„როცა პროტესტს არა ჰყავს „თავი“, ეს ცუდიცაა და კარგიც“
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში მიდის დისკუსია, ხომ არ ხდება საქართველოს ბელორუსიზაცია, რაც ევროკავშირისგან დისტანცირებასა და რუსეთის ორბიტაზე დამკვიდრებას გულისხმობს. შეგახსენებთ, 2020 წელს ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ არალეგიტიმურად გამოაცხადა. ევროკავშირმა მინსკს სანქციები დაუწესა, ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა კი მძლავრი რეპრესიები წამოიწყო... გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე:
- ბელორუსში ანტირუსული განწყობა არასდროს ყოფილა ძლიერი. საბჭოეთი ისე დაიშალა, მინსკში ერთი ბელორუსულენოვანი სკოლაც არ ყოფილა, იქ რუსიფიკაცია ძალიან შორს იყო წასული. მთავარი, რაც მათგან განგვასხვავებს, ის არის, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის იმპერიის აღდგენას, ის საბჭოთა პროექტი, რომელსაც ლუკაშენკო სთავაზობს ბელორუსს, ხოლო პუტინი რუსებს, ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვერ ამბობს "ქართული ოცნება", რომ რუსეთისკენ მივდივართ, ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ახლა იმიტომ ვეუბნებით უარს, რომ ის ქართველობას ეწინააღმდეგებაო. მაგრამ ამ ქვეყანაში არის დიდი კრიტიკული მასა, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც უარს ამბობენ იმპერიაში ხელახალ რეინკორპორაციაზე, ხელახალ დამონებაზე. ამიტომაც არ გაჩერდებიან, განსხვავებით რუსეთისა და ბელორუსისგან, სადაც საბჭოეთის დანგრევის შემდეგ დემოკრატია არც ყოფილა. ბოლო 33 წელია ჩვენი ხალხი შეეჩვია სიტყვის თავისუფლებას, მეტ-ნაკლებად - დემოკრატიას და რუსულ სივრცეში დაბრუნება და თავისუფლების წართმევა მისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. საქართველოში ეს გამორიცხულია! ხალხი არ აპირებს შეეგუოს ეროვნული თავისუფლების დაკარგვას. რას უზამენ ამ ხალხს? მიმდინარე პროტესტს არც პოლიტიკური პარტია უდგას სათავეში, არც ლიდერი ჰყავს.
- ანუ ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სახალხო მოძრაობა?
- ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, უკრაინაში უკრაინელები თუ სანგრებში იბრძვიან, ჩვენ რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვდგავართ. კრემლის პერსპექტივით ეს არის რეკოლონიზაციისთვის ბრძოლა, ჩვენი პერსპექტივით კი დეკოლონიზაციისთვის ბრძოლა, რათა გავთავისუფლდეთ იმ უბედურებისაგან, რასაც ორ საუკუნეზე მეტია რუსეთის კოლონიად ყოფნა ჰქვია, და შევიდეთ იმ ნავსაყუდელში, რასაც ევროკავშირი და ცივილიზებულ ერთა ოჯახი ჰქვია.
- რა განაპირობებს პატარა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას?
- ბელორუსში, მიუხედავად იმისა, რომ იქ გამოკვეთილი იდენტობა და ნაციონალიზმი არ არსებობს, რევოლუციამ მაინც გაიმარჯვა, მაგრამ რევოლუცია დამარცხდა რუსულ სპეცრაზმთან, რომელიც რუსეთიდან გაგზავნეს. საქართველოში ეს არ გამოვა. ქართული ჯარი არასდროს მიიღებს, რომ აქ რუსი ჩამოვიდეს და ქართველ ადამიანს რამე დაუშავოს. გარდა ამისა, საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემდეგი: გლობალურ ჭრილში რომ შევხედოთ, საქართველო სუსტი, ღარიბი ქვეყანაა, დემოგრაფიულად, ბუნებრივი რესურსებით, ეკონომიკურად არ არის ისეთი მდიდარი, რათა ამ თვალსაზრისით თვითმყოფადი იყოს. მთელი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე საბჭოეთში, საქართველო დოტაციაზე მყოფი ქვეყანა იყო. სხვათა შორის, ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ჩვენს სისუსტეში იყო და აი, რატომ: პატარა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი რომ დაამყარო, აუცილებლად გჭირდება ორიდან ერთი პირობა. 1. გქონდეს ძლიერი შინაგანი რესურსი, როგორც, მაგალითად, სპარსეთის ყურის ნავთობითა და გაზით მდიდარ პატარა ქვეყნებს (თუნდაც აზერბაიჯანს) ან 2. პატარა სახელმწიფოში ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას დიდი ავტორიტარული სახელმწიფო მფარველობდეს (როგორიც, მაგალითად, ბელორუსია რუსეთის პატრონაჟით, ჩრდილოეთი კორეა კი ჩინეთის). საქართველო არც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რომ აქ თვითმყოფადი ავტოკრატია ყოფილიყო, მეორე მხრივ, რუსეთის ეროვნული ინტერესები ყოველთვის კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. გასული საუკუნის 90-იანების დამდეგიდან რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავდა, რომ ავტორიტარიზმის დამყარების სანაცვლოდ რუსეთს მიჰკედლებოდა, ვინაიდან რუსეთი მას მთლიანად შეჭამდა. ამიტომ ყველა ხელისუფლებას, როგორც შევარდნაძის, მერე სააკაშვილის და პირველ ეტაპზე ივანიშვილისას, სჭირდებოდა დასავლეთთან მიკედლება. დასავლეთი სანაცვლოდ გვთხოვდა დემოკრატიის საბაზისო პრინციპების დაცვას. 1991 წლის შემდგომ საქართველოს ისტორიაში ივანიშვილის ხელისუფლებაა პირველი, რომელმაც გადაწყვიტა დაამყაროს ავტორიტარიზმი რუსეთის მფარველობით, რაც ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. თუმცა ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო 33 წელია დამოუკიდებელია, მასში მინიმუმ ორი თაობა ან მეტი გაიზარდა, რომელმაც შეიგრძნო, რა არის თავისუფლება, ეროვნული სახელმწიფო და ეს ხალხი არ გაატანს თავის ქვეყანას რუსეთს.
- ამ საპროტესტო მოძრაობაში არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი. ეს კარგია თუ ცუდი?
- როცა პროტესტს არა ჰყავს "თავი", ეს ცუდიცაა და კარგიც. ცუდია იმიტომ, რომ პროტესტის ორგანიზება, გაშლა ჭირს, მეორე მხრივ, როგორც კი გამოჩნდება თავი, ხელისუფლებისთვის ის იოლი სამიზნე ხდება და იწყება მისი მოჭრა. როცა ამ პროტესტის ჩახშობა ძალადობრივ ფაზაში იყო, ოპოზიციური პარტიის წევრები ინდივიდუალურად დაარბიეს, სცემეს, დააპატიმრეს. ახლა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წევრები რიგით დემონსტრანტებად დგანან ქუჩაში, რაც, ვფიქრობ, უმჯობესიცაა. ამ პროცესებს საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ლიდერობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამოსვლაც ევროპარლამენტში ფეხზე ამდგარი ემოციების ფონზე ვიხილეთ. დასავლეთმა იცის, საქართველოში ვის ელაპარაკოს. პროტესტი აქ დასავლეთს უბიძგებს ქმედებისკენ, ხოლო დასავლეთის ქმედება პროტესტს აძლიერებს. ამასთან, ორბანის პოზიცია უნგრეთში ძალიან შესუსტებულია, პირველად ისტორიაში, მისი რეიტინგი ოპოზიციისას 10%-ით ჩამორჩება და არის მაღალი ალბათობა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდეს...
ჩვენ თუ გავჩერდით, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან კარზე და ისეთ პირობებს შეგვიქმნიან, ქვეყანაში აღარ დაგვედგომება...