"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია. ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს "მე" და "ისინი", "ჩემი მხარდამჭერები" და "მოწინააღმდეგეები", უნ - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია. ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს "მე" და "ისინი", "ჩემი მხარდამჭერები" და "მოწინააღმდეგეები", უნდა არსებობდეს "ჩვენ"

"ყველა მხარესთან დიალოგია საჭირო. ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს "მე" და "ისინი",

"ჩემი მხარდამჭერები" და "მოწინააღმდეგეები", უნდა არსებობდეს "ჩვენ", - ამბობს ჟურნალისტი ნელი აგირბა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

- ეს დღეები ჩვენს განცდებს ვაკვირდები და რასაც ვხედავ, ერთობის აუცილებლობაა. გააჩნია, რა შრიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, რაც ხდება. თუ ჩვენ ამ ამბავს შევხედავთ, როგორც გამოღვიძებას, ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც უნდა მძიმე განსაცდელები და მოვლენები ახლდეს. გამოიხატება ბრაზი, გაღიზიანება, აგრესია. ტკივილები ბევრია, მაგრამ ტკივილები ხომ მშობიარობის თანმხლები პროცესია. ნელ-ნელა ვიწმინდებით იმ დაგროვილისგან, რაც ათწლეულების განმავლობაში (პერიოდული აფეთქებებით), დიდი ხნის უსუსურობის განცდამ მოიტანა. ახლა იმდენად მდგრადი პროცესია, რომ დამაიმედებელი შეიძლება ეწოდოს. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ შეიძლება დაიბრუნოს ღირსება და ღირსებიდან თავისუფლება. ოღონდ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ. როდესაც გათავისუფლება ხდება რეპრესირებული მდგომარეობებიდან, ყოველი შემდგომი აპათიიდან თუ გადადიხარ აგრესიაში ან აგრესიიდან გამბედაობაში, სიამაყეში, ეს იმდენად დიდი შვებაა, რომ შეიძლება ამაში ჩარჩე, დაიჯერო და აღარ გააგრძელო სვლა თავისუფლებისკენ, ერთობისკენ, სიხარულისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი მდგრადად მიდის, მჯერა და ვხედავ, ერთობის პოტენციალი არის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გონება მორიგეობით ყველას გვებინდება, ვიღაც ფხიზლად რჩება და დანარჩენებს ის ეხმარება აზრზე მოსვლაში. ჯერჯერობით ასეა და იმედი მაქვს, ფხიზლად მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. არ მინდა ვთქვა სიტყვები: "ორი პოლუსი", მაგრამ არის ღირებულებითი დაპირისპირებები, არა მხოლოდ ორ პოლუსზე, შიგნით პერსონალურ დონეზეც. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიწმინდება. კეთილდღეობა ხომ ყველას უნდა.

- ყველას გვინდა კეთილდღეობა, აქციის მონაწილეებს უნდათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია, რომ ეს ჩაწერეს კონსტიტუციაში და ამით გაამყარეს პოლიტიკური ვექტორი. ამ ქვეყანაში თითქოს ყველას ერთი მიზანი აქვს, რეალურად კი რა გვჭირს, ეს დაპირისპირება რის გამოა?

- პირველ რიგში, უნდობლობის გამო. ჩემი ხედვით არის რაღაცები, რაც ფარულად მიდის ან არც მიდის, მაგრამ როცა რაღაც გაუმჭვირვალედ ხდება, მერე ეჭვი ჩნდება, რომ ბევრი სხვა ამბავიც გაუმჭვირვალედ ხდება. მსოფლმხედველობებს შორის განსხვავებები ახლა უნდა დაახლოვდეს, მაგრამ ჩვენ ის სხვა მტერი გვგონია.

- სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს?

- გამოსავალი ერთობისკენ სვლაა, ამ ნარატივით სიარული ყველა მხრიდან. პირველ რიგში, ეს საზოგადოებაში უნდა მოხდეს. ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთის შემსრულებელი უნდა იყოს. მისი ძალაუფლების წყარო ხალხია. თუ ხალხი ერთობაში შეთანხმდება, განსხვავებულობების მიუხედავად, ერთი მიზანი რომ გვაქვს და ამ მიზნამდე ერთად უნდა მივიდეთ, მაშინ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, სხვა შანსი არ დარჩება, მოუწევს მოუსმინოს ადამიანებს, თუ საჭირო გახდება ძალაუფლების დათმობა, დათმოს. ვიდრე გახლეჩილია საზოგადოება, მანამდე გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია.

- მიგაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლება ევროპული კურსიდან გადახვევას ცდილობს?

- მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უღალატა საკუთარ საზოგადოებასთან გულწრფელი და ღია ურთიერთობის პრინციპს, ამას ნამდვილად ვგრძნობ. დანარჩენი უკვე ამ გულწრფელ ურთიერთობაში უნდა გაიხსნას. მე არ ვარ პოლიტოლოგი, პრემიერის განცხადებაზე რომ ვიმსჯელო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცნობილი განცხადება მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ცალსახად პროვოკაციულია. არ ვიცი, რა პროცედურებს გულისხმობდა ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო და პროცედურულად რა შეიცვალა ამ განცხადებით, მაგრამ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, მაინც პროვოკაციულია.

საკითხს ძალიან მარტივად, ადამიანური ურთიერთობის პრიზმიდან შევხედოთ. ჩვენ გვინდა რაღაც ურთიერთობაში ვიყოთ ერთმანეთთან, მეორე მხარემ თქვა, ჯერ შესაბამისობაში ხარ მოსასვლელი ამ ურთიერთობაში ყოფნისთვისო. თუკი მე ვხურავ ამ მოლაპარაკებებს და ვამბობ, ჩემთვის ვიმუშავებ და მერე ვილაპარაკოთ, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთიერთობაში ყოფნა დიდად არ მინდა, ეს მოლაპარაკებები დისკომფორტს მიქმნის. მე ვრისკავ და ხელიდან ვუშვებ შესაძლებლობას, დახმარება მივიღო ამ პროცესში. თუ მეორე მხარეს აქვს გამოცდილება, უკვე მისულია იმ წერტილამდე, სადაც მე უნდა მივიდე და მე ამ თემაზე მასთან ლაპარაკის შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებ, ეს მინიმუმ ირაციონალურია. დაახლოება მხოლოდ კომუნიკაციის საფუძველზე ხდება.

- რადიკალიზმი ჩვენს საზოგადოებაში ძალზე მტკივნეულ ფორმებს იღებს. რის გამოა პრობლემა ასეთი გამწვავებული?

- გავლენის წყაროები რა არის? მედიის საშუალებები და სხვა ინსტიტუციებიც, რომლებიც ადამიანებს ინფორმაციას აწვდიან, ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობენ. არ არის იმდენი რესურსი, რომ ყოველ ჯერზე ვამოწმოთ საინფორმაციო წყაროს სანდოობა. ერთხელ რომ აირჩევ ერთ არხს, იმ არხიდან წამოსულ ინფორმაციას ადამიანების უმრავლესობა უკრიტიკოდ იღებს. ასე ფორმულირდება ჩვენი ხედვა. სხვა ინფორმაციის წყაროდან ნაკვები გონება სხვა ხედვას აფორმირებს და ეს ორი სხვადასხვა სამყაროა. ყოველი მათგანისთვის არსებობის საკითხია, მისთვის ობიექტური რეალობაა ის, რასაც სუბიექტურად აღიქვამს, ანუ სუბიექტურს და ობიექტურს ვერ ასხვავებს. როდესაც ერთ ასეთ ადამიანს მეორე შავზე თეთრს უმტკიცებს, მისთვის მტერია, რომელსაც მინიმუმ არ ესმის, მაქსიმუმ - მისთვის ბოროტება უნდა, რადგან უნგრევს სამყაროს. რადგან ვერ ვხედავთ მთლიან სურათს, ფანატიკური თავდაცვა იწყება. დანახვისთვის კი იმდენი შრომაა საჭირო, რეალობაში, სადაც ინფორმაციის წყაროები პოლარიზებულია, ადამიანს ამდენი დროც აღარ რჩება.

- გამოდის, რომ კრიტიკული აზროვნება გვაკლია.

- ფაქტია, ამის გამო ვერავის გაკიცხავ, ვერც იტყვი, რომ ვინმეს ბრალია, ცხოვრებამ ასე მოიტანა, ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყავით ტოტალიტარულ მმართველობაში, კრიტიკული აზრისთვის ხალხი კვდებოდა. დღესაც კი კრიტიკული აზროვნება არ ზის ჩვენს ჩვევაში. 90-იანების შუა წლებიდან, ისევ და ისევ დასავლეთის დახმარებით, ჩვენში კრიტიკული აზროვნება შემოვიდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით და ამ ადამიანების დიდი ნაწილია ახლა აქციებზე, ვინც დაიწყო კითხვების დასმა, თუმცა აქაც ბევრია სამუშაო. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ყველანი ერთ რეალობაში ვართ, უბრალოდ სხვადასხვა წერტილიდან ვიყურებით. მე ახლა ციფრს 6 აქედან რომ ვუყურებ, ნამდვილად 6-იანია, მაგრამ შენგან 9-იანი ჩანს, რანაირად? სუბიექტური შეხედულებებით კომუნიკაცია ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. ღია დიალოგი აუცილებელია. მედიაპლატფორმები თუ შეძლებენ, უზრუნველყონ ორივე მხარის წარმომადგენლების მშვიდად საუბარი, კულტურის ან საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მიწვევა, ძალიან კარგი იქნება. დღეს რაც ხდება, აღარ არის მხოლოდ იმ ადამიანების საქმე, ვინც პოლიტიკაშია, ეს სპექტრი გაცილებით ფართოა. შეიძლება ამ პროცესში ახალი პოლიტიკური ძალებიც ჩამოყალიბდნენ.

- ჩემი, თქვენი პასუხისმგებლობა დღეს რა არის საკუთარი სამშობლოს წინაშე? თქვენი ხედვით, რამდენად აქვთ გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში ადამიანებს?

- ახლა ჩვენ თუ მართლა მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა გვინდა, უფრო მეტიც - თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და აყვავებული იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ სიყვარულზე. კი არ ველოდოთ, როდის გაიღვიძებს ჩვენში ეს გრძნობა, არამედ ამაზე ვიმუშაოთ, ვიშრომოთ. შფოთვები, ბრაზები, გაღიზიანებები, შიშები უნდა მოვიხსნათ. ვეცადოთ, შევხედოთ იმ ადამიანს, რომელსაც ვერ ვიღებთ, ვიგრძნოთ მისდამი სიყვარული, ვუთხრათ რომ გვიყვარს, კეთილგანწყობა გამოვხატოთ. შეიძლება თავიდან ეს ძალიან ხელოვნურად ჩანდეს, მაგრამ ნელ-ნელა ეს სიყვარული გაღვივდება. ჩვენ შევძლებთ გავიგონოთ ერთმანეთის ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, გადავლახოთ დემონიზაცია, ბანაკებად დაყოფის შინაგანი მუხტი, რომელიც ბევრ ჩვენგანში არის. ერთმანეთს აუცილებლად უნდა დავუახლოვდეთ!

- ჩვენი წილი პასუხისმგებლობის პარალელურად, რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის წინაშე?

- იდეალურ შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნებოდა დიალოგის ხელშეწყობა. დიალოგია საჭირო ყველა მხარესთან. ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს "მე" და "ისინი", "ჩემი მხარდამჭერები" და "მოწინააღმდეგეები", უნდა არსებობდეს "ჩვენ". ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკვე რა ეტაპზეც ვართ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში დიდი ალბათობით, ბევრი თანამდებობის პირი გადადგებოდა, იმის გამო, რომ საზოგადოება ამ მომენტამდე მივიდა.

- არაერთხელ ახსენეთ დიალოგი. თქვენ რომ ახლა პრემიერ-მინისტრის პირისპირ იყოთ, რას ეტყოდით?

- ახლა ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია და არა ვინმე სხვა.

- რას ეტყოდით მას?

- მე არ შევხვდებოდი, ამ შეხვედრისთვის ის ადამიანები უნდა შეირჩნენ, რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენენ. თუმცა დღეს მოთხოვნებზე ყველა შეჯერებულია, ესაა თავისუფალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ამის შემდეგ ექნებოდა ლაპარაკს აზრი, ოღონდ ლაპარაკს ბიძინა ივანიშვილთან!

- ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რჩეულია, 1 120 000 ხმით გაიმარჯვეს.

- სხვა თემაა არჩევნების სანდოობის საკითხი. ბიძინა ივანიშვილთან საუბარს იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ის მართლა ფიქრობს ამ ქვეყანაზე, მართლა ადარდებს ქართველი ხალხი და ზრუნავს სამშობლოზე, იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან, ძალიან საინტერესო ხედვები აქვთ, ეს არის საქართველოს სინათლის დიდი ნაწილი. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. ამ ახალგაზრდებს ამდენი დღეა მუხტი არ დაუგდიათ. ყველა ხელისუფალს სიფრთხილე მართებს, არ აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელმაც შეიძლება დაძაბულობა და პოლარიზაცია გაამწვავოს. უმრავლესობა თუ გაძლევს ხმას, უნდა იცოდე, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყო უმცირესობა. დემოკრატიის არსი ეგ არის: ყველა მნიშვნელოვანია. თუ უგულებელყოფ ნაწილს, გამოდის, რომ შენ ხარ შენი ამომრჩევლის და არა შენი ქვეყნის ხელისუფალი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"