"მახინჯოო" უთხრა...", "დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი" - რა ხდება აჩიკო მეფარიძის სასამართლო პროცესზე? - კვირის პალიტრა

"მახინჯოო" უთხრა...", "დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი" - რა ხდება აჩიკო მეფარიძის სასამართლო პროცესზე?

აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა, - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა ხატია ხერხეულიძემ განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმითქვამს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაზარალებული ლელა ჯუღელმა ჩვენების დროს იტყუებოდა და მტკიცებულებათა ერთობლიობა მისი ჩვენების სანდოობას ვერ ქმნის. ადვოკატის თქმით, დაზარალებული იტყუება, როცა ამბობს, რომ მას მეფარიძემ არაერთხელ დაარტყა.

„აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა",- განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, არჩილ მეფარიძე არანაირი დანაშაულისკენ მიდრეკილი არ არის და გარდა იმისა, რომ მომღერალია, ის პროფესიით ექიმია და წლების განმავლობაში ამ პროფესიით მუშაობდა.

„სიმღერის - „მშვიდობით“ ტექსტიც ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროვოკაციულად ცდილობდა მეფარიძის „წამოკიდებას“.

მისივე განმარტებით, მეფარიძეს მისთვის დაზიანების მიყენების განზრახვა რომ ჰქონოდა, მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას მისცემდა.

ხერხეულიძის თქმით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მეფარიძის მხრიდან მუქარის განხორციელება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. მისივე განმარტებით, ვერ გამოიკვეთა და ვერ დადასტურდა, თუ რატომ სურდა ბრალდებულს მსხვერპლის შეშინება.

„მახინჯოო“ უთხრა, მაგრამ ამ სიტყვის თქმის გამო, პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულის მიმართ სანდოობა ნულია და სასამართლომ ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასოს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი, - ამის შესახებ ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებულმა მომღერალმა, არჩილ მეფარიძე სასამართლომ პროცესზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს და რეპლიკებით ისარგებლეს, ბრალდებულმა მომღერალმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

როგორც მეფარიძემ განმარტა, ის დამნაშავე არ არის.

„ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი, იმ ფიცის ქვეშ, რომლისაც მწამს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი",- განაცხადა მეფარიძემ.

ამასთან, დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან ზაქრაძემ განაცხადა, დაზარალებული ჩვენებაში იტყუება.

„დაზარალებული დაზიანებული ყურის შემოჩეჩებას ცდილობდა არჩილ მეფარიძისთვის“, - განაცხადა ზაქრაძემ.

ამ წუთებში, მოსამართლე ლელა შკუბულიანი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"