პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა - ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანული ლაინერის დაზიანება - ჩამოგდება?
რუსეთის ფედერაციას მეოთხედი საუკუნეა სათავეში უდგას პუტინი და დღემდე არ მომხდარა, რომ მას სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ბოდიში მოეხადა...
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დღეს, 28 დეკემბერს დაიდო ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ინიციატივით დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა ბაქო-გროზნოს რეისს, რუსეთის საჰაერო სივრცეში განიცადა „ფიზიკური და ტექნიკური გარე ზემოქმედება“, რასაც მოჰყვა „ტრაგიკული ინციდენტი“...
მაგრამ ნიშნავს კი პუტინის ბოდიში ალიევისადმი, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარებს 25 დეკემბერს გროზნოს სიახლოვეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჯერ საზენიტო რაკეტებით დაზიანებას, შემდეგ უახლოეს რუსულ აეროპორტებში მის ავარიული დაშვებაზე უარის თქმას და ფაქტობრივ გაძევებას ყაზახეთისკენ, კასპიის ზღვის თავზე, სადაც ეს, მძიმედ დაზიანებული ლაინერი შეიძლება ზღვაში ჩავარდნილიყო და ვერცერთი მგზავრი ვერ გადარჩენილიყო?
ალბათ არა, რადგან ასეთი ოფიციალური განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა ან სხვა რუსული ოფიციალური სტრუქტურის მიერ დღემდე არ გაკეთებულა.
უფრო მეტიც, თურმე ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათში ლავროვის უწყება რუს დიპლომატებს ავალებდა, რომ ოფიციალურ ბაქოსთან და ასტანასთან ისე „მოეკვარახჭინებინათ“ საქმე, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამოძახილი ჰქონოდა ამ ტრაგედიას...
მაგრამ, როგორც ჩანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი კრემლთან ასეთ სამარცხვინო გარიგებაზე არ წავიდა, პირიქით...
ქართული მასმედიისგან განსხვავებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე მათი სახელმწიფოსგან მხრიდან ყოველთვის დიდი ზეწოლა და ცენზურა იგრძნობოდა და ამიტომაც ერთგარი გაკვირვება გამოიწვია, როდესაც აზერბაიჯანულმა საინფორმაცია საშუალებებმა ერთმანეთის მიყოლებით „ხმას აუწიეს“ და რუსეთის ხელისუფლებიდან ღია ტექსტით დაიწყეს იმის მოთხოვნა, რომ კრემლს ეღიარებინა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის რუსული საზენიტო რაკეტებით ფატალურად დაზიანების ფაქტი, რასაც ავიაკატასტროფა მოჰყვა და ამისთვის ბოდიში მოეხადა...
გასაგები გახლდათ, რომ ასეთი სითამამე აზერბაიჯანელი ჟურნალისტების იმ ნაწილისგან, რომლებიც აქამდე ყოველთვის ასრულებდნენ სახელმწიფოს მითითებებს, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა ანთებული მწვანე შუქი თავად პრეზიდენტ ალიევის მხრიდან...
და, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტ ალიევის ამ სიმტკიცემ გაამართლა და პუტინმა ფაქტობრივად აღიარა თავისი სამხედროების მორიგი საშინელი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების-მგზავრების სასიკვდილოდ გაწირვის გამო.
თუმცა სრული აღიარება მხოლოდ მას შემდეგ შედგება, როდესაც დასრულდება საგამოძიებო პროცედურა და დაიდება საბოლოო დასკვნა - ვინ არის დამნაშავე და ამის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ოფიციალურ ბოდიშსაც მოიხდის და კომპენსაციას გადაუხდის დაღუპულებისა და დაშავებულებს ოჯახებს და ასევე იმ აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას, რომლის სამგზავრო ლაინერიც თავის ეკიპაჟიან-მგზავრებიანად სასიკვდილოდ გაწირა იმ რუსული საზენიტო „პანცირის“ გათვლამ, რომელმაც რადიოლოკატორის ეკრანზე სამგზავრო ლაინერი კამიკაძე-დრონისგან ვერ განასხვავა...
P.S. ოთხი წლის წინ, პირიქით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა მოუხადა ბოდიში პუტინს იმის გამო, რომ 44 დღიანი ომის მოგების ბოლო დღეს, 2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანელმა მეზენიტემ ნახიჩევანიდან „იგლას“ საზენიტო რაკეტის გასროლით სომხეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი Ми-24, რასაც მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორი წევრის დაღუპვა და ერთის დაშავება მოჰყვა.
პრეზიდენტმა ალიევმა მაშინ დაუყოვნებლივ აღიარა აზერბაიჯანელი სამხედროების შეცდომა, დამნაშავეებზე საქმე აღიძრა, ხოლო დაღუპული რუსი მფრინავების ოჯახებს ბაქომ კომპენსაცია გადასცა.