ილია II: "რა გადაარჩენს საქართველოს?" - კვირის პალიტრა

ილია II: "რა გადაარჩენს საქართველოს?"

25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47 წელი შესრულდა, 4 იანვარს კი პატრიარქი 92 წლის ხდება. ვულოცავთ მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღებს და ვუსურვებთ მხნეობას, დღეგრძელობას, მრევლის ერთსულოვნებას, საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას, გაბრწყინებას.

გთავაზობთ ამონარიდებს პატრიარქის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული ქადაგებებიდან, რომლებიც დღესაც აქტუალურია.

*

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე. ვინ ვიქნებოდით ჩვენ და, საერთოდ, ვიქნებოდით თუ არა, კვართი უფლისა რომ არ ჩამოებრძანებინათ საქართველოში?! ჩვენს ქვეყანაში გაბრწყინდა ჭეშმარიტი სარწმუნოება და გამოჩნდა, რომ საქართველო ღვთისაგან განსაკუთრებული მადლითაა დაჯილდოებული. საკვირველ არიან საქმენი უფლისანი. ჩვენ ვხედავთ დიდ წყალობას, დიდ მფარველობას ღვთისას ქართველსა ერსა ზედა. როგორია ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი? ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით? რა ძალამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე, რა გადაარჩენს საქართველოს?

ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომელსაც გლობალიზაციის პერიოდი ეწოდება. ჩვენში შემოდის უცხო წესები, უცხო რწმენა, უცხო კულტურა, ამასთან, ფსევდოკულტურაც. ქართველმა ხალხმა უნდა გაარჩიოს კულტურა და ფსევდოკულტურა, ის, რაც უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ, და რაც ავნებს საქართველოს და არ არის მისაღები. ამისათვის საჭიროა გვქონდეს სულიერი ხედვა, უპირველეს ყოვლისა კი რწმენა. ჩვენი შვილები რწმენით, სიყვარულით უნდა გავზარდოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ გზის გასაგრძელებლად, რომლითაც დღემდე მოგვიყვანა უფალმა...

***

ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც. გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.

ადამიანი ურთულესი ქმნილებაა უფლისა და, რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი, ან რა სულიერ მწვერვალამდე ამაღლდება. ყველას თავისი გზა და ბედი აქვს.

კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიიდრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა! დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ პერიოდში, როცა კაცობრიობამ მეცნიერებაში, ტექნიკაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანმა ზნეობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა უკან...

***

მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში­ რომელიმე ავადმყოფობისა გამო, მოდიან მოძღვრებთან, მღვდელმთავრებთან, ჩემთან და ხშირი შემთხვევაა, როცა მძიმე­ სენის მქონე ადამიანი იკურნება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მოძღვარი კი არ კურნავს და პატრიარქი კი არ კურნავს, ან მღვდელმთავარი კი არ კურნავს - უფალი კურნავს, უფალი სწყალობს, მოიღებს მოწყალებას ამა თუ იმ ადამიანზე, მაგრამ საჭიროა მტკიცე სარწმუნოება. სარწმუნოება თუ მტკიცეა და თუ ადამიანს სწამს, რომ ის ნამდვილად განიკურნება, ღმერთი აძლევს წყალობას, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამა თუ იმ ავადმყოფობისა. თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურნავს იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა განიკურნოს.

***

მე კარგად ვიცნობ აფხაზებს, იმიტომ, რომ 11 წელი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი აფხაზი ნათლული მყავს.

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა, არ არის არც ქართველების, არც აფხაზების და ოსების ბრალი - ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი. მაგრამ იმედი მაქვს, ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები, აფხაზებთან ერთად, ერთ ძეგლს ააგებენ ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

როცა აფხაზეთში ვიყავი, იქ, ახალ ათონში, ცხოვრობდა ერთი ბერი. მისმა მორჩილმა მიამბო, რომ ერთხელ ბერს განუზრახავს საქართველოდან რუსეთში წასვლა და სწორედ ამ დროს უნახავს სიზმარი - ახალ ათონზე ე.წ. ივერიის მთა კანდელებით გაბრწყინებული და თურმე მოესმა ხმა: მთელი საქართველო ასეა გაბრწყინებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს მას და შენ სად უნდა წახვიდეო? მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ მართლა გაბრწყინდეს საქართველო და, უპირველეს ყოვლისა, გაბრწყინდეს ჩვენი ცოდვით დამძიმებული გულები.

***

ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა... ისევე, როგორც უფალი, დედა ღვთისმშობელიც ჩვენთანაა და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას და ვმადლობთ! ყველას არ ესმის ის ძალა და ის მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის მისი წილხვე­დრი. მადლის კეთებაც ვიცით, ცოდვაშიც ვვარდებით, მაგრამ მერე ისევ ვდგებით, კვლავ გზას განვაგრძობთ და ისევ სიკეთეს ვაკეთებთ. ამიტომ გამოითქვა მოწოდება ერისადმი: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!" მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა ისე არ სცემს თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, როცა მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, ორ სავარძელს თავისუფალს ტოვებდნენ - ერთს მაცხოვრისთვის და მეორეს - ღვთისმშობლისთვის. მოციქულებს სწამდათ, რომ მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი უხილავად მათთან იყვნენ. არც ერთ ერში არ არის დამკვიდრებული­ წესი, რომელიც ახასიათებს ქართულ სუფრას. ქართველები ბოლო სადღეგრძელოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად შესვამენ ხოლმე, პირველი სადღეგრძელო კი არის სადიდებელი ღვთისა­ - მამისა და ძისა და წმინდისა სულისა! ეს ტრადიცია მტკიცედ უნდა გვახსოვდეს. აი, ამ საოცარ ზღუდეში, ამ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ ნუ შეგეშინდებათ! იქონიეთ იმედი!

არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: "მე ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად თქვენდა". ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა თუ პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენს ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას! ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.

„ჩემო პატრიარქო...“

ილია II-ის მოგონებებიდან: "ჩემი ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) და ის მიამბობდა მამა ალექსი შუშანიას შესახებ, მიამბობდა ასევე უთუთი ფაჩულიას შესახებ. უთუთი ფაჩულია ყოფილა სალოსი, ძალიან მშრომელი. ბევრი მოსავალი მოჰყავდა და ეს მოსავალი დალაგებული ჰქონდა საწყობებში, რომლებიც არ იკეტებოდა. ღამე მოდიოდნენ გაჭირვებული ადამიანები და იქიდან საზრდო მიჰქონდათ. რაც შეეხება მამა შიოს, ძიძავას, ის იყო საოცარი პიროვნება - ნამდვილად წმინდა ადამიანი...

მე მინდა გავიხსენო ერთი ასეთი შემთხვევა. მე ჩავედი სენაკში, რომ მემკურნალა... იქ წყლებია და ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად მამა შიო. ერთ დღესაც თან მოჰყვა მორჩილი ბერი ისაია ჩიქოვანი. ექიმებმა რომ დაინახეს, სტუმარი მოგვივიდაო, რძე მოიტანეს, პატივი გვცეს. ეს იყო პეტრეპავლობის მარხვა. მე ვიყავი ახალნაკურთხი ეპისკოპოსი. მამა შიომ წაიკითხა ლოცვა, მე გარდავსახე ჯვარი და ეს რძე დავლიეთ. მარხვაში არ შეიძლებოდა, მაგრამ რადგან მოიტანეს, პატივი ვეცით ექიმებს. ის მორჩილი ბერი დადგა ცოტა მოშორებით და იმ რძეს ზედაც არ შეხედა. მამა შიომ მითხრა: მეუფეო, არ გეწყინოს, ჯერ არ არის სულიერად იმ სიმაღლეზე, რომ პეტრეპავლობის მარხვაში რძე დალიოსო...

საოცარი აღსასრული ჰქონდა მამა შიოს... მაშინ სოხუმის მიტროპოლიტი ვიყავი და ჩემთან სოხუმში სენაკიდან ჩამოვიდნენ ბერები, მონაზვნები და მითხრეს, მამა შიო ძალიან ცუდადაა, კარგავს გონებას და ხმამაღლა ყვირის: მეუფე, მეუფე... ამის თქმაზე წავედი მე, წავიყვანე მღვდელი და წავიღე წმიდა ზიარება სოხუმიდან სენაკში და გამოვიძახე მამა კონსტანტინე ქვარაია. მამა კონსტანტინე მამა შიოს მოძღვარი იყო, მამა შიო კი - ჩემი მოძღვარი. რადგან მოძღვარი იყო, ვთხოვე წმიდა ზიარება მიეცა და მას ეზიარებინა. არაო, ვერ ვაზიარებო, წყალი აქვს დალეულიო, მიპასუხა მამა კონსტანტინემ...

მე ვუთხარი, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა და უნდა აზიარო-მეთქი. ვერაფრით დავაჯერე, ისეთი ჯიუტი იყო მამა კონსტანტინე. მერე მე შევედი ოთახში და ვკითხე: მამა შიო, გინდა მე გაზიარო?

მაზიარეო, მიპასუხა, მაგრამ ჩქარაო. ლოცვების წაკითხვა რომ დავიწყე, სულ ხმამაღლა ყვიროდა: - ჩქარა, ჩქარა... მეც მეშინოდა, არ გარდაცვლილიყო და ვაზიარე. სულ ოფლიანი დავჯექი მის გვერდით სკამზე. გადმოიღო ხელი, მუხლზე დამადო და მითხრა:

- ჩემო პატრიარქო.

- არა-მეთქი, პატრიარქი კი არა, მიტროპოლიტი ვარ.

კიდევ გამიმეორა, ჩემო პატრიარქოო. ვაზიარე და იმ ღამეს გარდაიცვალა.

თამარ მამაცაშვილი