"მე ვიყავი სალოცავში, სადაც ასობით დაღუპული ესვენა - ბავშვები, ქალები, მოხუცები... ისეთი აუტანელი სუნი იდგა, ერთი წელი ხორცს ვერ ვჭამდი" - რას ჰყვება - კვირის პალიტრა

"მე ვიყავი სალოცავში, სადაც ასობით დაღუპული ესვენა - ბავშვები, ქალები, მოხუცები... ისეთი აუტანელი სუნი იდგა, ერთი წელი ხორცს ვერ ვჭამდი" - რას ჰყვება გერმანელი ჟურნალისტი?

"ენისმოჩლექის გარეშე - საქართველო არის ევროპა, იმაზე მეტად, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა"

გერმანელი ჟურნალისტი, პიტერ ჰილი წლებია სხვადასხვა ქვეყნის ცხელ წერტილებში მუშაობს.

მისი თქმით, დაახლოებით 15-მდე მასშტაბური თუ სამოქალაქო ომის გაშუქებამ მოუწია, მათ შორის არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, შემდეგ სირია, ბოლოს რუსეთ-უკრაინა, თუმცა, უფრო ადრე, 1994 წელს რუანდაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივთა გენოციდის მომსწრე გახდა, რამაც მისი ცხოვრება დიდი ხნით შეცვალა.

- პიტერ, რადგან ისევ საქართველოში ხართ, იმ თემებით დავიწყოთ, რაც საკუთარი თვალით ნახეთ და რისი გაშუქებაც ბოლო დღეებში მოგიხდათ. როგორია თქვენი შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე?

- ყველანაირი გაზვიადებისა და ენისმოჩლექის გარეშე, ეს არის ევროპა, იმაზე მეტად, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა, შუაგულ, ცენტრალურ ევროპაში. საქართველოში, თბილისში ჩამოსვლისთანავე გავედი აქციაზე და ახალგაზრდებს გავესაუბრე. არ მახსოვს, ბოლოს როდის ვისიამოვნე ასეთი დალაგებული, ნათელი აზრების მოსმენით. ახალგაზრდებთან კომუნიკაციამ რამდენიმე წუთში ქვეყანა სულ სხვა კუთხით დამანახვა. ჩვენ, იქ ევროპაში, ჩვენს ამბებში "ვიხარშებით". საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, წამყვანი მედიების ყურადღების ცენტრში ვერ ექცევა. ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ აქ მიმდინარე პროცესებს მუდმივად თვალს ვადევნებდი, თან ჟურნალისტებს ხომ იცით, როგორი ცხოვრების გრაფიკი გვაქვს, შეიძლება ლას-ვეგასიდან პირდაპირ სირიაში, პალესტინაში ან სულაც, ლიბიაში ამოვყოთ თავი. ამიტომ, ხშირად ზოგჯერ იმ თემით შემოვიფარგლებით, რაზეც გვიწევს მუშაობა. რადგან საქართველოში ნამყოფი ვიყავი 2008 წლის ომის გასაშუქებლად, აქ ჩამოსვლაზე უარი არ მითქვამს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყნის შიგნიდან გასაცნობად არსებობს ერთადერთი საშუალება - ეწვიო მას და ესაუბრო ახალგაზრდებს.

საქართველო ახლა ძალიან რთულ, მაგრამ საინტერესო ეტაპს გადის და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავა ფონს, რადგან თქვენს ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ძალა, ახალი თაობა, რომელსაც რამდენიც უნდა ექაჩონ უკან, რუსეთისკენ თუ იზოლაციისკენ, ვერაფერს გახდებიან, რადგან არ არსებობს ძალა, ხელისუფლება, პირი ან პირები, ვისაც ახალგაზრდებთან ბრძოლაში გაუმარჯვია.

- ბოლო დროს ხშირად ავლებენ პარალელს ბელარუსთან ან სულაც, რუსეთთან. ორივე ქვეყანა ასობით ათასმა ახალგაზრდამ დატოვა. მათაც სცადეს პროტესტი, მაგრამ "სიტუაციის გადატეხა" ვერ შეძლეს. ალბათ შენიშნავდით მათ სიმრავლეს თბილისში.

- მე ნათელი, განათლებული და მამაცი თაობა ვახსენე, რაც რუსეთს არ ჰყავს, ბელარუსის ვითარება კი სრულიად განსხვავებულია... არც მათ ჰყავთ საკმარისი ძალა რეჟიმთან დასაპირისპირებლად. ბელარუს ახალგაზრდებთან საუბრის შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია არ არის საიმისოდ მომწიფებული, რომ დიქტატორი ლუკაშენკოს ან სულაც, პუტინის რეჟიმებს ღიად დაუპირისპირდნენ, რომ ხალხი სიცივეში ქუჩაში, დარბევების, დაკავებების, ცემის მიუხედავად, მაინც გამოვიდეს და ხმა აღიმაღლოს. ის სხვა საზოგადოებებია, უფრო შემგუებელი, უფრო მორჩილი და მართვადი, ქართველი ხალხი კი მათ არ ჰგავს. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს რომელიმე კოლეგას რომ ეთქვა, ალბათ ყურსაც არ ვათხოვებდი ან არც დავუჯერებდი და ვიტყოდი, როგორ, ერთი პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, შეუძლებელია, ევროპისკენ სწრაფვის ასეთი მუხტი არსებობდეს-მეთქი, მაგრამ თავად ვნახე ეს ანთებული, საოცრად განათლებული, უაქცენტო ინგლისურით და შემდგარი პოლიტიკოსებივით მოსაუბრე გოგო-ბიჭები სწორი აქცენტებით, ანთებული თვალებითა და გულებით. კოლეგას ვუთხარი, რა კარგი იქნებოდა, ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობაც ასე მსჯელობდეს, ასეთი დიდებული გეგმები და იდეები ჰქონდეთ და ასე სურდეთ ცვლილებები-მეთქი. ახალგაზრდები ხომ მომავლის გზაა; ის მდინარეა, რომელსაც ყველა დანარჩენი უნდა შეუერთდეს და რომელ ძალას შეუძლია ბუნების კანონს წინ აღუდგეს, ეს მდინარე სადმე გამოამწყვდიოს ისე, რომ მან დინება შეწყვიტოს. ეს ხომ შეუძლებელია, ის ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს და ამოხეთქა კიდეც. მართლაც საკმაო გამოცდილება მაქვს, არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, მათ გვერდით ომსა და მშვიდობაში მიცხოვრია, მომისმენია მათი ტკივილი და მისწრაფებები გამიზიარებია. 60 წელზე მეტის ვარ, შიშველი ემოცია არ მალაპარაკებს. ვხედავ, რაც აქ ხდება და რაღაც უნიკალური, საინტერესო, ძლიერი ძალა იგრძნობა თქვენს ხალხში - ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ ვერ მოატყუებ, მხოლოდ განათლებული თაობა არ ტყუვდება, რადგან მას შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. მათ უკვე გააზრებული აქვთ დემოკრატიული ღირებულებები. მე ვესაუბრე ნაცემ, თვალებდალურჯებულ, მინუს გრადუსებში გაწუწულ, მაგრამ საქართველოსა და ევროპის დროშაშემოხვეულ და წყლის ჭავლზე მოცეკვავე, ღიმილიან ახალგაზრდებს, "ჯენზი" თაობას, რომლებიც ძალიან მტკიცე ხმით, თავდაჯერებულები მეუბნებოდნენ, რომ გაუძლებენ. აგრესია არ ჰქონიათ, ვითარების სიმძიმე სრულიად გააზრებული ჰქონდათ, - არაპროპორციულ ძალას გავუძლებთ, მთავარია, მუხტი არ ჩაქრეს, ჩვენ რუსეთში არასდროს დავბრუნდებითო... სრულიად გააზრებული აქვთ, რა იქნება ხვალ, ახლა თუ გაჩერდებიან. ძალიან მინდა ეს გოგო-ბიჭები ჩემი ქვეყნის ახალგაზრდებს ახლოდან ვანახვო, გავაცნო, მოუსმინონ და გაიგონ, როგორ სტკივათ ქვეყანა.

jurn-1735468306.jpg

მათთან საუბრის ფონზე, არც ერთ პოლიტიკოსთან საუბრის სურვილი არ გამჩენია. საქართველოს, ქართველი საზოგადოების არჩევანი ევროპაა და ვფიქრობ, ევროპისგან კიდევ მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ, არ ვიცი, რა ფორმით, რა გზით, მაგრამ უფრო მკაფიო პოზიციები უნდა ჰქონდეთ. საქართველოს მოქალაქეების არ იყოს, მეც, ერთი რიგითი ადამიანი ვოცნებობ, ზოგიერთ საკითხში ევროპა უფრო ერთსულოვანი იყოს, ასე უამრავ საზოგადოებას, ქვეყანას გადაარჩენს.

- გჯერათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება?

- მთავარია, საზოგადოებამ გაუძლოს და პროტესტის ტალღა კი არ შემცირდეს, ზვავის პრინციპით, გაძლიერდეს. ამ მუხტის ლოგიკური გაგრძელება ასეთი უნდა იყოს. საქართველო ნამდვილად ევროპული ოჯახის წევრია და სადაც ხმა და ხელი მიმიწვდება, აუცილებლად ვიტყვი, რომ ამ ხალხის ადგილი არის ევროპაში. ამით ევროპული სამყარო უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება... სამწუხაროდ, რუსეთსა და რუსებს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე საქართველოს, ქართველ ხალხს. იქ პროპაგანდამ თავისი გაიტანა. დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას უმრავლესობა, უძლეველი რუსეთისა და პუტინის მომხრეა. პროგრესული თაობა მათაც ჰყავთ, მაგრამ ისინი საერთო სურათს ვერ ცვლიან. პუტინის რუსეთი ახლა ბევრად საბჭოურია, ვიდრე წლების წინ იყო.

- ვიცი, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში იყავით და ომს აშუქებდით, გორში ყოფნისას კი თავად ნახეთ, როგორ გამოიყენა რუსეთმა ჟენევის ფორმატით აკრძალული ე.წ. კასეტური ბომბები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც მარტივად ჩაიფარცხა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ "პატარა საქართველოს გამო დიდ რუსეთს" არავინ დაუპირისპირდა. მაშინ დასავლეთი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, რამდენიმე წლის შემდეგ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, მახსოვს ის დღეები, მხტუნავი ბომბების გამოყენებას რუსეთის მხრიდან ფსიქოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა, - ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ, ასეთი იყო მაშინდელი რუსეთის პოზიცია, რაც იმით "გაამართლა", რომ ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმაც გამოიყენეს კასეტური ბომბები ერაყის ომის დროს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 2008 წელს გააკეთა განცხადება, რომ კასეტური ბომბები სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, შეიძლება მათი ისე წარმოება, რომ ისინი სამოქალაქო პირებისთვის ნაკლებად საზიანო იყოს... რუსეთს, როგორც სჩვევია, სათავისო ინტერპრეტაციები არ გასჭირვებია, თან, როგორც აღნიშნეთ, მაშინ დასავლეთი თვალსაჩინოდ ვერ ხედავდა პუტინისგან მომდინარე საფრთხეებს. საქართველოზე თავდასხმაზე მსოფლიოს პოზიცია უდავოდ, ძალიან სუსტი იყო.

როგორც გერმანიის მოქალაქე, ჩემი ქვეყნის კანცლერის პოზიციას ასე შევაფასებდი: ანგელა მერკელი არ არის მიამიტი და სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ მან ნამდვილად, პუტინი და მისგან მომავალი "ეკონომიკური სიკეთეები" ბევრად წინ დააყენა, ვიდრე ქვეყნის და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოება. მერკელი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც მაშინ პუტინს ესაუბრებოდა და მეტიც, მასთან მეგობრობდა, რაც მისი აღმოსავლური წარმოშობით აიხსნება.

ალბათ გახსოვთ 2008 წლის მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი კანცლერი მერკელი სწორედ იმით იწონებდა თავს, რომ მან შეძლო და ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა. სინამდვილეში, მერკელმა ამგვარი, მე ვიტყოდი, კატასტროფული გამოსავალი იპოვა - გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ, ის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა პუტინთან, რაც თავის მხრივ, რუსეთის ლიდერის მხრიდან ჩადენილ სხვადასხვა სახის დანაშაულზე თვალის დახუჭვას, წაყრუებას, გულუბრყვილო პოზიციის დაკავებას ნიშნავდა. ამგვარი ურთიერთობებით სარგებლობდა პუტინი და მან არაერთი ეკონომიკური დოკუმენტი გააფორმა გერმანიასთან, რომელიც ითვლება, რომ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში საკმაოდ სანდოა. საბოლოოდ, წლების განმავლობაში, მერკელი პუტინთან არაერთ ისეთ დათმობაზე წავიდა, რომელიც შემდეგ, საბოლოოდ ყველას ძვირად დაგვიჯდა, არა მხოლოდ გერმანიას და მის მოქალაქეებს, არამედ ევროპას... სწორედ მერკელმა აუნთო მწვანე შუქი "ნორდ სტრიმ 2"-ს საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის წინააღმდეგობაზე, 2008 წლის ომის დროს, მსოფლიოს ლიდერების მხრიდან პუტინთან ენამოჩლექით საუბარს... ამას უკვე მისი ყოფილი გუნდელებიც ამბობენ. მათ ახლა "გაიღვიძეს" და გაიაზრეს, რომ სწორედ მერკელის გადაწყვეტილებებმა ამ კატასტროფამდე მიგვიყვანა. მან რუსული გაზისა და ნავთობის "დამსახურებით", ვითომ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის მოტივით, მთლიანად მიაბა გერმანია რუსეთს, რითაც ხელ-ფეხი გაუხსნა ბოროტმოქმედ პუტინს. მისგან მომავალი საფრთხე ბევრად გლობალური და მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

ამის გამოძახილია უკრაინის ომი და ის ლოიალური, შემწყნარებლური პოლიტიკა, რომელიც დღემდე თვალში საცემია პუტინისა და მისი მომხრეების მიმართ. გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, უკანდასახევს იტოვებენ, რადგან იციან, როგორ აქვს რუსეთის ლიდერს და მის პროპაგანდას ფესვები გადგმული.

თქვენ საქართველოში გაღიზიანებთ კრემლის მომხრეები, მაგრამ ისინი არიან გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, აშშ-შიც და მათი განეიტრალება ასე მარტივი არ არის. მათი პროპაგანდა საკმაოდ ძლიერია.

- სხვა თემაზეც მინდა გკითხოთ: ვიცი, რომ სირიაში იყავით, სადაც ტყვედ ჩავარდით.

- დიახ, ეს იყო 2015 წელს და ბევრ რამეზე ვერ ვისაუბრებ. მაშინ "შპიგელში" ვმუშაობდი. ისე მოხდა, რომ ISIS-მა აგვიყვანა. რამდენიმე დღე ვყავდით ტყვედ. პირველ დღეს, კინაღამ დაგვხოცეს. გადავრჩით იმიტომ, რომ ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ - ზოგს ჩვენი დახოცვა უნდოდა, სხვებს ჩვენით ვაჭრობა, თანხის მოთხოვნა. მეორე დღეს შედარებით ნორმალურ ჯგუფს გადაგვაბარეს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირზე იყვნენ და სწორედ მათი დახმარებით დაგვიხსნეს გარკვეული პირობების სანაცვლოდ... "მეშინია" - ალბათ ვერ გამოხატავს იმ ემოციას, რაც იმ დღეებში გამოვიარეთ.

- ყველაზე მძიმე რა იყო?

- 15-მდე ომსა და სამხედრო კონფლიქტზე მიმუშავია, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც ვერ ვივიწყებ. ეს იყო 1994 წელს, რუანდაში ყოფნისას იმ ცნობილი 100-დღიანი მასობრივი მკვლელობების დროს. გენოციდისას 800 000 ტუტსისა და ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დახოცეს. კადრების ასაღებად ქუჩაში დავდიოდით, დახოცილ ბავშვებსა და ქალებს შორის გავლა მიწევდა. ყველაფერი 1994 წლის 6 აპრილს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ, კიგალის აეროპორტში დაშვებისას მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ჰუტუ ექსტრემისტებმა ტერაქტში რუანდის პატრიოტული ფრონტი დაადანაშაულეს და მყისვე დაიწყეს ორგანიზებული გენოციდი, რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეიწირა. სამხედროები მაჩეტეების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით კლავდნენ ტუტსებს. სამხედროების გარდა, სისხლის ღვრაში დანარჩენი საზოგადოებაც ჩაერთო: ქმრები კლავდნენ ცოლებს, რომლებიც ტუტსები იყვნენ, მღვდლები და მონაზვნები კი ხშირად კლავდნენ მათ, ვინც სამხედროებისგან თავშესაფარს ეძებდა. დღემდე ვფიქრობ, როგორ შეძლეს ამის გაკეთება, თუნდაც ეს იდეა სულაც, ჭეშმარიტი ყოფილიყო...

მე ვიყავი სალოცავში, სადაც ასობით ცხედარი ესვენა, ბავშვების, ქალების, მოხუცების... გვამებისგან ისეთი აუტანელი სუნი იდგა, ერთი წელი ხორცს ვერ ვჭამდი. მაშინ, გენოციდის შედეგად, ტუტსის მოსახლეობის 70 პროცენტი განადგურდა, რაც რუანდის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო. ეს არის თემა, რომელზეც საუბარს დღემდე ბევრი ერიდება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"