„საქართველო მსოფლიო საგიჟეთის ერთი ძალიან მძიმე ფილიალია“ - რას ფიქრობს ნაირა გელაშვილი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე - კვირის პალიტრა

„საქართველო მსოფლიო საგიჟეთის ერთი ძალიან მძიმე ფილიალია“ - რას ფიქრობს ნაირა გელაშვილი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე

იმ პროცესებში, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა მწერალი ნაირა­ გელაშვილი, რომელმაც ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს. წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალბატონ ნაირას სასაუბროდ "კავკასიურ სახლში" ვეწვიეთ.

- უპირველესად მინდა გამოვხატო ჩემი უკიდეგანო პროტესტი, აღშფოთება და სასოწარკვეთაც იმ სისასტიკის გამო, რაც ვლინდება მომიტინგეების მიმართ, ამ ახალგაზრდების მიმართ. ეს არის ნამდვილი­ 37 წლის დასაწყისი. მე მიკვირს ჩვენს ხალხში სისასტიკის ეს მარაგი. წინა ხელისუფლება იყო და იცით, როგორც იქცეოდა! რა გამოდის? 20 წელიწადია ორი ხელისუფლება­ თავის ხალხს სცემს, ასახიჩრებს, აპატიმრებს, ციხეებში ყრის უმიზეზოდ. წინა ხელისუფლების დროს იქ აუპატიურებდნენ, ახლა აქ გაუპატიურებით ემუქრებიან. წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. ხელისუფლებამ ამ ახალგაზრდებს ვერაფერი შესთავაზა ისეთი, რომ არ გაიქცნენ სხვა ქვეყანაში, და რა ქნა? მიუბრუნდა­ და თავ-პირი დაულეწა.

ყველაზე საოცარი­, რაც მანადგურებს, ის არის, როდესაც შენს მოწინააღმდეგეს კლავენ, ასახიჩრებენ, ეს შეიძლება,­ მაგრამ როცა შენს შვილს შეეხება, ან შენიანს, არ შეიძლება.

უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მთავრობას უჭერს მხარს, გულგრილია სხვისი შვილების განადგურებისადმი. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. გამოდის, სიკეთე პარტიულია?! გულმოწყალება პარტიული მოვლენაა? ჩემი მიდგომა ცნობილია, მე სრულიად შეურიგებელი დამოკიდებულება მაქვს "ნაცმოძრაობისადმი". ვინც თავის წარსულს აყალბებს, იმ უზარმაზარ დანაშაულებს ამართლებს, მე მისგან მოწოდებულ ჭიქა წყალს არ დავლევ. არასოდეს დავივიწყებ მათგან დასახიჩრებულ ადამიანებს, მაგრამ როდესაც ხაბეიშვილს მთელი სახე დაულეწეს, ხოლო მეორე ყმაწვილი ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს, ცუდად გავხდი, რომ ამას არ განიცდიდნენ "ქოცების" მომხრეები. ეს პათოლოგიაა! როგორ შეიძლება გულმოწყალება იყოს ტენდენციური, ხალხო! ერთ შემთხვევაში შეიძლება და მეორე შემთხვევაში არა?

ჩვენი ხელისუფლება უკვე ჩაფლულია ამ საშინელი სისასტიკის მანქანაში და ამას დიდი მწუხარებით ვამბობ. მომიტინგეები უკან არ იხევენ, ხელისუფლება კი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას - ამათ ეძახიან აგენტურას, საქართველოს დაფინანსებულ მტრებს.

გულმოწყალების გაქრობა და პოლიციაში ისეთი კაციჭამიების გამოზრდა, "ნაცმოძრაობის" ზონდერჯგუფები, მთელი ეს შავ-ბნელი, დემონური ძალები, რომლებიც ციხეებში ადამიანებს მუსრავდნენ, შეისისხლხორცა "ქართულმა ოცნებამ".

მთლიანად ივაჭრა მართლმსაჯულებით, ნაცვლად იმისა, აღესრულებინა პირობა, რის გამოც ხალხმა აირჩია - გაესამართლებინა "ნაცმოძრაობა" და აეკრძალა, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა საქართველოში. იქნებოდა სულ სხვა ოპოზიციური ძალა და არა ის, რომელსაც უკან გვამები აქვს. აი, ამ სასტიკ სინამდვილეში ვართ, ამაში არიან მოყოლილი ჩვენი ახალგაზრდებიც.

- საპატრიარქომ და თავად პატრიარქმა ორივე მხარეს მოუწოდა დიალოგისკენ.

- სხვანაირად როგორ უნდა გადაწ­ყდეს? ჯერ იქნებ ვერ მოხერხდეს პოლიტიკოსების დიალოგი, მაგრამ

საზოგადოე­ბის ის წარმომადგ­ენ­ლები,­ რომლებიც არიან ზრდილო­ბიანები, აქვთ კამათის კულტურა, ერთმანეთს არ ახრჩობენ, მათ დაიწყონ დიალოგი. მოვისმინოთ მშვიდი საუბარი, რომელიც დაივიწყეს საქართველოში.

მთელი მსოფლიო ხომ გაგიჟებულია და საქართველო ამ საგიჟეთის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ფილიალია. პიროვნება განადგურებულია, მასა გუგუნებს, სადაც შეუძლებელია საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოებისთვის სანდო, გამორჩეული ადამიანები უნდა ჩაერთონ დიალოგში.

- პრეზიდენტის როლი როგორ გესახებათ ამ სიტუაციაში?

- სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ყოველთვის იყო მკვეთრად გამოხატული პროევროპული და ის ფიქრობს, რომ ამას ემსახურება ძალიან პრინციპულად, სურს საქართველომ ამ გზიდან არ გადაუხვიოს. გრძნობს თუ არა ქვეყნის შინაგან მდგომარეობას, ამაზე თავს ვერ დავდებ. არის ასევე ბევრი საკითხი, რაშიც არ ვეთანხმებოდი და მის ქმედებებს არ ვიზიარებდი.

- რას გულისხმობთ?

- ახლა არ მინდა ამაზე საუბარი...

ვისურვებდი "ქართულ ოცნებას" სხვა­გ­ვარად წაეყვანა საქმე. როგორ შეიძლება ამ ახალგაზ­რდებს უწოდო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები?! ამის შემდეგ ვინ დაელაპარაკება მათ?

ევროპა საკაცობრიო კულტურის შემთვისებელი და ამთვისებელია, აუზი, სადაც თვითონ მიაქვს ყველაფერი თარგმანის სახით, რომ ყველაფერი ითარგმნა, ყველაფერი გამოკვლეულია, გამოჩხრეკილი. გარდა მაგისა, ევროპას ვერ დაასწრებთ თავი­სივე თავის კრიტიკას, თვითონ აანალიზებს­ ყველაფერს, რაც სჭირს... საქართველო კი სამოთხეა, ნამდვილი მარგალიტი. ულამაზესი­ ქვეყანა, მიწა-წყალი მოგვცა ღმერთმა და ასე თავლაფდასხმულნი არ უნდა წავიდეთ ისტორიიდან,­ შინაურმა თუ გარეულმა მტაცებლებმა ცხვირწინ არ უნდა აგვაცალონ ქვეყანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა თავიდან ავაყვაოთ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამისთვის სიკვდილიც ღირს.

რუსუდან შაიშმელაშვილი