როგორი იქნება „ორპრეზიდენტიანობის“ ეფექტი?! - კვირის პალიტრა

როგორი იქნება „ორპრეზიდენტიანობის“ ეფექტი?!

ზუსტად იმ წუთებში, როდესაც "ქართული ოცნება" პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ატარებდა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ის იბრძოლებს ქვეყანაში და მის გარეთაც, რათა გათავისუფლდნენ დაკავებულები, გაიმართოს ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ყველაზე სიმბოლური და განსაკუთრებით ემოციური მაინც ის იყო, რომ მან ორბელიანების სასახლე დატოვა იმ ტანსაცმლით, რომელიც 6 წლის წინ თავის ინაუგურაციაზე ეცვა.

„პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახალხო და პოლიტიკური ძალების რაღაც კონსენსუსი მაინც უნდა იყოს“

დავით­ ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - სალომე ზურაბიშვილს კარგი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, "აიზმენებდა" გოიმებს და მათაც ძალიან ეშინოდათ, მართლა მანდ არ დარჩეს და მერე დაჭერამ არ მოგვიწიოსო. რომ იტყვიან, კატათაგვობანას ეთამაშებოდა. ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ იმ შენობაში არ დარჩებოდა, მით უმეტეს, იქ ფიზიკურ ყოფნას მნიშვნელობა არა აქვს. სიტუაციამ ცხადყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერია და მას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყანაში, ის მის საზღვრებგარეთაც. ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული და ცხადია, ამას ტრამპის უნებართვოდ ვერავინ გაბედავდა. ამიტომაც ამ მიწვევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ყაველაშვილის პრეზენტაციას თუ ინაუგურაციას, კაცმა არ იცის, რა ჩაატარეს. ასეთი სამარცხვინო ამბავი, მგონი, საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდება და პრეზიდენტის არჩევა, იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპრეზიდენტო, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახალხო და პოლიტიკური ძალების რაღაც კონსენსუსი მაინც უნდა იყოს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ირჩევენ ავტორიტეტულ პირს, რომელსაც ოპოზიციაშიც ავტორიტეტი აქვს, ხელისუფლებაშიც და კრიზისულ სიტუაციაშიც შეუძლია სიტყვის თქმა. სახელმწიფო ინსტიტუციების ასეთ შეურაცხყოფას, იმედია, აღარ ვიხილავთ.

- ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბრძოლას აგრძელებს. თქვენი აზრით, პარტიას შექმნის?

- შეიძლება თავისი მოძრაობაც ჩამოაყალიბოს, რომელიც ყველაზე რეიტინგული იქნება ოპოზიციაში. არ ვიცი, ვინ შევა, ეს აქტივისტები, რომლებიც ამ პროცესში გამოჩნდნენ თუ პოლიტიკოსები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დააპირებს, რადგან სიტუაცია ითხოვს. ვნახოთ, დანარჩენი კონფიგურაცია როგორ ჩაეწერება ამ სიტუაციაში. ჯერჯერობით ყველა პოლიტიკური მოთამაშე, წამყვანი ფიგურა ამ საპროტესტო ტალღაში, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ლოიალურობას ინარჩუნებს.

- რა შეიძლება მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას?

- დასანქცირება უმძიმესი დარტყმაა ბიძინა ივანიშვილისთვის. ახლა რასაც ვუყურებთ, ცოტა რომ დავფიქრდეთ, ივანიშვილის მიზანი რა იყო და მთელი ეს ანტი­დასავლური კამპანია რისთვის წამოიწყო, შეიძლება მთელი სპეკულაციები ავაგოთ, რომ 2012 წელსვე ჰქონდა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ ზომიერი და ფრთხილი პროდასავლური კურსიდან ანტიდასავლურსა და უფრო რუსეთის და აზიური თუ ახლო აღმოსავლეთის ტიპის პოლიტიკურ სფეროში გადანაცვლება ძალიან აშკარად გამოჩნდა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე. რა იყო მიზანი, რატომ დაიწყო ანტიდასავლური კამპანია? ჩემი აზრით, სურდა მიეღო სრული გარანტია იმისა, რომ თვითონ იქნებოდა აქ ერთადერთი და განუმეორებელი მმართველი და დაახლოებით იგივე როლი შეესრულებინა, რასაც ასრულებს ერდოღანი თუ ალიევი, თუმცა ერდოღანის რეჟიმი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ჩვენთან. პრინციპში მაინც არადემოკრატიული, რაც იქნება მისაღები რუსეთისთვის, მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ამერიკაც თუ ევროკავშირიც იძულებული იქნებიან ამას შეეგუონ. იქნება რაღაც რუხი ზონა და მას საშუალება ექნება აკეთოს ბევრი ფული და ისარგებლოს ტრანზიტული ფუნქციით. ჩემი აზრით, მის წარმოდგენებში ასე ჩანდა­ და არა მგონია, მისი მიზანი იყო რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროში მოქცევა. თუმცა ამ მიმართულებით, ვფიქრობ, მაინც გადადგა ნაბიჯი, ომის დაწყების შემდეგ პრინციპში რუსეთისთვის მაინც გასცა დაპირებები. პირდაპირ მხარი კი არ დაუჭერია, ალბათ, რაღაც ვალდებულებები იკისრა. მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ომში რუსეთის მხარეს იყო და რბილად, ლაითად უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე რეზოლუციებში ჯერ კიდევ რუსეთის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. მერე ეს ნელ-ნელა­ გადაიზარდა რუსეთის მხარდაჭერაში, რაც რუსეთმა დაუფასა კიდეც. რუსულ გადაცემებს თუ უყურებთ, რუსეთი ბიძინასგან ითხოვდა, დასავლეთს ზურგი შეაქციე, აღიარე აფხაზეთი და ცხინვალი, დაამყარე დიქტატურა, დაიჭირე ზურაბიშვილი და სხვები და მერე ბელორუსიზაციაო. ვფიქრობ, ბელორუსიზაციაა ივანიშვილის მიზანი, მაგრამ საქმე ის არის, ვერ მოზომა თავისი შესაძლებლობები. ის არც პიროვნულად არ იყო იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, არც საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და საერთაშორისო კონიუნქტურა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ავტორიტარული რეჟიმი ჰქონოდა. ამის საშუალებას საერთა­შორისო ურთიერთობების სისტემა არ აძლევდა და მან ეს გეოპოლიტიკური ვითარება არასწორად შეაფასა. ჩემი აზრით, ამაში როლი ითამაშა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამაც, რამაც ის გაათამამა და ჩათვალა, რომ ყველაფერი გასდის. მანამდე რაც მან დასავლეთს აგინა, არც სანქცია დაუწესდა და ქვეყანას სტატუსიც მისცეს, როგორც ჩანს, ჩათვალა, მე ძალიან ვჭირდები დასავლეთს და ბოლომდე ჩავაჭერო. ბოლომდე ჩაჭერა საპარლამენტო უმრავლესობა იყო, პრეზიდენტად ჯოხის დადება, ოპოზიციის ჩახშობა, ყველანაირი ინიციატივის მოსპობა და მე ვარ და ჩემი ნაბადი­. რა თქმა უნდა, ეს არ გაუვიდოდა და არც გაუვიდა. ამ რაღაც ნეიტრალურ-შუამავლური როლისთვის, სადაც სატრანზიტო გზები იქნება სამხრეთიდან ჩრდილოეთზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთზე, ჩინეთი, ირანი,­ თურქეთი, ცენტრალური აზია, რუსეთი - აი, ამ ქვეყნებში მნიშვნელოვან ფიგურად თუ უნდა წარმოჩნდეს, დასანქცირებული პირი ასეთ ფუნქციას ვერ შეასრულებს. ის ამ სივრცეშიც იქნება აუტსაიდერობისთვის განწირული, პუტინსაც კი არ სჭირდება დასანქცირებული ლიდერი. თუ აქ სატრანზიტო გზები უნდა იყოს, კორუფციული ურთიერთობები აიგოს, დასანქცირებულ პირთან ეს არავის აწყობს. ამიტომაც მისთვის სანქციები სასიკვდილო საფრთხე და მისი გეოპოლიტიკური ოცნებების დასამარებაა. გამორიცხულია, დასანქცირებულმა პირმა ეს ფუნქცია შეასრულოს და არა მარტო იმიტომ, რომ დასავლეთს არ უნდა, არამედ იმიტომაც, რომ არც იმათ სჭირდებათ, ვისთანაც ურთიერთობას გეგმავდა.

- ივანიშვილს სიტუაციის შემობრუნება შეუძლია?

- ახლა მისთვის ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება დაანებოს პოლიტიკას თავი, ჩაატაროს არჩევნები და ჩამოსცილდეს პოლიტიკას. ეს სანქციები ჯერ კიდევ არ არის ისეთი­ მკაცრი და შესაძლოა ტრამპმა უფრო გაამკაცროს. თუმცა მისთვის ესეც მძიმეა, რადგან მას თავისი აქტივების დიდი ნაწილი სწორედ იმ აქციებში აქვს, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია და თავისი ქონების დიდი ნაწილი გაეყინება. სანქციები ჯერ უფრო მსუბუქია, მისი ოჯახის წევრებს არ ეხება და თუკი თავისას არ დაიშლის, მერე ოჯახის წევრებსაც შეეხება. არავინ შეგარჩენს იდგე პატარა ქვეყანაში და მისი გეოპოლიტიკური წონის შეუსაბამოდ დედას აგინებდე უძლიერეს ქვეყნებს.

- მაინცდამაინც ახლა რატომ დაასანქცირეს, როდესაც ამ ადმინისტრაციას სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი?

- სწორედ იმიტომ, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია. ტრამპმა შეიძლება შეარბილოს სანქციები, თუ წავა ივანიშვილი დათმობაზე, ან პირიქით - არ წავა და, კიდევ დასჯის. ტრამპი შეიძლება მშვიდობისმყოფლის როლშიც მოგვევლინოს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი უკან დაიხევს.

7a0d0532-b9ea-441a-92fd-cdfc7b0115c5-1735501654.jpg

"ოცნება" ყველაფერზე იყო წამსვლელი და შეიძლებოდა მართლა დაეკავებინათ სალომე ზურაბიშვილი"

ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - პრეზიდენტის სასახლე ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა, თუმცა ზურაბიშვილის იქ დარჩენა აბსურდი იქნებოდა. ლეგიტიმაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი არის იქ, სადაც დგანან დემოკრატიის მომხრეები. სალომე ზურაბიშვილი თავად წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის დემოკრატიული სულისკვეთებისა და ევროპული არჩევანის რწმენას. ჩემი აზრით, ორბელიანების სასახლიდან გამოსვლით ავიცილეთ ძალიან ცუდი სცენარი, რადგან "ქართული ოცნება" ყველაფერზე იყო წამსვლელი და შეიძლებოდა მართლა დაეკავებინათ სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება მის სამოქმედო გეგმას, ის არაჩვეულებრივია. დღეს საქართველოში არა მხოლოდ მმართველ, არამედ ყველა პარტიას მოსახლეობის ნდობა აქვს დაკარგული. არც ერთ ფლანგზე არ არიან ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ხალხის გაერთიანება, დიალოგისა და თანამშრომლობის წამოწყება. ერთადერთი გამონაკლისი სალომე ზურაბიშვილია. მან თავის გამოსვლაში ახსენა ახალი პოლიტიკური ძალები და სახეები, რომლებსაც მოუწოდა, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ. მაგალითად, ის მოუწოდებს მემარცხენეებს და სოციალ-დემოკრატებს გააქტიურდნენ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. შესანიშნავია, რომ ქალბატონი სალომე არა მხოლოდ პოლიტიკურ კლასს დაელაპარაკება, არამედ ჩავა რეგიონებში და შეხვდება მოსახლეობას. იმოგზაურებს დასავლეთში და შეეცდება მიაღწიოს ხელახალ არჩევნებს.

- ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ზურაბიშვილი სვეტიცხოველში გაემართა. რამე სიმბოლოსთან ხომ არ არის დაკავშირებული ეს ფაქტი?

- "ოცნება" ამბობს, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს ეწინააღმდეგება, ურწმუნო, დემონი და ეკლესიის ძირის გამომთხრელია. ქალბატონი სალომე ბავშვობიდან ქართული სამრევლო ეკლესიის მგალობელი იყო და მართლაც მორწმუნეა. ისე კი არა, ახლა რომ დაიწყო ზოგიერთმა სანთლის დანთება. პარიზში წმინდა ნინოს ეკლესია იყო ქართველების გამაერთიანებელი ადგილი, განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატებისთვის, სალომე ზურაბიშვილი კი მათი შთამომავალია და ბავშვობიდან სოციალიზირებულია როგორც მორწმუნე ქრისტიანი. დიახ, წავიდა ტაძარში და ილოცა, როგორც ქრისტიანს შეეფერება. მადლობა გადაუხადა ღმერთს ყველაფრისთვის და სთხოვა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იყოს. ეს მისი ცხოვრების ნაწილია.

- სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის პარალელურად პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

- ჩვენ ვიხილეთ უხმაუროდ ჩატარებული პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელშიც არავინ მონაწილეობდა, არავის უხაროდა, კანდიდატს სახე ჩამოსტიროდა. პრეზიდენტის ინაუგურაცია დაცლილი იყო მთავარი შინაარსისგან. არავინ ესწრებოდა საერთაშორისო საზოგადოების და არც ქართველი საზოგადოების წარმომადგენელი. ძალით იყო მიყვანილი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ხალხი, რათა რაღაც ანტურაჟი შეექმნათ ამ პროცესისთვის. ბიძინა ივანიშვილიც იქ იჯდა, რომელიც პარლამენტის დეპუტატი აღარ არის და რატომ ესწრებოდა პროცესს, კაცმა არ იცის. ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, ივანიშვილი ინაუგ­ურაციას არ უნდა დასწრებოდა. კომიკურია თვითონ ყაველაშვილიც. სახელმწიფოს მეთაურის ქცევის ელემენტარული უნარები არა აქვს. ეს იყო სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების დაცინვა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციით ჩვენ ვიხილეთ "ქართული ოცნების" მიერ კიდევ ერთი ინსტიტუტის უზურპაციის ღონისძიება. თუმცა ისიც ცხადია, რომ ე.წ. ხელისუფლება ამ ინსტრუმენტს ვერ გამოიყენებს. ეს ჰგავს ომის დროს ჯარის მიერ დაპყრობილ სტრატეგიულ სიმაღლეს, რომელსაც ვერ იყენებს ვერც ზარბაზნებისთვის, ვერც სტრატეგიულად და ტყუილად აქვს დაკავებული. აჰა, ფორმალურად აქვთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, რა უნდა გააკეთოს ყაველაშვილმა, რა სარგებელი უნდა მოუტანოს ან ქვეყანას, ან პარტიას?! ტყუილი ცდაა, უბრალოდ, ივანიშვილი ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გვამცირებს და გვეუბნება, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, ვისაც მინდა იმას დაგასვამთ თავზე და თქვენ ხმას ვერ ამოიღებთო, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ხმას და არ ვეგუებით, რომ ბატონი ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია.

სინამდვილეში არავის ეზეიმება, ივანიშვილი სანქცირებულია და უარესის მოლოდინშია, არა მხოლოდ ის, არამედ მთელი პარტია. თვეზე მეტია საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში დგას, ქვეყანა კრიზისშია. ბუნებრივია, ინაუგურაციის საზეიმოდ ჩატარებას მოერიდნენ. ჩაატარეს უხმაუროდ, რადგან ხალხის შეეშინდათ, გარეთ რომ ჩაეტარებინათ, ნებისმიერ ადგილას მივუცვივდებოდით, შევაწუხებდით.

- შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა და როგორც ამბობთ, ეს პროცესი გაგრძელდება. კიდევ რა ტიპის სანქციები შეიძლება ვიხილოთ?

- შეერთებულმა შტატებმა აამოქმედა სანქცირების რეჟიმი, გვამცნეს, რომ მომავალ კვირას წარადგენენ "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას. ორი ვარიანტია: პირველი - ივანიშვილის მოხვედრა მაგნიტსკის სიაში და მეორე - სანქციები დაუწესდეთ "ქQართული ოცნების" სხვა იერარქიებსაც, მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, ივანიშვილის მედიაპროპაგანდისტებს: გოგა ხაინდრავას, შალვა რამიშვილს... ამ ხალხის დასანქცირებას უფრო დიდი ეფექტი ექნება, იმიტომ, რომ ივანიშვილს ყოველდღიურ ცხოვრებაში მართლა არ სჭირდება ბარათის გამოყენება, ჩამოთვლილ პირებს კი სჭირდებათ. მათზე თუ გავრცელდება სანქციები, ეს გამოიწვევს "ოცნების" გემზე არეულობას. სავარაუდოდ, სანქციები გავრცელდება მათი ოჯახების წევრებზეც. ასე რომ, თუ უკან არ დაიხევს ივანიშვილი, არ წავა, ნელ-ნელა ყველა ეს მექანიზმი ამუშავდება.

რაც შეეხება სანქციების შინაარსსა და დატვირთვას. ფინანსური სანქციების შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, დასანქცირებული პირი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი, დოლართან დაკავშირებულ ვერც ერთ ოპერაციას ვერ ჩაატარებს, დოლარზე დაფუძნებულ ვერც ერთ საფინანსო სისტემაში ვერ ჩაერთვება. ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ რუბლში, ჩინურ იუანში ან არაბულ ვალუტაში შეუძლია მოქმედება, სხვა მხრივ შეზღუდულია საბანკო მომსახურების მიღებაში. ყველა, ვინც დასანქცირებულ პირებს გაეკარება, მათთან ერთად რაიმე საქმეს გააკეთებს, ისინიც სანქციებში აღმოჩნდებიან. შტატების მოქალაქეები კი, რომლებიც მათთან დაიჭერენ საქმეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. მაგალითად, ბატონი რუხაძე, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ალბათ, ახლა ძალიან შეშინებულია, მას ვერავინ დაასანქცირებს, რადგან შეერთებული შტატების მოქალაქეა, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, რადგან დარღვევის შემთხვევაში მასზე პირდაპირ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება შეერთებულ შტატებში და დაიჭერენ როგორც ამერიკის მოქალაქეს.

სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი არ ელოდა, რომ სანქციები ასე მალე ამ ფორმით ამოქმედდებოდა და პირდაპირ ხაზინა დაასანქცირებდა. ალბათ ჯერ ელოდა სავიზო შეზღუდვას, გამაფრთხილებელ სანქციებს. რა თქმა უნდა, სანქციების წინაშე რომ დადგებოდა, ეს მან იცოდა და, ალბათ, რაღაც მექანიზმები მოფიქრებულიც აქვს - შესაძლოა დიდი ოდენობით ნაღდი ფული აქვს ან რუსეთში საქმეები აქვს დალაგებული და ა.შ. თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო "მომზადებული" სანქციებისთვის, მისთვის ეს მაინც ძალიან დიდი დარტყმაა. რაც შეეხება გარემოცვას, ისინი არასერიოზული ხალხია, ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ, დათვურ სამსახურს უწევენ ივანიშვილს. რა გმირობა და რა ჯილდოებზეა საუბარი, როცა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი თვითონ, მთელი ოჯახი, მისი ფინანსები. ესენი კიდევ მის გმირობაზე საუბრობენ, თურმე ქვეყნის სიყვარულისთვის დასანქცირდა. მან კი ამ მდგომარეობაში თავი ჩაიგდო დასავლეთთან ძალიან ხისტი და უკომპრომისო პოლიტიკის გამო. ისეთი უგუნური ქმედებები ჩაიდინეს, რომ შტატებმა დაასანქცირა, ისე როგორც პუტინის პირადი ოლიგარქები და ბელორუსის ხელმძღვანელობა.

რა შედეგი ექნება ივანიშვილის დასანქცირებას საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის? ის უფრო გაბოროტდება მოსახლეობაზე, უფრო გასასტიკდება, უფრო მეტად გამოიყენებს ძალადობრივ მეთოდებს ამ პოლიტიკური ტალღის ჩასახშობად. დღეს ის ჩიხშია მოქცეული, ქონების დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებს, დღეს მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს აკონტროლებს და თუ დაკარგავს მართვის სადავეებს, ეს იქნება კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმა. ამიტომ არ დაუშვებს ამას და გაამკაცრებს ქმედებებს. წინ სახიფათო პერიოდი გველოდება, ივანიშვილი კლანჭებს უფრო მეტად გამოაჩენს. შეეცდება საქართველოში მაინც შეინარჩუნოს პოზიცია. მას შემზღუდავი მექანიზმი აღარ აქვს, დასავლეთისგან განწირულია და ვინღა შეაჩერებს?! რაც დასაკარგი ჰქონდა, უკვე დაკარგა.

მინდა გაგახსენოთ ოფშორების კანონი, რომელიც ე.წ რუსული კანონის პარალელურად, დაჩქარებული წესით მიიღეს. ის, რომ ივანიშვილი ელოდა სანქცირებას, ამაზე მეტყველებს. მან სასწრაფოდ მიაღებინა ეს კანონი, რადგან ოფშორებში არსებული თანხები საქართველოში გაეთეთრებინა. ეს კანონი მარტო საკუთარი თავისთვის არ მიუღია. ივანიშვილის დღეშია უამრავი ოლიგარქი აღმოსავლეთ უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან - მათაც ოფშორულ ზონებში ჰქონდათ დიდძალი ფული, რომელთა გამოყენებასაც სანქციების შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ. ამ კანონის მიღების შემდეგ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ოფშორებიდან ფულის სამშვიდობოს გადმოტანა, არამედ ყველა იმ დასანქცირებულ პირს, რომელიც შტატებმა დაასანქცირა. ამ კანონით ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ფულის სარეცხ მანქანად გადააქცია.

1ea02dee-5a82-4711-878f-d62a3556f48f-1735501654.jpg

- არჩევნების შედეგების მიხედვით, ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან სამმა (გარდა კოალიცია "ცვლილებებისთვის"), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე უარი არ თქვა და ხელისუფლებისთვის ეს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების ტოლფასი გახდა.

- ეს არის თემა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აინტერესებს და მათ წამოსწიეს წინ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაფინანსების საკითხი პარლამენტის ლეგიტიმაციას დაუკავშირა. თუმცა რა ლოგიკით, არ ვიცი! კარგი იქნებოდა, ოპოზიციონერებს ჰქონდეთ საშუალება გამოაცხადონ სრული ბოიკოტი, არ აიღონ სახელმწიფოსგან არანაირი თანხა, ბოლომდე გაუწიონ წინააღმდეგობა, მაგრამ რეალობა სხვანაირია. საქართველოს ოპოზიციაში არიან პარტიები, რომელთა უკან დგას უზარმაზარი კაპიტალი, მათთვის სახელმწიფო დაფინანსება არაფერს ნიშნავს. მაგალითად, გვარამიას პარტია. მის უკან დიდი ფულია, ეს გამოჩნდა არჩევნების პერიოდში, ძალიან ბევრი ფული დახარჯეს, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად. საიდან მოდის ეს თანხები, კაცმა არ იცის. მეორე მხრივ, არის პარტიები, რომელთაც არაფერი აბადიათ - არც ბანკირი უდგათ უკან, არც უცნობი დამფინანსებელი და სახელმწიფო დაფინანსების უქონლობის ქუდი უნდა დაიხურონ და წავიდნენ პოლიტიკური ველიდან. კი, რა თქმა უნდა, რომ არ აეღოთ, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ.

მე არასდროს ვყოფილვარ იმ პოზიციის, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ უნდა განხილულიყო. გააჩნია, ბრძოლის რა ტაქტიკას ირჩევ და რა მეთოდებით იბრძვი. პარლამენტს აქვს თავისი ძალა და, ალბათ, თავის დროზე შეეძლოთ ისიც გამოეყენებინათ, მაგრამ დღეს უკვე სახალხო წინააღმდგეობის ეტაპია, დღეს პარლამენტში შესვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. კობახიძეს სურს ეს საკითხი მთავარ თემად აქციოს, ვითომ ამით პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა. არადა, ეს წვრილმანია, რომელზეც საუბარი შეიძლებოდა იმ შემთხვევში, თუ მშვიდ ვითარებაში ვიცხოვრებდით. ახლა ეს საკითხი პირველხარისხოვანი არ არის.

რუსა მაჩაიძე

სოფო კაჭარავა