ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!
ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება რომ არა, კვირის მთავარი ამბავი მაინც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლიდან გამოსვლა-არგამოსვლა იქნებოდა, რადგან წინა დღეებში გვარამიას ფრთა ლამის აიძულებდა პრეზიდენტს, სასახლიდან არ გამოხვიდეო, და პარლამენტის დათხოვნას სთხოვდა. სასახლიდან არგამოსვლა, ჯანდაბას, პარლამენტი როგორ უნდა დაეთხოვა, რა პროცედურით, კაცმა არ იცის, მაგრამ ზურაბიშვილის პრეზიდენტის სასახლეში დარჩენის მომხრეები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ერთადერთი შანსი ეს იყო. ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდის და ამიტომ სწორედ მათთან იქნება.
"მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები... მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ დღეს აქ მოსვლისთვის, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე. აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის ერთგულებაზე და თქვენს ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
და კიდევ, წლის ბოლო კვირა კიდევ ერთი უპრეცედენტო აქციით - თბილისსა და თბილისის გარეთ სხვადასხვა ადგილას „ერთობის ჯაჭვით“ იყო გამორჩეული, რაშიც მონაწილეობა ასიათასობით მოქალაქემ მიიღო.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი და რა როლი ექნება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ერთმანეთის დამუნათებით იყო დაკავებული, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
- როგორც ვიცით, ამერიკელებისთვის ძვირფასია საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ისინი, როგორც წესი, ოჯახში ატარებენ. 26-ში დილით, შობის მეორე დღეს, როდესაც ჯერ უილსონმა, მერე კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გააკეთა ძალიან მძიმე განცხადებები, ეს უკვე დასტური იყო, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პოზიცია, სპონტანური განცხადება. უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული პოზიცია იყო.
ეს მიუთითებს, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან. მე ადრეც ვთქვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როცა გადაწყვეტილებებს იღებს, ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადამდგმელია, ვიდრე დემოკრატები. დემოკრატიული ადმინისტრაციები შედარებით ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის. ბუნებრივია, ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში რაც არ უნდა გარიგებასა და შეთანხმებაზე იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებული მოთხოვნები ექნებოდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთსა და ჩინეთთან მუშაობენ. ჩვენ კი არა მარტო რუსეთსა და ჩინეთთან ვიმუშავეთ, არამედ ისიც მოვახერხეთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი "ჰამასისა" და ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს გამოჩნდა, რაც მიუღებელია ტრამპის ადმინისტრაციისთვის.
- თქვენი აზრით, როდემდე აქვს ივანიშვილს იმის შანსი, რომ ეს ვითარება შეცვალოს?
- ვფიქრობ, ეს არის ინაუგურაციამდე ამერიკის პრეზიდენტის დეკლარაცია და შემდეგ, თებერვლის ბოლომდე, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, ეს რკალი სულ უფრო და უფრო მეტად შემოეჭირება "ქართული ოცნების" ე.წ. მთავრობას, რომელსაც არავინ აღიარებს. საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს შეეხება, ყველგან არის ლაპარაკი "ქართულ ოცნებაზე", მმართველ პარტიაზე, არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე და არსად არის ლაპარაკი მთავრობაზე, პარლამენტზე, ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს არ მოიხსენიებენ ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებად. მათ მოიხსენიებენ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე, აბსოლუტურად მარტო და არა მხოლოდ რუსეთის წინაშე.
- უღირდა ეს ივანიშვილს თუნდაც თავისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე? თუ ვერ გათვალა და მივიდა აქამდე, მაშინ რისი იმედი შეიძლება იყოს ახლა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- ძალიან რთული წარმოსადგენია, რა გათვლებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ირაციონალურია. არჩევნების შემდგომ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ქართველი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ხედავდა ისეთ დარღვევებს, რომ აყირავებულიყო ყველაფერი. ეს აშკარა გახდა, როდესაც მთავრობის თავმჯდომარეს გააკეთებინა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
- ივანიშვილის დასანქცირების მიზეზი რუსეთის ინტერესების გატარებაა. თქვენი შეფასებით, ეს არის "ოცნების" ქმედებებიდან გამომდინარე ლოგიკური განაცხადი თუ შესაძლებელია ამერიკას კიდევ სხვა საბუთებიც აქვს?
- ამერიკას აქვს სრული ინფორმაცია ნებისმიერ გადარიცხვებზე. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა თემაა, მაგრამ რაღაც შეთანხმებები ყოველთვის ტოვებს ფინანსურ კვალს და ჩანს, ვინ ვისთვის რას აკეთებს. აქედან გამომდინარე, თუ რაღაცის შესწავლას დაიწყებენ, ბუნებრივია, რაღაც კვალსაც იპოვიან. სხვა საკითხია, რას ამბობენ საჯაროდ და რას საუბრობენ კულუარებში. არის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ ვრცელდება. ამ გახმაურებული საქმის უკან სხვა ინტერესებიც შეიძლება იყოს, ამიტომ ისინი კარგად არიან ინფორმირებული. როგორც ჩანს, მათი დაზვერვაც კარგად მუშაობს. არც ის გამორიცხოთ, თუკი დაინტერესდნენ, თავად რუსეთისგანაც მიიღონ ინფორმაცია. მე ახალს არაფერს ვამბობ, რომის იმპერიიდან მოყოლებული ასე იყო და არის. ალბათ, ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს თავისი ინფორმაციის წყაროები. აშშ-სა და ევროპას მილიარდობით დოლარი აქვთ ჩადებული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საქართველო ამ რეგიონში და მთელ აღმოსავლეთ რეგიონში უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნიმუში, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ დემოკრატიული განვითარება უკეთესია ამ რეგიონის პროგრესისთვის, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი. ამაში ჩადეს დიდი ფული ევროპამ და აშშ-მა და ცხადია, დაინტერესებული იყვნენ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ყოფილიყო წარმატებულად შემდგარი პროექტი. ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატივა იმ სისტემისა და მოდელებისა, რასაც პუტინის რუსეთი და ჩინეთი გვთავაზობენ. ის კი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების ღალატი, არამედ პირდაპირ წყალში ჩაყარა ამერიკელებისა და ევროპელების მილიარდები. ბუნებრივია, ივანიშვილს პასუხს მოსთხოვენ. ახლა ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც მთავარია ეს ისე მოხდეს, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, რაც იოლი არ არის.
- ამ ვითარებაში ოპოზიცია ძალზე დასუსტებული ჩანს. ერთმანეთის კომპრომეტირება და დადანაშაულება დაიწყეს, როდესაც ერთმანეთის ფინანსების დათვლაზე გადავიდნენ, რეალურად მოსყიდვებზე გაჩნდა ეჭვი. როდესაც ოპოზიცია ასეთ საკითხებზე იწყებს საუბარს, რას ნიშნავს, რა პროცესებამდე მივალთ? თავი რომ დავანებოთ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის პრობლემებს, რომც დაინიშნოს არჩევნები, რა ხდება მერე?
- საქართველოში დღეს არის ორი მხარე - ერთი ხელისუფლება, ხოლო მეორე - ქუჩის პროტესტი. ამ პროცესში მხარე ოპოზიცია არ არის.
კი დგანან პოლიტიკოსები ქუჩაში ხალხის გვერდით, მაგრამ პარტიების მიერ არც ეს აქციები იყო ორგანიზებული და არც მისი მართვის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას.
ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური სპექტრის გაჩენას, თავისი ახალი პრინციპებით, ბევრად ადეკვატური და რეალურ ბაზარზე ორიენტირებული პლატფორმებით.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად,
ახალგაზრდობამ მიზნად დაისახა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენდეს მას მთავრობასთან მოლაპარაკებაში. ახლა ერთადერთი, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს, სალომე ზურაბიშვილია. ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ნდობის მანდატი თავისი პოლიტიკით, განცხადებებით, ქმედებებით. რამდენიმე წლის წინ ის არ იყო ასეთი პოპულარული ლიდერი თავისუფალი საზოგადოებისთვის. წარმოუდგენელი იყო, თუ ოდესმე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოსული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს ჩათვლიდა ლიდერად. ზურაბიშვილმა კი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორად იმუშავა - ის არ გახდა მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი. აჩვენა, რომ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მას პატივს სცემენ საერთაშორისო არენაზე. მან აჩვენა, რომ მას, როგორც თანასწორს, შეუძლია საუბარი ევროპელ ლიდერებთან. მეტიც, ევროპელებმა ის აღიარეს როგორც პარტნიორი, რომელთანაც სურთ ურთიერთობა. სალომემ იცის მათი ენა, როგორ და რაზე ელაპარაკოს. ყოველივე ამან ის მოიტანა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ მოძრაობის არაფორმალური ლიდერი თუ არა, ერთადერთი ფიგურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ხალხი, განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთაც ხალხი არ ენდობა. დაკავებული არიან რაღაც პარალელური პარლამენტის თუ საბჭოს შექმნით და აზრად არ მოსდით, ეს ვინმეს აინტერესებს თუ არა. ქუჩაში პარტიები მეხუთე და მეათეხარისხოვანები არიან იმ მოქალაქეებთან შედარებით, ვინც ქუჩაში დგანან. დღეს პოლიტიკურ ფიგურად იკვეთება სალომე ზურაბიშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდულ მოძრაობას აქციების სულისჩამდგმელები ძალიან კარგად ორგანიზატორობენ. თუნდაც ის, რომ "ერთობის ჯაჭვი" იყო უნიკალური, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული აქცია, დაახლოებით 27-30 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ამ ადამიანების ფუნქცია მხოლოდ ის არ არის, რომ ქუჩაში იდგნენ. მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ, იმიტომ, რომ უფრო ღირსნი არიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის მიერ წაგებული არჩევნების შემდგომ ახალგაზრდობამ თავისი გამოსვლებით აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შანსი აქვს. ბუნებრივია, მათი ამბიციაა, გადაწყვეტილებები შეთანხმებულად იქნეს მიღებული. ვფიქრობ, სალომე ამას ძალიან კარგად ხვდება და ცდილობს სწორედ ამაზე გააკეთოს აქცენტი.
- ყველა ელოდა, თუ რას იზამდა ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი მას სწორედ დარჩენას სთხოვდა. საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში კი იყო ამ მოსაზრების საწინააღმდეგო საფუძვლიანი არგუმენტები. ძალიან საინტერესო იყო, რომ ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ყაველაშვილის ინაუგურაციას დაამთხვია. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს?
- ინაუგურაციაზე რა უნდა ვთქვათ, კლოუნადა იყო, რაღაც რიტუალი შეასრულეს, სინამდვილეში ინაუგურაცია არც ყოფილა. ჩვენ ვნახეთ თავყრილობა, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ამის დემონსტრირება მოხდა, მეტი არაფერი. ეკლესიაც კი არ იყო წარმოდგენილი პირველი პირებით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე ინაუგურაციების დროს ასე არ ხდებოდა. ყაველაშვილი, ალბათ, მაინც შევა ორბელიანების სასახლეში და მერე რა? რაზე ისაუბრებენ ის და მოროშკინა, რომელიც, როგორც ითქვა, მისი ადმინისტრაციის უფროსი იქნება. მას ქვეყანაში არც ფუნქცია აქვს, არც ურთიერთობები და ვერც იმას ვიტყვით, რომ რამე ისეთი იცის, რითაც საზოგადოებას მოხიბლავს. ამიტომაც მაინტერესებს, რა ფუნქციას მიანიჭებენ. არსებულ მოდელში თუ პრეზიდენტს რაიმე ფუნქცია აქვს, მაინც საგარეო ფუნქციაა, ვიზიტები, შეხვედრები და ა.შ., ქვეყანაში კი თუ პოლიტიკური კონფლიქტი არ არის, პრეზიდენტს ფუნქცია არა აქვს. ვიდრე ქვეყანაში რამე ისეთი არ ხდებოდა, ზურაბიშვილიც პასიური იყო.
კიდევ პრეზიდენტს ვეტოს დადების ფუნქცია აქვს და ძალიან მაინტერესებს ყაველაშვილის დადებული ვეტო. ფაქტია, ქვეყანაში ამ მხრივაც ძალიან უცნაური სიტუაცია იქნება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, როგორც ადრეც ვამბობდი, ძალიან სწორია. ის არ დათანხმდა იმ ავანტიურისტულ აზრს, რომ დარჩენილიყო შენობაში. პირიქით, ძალიან სწორად მოიქცა, რომ ინაუგურაციის დროს ხალხს ორბელიანების სასახლესთან სთხოვა შეკრება, რათა პარლამენტთან არ მისულიყვნენ და დაპირისპირება არ მომხდარიყო. მომავალში როგორ განაგრძობს საქმიანობას, გამოჩნდება. ფაქტია, როგორც თავად თქვა, 31-ში ახალი წლის შეხვედრას ხალხთან ერთად აპირებს რუსთაველზე. ასევე ძალიან მომწონს, რომ აქცენტი კეთდება ახალ ძალებზე, რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ. ის ახალგაზრდები, ვინც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან და ამ პროცესებს ორგანიზებას უწევენ, ქართული პოლიტიკის მომავალია.
რუსა მაჩაიძე