29 დეკემბერს პარლამენტში პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა,­ მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო... პარალელურად ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა: "მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა" - განაცხდა მან და ორბელიანების სასახლე დატოვა...ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა - 30 დღეზე მეტია დემონსტრანტები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ... "თითოეულს საკუთარი ფუნქცია აქვს და უშუალოდ მონაწილეობს პოლიტიკის ფორმირებაში... არ არსებობს სუბიექტი, პარტია თუ ლიდერი, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია პროცესის სამართავად. ამის მომენტი დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობა გაიმარჯვებს. მანამდე ყველა საკუთარ თავს, პოლიტიკურ სუბიექტობას რეპრეზენტირებს და უერთდება ხალხს, როგორც ძალაუფლების წყაროს", - ამბობს პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე: - 27 დეკემბერს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა­ ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ითამაშებს თუ არა ეს გარდამტეხ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? - ეს არ არის ყველაზე მკაცრი სანქცია­, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ამერიკელებმა რაღაც სივრცე დატოვეს, რათა "ქართული ოცნების" რეჟიმმა იქნებ უკან დაიხიოს. თუმცა, მეორე მხრივ, აჩვენეს, რომ აშშ ყველაფრისთვის მზად არის. აშშ-მ მხარი დაუჭირა იმას, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ამდენი ხანია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს სანქცია ერთ თვეზე მეტია, რაც დავადეთ, ახლა ეს აშშ-მ გაიმეორა და ველოდებით, რომ დასავლეთის სხვა სახელმწიფოებიც იმავეს მოიმოქმედებენ. ჩვენ ვხედავთ ტრამპთან დაახლოებული პირების, რესპუბლიკელი სენატორების პოზიციებს. ისინი, შეიძლება ითქვას, უფრო მკაცრებიც კი არიან, ვიდრე დემოკრატები. ასე რომ, ამწუთას არ ველი, რომ ტრამპი "ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულებას შეარბილებს... ახლა ეს ნაბიჯი (სანქციების დაწესება)­ იმისთვისაა, იქნებ ხელი შეუწყოს კომპრომისს, ვნახოთ... "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააკეთოს არჩევანი, ერთი მხრივ, სამოქალაქო მშვიდობასა და სამართლიანობას და მეორე მხრივ, საკუთარ­ ძალაუფლებას­ შორის. თუ უკან არ დაიხევენ­, რეპ­რესიები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობის მოძრაობა გაიმარჯვებს. ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული. ახლა საქმე ეხება ნებას, ნება კი განპირობებული იქნება იმით, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. თუ წინააღმდეგობამ გაიმარჯვა, მაშინ "ქართული ოცნება" დანიშნავს ახალ არჩევნებს. თუ "ოცნებამ"­ მოახერხა და ხალხის წინააღმდეგობა გატეხა, მაშინ ახალი არჩევნები არ იქნება.­.. ცხადია, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, თუ "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა ისევ იმ პროკურატურით, იმავე სუს-ით, იმავე ცენტრალური საარჩევნო კომისიითა და საარჩევნო ადმინისტრაციით. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, "ოცნება" კვლავ შეძლებს მანიპულირებას. ყველაფერი უნდა გადავიდეს მიუკერძოებელი მონაწილეების ხელში. - მასობრივი გაფიცვებისა და ბოიკოტის­ გაძლიერების გარეშე შესაძლებელია აიძულო "ოცნება" არჩევნებზე დათანხმდეს? - ერთია შიდაპოლიტიკური, მეორე - საგარეო პოლიტიკური საკითხი. "ქართული ოცნების" დარწმუნება დანიშნოს ახალი არჩევნები, დამოკიდებული იქნება ამ ორი ინსტრუმენტის სინთეზზე, თუ რამდენად სინქრონიზებული იქნება წნეხი და რამდენად შესწევს "ოცნებას" ძალა, გაუმკლავდეს. თუ გვინდა ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან რეალურ გამოსავლად იქცეს, მაშინ ჯერ "ოცნება" უნდა გავტეხოთ, დავამარცხოთ, უზურპაციაზე ხელი ავაღებინოთ, ვაიძულოთ დათანხმდეს ახალ არჩევნებს. - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სტატუსს შეინარჩუნებს და ლეგიტიმურ ინსტიტუციად დარჩება. საზოგადოებრივ საბჭოსთან მისი კოორდინაცია თუ შექმნის სინერგიას პროცესების ფორმირებისთვის? - ძნელად წარმომიდგენია, ამ საბჭომ­ შეძლოს ქვეყნის არჩევნებამდე მიყვანა, უფრო მგონია, ფორმალური ინსტრუმენტი­ იქნება\... ერთი რამ ცხადია, რთულ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, რომელიც სახიფათოც კია, ფაქტობრივად, გვყავს ორი პირი, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ერთი მხრივ, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვყავს, ხოლო მეორე მხრივ, "ოცნების" დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი, პირი, რომელიც პრეზიდენტობას იჩემებს და ვის მხარესაც არის ძალა. იქით მხოლოდ ლეგიტიმაციაა და ამ ვითარებაში რა შეიძლება მოხდეს, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის, სად იჯდება ზურაბიშვილი, არამედ რა სტატუსით ზის და რამდენად ეფექტურად გააგრძელებს პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ასევე ხალხის პრეზიდენტად დარჩენას. - რა დროს და რა ვითარებაში ინიშნება ხელახალი არჩევნები? - ხელახალი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმით გადადგება მთავრობა - როცა ძველი პარლამენტი ნდობას დაკარგავს, ან პრემიერ-მინისტრი გადადგება... ეს მომენტი ჯერ არ გვიდგას აქტუალურად. მე ვხედავ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებას, მაგრამ ეს წინსვლა ჯერ არ არის იმდენად გარდამტეხი, რომ "ოცნების" ძალაუფლების ციტადელი ჩამოიშალოს. მართალია, "ოცნება" ვეღარ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ციტადელს, როცა ის ჩამოიშლება, მერე ყველაფერზე დათანხმდება. ახლა სისტემა არ მუშაობს, არაფერი მუშაობს, არ არსებობს კანონები, არ არსებობს წესრიგი, არის ორი დაპირისპირებული ძალა და ვინც მოერევა,­ ის დაადგენს წესებს... ხალხი ქუჩაში რომ აღარ გამოვიდეს და წინააღმდეგობა შეწყდეს, რეჟიმი დაიწყებს ინდივიდუალურ დონეზე წმენდას და მისთვის ყველა არასასურველ პირს სხვადასხვა ფორმით გაანეიტრალებს - იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა, ქვეყნიდან გაქცევა-გადახვეწა თუ სხვა მეთოდები.