რა ელის საქართველოს 2025 წელს?! - კრიზისის გაგრძელების ორი სცენარი, ტრამპის ფაქტორი და ახალი არჩევნების ალბათობა - კვირის პალიტრა

რა ელის საქართველოს 2025 წელს?! - კრიზისის გაგრძელების ორი სცენარი, ტრამპის ფაქტორი და ახალი არჩევნების ალბათობა

საქართველოში ორდინალური სიტუაცია რომ იყოს, მარტივი იქნებოდა ზოგადი პროგნოზის გაკეთება - რა გველის 2025 წელს? მაგალითად, ვიტყოდით, რომ 2025 წლის შემოდგომით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და განსაკუთრებით საინტერესო იქნება თბილისური ამბები, რადგან კახა კალაძეს კიდევ ერთხელ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ორიოდ სიტყვას ვიტყოდით ეკონომიკაზე, სპორტზე(2025 წელს გაირკვევა, მოხვდება თუ არა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე) და ა.შ.

თუმცა დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ ყველანაირი პროგნოზი უნდა დაჭმუჭნო და გადააგდო ნაგვის ყუთში. ის, თუ რა ელის ქვეყანას 2025 წელს დამოკიდებულია „თუ“-ზე და თავად ეს „თუ“ სხვა „თუ“ - ებზე.

რა მოხდება თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დიდი ხნით გაგრძელდა?!

აქაც რამდენიმე ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ - რა მოხდება, თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა იმ ფორმით, როგორიც ამ დღეებში გვაქვს ანუ მშვიდობიანი ფორმით. წარმოვიდგინოთ, რომ თვეების განმავლობაში მომიტინგეები 19:00 საათზე იკრიბებიან პარლამენტთან, ხელისუფლება მათ იგნორირებას ახდენს, დასავლეთი კი დროგამოშვებით წერტილოვან სანქციებს აწესებს...

ასეთ შემთხვევაში უბედურება უცბად არ მოვა. ის ნელ-ნელა მოგვეპარება. გაყინული არასტაბილურობის პირობებში ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ლარის სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს - რეზერვები რეზინის არ არის. ერთხელაც გაიქცევა კურსი და სერიოზულად დაარტყამს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება - გაყინულ არასტაბილურობას თავი რომ დავანებოთ, ვინმე მოინდომებს იმ ქვეყანაში ფულის დაბანდებას, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დასანქცირებულია?

გარდა ამისა, არის იმის საფრთხე, რომ გაყინული არასტაბილურობის პირობებში, ბიზნესმა დაიწყოს კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა - მხოლოდ უცხოურს არ ვგულისხმობთ, ქართულსაც.

ანუ გაყინული არასტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი, სავარაუდოდ, გადაიზრდება სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში. ამას თავისთავად მოჰყვება ემიგრაციის ზრდა, რაც საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვებს.

როგორ შეიძლება დასრულდეს გაყინული არასტაბილურობა? რა თქმა უნდა, რუსთაველზე აქციები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჯერ შემცირდება მომიტინგეების რაოდენობა, შემდეგ კი დიდი ალბათობით, შეწყდება აქციები. თუმცა ხელთ შეგვრჩება ეკონომიკური კრიზისი, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის აბსოლუტურად ბუნდოვანი ურთიერთობა და ქვეყნიდან წასული ათასობით ქართველი.

აქციების შეწყვეტა სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია განიმუხტება. შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი ძალით იფეთქოს.

თუმცა არის მეორე ვერსიაც - რა მოხდება, თუ პოლიტიკური კრიზისი ესკალაციაში გადაიზარდა?

ამის საფრთხე ალბათ, უფრო რეალურია, ვიდრე „გაყინული არასტაბილურობის“ ვერსია. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ერთი კი არა, ნახევარი ნაბიჯიც კი არ გვაშორებდა კატასტროფას. მსხვერპლს რამდენჯერმე გადავრჩით. ესკალაციის ნაღმები ჩვენს გარშემო უამრავია.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მხრიდან სიტუაციის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ერთ მხარეს მთლიანად ქართული საზოგადოება დგას და მეორე მხარეს მარტოდ დარჩენილი ხელისუფლება, შეცდომა და გულუბრყვილობაა. არა, რაც არ უნდა მოიტყუონ თავი, ფაქტია - „ოცნების“ პოზიციასაც არც თუ ისე მცირე მომხრე ჰყავს. უბრალოდ, ისინი ქუჩაში არ გამოდიან(ტროლ-ბოტებს, რომელსაც ყველა მხარე აქტიურად იყენებს, არ ვგულისხმობთ). სწორედ ამიტომ არის უფრო სახიფათო ეს პოლარიზაცია.

ადრე როგორ იყო - პარტიები ჩხუბობდნენ და საზოგადოების დიდი ნაწილი მაყურებლის როლში იყო. ასე იყო 2020 წელსაც, როდესაც პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს ამ პოლარიზაციაში საზოგადოებაც არის ჩართული - ძმა ძმას არ ელაპარაკება, მამა-შვილს, მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეს და ა.შ. გეცნობათ 90-იანების დასაწყისის სიტუაცია?

თუ ესკალაცია მოხდა, მაშინ უბედურება კი არ მოგვეპარება, უცბად ჩაგვიკაკუნებს თავში. მხოლოდ ეკონომიკური კრიზისით ვეღარ გამოვძვრებით - იქნებ ეკონომიკური კოლაფსი. გაიღვიძებს ყველა ბნელი ძალა და კრიმინალი ახალი ძალით შეუტევს ჩვენს ქუჩებს, მოიშლება ყველაფერი - საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული და ჯანდაცვის სისტემით დამთავრებული. შეიძლება მთლად 90-იანი წლების მასშტაბები არ მივიღოთ, მაგრამ სულ მცირე 5 წელი დასჭირდება ქვეყანას, რომ განვითარების ადრინდელ ტემპს დაუბრუნდეს.

ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ყველას საერთო ოკუპანტი მტერი. რუსული სპეცსამსახურების პროგრამა მაქსიმუმი სწორედ ის არის, რომ საქართველო ღრმად და დიდი ხნით ჩაძირონ ქაოსში, რათა ავტომატურად მოგვარდეს მათი თავის ტკივილი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში - ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება.

არის თუ არა გამოსავალი?!

ზემოხსენებული კითხვა არსებულ სიტუაციაში უკვე იმას ჰგავს - არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? ზოგს სჯერა, ზოგს არა. საერთაშორისო მედიატორი არ არსებობს. კი ბატონო, ემანუელ მაკრონის ზარმა ბიძინა ივანიშვილთან ოპტიმისტებს იმედი გაუჩინა(მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც იყო), მაგრამ მას შემდეგ ჩამი-ჩუმი არ ისმის. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გასწევდა შუამავლობას, უფრო კეთილ სურვილებს ჰგავდა, ვიდრე სიტუაციის რეალურად შეფასებას. მეორე მხრივ, ტრამპის მხარდამჭერი ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ისე ერჩის საქართველოს მმართველ გუნდს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისს შეშურდება.

პოლიტიკური კრიზისი ისევ ჩვენი განსამუხტია. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ყველანაირ სიტუაციაში არსებობს - მთავარია, იპოვო გასაღები. გასაღები კი ხელისუფლების ხელშია.

ეს უკვე აღარ არის ბრძოლა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქციებზე ბევრი ისეთი ადამიანი მონაწილეობს, რომელთათვისას სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი წითელი ხაზია. მეტიც, ისეთი ხალხიც მონაწილეობს, რომელთაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად არც გვარამია მოსწონთ, არც ხაზარაძე და არც გახარია. ოპოზიციონერები აქციებში მონაწილეობენ დაახლოებით ისე - ახლობლების ჯგუფი კონცერტზე რომ მიდის და შენ რომ აეკიდები, შედარებით უცხო - შენი კამპანია არ სიამოვნებთ, მაგრამ ზრდილობის გამო არც არაფერს გეუბნებიან.

შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ კარგად უნდა გაანალიზონ - რამ გამოიწვია ასეთი პროტესტი. კი ბატონო, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნაა, მაგრამ ყველას შევახსენებთ, რომ ამ მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები უკვე ჩაქრობის პირას იყო. ამის ნათელი მაგალითია 25 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გამართული აქცია. ყველაფერი დაიწყო 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევად აღიქვა.

ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად არის გადასადგმელი ნაბიჯები სიტუაციის განმუხტისთვის. მაგალითად, პირველი ნაბიჯები შეიძლება იყოს ყველა დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლება ყოველგვარი „კუდების“ გარეშე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოთარეშე ნიღბიანების აღკვეთა და დასჯა(მათ შორის მათიც, რომლებიც პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს ისინი), იმ სპეცრაზმელების(თუ მართლა სპეცრაზმელები იყვნენ ისინი) დასჯა, რომლებიც აქციების დაშლისას სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, ასევე თუ მართლა მიმდინარეობს საჯარო უწყებებში ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება (ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ არასამთავრობოები და სამსახურიდან გათავისუფლებულები) ამის აღკვეთა.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს ფორმა, რომ საზოგადოება დარწმუნდეს - 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ნიველირებულია. გასაგებია, რომ „ოცნება“ ამბობს - არ შეუჩერებია ევროინტეგრაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილმა ასე გაიგო, საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

გარდა ამისა, კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვის ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის შეთავაზება და ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.

ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, განმუხტავდა სიტუაცია და ქვეყანაში დუღილის ტემპერატურას დასწევდა. რაც შეეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას - რეალობიდან გამომდინარე, ეს იქნება ხელისუფლების უკიდურესი ნაბიჯი. ამაზე პროგნოზის გაკეთება ძნელიც არის და უმადური საქმეც. თუმცა ისიც ნათელია, რომ თუ ერთი მხრიდან გადაიდგმება იქნება სერიოზული დათმობა, შესაბამისი ნაბიჯები მეორე მხრიდანაც უნდა გადაიდგას. ესკალაციისკენ კი ყველამ უნდა შეიკავოს თავი, თორემ შემდეგ აღარაფერს აზრი არ ექნება.

რეალურად კი, ახალი არჩევნები არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა.

რა არის საჭირო, რომ საქართველოში მსგავსი კრიზისი აღარ განმეორდეს?!

იმედია, ბოლოს და ბოლოს დალაგდება ყველაფერი და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას გააგრძელებს. თუმცა როგორც არ უნდა ცვალო საარჩევნო კანონმდებლობა, ცესკოს დაკომპლექტების რა წესებიც არ უნდა მოიფიქრო, იგივე კრიზისი ან უარესი შეიძლება განმეორდეს სულ რამდენიმე წლის შემდეგ.

არის ერთადერთი გამოსავალი - სასამართლოს სრული, ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი რეფორმა. ახალი მოსამართლეების დანიშვნა-არჩევა, მათთვის სრული დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიის შექმნა. სასამართლოს სისტემიდან მიბრძანება ისეთი ხალხის, რომელთაც წარსული ცოდვები უმძიმებს ზურგს.

საბოლოო ჯამში, ისეთი სასამართლოს სისტემის შექმნა, რომელიც მაღალი ნდობით ისარგებლებს, მოსამართლეებს კი ავტორიტეტი ექნებათ. შესაბამისად, ყველა საარჩევნო-პოლიტიკური დავა გადაწყდება სასამართლოებში ობიექტური მოსამართლეების მიერ. და როდესაც ინსტიტუციას მაღალი ავტორიტეტი ექნება გაყალბდა-არგაყალბდას იწილო-ბიწილო აღარ დაიწყება.

ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი სიმშვიდის ფორმულა. ქვეყნისთვის ამის გაკეთება დაახლოებით იგივე იქნება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.