"საშინელება იყო, რაც პარლამენტის წინ ვნახე! ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება" - ზურა ყიფშიძის ემოციური ინტერვ - კვირის პალიტრა

"საშინელება იყო, რაც პარლამენტის წინ ვნახე! ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება" - ზურა ყიფშიძის ემოციური ინტერვიუ

როცა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია, ჩემს სოციალურ გვერდზე ცნობილი ქართული ფილმიდან "მარტოხელა მონადირე" (რეჟ. ქეთი დოლიძე) მთავარი გმირის სიტყვები გავაზიარე: "ბოღმა დაგანგრევს და გაგანადგურებს. ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია. თუ პატიება არ შეგიძლია, კაცი არა ხარ. ბოღმამ შეჭამა ეს ქვეყანა, მაგის დედაც ვატირე"... მთავარ გმირს ამ ფილმში ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ბატონი ზურა ყიფშიძე განასახიერებს. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება დღევანდელ მოვლენებზე.

- ჩემს ასაკში ძალიან რთულია ამ ყველაფერს აუღელვებლად უყურო. დღეს ძალიანაც რომ მოინდომო, აპოლიტიკური ვერ იქნები. მე ვერაფერს ვიტყვი ვერც გამოსავალზე და ვერც იმაზე, სად დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ რაღაც ისე რომ არ არის, როგორც უნდა იყოს, ყველა ვხვდებით. ვიღაცამ უნდა მოინდომოს და შეცვალოს უკეთესობისკენ ეს ქვეყანა.

ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს - ეს არის ერთ-ერთი სვლა იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეგო დაიკმაყოფილოს, ძალაუფლება მოიპოვოს, მოიპარონ, მერე შური იძიონ და ა.შ. ქართველებს არ შეგვიძლია, რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ. …

დედამიწა გაგიჟდა. ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი. ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ.

საშინელება იყო, რაც პარლამენტის წინ ვნახე! ეს ცემა-ტყეპა ისეთი საშინელება იყო, არ ვიცი, რა ვთქვა! ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება.

ეს ცემა-ტყეპა არაფერია იმასთან შედარებით, ისეთი ცემა იციან და იცოდნენ ყოველთვის პოლიციაში. კომუნისტების დროსაც, მერეც, სააკაშვილმა ხომ "ხელოვნებად" აქცია. რა უნდა გითხრათ, მრცხვენია, ამ ყველაფრის გამო! სამწუხაროდ, ძალადობა ყოველთვის იყო.

დრამატურგია, ლიტერატურა სულ მაგას გვიყვება, რომ ადამიანები არ არიან მთლად კარგები. ცუდები არიან და ზოგჯერ, ცხოველებიც! ეს არა და არ მოიშალა და არც მოიშლება. კი ბატონო, დაიჭირე, პასუხი მოსთხოვე, მაგრამ ასე მოექცე?! რომ ვუყურებდი, გეფიცებით, ვღრიალებდი.…

გული ერთ რამეზე მწყდება - იმხელა რესურსი და სიმდიდრე გვაქვს, რომლის აზრიანად გამოყენებაც შეიძლება და ჩვენ მაინცდამაინც ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, უნდა მოვკლათ, თავი უნდა მოვჭრათ და ა.შ. ცოტა ხანს ისე რომ ვიყოთ, რომ არც არავინ მოვკლათ და არც არავინ მოგვჭრას თავი, არ შეიძლება?

- ჩვენ სულ გმირების ძიებაში ვართ...

- სასაცილო კი არა, სატირალია, რომ გყავს­ ისეთი "გმირი", რომელიც შეიძლება სულ არ არის ცუდი, მაგრამ ისეთ თამა­შს თამაშობს... შეიძლება ვიღაცისთვის იყოს კიდეც გმირი, იქნებ უფლებაც არა მაქვს მისი შეფასების, მაგრამ მის ამგვარ "გმირობას" რამხელა დაძაბულობა მოჰყვა, დავინახეთ.

პოლიტიკა მაღიზიანებს, არადა, პოლიტიკა ყოფილა ყველაფერი: სიგარეტი რომ მიდევს პირში, პოლიტიკაა, ახლა რომ გელაპარაკებით, ისიც პოლიტიკაა, ტელეფონი ხელში რომ მიჭირავს, ესეც პოლიტიკაა. ყველას თავისი აზრი აქვს და ვინც მას გამოხატავს, ხან პოლიტიკოსებში წერენ, ხან მტრად აქცევენ, ამიტომ ჩუმად ვარ. „უცნობთან“ ხმა ამოვიღე და ატეხეს ერთი ამბავი, კარგი ტიპი გვეგონა და თურმე მიშას სიკვდილი უნდაო. არავის სიკვდილი არ მინდა. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში რომ იცხოვრონ ჩემმა და ყველას შვილებმა, ეს მინდა მხოლოდ.

- როგორ ფიქრობთ, რა გადაგვარჩენს?

- ძალიან გვჭირდება სიმშვიდე, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ახლა ხდება. დიდი გონიერება და დაღვინება გვჭირდება. არ არის საჭირო გარედან ასეთი მკვეთრი ჩარევები, შეგვეშვან და ჩვენ მოვრიგდებით ერთმანეთში. ასჯერ დაფიქრება გვმართებს, ამა თუ იმ საკითხის გონივრულად გაააზრება, სწორი ნაბიჯის გადადგმა...

არა მგონია, ახლა ქვების სროლის დრო გვქონდეს, პირიქით, ახლა მთავარი ერთმანეთის მოსმენაა. მინდა ჩემს ქვეყანას სიმშვიდე და ერთსულოვნება ვუსურვო, რაც დღეს ძალიან გვჭირდება.

რუსუდან შაიშმელაშვილი