"ბუდუ ყოველთვის ჩვენი მეკვლეა", "ამბობდნენ, ფეხბედნიერი ბიჭიაო", "აღტაცებული მეძახდა, დედა, თოვლის ბაბუა მოსულაო!", "5 წლამდე თოვლის ბაბუის არსებობაშ - კვირის პალიტრა

"ბუდუ ყოველთვის ჩვენი მეკვლეა", "ამბობდნენ, ფეხბედნიერი ბიჭიაო", "აღტაცებული მეძახდა, დედა, თოვლის ბაბუა მოსულაო!", "5 წლამდე თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი არ შეპარვია" - ფეხბურთელთა ოჯახების საახალწლო ტრადიციები

2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო. თითქოს მივიწყებულმა გამარჯვების სიხარულმა მთელი ერი გააერთიანა და იმ დღეების ემოციები თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარ მოგონებად აქცია... ჩვენს ფეხბურთელებს ამჯერად განსხვავებული რაკურსით გაგაცნობთ. როგორ ხვდებოდნენ ბავშვობაში ახალი წლის დღესასწაულს, სჯეროდათ თუ არა თოვლის ბაბუის არსებობის, რა შინაარსის იყო მათი საახალწლო წერილები? - ამ ყველაფერს "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ფეხბურთელების დედები იხსენებენ.

"ამბობდნენ, ფეხბედნიერი ბიჭიაო"

თამუნა წიწილაშვილი, ზუკა დავითა­შვილის დედა:

- ზუკას ახალი წლის დღესასწაული ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა. პატარა რომ იყო, თოვლის ბაბუას­ თავის დასთან ერთად წერილებს­ სწერდა, გვიან ღამით თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქრები და მახსოვს, ბედნიერები იღვიძებდნენ, ჩქარობდნენ რომ ენახათ. ჩემთვის ეს რიტუალი ძალიან ამაღელვებელი იყო... ზუკას თოვლის ბაბუის მოლოდინი 8 წლამდე სულ ჰქონდა. გონიერი ბავშვი­ იყო და მერე მიხვდა, საჩუქრებზე ჩვენ რომ ვზრუნავდით, თუმცა შემდეგ წლებშიც დიდი სიხარულით იღებდა. ახალ წელს ყველა ერთად ვიკრიბებოდით, მაგრამ ბოლო წლებში ამას ვეღარ ვახერხებთ. ზუკა ხშირად ვეღარ ჩამოდის, მაგრამ ახალი წლის ღამეს ონლაინ მაინც ვართ ერთად. ახლა საფრანგეთშია მეუღლესთან ერთად. უცხო ქვეყანაში ხანგრძლივად ყოფნა რთულია, სულ გენატრება შენი სამშობლო და ახლო­ბლები, მით უმეტეს, როცა ოჯახური გარემო ძალიან გიყვარს.

zuka-1735488326.jpg

- ზუკა ბავშვობაში თოვლის ბაბუას რის მოტანას სთხოვდა?

- მისი სურვილები ყოველთვის ფეხ­ბურთთან იყო დაკავშირებული. ყველა წერილში პირველი ბურთი ეწერა, შემდეგ - საფეხბურთო თამაშები, ასაწყობი კუბიკები... განსაკუთრებულს არაფერს ითხოვდა.

- ზუკას საყვარელი საახალწლო კერძი რომელია?

- ხორციანი ბლინები და ჩვენი საოჯახო ხორციანი სალათი. ბოლო წლებში სულ საზღვარგარეთაა და აქ ჩამოსვლისას, თავს უფლებას აძლევს, ხინკალი მიირთვას.

- როცა დრო ჰქონდა, საახალწლო სამზადისში გეხმარებოდათ?

- ძალიან დაუზარელია, სულ ბრაზობდა და განიცდიდა, ძალიან ნუ იღლებიო. ახლაც ძალიან მიფრთხილდება.

- ბავშვობაში მეკვლედ ეპატიჟებოდნენ?

- ყოველთვის. მეკვლედ 2 ოჯახში თუ არა, ერთგან მაინც შედიოდა, ამბობდნენ, ფეხბედნიერი ბიჭიაო. საამისოდ ყოველთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა.

- საახალწლოდ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენა, სიურპრიზები სჩვევია?

- დიახ, უზომოდ უხარია, როცა ჩვენ გაგვახარებს. ახლა ისეთი დაკავებულია, დრო აღარ აქვს საჩუქრებზე იაროს და არჩიოს, ამიტომ ეს საკითხი მარტივად გადაწყვიტა - ყველას ბარათზე გარკვეულ თანხას გვირიცხავს. ბუნებრივია, ზუკას ჩვენც ძალიან ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, თავადაც ხშირად გავახაროთ.

- გარდა იმისა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ეს წელი ძალიან წარმატებული იყო, ზუკასთვის წარმატებული იყო კლუბში თამაშიც.

- ნაკრების ბიჭებმა ყველას წარმოუდგენელი სიხარული მოგვანიჭეს. ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება, გუნდშიც დიდი ერთსულოვნება სუფევდა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, ერთ თამაშში 3 გოლი რომ გაიტანა, ეს გამორჩეული მატჩი იყო. სხვათა შორის, იმ მატჩს მე და ჩემი მეუღლეც ვესწრებოდით, წინა დღეს ჩავედით. სტადიონზე საოცრება ხდებოდა და რა ხდებოდა ზუკას გულში, ამას ვერასდროს გადმოვცემ... ამ დროს თვალები სხვანაირად უბრწყინავს. ბედნიერი იყო იმით, რომ ჩვენ გაგვახარა, სტადიონიდან ერთად წამოვედით და შინ რომ მოვედით, სტეიკი თავის ხელით მოგვიმზადა... ეს სიხარული ასე ტკბილად და ოჯახურად აღვნიშნეთ. შემთხვევით ვისარგებლებ და მთელ საქართველოს მივულოცავ შობა-ახალი წლის დღესასწაულებს, მშვიდობა იყოს ქვეყანაში და ერთმანეთის დიდი სიყვარული ჩვენს გულებში!

"5 წლამდე თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი არ შეპარვია"

saba-dedastan-ertad-1735488325.jpg

დალი თარგამაძე, საბა კვირკველიას დედა:

- სანამ შვილები წამოიზრდებოდნენ და თავიანთ ოჯახებს შექმნიდნენ, ტრადიცია გვქონდა - ყოველ ახალ წელს სამტრედიაში ვიკრიბებოდით. ამ დროს საბაც თავისუფლდებოდა ფეხბურთიდან, მის სტუდენტ დებსაც არდადეგები ჰქონდათ და ყოველი ახალი წელი ოჯახის ერთად შეკრების დიდი ზეიმი და სიხარული იყო. ბოლო წლებში მე და ჩემი მეუღლე ჩავდიოდით თბილისში და ყველანი იქ ვიკრიბებოდით.

სანამ საბა პატარა იყო, სულ ვცდილობდი, მისთვის ისეთი ილუზია შემექმნა, რომ თოვლის ბაბუის არსებობა დაეჯერებინა. რომ წამოიზარდა, ეს უკვე ნაკლებად გამომდიოდა. საჩუქრის ნახვისას ჩემს ხელწერას ცნობდა.

- თოვლის ბაბუას წერილებს სწერდა?

- წერილებს არა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გაახარებდა, ამაზე ყოველთვის ხმამაღლა "ოცნებობდა", მეც ვცდილობდი, მისი სურვილები შემესრულებინა. თოვლის ბაბუას მისთვის ბურთი ყოველ ახალ წელს უნდა მოეტანა... ძალიან ცელქი ბავშვი იყო, წარმოსახვის კარგი უნარი ჰქონდა.­ საჩუ­ქრებს ყოველთვის კართან ვდებდით. დილით დიდ აჟიოტაჟს ავტეხდით, წუხელ თოვლის ბაბუა მოსულა, გავიდეთ, აბა, რა საჩუქრები დაგვიტოვა, ვნახოთ! საბა პირველი გავარდებოდა, ბურთს აიღებდა და მერე სიმართლე გითხრათ, შინ ბურთის თამაშით ცოტა გვაწუხებდა...

მოგეხსენებათ, 2 იავარს ბედობაა, ამ დღეს ყოველთვის დიდი ამბები ხდებოდა. ჩვენს ქუჩაზე ბევრი ბავშვი იყო, უმეტესობა ბიჭები. მეგობრობდნენ, ხან ერთთან იყვნენ სახლში, ხან მეორესთან, ჩვენთანაც ხშირად მოდიოდნენ. რომელიმეს ახალი­ წლის ღამეს გაუსროლელი ფოიერვერკი თუ შემორჩებოდა, ერთად ისროდნენ და ჰქონდათ დიდი სიხარული. მაშინ სხვა დრო იყო, ამ ფოიერვერკებით ერთმანეთს აოცებდნენ, ახლანდელი ბავშვების გაოცება უკვე რთულია.

- წელს როგორ ხვდებით ახალ წელს, რა გაქვთ დაგეგმილი?

- თბილისში ჩვენს შვილებთან ერთად შევხვდებით. ვერ გეტყვით, საბა საქართველოში იქნება თუ არა... ნაძვის ხის აწყობაში ყოველთვის ერთვება, ძალიან კარგი გემოვნება აქვს, სულ ცდილობს, რასაც აკეთებს, განსაკუთრებულად გააკეთოს. არ ითვალისწინებს რჩევებს, სად უნდა იდგეს ნაძვის ხე, არც იმას, ჰოროსკოპით რისი წელიწადი­ მოდის. ბუნებით ესთეტია, ახლობლების გახარება უყვარს, ყველასთვის გულუხვი და ყურადღებიანი ბიჭია.

- გამორჩეულად რომელი კერძი უყვარს?

- ხინკალი და მწვადი. მეგრული სამზარეულოდან ბავშვობაში საცივი უყვარდა და ამ კერძზე უარს არც ახლა ამბობს.­ ახალ წელს თავს უფლებას აძლევს, 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელიც მიირთვას.

"აღტაცებული მეძახდა, დედა, თოვლის ბაბუა მოსულა!"

gocholeishvili-dedastan-1735488326.jpg

ხათუნა კვერნაძე, გიორგი გოჩოლეიშვილის დედა: - გიორგი თოვლის ბაბუისთვის გასაგზავნ წერილს ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე წერდა. არ გაგიკვირდებათ­ თუ ვიტყვი, რომ ყოველ წელს ბურთს ითხოვდა, დანარჩენი სურვილები წლების მიხედვით იცვლებოდა. რა თქმა უნდა, თავად ვიძენდი საჩუქრებს და კართან ჩუმად ვდებდი. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, კარს რომ გააღებდა და აღტაცებული მეძახდა, დედა, თოვლის ბაბუა მოსულა! მერე შემოჰქონდა საჩუქრები და გაფართოებული თვალებით ხსნიდა. მან ბავშვობიდანვე იცოდა, მთელი წლის განმავლობაში კარგად თუ მოიქცეოდა, საჩუქარს აუცილებლად მიიღებდა.

- როგორც ვიცი, გიორგი ბავშვობაში წარმატებული მოცეკვავეც იყო...

- კი, ქართულ და სამეჯლისო ცეკვებზე­ დადიოდა. თავად ქუთაისის კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი. გიორგი ქუთაისის ანსამბლში ცეკვავდა, დადიოდნენ ფესტივალებზე, ბევრი პრიზი აქვს აღებული. 6 წლის იყო, ქვეყნის მასშტაბით გამართულ სამეჯლისო ცეკვების ფესტივალზე მეორე ადგილი რომ აიღო. ახლაც კარგად ცეკვავს და რომ ვუყურებ, ძალიან მიხარია.

gocholeishvili-2-1735488324.jpg

- თოვლის ბაბუის არსებობის რა ასაკამდე სჯეროდა?

- 6 წლამდე სჯეროდა. ბაღში ზეიმზე თოვლის ბაბუა გამოიძახეს, გიორგიმ რომ დაინახა, ტირილი დაიწყო, შეეშინდა. მას კი არა, რომ დავინახე, ლამის მეც შემეშინდა - ძალიან გამხდარი იყო, გიორგის წარმოდგენაში კი სულ სხვანაირი იყო, მასთან ვერაფრით დააკავშირა.

- გიორგის საყვარელი კერძი რომელია?

- მჭადი და ჭვიშტარი უყვარს გამორჩეულად. რაც მთავარია, თავად ამზადებს უგემრიელს ჭვიშტარს. ხაჭაპური და ტკბილეულიც ძალიან უყვარს. ალკოჰოლს არ მიირთმევს, ჩემი შვილი მთვრალი არასდროს მინახავს.

დამავიწყდა, მეთქვა, გიორგის ბავშვობაში ალილოზე სიარული უყვარდა, უბნის ბავშვები ერთად იკრიბებოდნენ, ქუჩაში თანაქალაქელებს ქრისტეს დაბადებას ულოცავდნენ, ალილოს სიმღერას ასრულებდნენ, შინ ნობათით ბრუნდებოდნენ.

- ახალ წელს სად შეხვდება?

- დანიაში, საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

"სულ ცდილობს გაგვახაროს, ჩვენზე ზრუნავს"

chakvetaze-mshoblebtan-1735488325.jpg

მთვარისა რუხაძე, გიორგი ჩაკვეტაძის დედა:

- როგორც ყველა პატარას, ახალი წლის დღესასწაული გიორგისაც განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ ბავშვობიდანვე ძალიან მოკრძალებული იყო, ნაკლებად მომთხოვნი, თოვლის ბაბუასაც კი არ სწერდა წერილებს. ჩვენ რა საჩუქარსაც შევურჩევდით, იმას სჯერდებოდა.

- მეკვლედ ეპატიჟებოდნენ?

- დიახ, ახლობლებთან შედიოდა მეკვლედ, ამბობდნენ, ბედნიერი ფეხი აქვსო. ყოველთვის წყნარი ბავშვი იყო, რომ წამოიზარდა, ახალ წელს შინ ხვდებოდა, მერე მეგობრებთან გადიოდა.

ახალ წელს ჩვენი ოჯახის ერთად შეხვედრის ტრადიცია ბოლო წლებში დაირღვა, გიორგიმ ვერც შარშან მოახერხა ჩამოსვლა, ალბათ, წელსაც ვერ შეძლებს, ინგლისშია და სულ დატვირთულია...

ბავშვობაში ვარჯიში არასდროს გაუცდენია. დამეთანხმებით, ნაძვის ხის აწყობა ყოველთვის სხვაგვარად ემოციურია. გიორგის ძალიან უყვარდა საახალწლო სამზადისი, დრო თუ ჰქონდა, ყოველთვის მეხმარებოდა. ახლაც სულ ცდილობს გაგვახაროს, საჩუქრებს გვირჩევს, ჩვენზე ზრუნავს.

chakvetaze-1735488325.jpg

- მასთან ჩასვლას ახერხებთ?

- ბელგიაში რომ იყო, იქ რამდენჯერმე ჩავედით წინასაახალწლო დღეებშიც, მაგრამ 29 თუ 30 დეკემბერს ახალი წლის შესახვედრად ყველა ერთად საქართველოში დავბრუნდით, თავად გიორგის უნდოდა ახალ წელს სამშობლოში შეხვედროდა. იქ ყოფნისას რამე გამორჩეულ კერძს თუ მოვუმზადებდი, დადგებოდა და პოზიორობდა, ვითომ მისი მომზადებული იყო.

- რომელი კერძი უყვარს?

- ხინკალი. საცივს ხორცის გარეშე მიირთმევს. ახლა კვების რეჟიმს მკაცრად იცავს. რომ ჩამოდის, ხინკალსა და ხაჭაპურზეც კი უარს ამბობს. გიორგი რომ შოკოლადს არ შეჭამს, ეს მხოლოდ მე ვიცი, რას ნიშნავს. ტრავმის გამო ბევრი სირთულის გადალახვამ მოუწია, ყველა ფიქრობდა, რომ მისი კარიერა დასრულდა. ახლა ისევ კარგ ფორმაშია, თუმცა მისგან მეტს მოველი, ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ბედნიერი ვარ.

ყველას მოგილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს, თითოეული ჩვენგანისთვის სიხარულით სავსე წელი ყოფილიყოს!

"ბუდუ ყოველთვის ჩვენი მეკვლეა"

budu-3-1735488325.jpg

რუსუდან გეგეშიძე, ბუდუ ზივზივაძის დედა:

- ბუდუს ბავშვობა რთულ 90-იან წლებში იყო. რა თქმა უნდა, გამორჩეულად უყვარდა და უყვარს ახალი წლის დღესასწაული. ნაძვის ხის აწყობაში დიდი სიხარულით ერთვებოდა. ახლა იმ წლების სიმძიმე ღმერთმა ნუღარავის გამოგვაცდევინოს...

ბაღში საახალწლო ზეიმი რომ ჰქონდა, უხაროდა, დღეს თოვლის ბაბუა მოვა და საჩუქრებს მოგვიტანსო. რომ წამოიზარდა და ერთ დღეს მამამისმა ბუდუს და მის დას ჰკითხა, რა გინდათ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო? ბუდუმ უპასუხა, ვიცი, თოვლის ბაბუა ვინც არის, კომპიუტერი გვიყიდეო. მაშინ შევძელით ამ სურვილის ასრულება.

საახალწლო სუფრიდან გამორჩეულად უყვარს გოზინაყი და ფხალეულის ასორტი. მას შემდეგ, რაც საქართველოდან შორს ყოფნა უწევს, ქართული გემოები სულ სხვა­გვარად დააფასა. როცა საქართველოში ჩამოდის, მისთვის საგანგებოდ ვამზადებ ქათმის ჩახოხბილს ნიგვზით და ნამცხვარს - "ზღაპარი". აუცილებელი პირობაა, ჩემი გამომცხვარი იყოს.

- წელს ჩამოსვლას ახერხებს?

- ჯერ ზუსტად ვერ გვეუბნება... ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა. შაის "ელზა" და მასთან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი უყვარს. შვილიშვილს მეც საახალწლოდ "ელზას" ჯადოსნური ჯოხი შევუძინე...

budu-1735488324.jpg

- ოჯახში საჩუქრების გადაცემის როგორი ტრადიცია გაქვთ?

- საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვდებთ და 12 საათი რომ შესრულდება, შემდეგ ვხსნით. ეს ყველაზე მხიარული, ემოციური და ამაღელვებელი მომენტია. ბუდუ ყოველ ახალ წელს საქართველოში ხვდება და 1- ლ იანვარს მიფრინავს, რადგან 2 იანვარს უკვე კლუბში ვარჯიში ეწყება. ეს წელი ბუდუსთვის არა მხოლოდ ნაკრებში, კლუბშიც წარმატებული იყო...

ბუდუ მშობლებს სულ მადლობას გვიხდის, ამბობს, რომ ჩვენი დამსახურებაა, იმ რთულ წლებში მაქსიმალურად რომ ვეცადეთ, მხარში ამოვდგომოდით. მის ბავშვურ ნატვრებს, ოცნებებს, სიყვარულს მივეცით გასაქანი.

13 წლის იყო, თბილისში რომ გადავიდა.­ ხელი არ შევუშალეთ. ძალიან კი გაგვიჭირდა, მაგრამ ყველა სირთულე უფლის წყალობით დავძლიეთ. მიხარია, რომ ჩვენი და ბუდუს შრომაც დაფასდა...

ერთხელ, ერთ შეხვედრაში 2 გოლი რომ გაიტანა, ვუსაყვედურე, დედა, გოლი რომ გაგაქვს, ენას ნუ ყოფ, ეს ჟესტი არ მომწონს-მეთქი. მითხრა, იმ წუთში ვერაფერზე ვფიქრობ, სამყაროს ვეთიშები და რას ვაკეთებ, არ ვიციო. ბევრჯერ შემპირდა, ენას აღარ გამოვყოფო, მაგრამ ვერ მოიშალა, ალბათ ამ დროს მართლა რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩემთვის ამოუცნობია ან შეიძლება ვინმე ფეხბურთელზე აქვს ნანახი, არ ვიცი.

- მთავარია, გოლები გაიტანოს!

- ჰო, ასეა და ჩვენც ამ ამბავს უკვე შევეგუეთ...

- ჩვენი ნაკრების ბიჭები ამ ქვეყანაში ყველას უყვარს, მხოლოდ მათ შეძლეს გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება... ბუდუს "სახალხო ფეხბურთელიც" კი უწოდეს, ეს თქვენთვის რა განცდაა?

- ხშირად მეუბნებიან: "რა კარგი შვილი გყავს", "ბუდუ ძალიან გვიყვარს"... ამ სიტყვების მოსმენისას მიჩნდება სურვილი მადლობა თავად გადავუხადო ამ ადამიანებს, მადლობა საქართველოს. სიამაყის განცდაც მაქვს, ყველაზე კარგ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. ღმერთმა ყველა დედას განაცდევინოს ეს. მე ხომ არასდროს დამავიწყდება, რა გზა გავიარეთ დღევანდელ დღემდე. ტრანსპორტი რომ არ არსებობდა და ბუდუ ვარჯიშზე ფეხით მიმყავდა, გასახდელიც არ იყო, გარეთ ღობესთან ვიდექი წვიმაში, თოვლში, მზეში...

- ბავშვობაში მეკვლედ ეპატიჟებოდნენ?

- მეკვლედ სულ დადიოდა. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი წესი, 12 საათი რომ შესრულდება, ბუდუს სახლიდან ვუშვებთ, ის ყოველთვის ჩვენი მეკვლეა, შინ ტკბილეულით დახუნძლული შემოდის, ტრადიციული სიტყვებით: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!"

თამუნა კვინიკაძე