ერთი ავიაკატასტროფა და ორი სერიოზული ავარია ერთ დღეს - სამგზავრო თვითმფრინავებით ფრენა საშიში ხდება? - კვირის პალიტრა

ერთი ავიაკატასტროფა და ორი სერიოზული ავარია ერთ დღეს - სამგზავრო თვითმფრინავებით ფრენა საშიში ხდება?

ჯერ კიდევ არ განელებულა 25 დეკემბრის ტრაგედია, როდესაც რუსულმა საზენიტო რაკეტებმა გროზნოსთან ფატალურად დააზიანეს აზერბაიჯანული სამგზავრო ლაინერი Embraer 190-ი(რასაც საბოლოო ჯამში 38 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა), რომ 29 დეკემბერს ახალი მძიმე საავიაციო შემთხვევები მოხდა და თანაც ერთ დღეს სამი...

განსაკუთრებულად ტრაგიკული გახლდათ სამხრეთ კორეაში მომხდარი კატასტროფა - 29 დეკემბრის შუადღეს ტაილანდის დედაქალაქიდან ბანგკოკიდან სამხრეთ კორეის ქალაქ მუანისკენ რეისს ასრულებდა სამხრეთკორეული ავიაკომპანიის Jeju Air-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Boeing 737-8AS-ი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 6 წევრი და 175 მგზავრი.

2-kat-1735499784.jpg
ასე გამოიყურებოდა სამხრეთკორეული ავიაკომპანიის Jeju Air-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Boeing 737-8AS-ი კატასტროფამდე...

მუანის აეროპორტთან მიახლოებისას (რომელიც ყვითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს), ავიადისპეტჩერმა (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი - FDL) ლაინერის ეკიპაჟი გააფრთხილა ფრინველების გუნდთან შეჯახების საშიშროებაზე და მართლაც ორიოდე წუთში ვიდოკადრში ფიქსირდება, რომ აეროპორტთან მიახლოებულ ამ „ბოინგის“ მარჯვენა ტურბორეაქტიული ძრავის საქშენიდან გამოიტყორცნება ცეცხლის ალი, რაც ძრავის პომპაჟზე მიუთითებს, რომელიც სწორედ ფრინველის ტურბორეაქტიულ ძრავში მოხვედრას შეიძლება გამოეწვია...

ვიდეო: სამხრეთკორეული „ბოინგის“ კატასტროფა...

მომდევნო ვიდეოკადრში კი აღბეჭდილია რამდენიმეწამიანი ტრაგედია - ეს „ბოინგი“ გაუშლელი შასით, „მუცლით“ ჯდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ბუნებრიავა ვერ ასწრებს დამუხრუჭებას და საშინელი ძალით ასკდება ზოლის ბოლოში რატომღაც აშენებულ ბეტონის კედელს...

ძნელი სათქმელია, ისევ ფრინველთან ან ფრინველების გუნდთან ჰაერში შეჯახება გახდა იმის მიზეზი, რომ „ბოინგის“ ეკიპაჟმა ვერ შეძლო შასის გახსნა თუ მარჯვენა ძრავის პომპაჟის გამო სტრესში მყოფებს, მათ უბრალოდ დაავიწყდათ შასის გამოშვება, მაგრამ თვითმფრინავი რომ გამოშლილი შასით დამჯდარიყო ასაფრენ ზოლზე და არა „მუცლით“ ესრიალა („ბოინგ-737“-ის დასაფრენი სიჩქარე დაახლოებით 240-250 კმ/სთ-ია, დამოკიდებულია შემხვედრ ქარზეც), მაშინ შეძლებდა გამოეყენებინა შასის საბურავების ავარიული მუხრუჭების სისტემა, რაც ამ საბურავებს ბოლოს ნაფლეთებად აქცევდა და პატარა ცეცხლიც წაეკიდებოდათ, მაგრამ სამაგიეროდ 66 ტონამდე მასის (Boeing 737-8AS-ის მაქსიმალური დასაფრენი მასა) ლაინერი დიდი ალბათობით მოასწრებდა დამუხრუჭებას ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ბოლომდე...

3-kat-1735499784.jpg
ვიდეოკადრიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს სამრეთკორეული „ბოინგის“ მარჯვენა ტურბორეაქტიული ძრავიდან გამოტყორცნილი ცეცხლის ალი-სავარაუდოდ ძრავში ფრინველი მოხდა და მისი პომპაჟი გამოიწვია...

ტურბორეაქტიული ძრავების რევერსს (როდესაც ძრავებიდან გამოტყორცნილი აირის მიმართულება ფრენის საპირისპირო მიმართულებით იცვლება, რაც მნიშვნელოვნად ანელებს თვითმფრინავის დასაფრენ ზოლზე გარბენის მანძილს) ეკიპაჟი ეტყობა ვერ გამოიყენებდა, თუკი მარჯვენა ძრავმა პომპჟი განიცადა-რევერსის არასიმეტრიული ამოქმედება მარტო მარცხენა ძრავით, ზოლზე დიდი სიჩქარით მოძრავ „ბოინგს“ მარჯვნივ შემოაბრუნებდა და გადაატრიალებდა.

ასეთი შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე საშტატო დამუხრუჭების პრობლემა და მრავალტონიანი ლაინერის დიდი სიჩქარით გადასვლა ბეტონირებული ზოლიდან, თანამედროვე აეროპორტებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ორივე ბოლოში ამატებენ სპეციალური მასალისგან დამზადებულ მონაკვეთებს,რომელზეც გადასვლისას მოძრავი თვითმფრინავი (გინდ შასით და გინდაც „მუცლითაც“) მასში „ეფლობა“, მკვეთრად ანელებს სიჩქარეს და ჩერდება-სამწუხაროდ ასეთი საშუალება არ იყო დამონტაჟებული სამხრეთკორეული მუანის აეროპორტში, სამაგიეროდ ბეტონირებული ზოლის ბოლოში რატომღაც ასევე ბეტონირებული, მაგრამ უკვე ვერტიკალური კედელი იყო აშენებული...

4-kat-1735499783.jpg
კატასტროფაგანცდილი სამხრეთკორეული „ბოინგიდან“ ესღა დარჩა...

ორივე ავიაკატასტროფა, როგორც ყაზახეთის აქთაუსთან, ისე სამხრეთკორეულ მუანში ერთმანეთს წააგავს, რადგან ორივე ავარიული დაშვებისას მოხდა-თუკი აზერბაიჯანულ ეკიპაჟს რუსულმა საზენიტო რაკეტებმა მწყობრიდან გამოუყვანეს მართვის ორგანოები (საზენიტო რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანეს აზერბაიჯანული „ემბრაერის“ მართვის სისტემის ჰიდრავლიკა, საიდანაც სპეციალური სითხის თანდათანობით დაღვრა მოხდა), ფრინველებმა სამხრეთკორეულ „ბოინგს“ მარჯვენა ძრავი დაუზიანეს დაჯდომის წინ...

5-kat-1735499784.png
ცალმხარეზე დაფერდებული კანადური სამგზავრო De Havilland Dash 8-400-ი მას შემდეგ,რაც დაჯდომისას მარცხენა მთავარი შასი არ გაეხსნა...

ასევე 29 დეკემბერს მომხდარი კიდევ ორი საავიაციო შემთხვევა კი, საბედნიეროდ უმსხვერპლოდ დამთავრდა...

ჯერ იყო და კანადის ქალაქ გალიფაქსის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა ავიაკომპანია PAL Airlines-ის კუთვნილმა De Havilland Dash 8-400-მა (ორძრავიანი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი), რომელსაც მარცხენა მთავარი შასი არ გაეხსნა და დაჯდომისას მარცხენა ძრავი ბეტონზე „ახოხიალა“ ცეცხლის ალის თანხლებით, რაც შეშინებულმა მგზავრებმა ილუმინატორებიდან გადაიღეს...

6-katt-1735499784.png
ნორვეგიული „ბოინგის“ მგზავრებს ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის დატოვება ბალახებზე მოუწიათ, ისინი ბეწვზე გადაურჩნენ ამავე დღეს სამხრეთკორეაში ანალოგიური „ბოინგის“ ტრაგედიის გამეორებას...

ნორვეგიაში კი აფრენიდან მალევე ავიაკომპანია KLM-ის Boeing 737-800-ს პრობლემები შეექმნა მართვის ჰიდრავლიკურ სისტემაში და საწვავის მარაგის ნაწილის გახარჯვის შემდეგ ეკიპაჟმა ის სხვა აეროპორტში დასვა, თუმცა ვერ ჩაეტია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაბარიტებში და ბალახებზე გადავიდა, სადაც 176 მგზავრისა და ეკიპაჟის 6 წევრის საბედნიეროდ მათ ბეტონის კედელი არ დახვდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ასცდებოდნენ იმავე დღეს სამხრეთკორეაში ასეთივე „ბოინგზე“ მომხდარი ტრაგედიის გამეორებას...

ვიდეო: კანადური სამგზავრო ლაინერის, რომელსაც მარცხენა შაში არ გაეხსნა, ავარიული დაჯდომის ვიდეოკადრები...