"ოლივია იყო საოცარი ადამიანი, რომლის სითბო შეეხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას იცნობდა" - ჯულიეტასა და ღვთისმშობლის როლის შემსრულებელი ოლივია ჰასი გარდაიცვალა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანკო ძეფირელის საკულტო ფილმ "რომეო და ჯულიეტას" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯულიეტას როლის შემსრულებელი ოლივია ჰასი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ოლივია იყო საოცარი ადამიანი, რომლის სითბო, სიბრძნე და სიკეთე შეეხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას იცნობდა" - ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში, რომელიც მათ ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ ოლივია სულ რაღაც 15 წლის იყო როცა ყველასათვის საყვარელ ფილმში ჯულიერას როლი შეასრულა. ჯულიეტას როლისთვის მას "ოქროს გლობუსი" აქვს მოპოვებული.

ცნობილმა მსახიობმა რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრასთან" პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა:
"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი. სიამაყით ვივსები, როდესაც მეუბნებიან, რომ ღვთისმშობელმა ემოციურად შეძრა მაყურებელი. ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის. გადაღებები საღამოს დავიწყეთ და შუაღამეს საჭმელად შევისვენეთ. ფრანკო ასეთი სცენების გაცოცხლებაში გენიალური იყო. ძალიან ვნერვიულობდი და მარიამ მაგდალინელის როლის შემსრულებელს, ენ ბენკროფტს შევჩივლე. მან მირჩია, ორიოდე ჭიქა ღვინო დამელია.

მართლაც, სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ისე განვიცადე ყველაფერი, ცრემლების ზღვა მომდიოდა, როცა იესოს დავტიროდი. მახსოვს, როგორ ავიტაცე რობერტის სხეული... მეორე დღეს ფრანკო მოვიდა.
"ოლივია, ბრავო! ძალიან კარგად გაართვი თავი ამ როლს, მაგრამ გირჩევ, გადასაღებ მოედანზე აღარ დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად ურთულეს სცენას თამაშობ"...
"ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი"