინელებაში ვიყავით დიდი პოლიტიკოსის, ბატონი შევარდნაძის დამსახურებით.
აკაკი ელიავა
- პოლკოვნიკი აკაკი ელიავა დედაჩემის უმცროსი ძმა იყო, მისი ბატალიონის წევრები იყვნენ ჩემი ძმები. აკაკიმ ბოლომდე უერთგულა დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. ერთხელ სენაკის აეროპორტში მორიგეობდნენ და ჩემი ერთ-ერთი ძმა იხსენებდა, რომ იმ დღეს, როცა ვერტმფრენი დაფრინდა, არავინ იცოდა, ვინ უნდა ჩამოსულიყოო. იღება კარი და ჩამოდის ზვიადი... ყველა გაშეშებული იდგა სიხარულისგან, მოულოდნელობისგან, ბედნიერებისგან. პირველი, რაც ზვიადმა გააკეთა, დაიჩოქა და ქართულ მიწას ემთხვია. მერე სათითაოდ, ამ პირტიტველა, 19-20 წლის ბიჭებს ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა და ყველას აჩუქა სიგარეტი „პრეზიდენტი“. ჩემი ძმა ამ სიგარეტს კარგა ხანს ინახავდა.
აკაკიმ მოსკოვში დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მრავალმხრივ განათლებული კაცი იყო. თავისუფალ დროს მუდმივად წიგნებს კითხულობდა. მასთან შეგეძლო ნებისმიერ თემაზე გელაპარაკა: ფიზიკა, ქიმია, ფილოსოფია... მიყვარდა ბიძაჩემთან საუბარი. მხედრიონი რომ შევიდა აკაკისთან სახლში, რადგან ზვიადისტი იყო, ეგონათ, უამრავი ქონება დახვდებოდათ. გაკვირვებული დარჩნენ, როცა წიგნების მეტი ვერაფერი ნახეს. ბიძაჩემი "მხედრიონთან" ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიჭრა, სახლში იწვა და ზვიადმა მოინახულა. ჩეჩნეთში ზვიადი ბიძაჩემმა გააცილა და მისი უკან დაბრუნების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ლოთი ქობალიას უნდოდა ჩამოსულიყო და მაინც ჩამოიყვანეს. ბიძაჩემის გამო სულ დევნილობაში ვიყავით, მის ცოლ-შვილზე აღარაფერს ვამბობ. ბავშვებს ბავშვობა არა ჰქონიათ, საშინელ დღეში იყვნენ, ყველა უბედურება გამოიარეს. 2000 წელს აკაკი მოკლეს, ის 48 წლისა იყო.
27 სექტემბერი
- დრანდის უგრძელესი ქუჩის დასაწყისში, ჩვენი სახლის წინ არსებულ დიდ ტერიტორიაზე (ქუჩების გასაყართან ვცხოვრობდით) 27 სექტემბრის დილას, თითქმის მთელი სოფელი მოგროვდა, იქვე იდგა დიდი სატვირთო მანქანები. ეზოში მამაჩემი შემორბის: სოხუმს მალე აიღებენ, ესენი ყველანი კოდორის ხეობით მიდიან. ჩქარა, ბებიას ხელი მოჰკიდე და თქვენც ამათ გაჰყევითო. თავი გავიგიჟე: არსადაც არ წავალ, რა პანიკაში ხარ-მეთქი, მამაჩემს ვეუბნები. 20 წლის სულელ გოგოს წასვლაზე გაგონებაც არ მინდოდა, საფრთხეს ვერ ვაცნობიერებდი. ცოტა ხანში წავიდნენ ბავშვები, ახალგაზრდები და ქალები. მეზობლად ცხოვრობდა ბერძენი ქალი ვიკა ორი მცირეწლოვანი შვილით, ქმარი ქართველი ჰყავდა. ვიკა ბავშვებით და ჩვენ დავრჩით. ადრე სოხუმი როცა იბომბებოდა, ჩვენთან ხმა ისმოდა და დაბომბვა ხდებოდა რაღაც ინტერვალებით. იმ ღამეს აფეთქებების ხმა წამითაც არ გაჩერებულა. გათენდა, მამაჩემი მოდის და არასოდეს დამავიწყდება, ხელებს თავში იშენს: შენ როგორ დაგიჯერე და არ გაგიშვი. ახლა აფხაზები შემოვლენ და რამე რომ გიქნან, სად წავიდეო? გაკვირვებული ვამბობ: რა უნდა მიქნან-მეთქი?.. ყველა ოჯახში იყო რაღაც დანაზოგი თანხა, ოქრო და მამამ მითხრა: რამე რომ მომივიდეს, იცოდე, ოქროს და ფულს ქილაში ჩავდებ და ამ ადგილზე დავმარხავო. ისტერიკა დამემართა, ამას რას ამბობ-მეთქი? ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ განწირულები ვიყავით.
სოხუმიდან ქუთაისამდე
- მამაჩემმა და ვიკას ქმარმა გადაწყვიტეს აეროპორტის ბუნკერში ჩვენი წაყვანა. რა გულუბრყვილო და სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო, ის ბუნკერი ხომ ყველა აფხაზმა იცოდა... ჩავედით ბუნკერში, სადაც ხალხი უკვე შინაურულად გრძნობდა თავს. მალე ჩამოვიდა ჩვენთან ვიკას და - ვალია, რომელიც აეროპორტის სამედიცინო პუნქტის უფროსი ექიმი იყო (მისი შვილი მამაჩემმა მონათლა) და ჩუმად გვეუბნება: აეროპორტის უფროსს, ხაინდრავას თვითმფრინავი უყენია, ჩვენი თანამშრომლები მიფრინავენ, დაგიძახებთ ცოტა ხანში და გამოდითო. ალბათ, 20 წუთის მერე ამოვედით ბუნკერიდან და მივედით თვითმფრინავთან, რომელსაც ტრაპი არა აქვს. ჯარისკაცებმა საიდანღაც მოიტანეს რკინის კიბე და უჭირავთ. მაცვია კაბა და ცოცხალი თავით არ ავდივარ კიბეზე, მრცხვენია. ერთი ჯარისკაცი მიხვდა, რატომ არ ავდიოდი და რა დროს ეს არისო, მიღრიალა. ერთ წამში ზევით ვიყავი.
თვითმფრინავი ისეთი გადაჭედილი იყო, შევედით და იქვე დავდექით ვიკა, ბებია და მე. ვიკას ერთი ბავშვი უჭირავს ხელში, მეორე - მე. სანამ კარი დაიხურება, გავიხედე და ზღვაში, რომელიც ახლოსაა სოხუმის აეროპორტთან, შემოვიდა ერთი რუსული ხომალდი, მეორე, მესამე. ამ აეროპორტიდან ერთი თვითმფრინავი არ აფრენილა, რომ რუსებს არ ჩამოეგდოთ. იცი, რომ განწირული ხარ. მაინც ავფრინდით. ახალგაზრდა ბორტმექანიკოსი შეშლილი დადიოდა. ხალხი უჰაერობისაგან ცუდად ხდებოდა. რაღაც დრო გავიდა და დღესაც მახსოვს ბორტმექანიკოსის სახე, ყვირის: "გილოცავთ, გილოცავთ..." რას გვილოცავს, ვფიქრობთ. - სამი გრადი გვესროლეს და აგვცდა, ახლა ოჩამჩირეს გადავუფრინეთ და თვითმფრინავმა სიმაღლე აიღოო. მანამდე ძალიან დაბლა, ზღვის დონეზე მიფრინავდა, რაც საშიში ყოფილა, მაგრამ სოხუმის აეროპორტს გამოცდილი და ჭკვიანი პილოტები ჰყავდა. ბებიას ვეუბნები, რუსული ხომალდები დავინახე და არაფერი გითხარი, რომ არ შემეშინებინე-მეთქი. ბებიაჩემს გულში ჩახუტებული აქვს რაღაც, არც დავკვირვებივარ, რა იყო. მომიტრიალა და წმინდა გიორგის ხატია. ჩვენ რა დაგვემართებოდა, წმინდა გიორგის ხატი მიჭირავსო. ძალიან დავიბენი. წმინდა გიორგიმ გვიშველა თუ ბებიას ლოცვამ, არ ვიცი, მაგრამ მშვიდობიანად ჩავფრინდით ქუთაისში.
ქუთაისიდან სენაკამდე
- ქუთაისში დავრჩით ისინი, ვისაც დასავლეთში გვინდოდა ჩასვლა. ხალხის დიდი ნაწილი იმავე თვითმფრინავით (საწვავი ჩაუსხეს) თბილისში წამოვიდა. ქუთაისი კარგად შეგვხვდა, ავტობუსები დაგვახვედრეს და დაიწყო გადანაწილება. ჩვენ ვთხოვეთ სენაკში ჩასვლა. მაშინ "ზვიადისტებს" გზაზე პოსტები ჰქონდათ. ბევრს ეშინოდა, გაგვძარცვავენო და ავტობუსის მძღოლებიც უარს ამბობდნენ წაყვანაზე. არ ვიცი, რა გამბედაობა მქონდა მაშინ, ჯერ მოვაგროვე ის ხალხი, ვისაც იქით გადასვლა უნდოდა. მერე მივედი ახალგაზრდა კაცთან, რომელიც ხელმძღვანელი პირი იყო და მას ევალებოდა ჩვენი გადაყვანის საკითხი. ვუთხარი, რომ დასავლეთში წამსვლელები ვართ. ის მეუბნება, - თქვენ თავმდებად დაუდგებით მძღოლს, რომ უკან გამოატარებენო? - კი-მეთქი. გამოჩნდა ვიღაც ღვთისნიერი მძღოლი და ავტობუსი უცბად გაივსო. პოსტებზე ჩამოვდიოდი ავტობუსიდან, ვერავის ვეუბნებოდი, რომ აკაკი ელიავას დისშვილი ვიყავი, ვერ გავკადნიერდი. აკაკი ხომ ფაქტობრივად, ამათი უფროსი იყო. მხოლოდ იმას ვამბობდი, ჩვენ ვართ აფხაზეთიდან და ძალიან გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ავტობუსი, რომ უკან გამოატაროთ, მძღოლს დაყაჩაღებისა ეშინია-მეთქი. ყველგან ერთი და იმავეს მპასუხობდნენ: ყაჩაღები და ბანდიტები იქით მოიკითხეო. ასე ჩავაღწიეთ სენაკში. იმედია, ის მძღოლი მშვიდობით წამოვიდოდა.
აფხაზი ნათესავები
- ჩვენ ბევრი აფხაზი ნათესავი გვყავდა. ბებიაჩემის (მამის დედა - აგატა) დები აფხაზებზე იყვნენ გათხოვილები და მამას აფხაზი დეიდაშვილები ჰყავდა. ომის პირველმა ტალღამ რომ გადაიარა, მამაჩემი დარჩა აფხაზეთში და ამაში დაეხმარა აფხაზი ახლობელი, რომელიც ქალაქკომში მუშაობდა. ამ კაცს დედა ყაბარდოელი ჰყავდა (ქალი იყო აგატას ნათესავი) და ცოლი - ქართველი. სოხუმში ამ ქალს მხედრიონელებმა სახლი დაუწვეს და სცემეს (შვილმა, რძალმა და შვილიშვილებმა გაასწრეს). ქალი დედაჩემმა მოიყვანა სახლში და დიდხანს ცხოვრობდა ჩვენთან. სხვათა შორის, სკლეროზი ჰქონდა, ხან ყველაფერი ახსოვდა, ხან - არაფერი. დედაჩემმა უზომო მოთმინება გამოიჩინა, უვლიდა, ბებიაჩემის ტანსაცმელი მისცა. ქალმა ერთ დღესაც დაიჩემა, უნდა წავიდეო, აფხაზი ნათესავის სახელს ამბობდა, დედა არ უშვებდა... რატომ გავიხსენე ეს ამბავი? როცა აფხაზებმა გაიმარჯვეს, ამ სკლეროზიან ქალს რანაირად გაახსენდა - მე მურმანიმ (მამაჩემმა) მიშველა და ახლა, შენ უნდა უშველოო, - შვილს უთხრა. წარმოგიდგენიათ? ის კაცი მივიდა მამასთან, წერილი გადასცა და რაღაც დროის მანძილზე გადაარჩინა. მერე მამას ისევ აფხაზი ნათესავები დაეხმარნენ და ენგურის საზღვრამდე მოიყვანეს. მამაჩემი გადმოვიდა აქეთ და ჩვენ აღარ გავუშვით აფხაზეთში.
ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო ეს ომი. იბრძოდნენ ჩემი ძმებიც და ტყვარჩელში მცხოვრები მამაჩემის აფხაზი დეიდაშვილებიც. რომ წარმოვიდგენდი, ბიძა და ძმისშვილი შეიძლება ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილიყვნენ, ეს მომენტი ცუდად მხდიდა. ამ წლების მანძილზე ბევრი აფხაზი ნათესავი გარდაიცვალა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, სულ მისვლა-მოსვლა გვქონდა. ზიზღი აფხაზების მიმართ ნამდვილად არ მქონია და არ მაქვს. თუ ოდესმე დავბრუნდებით, მოგვიწევს გვერდიგვერდ ცხოვრება და შერიგება. ღმერთი თუ ინებებს, შეიძლება ხვალაც კი წავიდეთ, მაგრამ ღვთის ნება როდის იქნება? როდესაც დავიმსახურებთ, ალბათ...
ნანული ზოტიკიშვილი