კრემლი გაცოფებულია - ვინ აუფეთქა რუსებს კრეისერ „მოსკვას“ ზომის გემი ხმელთაშუა ზღვაში?! - კვირის პალიტრა

კრემლი გაცოფებულია - ვინ აუფეთქა რუსებს კრეისერ „მოსკვას“ ზომის გემი ხმელთაშუა ზღვაში?!

კრემლი გაცოფებულია -2024 წლის 23 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის კარტაჰენის პორტიდან სამხრეთით 70 საზღვაო მილის დაშორებით ჩაიძირა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანია „ობორონლოგისტიკის“ კუთვნილი უნივერსალური მშრალტვირთმზიდი გემი Ursa Major-ი...

რუსეთის ხელისუფლების სიბრაზის მიზეზი გასაგებია, რადგან ეს 142 მ სიგრძის,23 სიგანისა და 9 490 დედვაიტის(დედვაიტი არის გემის მიერ გადატანილი ტვირთის, საწვავის, სამანქანო ზეთების, ტექნიკური და სასმელი წყლის, პროდუქტებისა და მგზავრების საერთო მასა) სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელიც „ობორონლოგისტიკის“ ფლაგმანს წარმოადგენდა, თავისი ამ მონაცემებით უახლოვდება მეორე ჩაძირულ რუსულ ხომალდს-შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“(სიგრძე 186 მ, სიგანე 20 მ, სრული წყალწყვა 11 490 ტ)...

1-gemi1-1735292020.png
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში მცურავი სატვირთო გემი Ursa Major-ი ხმელთაშუა ზღვაში დაზიანებისა და ჩაძირვის წინ...

რატომ ჩაიძირა რუსული სატვირთო გემი?!

მაგრამ, თუკი რუსეთის შავი ზღვის სიამაყე სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა „ნეპტუნებმა“ „სამ ასოზე“ ჯერ კიდევ 2022 წლის 14 აპრილს გაუშვეს(კრემლი დღემდე ჯიუტად არ აღიარებს, რომ „მოსკვა“ სწორედ უკრაინული „ნეპტუნების“ მოხვედრამ იმსხვერპლა), ოთხი დღის წინ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემის Ursa Major-ის ჩაძირვის მიზეზად მოსკოვში...დივერსიას ასახელებენ...

უნივერსალურ მშრალტვირთმზიდ გემ Ursa Major-ზე შეიძლება კრეისერ „მოსკვასავით“ ქვემეხები და რაკეტები არ ეყენა, მაგრამ იგი დიდ როლს ასრულებდა რუსეთის სტრატეგიული სამხედრო მიზნების განსახორციელებლად ხმელთაშუა ზღვაში, კერძოდ კი სირიის მიმართულებაზე.

საქმე ის არის, რომ ეს გემი, ოღონდ Sparta III -ის სახელით 2017-2021 წლებში „სირიის ექსპრესის“ ოპერაციაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და შავი ზღვის სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტებიდან სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს ეზიდებოდა სირიის პორტ ტარტუსში, ამ ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.

ახლაც, უკვე Ursa Major-ად გადანათლულ ამ სატვირთო გემს, რომელიც რუსი სამხედროების დაქვემდებარებაში იყო, ოფიციალურად სამოქალაქო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა სანკტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკის მიმართულებით, მაგრამ ეს გრძელი მარშრუტი გადის სწორედ ხმელთაშუა ზღვაზე სუეცის არხისკენ, სადაც „ხელისგაწვდენაზეა“ სირიის ტარტუსის საზღვაო პორტიც, რომლის ნავმისადომებზე თავმოყრილია და აღარ ეტევა ის რუსული სამხედრო ტექნიკა,რის გატანასაც ესწრაფვის კრემლი სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ...

2-gem-1735292134.png
უნივერსალური მშრალტვირთმზიდი გემი Ursa Major-ი Sparta III -ის სახელით 2017-2021 წლებში „სირიის ექსპრესის“ ოპერაციაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა...

ასე რომ, შეიძლება Ursa Major-ი ფარული მიზანი სწორედ სირიის ტარტუსში შესვლაც გახლდათ, რაშიც რა თქმა უნდა,რაიმე სახის დანაშაული არ მოჩანს, პირიქით, თურქეთიც, ისრაელიც და მთლიანად დასავლეთიც ძალიან დაინტერესებულია, რომ რუსეთმა რაც შეიძლება მალე მოახდინოს თავისი სირიული სამხედრო ბაზების ევაკუაცია...

უკრაინული კვალი?!

მაგრამ, ეტყობა ასე არ ფიქრობენ ... უკრაინის სპეცსამსახურებში, თუნდაც იმიტომ, რომ სირიიდან გამოტანილ ჯავშანტექნიკას კრემლი უკრაინის ფრონტზე გადაისვრის, რაც დამატებითი პრობლემა გახდება უკრაინის დამცველებისთვის...

23 დეკემბერს Ursa Major-ის ეკიპაჟმა კიჩოზე, სადაც სამანქანო განყოფილებაა განთავსებული, სამი აფეთქების ხმა გაიგო, რის შემდეგაც გემმა 25 გრადუსიანი დაფერდება მიიღო მარჯვენა ბორტზე და რამდენიმე საათში ჩაიძირა კიდეც-16 კაციანი ეკიპაჟიდან 14 გადარჩენა მოხერხდა, ორი კი უგზო უკვლოდ დაიკარგა...

ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვამდე მის კორპუსზე გარედან აღმოაჩინეს დაახლოებით ნახევარმეტრიანი ნახვრეტი, რომლის ბოლოები შიგნით იყო შეზნექილი ანუ აფეთქების ტალღის მიმართულება გარედან შიგნით გახლდათ...

3-gem-1735292085.png
უკრაინელმა საზღვაო დივერსანტებმა ამ სამწლიან ომში შავ ზღვაში იმხელა გამოცდილება დააგროვეს, რომ მათ ვერც ხმელთაშუა ზღვის ტალღები დააბრკოლებდათ...

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ რუსული გემის კორპუსს ან დივერსანტებმა გარედან მაგნიტური ნაღმები მიამაგრეს ან გამოყენებული იქნა მიმართული მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი კამიკაძე-დრონი კატარღა, თუმცა პირველი ვერსია უფრო რეალურად მოჩანს, თუკი მართლაც სამი აფეთქება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით...

ეს რუსული გემი ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ვიწრო ყელში, საერთაშორისო წყლებში მიცურავდა და თითქმის ერთნაირად , 70-70 საზღვაო მილით იყო დაშორებული ესპანეთისა და ალჟირის ნაპირებიდან. შესაბამისად კარგად მომზადებულ და აღჭურვილ საზღვაო დივერსანტებს არ გაუჭირდებოდათ მის კორპუსზე გარედან კუმულაციური მოქმედების მაგნიტური ნაღმების მიმაგრება...

P.S. არ შეიძლება არ აღინიშნოს ოფიციალური მოსკოვის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ის აცხადებს,რომ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული რუსული გემის კორპუსზე აფეთქებამ ნახვრეტის ბოლოები შიგნით შეზნიქა და ეს გარედან განხორციელებულ დივერსიაზე მიუთითებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება 25 დეკემბერს გროზნოს თავზე აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავის ფიუზელაჟის დახვრეტას(ნახვრეტების ბოლოები აქაც შიგნითაა შეზნექილი) რუსული საზენიტო „პანცირის“ რაკეტის აფეთქებისას გატყორცნილი დამაზიანებელი ელემენტებით, მაშინ დუმილს ამჯობინებს და ყველას მოუწოდებს დაელოდნენ გამოძიების საბოლოო შედეგებს...