„ცაში დახვრეტილები“
2024 წლის 25 დეკემბრის დილას აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Embraer 190, რომელიც 25 დეკემბრის დილას ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნოს მარშრუტზე, ჩრდილოეთ კავკასიის საჰაერო სივრცეში დაშვებისას დაზიანდა რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების გაშვებული საზენიტო რაკეტის ნამსხვრევებით, რის შემდეგაც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებმა შეძლეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუმდე მიღწევა, მაგრამ მართვადაკარგული ლაინერის დაშვებისას მოხდა კატასტროფა და ბორტზე მყოფი 67 კაციდან (ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი) 38 დაიღუპა...
ამ აზერბაიჯანული "ემბრაერის" ეკიპაჟსა და მგზავრებს არ გაუმართლათ, რადგან მათი წინასწარ გაწერილი რეისის, ბაქო-გროზნოს შესრულება 25 დეკემბრის დილას დაემთხვა უკრაინული კამიკაძე-დრონების მასირებულ შეტევას ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებზე - ვლადიკავკაზზე, ნალჩიკზე, გროზნოზე...
აზერბაიჯანული ლაინერის ეკიპაჟმა გროზნოს აეროპორტში დაჯდომა სამჯერ სცადა, რადგან მას პრობლემები გაუჩნდა GPS-ის სიგნალის ჩახშობის გამო, გლობალური პოზიციონირების თანამგზავრულ სისტემას კი რუსი სამხედროები სპეციალურად ახშობდნენ რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით, რათა გაეძნელებინათ უკრაინული კამიკაძე-დრონების GPS-ის აპარატურის ფუნქციონირება და მათი ზუსტი მოხვედრა წინასწარ მონიშნულ სამიზნეებზე გროზნოს რაიონში. წესით, რუსულ მხარეს უნდა გამოეცხადებინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გროზნოს საჰაერო სივრცეში და ყველა სამოქალაქო ბორტის ეკიპაჟებისთვის ებრძანებინა ამ სივრცის სასწრაფო დატოვება, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დაჯდომის მესამე უშედეგო ცდის შემდეგ აზერბაიჯანული "ემბრაერის" ეკიპაჟმა გადაწყვიტა უკან, ბაქოსკენ გაბრუნება, მაგრამ გროზნოს აეროპორტიდან 18 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ნაურის რაიონის თავზე, 2,4 კმ სიმაღლეზე ფრენისას მის სიახლოვეს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საზენიტო რაკეტა აფეთქდა (მგზავრებმა სამი აფეთქების ხმა დაითვალეს). გროზნოს აეროპორტში დასაშვებად გამზადებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა მეზენიტეებმა, სავარაუდოდ, უკრაინულ კამიკაძე-დრონად ჩათვალეს, ანუ საჰაერო სამიზნედ, და მისკენ "პანცირის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან საზენიტო რაკეტები გაუშვეს... რუსული საზენიტო რაკეტები აფეთქდა აზერბაიჯანული "ემბრაერის" მარცხენა ბორტიდან რამდენიმე მეტრში და დამაზიანებელი ელემენტებით თვითმფრინავის ვერტიკალური და ჰორიზონტალური საჭეები კუდის ნაწილში დააზიანა. იმ მომენტში ეკიპაჟი ვერც მიხვდა, რა მოხდა, თავიდან ფრინველების შეჯახება ეგონათ... პილოტებმა მაინც შეძლეს დაზიანებული მართვის ხელსაწყოებით (რომლებიც კუდის ნაწილშია განთავსებული) გაეგრძელებინათ ფრენა.
ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა, რუსებს დაზიანებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავისთვის მიეცათ სასწრაფოდ დაშვებისა და აეროდრომზე დაჯდომის ნება მაჰაჩყალაშივე (დაღესტანი), რომელიც სულ რაღაც 150 კმ-შია, მაგრამ უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის გამო "როსავიაციამ" გამოაცხადა განგაში "კოვიორი" (რომლის დროსაც იკეტება ყველა სამოქალაქო აეროპორტი) და მაჰაჩყალაში დაჯდომის უფლება არ მისცა. ამის გამო აზერბაიჯანულ ლაინერს, რომლის მართვა ძალიან უძნელდებოდა ეკიპაჟს, კიდევ 40 წუთს მოუწია ფრენამ, რომ როგორმე მიეღწია აქთაუს აეროპორტამდე ანუ კიდევ 440 კმ იფრინა და დაშვებისას მიწას შეენარცხა - მისი ზუსტად მართვა დასაჯდომად შეუძლებელი შეიქნა.\..
არსებობს ეჭვი, რომ რუსულმა მხარემ სპეციალურად არ მისცა ავარიულად დაშვების ნება თავის აეროპორტებში დაზიანებულ აზერბაიჯანულ ბორტს იმის იმედით, რომ აქთაუში მიფრენამდე ის შეიძლება კასპიის ზღვაში ჩავარდნილიყო და აღარ დარჩენილიყო ლაინერის რუსული საზენიტო რაკეტებით დაზიანების სამხილები.
ავიაკატასტროფები, სამწუხაროდ, ხდება, რისი მიზეზების გამოსაძიებლად თვეები და წლებია საჭირო, მაგრამ ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი აშკარაა - ეს არის საფრენ აპარატზე გარედან მიყენებული დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტებით, რაზეც მიუთითებს ფოტოებზე აღბეჭდილი ნახვრეტების ფორმები და მათი მიმართულება - გარედან შიგნით!
ავიაკატასტროფის ადგილიდან ამოღებულია ორივე "შავი ყუთი" (ფრენის პარამეტრებისა და ეკიპაჟის რადიოსაუბრების ჩამწერი აპარატურა), უკვე გამოქვეყნებულია ეკიპაჟსა და ავიადისპეტჩერების რადიოსაუბრების გაშიფრული ვარიანტი, არსებობს არაერთი ვიდეოკადრი, თუ რა წვალებით, ავარიულად ეშვება აზერბაიჯანული "ემბრაერი" აქთაუსთან მინდორში, უხეშად დაჯდომის გამო ავიაკატასტროფას განიცდის... თვითმფრინავში მყოფი 67 კაციდან გადარჩა 29 - ისინი უტყუარი მოწმეები არიან იმისა, თუ რა მოხდა გროზნოს ცაში... მიუხედავად ამდენი სამხილისა, კრემლი თავისი პროპაგანდისტებით, ისევე როგორც მალაიზიის "ბოინგის" ჩამოგდებისას, კვლავ ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგაც დუმს, იმის მაგივრად, ეღიარებინა დანაშაული, ბოდიში მოეხადა აზერბაიჯანისთვის და კომპენსაცია გადაეხადა დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებისთვის.
„ბოროტების იმპერიის“ - კრემლის მიერ „დახვრეტილი“ სამგზავრო ლაინერები...
"ბოროტების იმპერია" - სწორედ ასე უწოდა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს, როდესაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო საშინელი ტრაგედიის ამბავი - 1983 წლის 1-ლ სექტემბერს სახალინთან საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა Су-15ТМ-მა ორი რაკეტით ჩამოაგდო სამხრეთკორეული სამგზავრო ლაინერი, "ბოინგი-747", რასაც 269 კაცი ემსხვერპლა.
სამხრეთკორეული ავიაკომპანიის "ბოინგ-747" ასრულებდა სამგზავრო რეისს ნიუ-იორკი-ანკორიჯი-სეული, რომლის დროსაც მისმა ეკიპაჟმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, 500 კმ-ით ასცდა კურსს, რომლის დროსაც საბჭოთა სახალინის თავზე აღმოჩნდა და მისკენ საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები გაფრინდნენ - გამანადგურებლის მფრინავი რამდენიმე წუთი უკან მიჰყვებოდა "ბოინგს", რის შემდეგაც მართვის პუნქტიდან საჰაერო საზღვრის დამრღვევის ჩამოგდების ბრძანება მიიღო.
კრემლს არაფრით არ სურდა იმის აღიარება, რომ მისმა სამხედროებმა სამგზავრო ლაინერი იმსხვერპლეს და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი იყო.
2000 წელს რუსეთის მაშინდელმა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ორდენით დააჯილდოვა გენერალი კორნუკოვი, რომელმაც 1983 წლის 1-ლ სექტემბერს სამხრეთ კორეის სამგზავრო "ბოინგის" უკან მფრენი გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტს რაციით, ღია ტექსტით უბრძანა: "მე გიმეორებთ, გაანადგურეთ სამიზნე რაკეტებით!".
ეს საბჭოთა სამხედროების მიერ სამხრეთკორეული სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების მეორე ფაქტი იყო - 1978 წლის 20 აპრილს კარელიის ოლქთან გზააბნეულ სამხრეთკორეულ "ბოინგ-707"-ს (მასში 109 კაცი იჯდა) საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა თვითმფრინავებმა ორი "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტა ესროლეს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, "ბოინგი" სამგზავრო იყო და არა სამხედრო.
"ბოინგის" ეკიპაჟმა სასწაულებრივად მოახერხა რაკეტებმოხვედრილი "ბოინგის" მშვიდობიანად დასმა მურმანსკის რაიონში, გაყინულ ტბაზე, თუმცა ორი მგზავრი ჰაერშივე იმსხვერპლა აფეთქებული რაკეტების ნამსხვრევებმა. საბჭოთა კავშირმა არათუ კომპენსაცია არ გადაუხადა დაღუპულთა ოჯახებს, 100 000-დოლარიანი ჯარიმა მოითხოვა სეულისგან. კორეულმა საავიაციო კომპანიამ მიატოვა გაყინულ ტბაზე დამჯდარი "ბოინგი", რომელიც მოსკოვში გადაიტანეს, დაშალეს და საბჭოთა ავიაკონსტრუქტორებმა მისი დეტალურად შესწავლა დაიწყეს.
სახალინთან სამხრეთკორეული "ბოინგის" ჩამოგდებიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ, ამჯერად უკვე რუსეთის კრემლმა, იგივე დანაშაული უკვე დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს წინააღმდეგ გაიმეორა - აფხაზეთის ომის ბოლოს, 1993 წლის 20-23 სექტემბერს, ანუ ოთხი დღის განმავლობაში, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას ჩამოაგდეს, სამიც აეროდრომზე ააფეთქეს, რასაც საერთო ჯამში 137 კაცის დაღუპვა მოჰყვა. ეს იყო სამოქალაქო ავიაციის ტერორისტული ხერხებით განადგურების არნახული შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არავინ დასჯილა.
2014 წლის 17 ივლისს კრემლმა ჩაიდინა სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული - მეზობელი ქვეყნის, უკრაინის ტერიტორიაზე მალულად შეყვანილი "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო მალაიზიური სამგზავრო "ბოინგ-777", რასაც 298 კაცი ემსხვერპლა.