რა გველის 2025 წელს? - კვირის პალიტრა

რა გველის 2025 წელს?

საქართველოში ორდინარული სიტუაცია რომ იყოს, მარტივი იქნებოდა ზოგადი­ პროგნოზის გაკეთება - რა გველის 2025 წელს? მაგალითად, ვიტყოდით, რომ 2025 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ძალზე საინტერესო იქნება თბილისური ამბები, რადგან კახა კალაძეს კიდევ ერთხელ კენჭისყრის უფლება არა აქვს. ორიოდ სიტყვას ვიტყოდით ეკონომიკაზე, სპორტზე (2025 წელს გაირკვევა, მოხვდება თუ არა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე) და ა.შ. თუმცა დღეს საქართველოში­ ისეთი ვითარებაა, ყველანაირი პროგნოზი უნდა დაჭმუჭნო და გადააგდო ნაგვის ყუთში. ის, თუ რა ელის ქვეყანას 2025 წელს, დამოკიდებულია "თუ"-ზე და თავად ეს "თუ" - სხვა "თუ"-ებზე.

რა მოხდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დიდხანს გაგრძელდა?!

აქაც რამდენიმე ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ - რა მოხდება, თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა იმ ფორმით, როგორიც ამ დღეებში გვაქვს. წარმოვიდგინოთ, რომ თვეების განმავლობაში მომიტინგეები 19:00 საათზე იკრიბებიან პარლამენტთან, ხელისუფლება მათ იგნორირებას ახდენს, დასავლეთი კი დროგამოშვებით წერტილოვან სანქციებს აწესებს...

ასეთ შემთხვევაში უბედურება უცბად არ მოვა. ის ნელ-ნელა მოგვეპარება. გაყინული არასტაბილურობის პირობებში ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ლარის სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს - რეზერვები რეზინის არ არის, ერთხელაც გაიქცევა კურსი და სერიოზულად დაარტყამს თითოეული მოქალაქის ჯიბეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე ლაპარაკი ძალიან ძნელი იქნება - გაყინულ არასტაბილურობას თავი რომ დავანებოთ, ვინმე მოინდომებს იმ ქვეყანაში ფულის დაბანდებას, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დასანქცირებულია?!

გარდა ამისა, არის საფრთხე, რომ გაყინული არასტაბილურობის გამო ბიზნესმა­ დაიწყოს კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა - მხოლოდ უცხოურს არ ვგულისხმობთ, ქართულსაც.

ანუ გაყინული არასტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი, სავარაუდოდ, გადაიზრდება სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში. ამას თავისთავად მოჰყვება ემიგრაციის ზრდა, რაც საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოებს.

როგორ შეიძლება დასრულდეს გაყინული არასტაბილურობა? რა თქმა უნდა, რუსთაველზე აქციები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჯერ შემცირდება მომიტინგეების რაოდენობა, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, შეწყდება აქციები. თუმცა­ ხელთ შეგვრჩება ეკონომიკური კრიზისი,­ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის აბსოლუტურად ბუნდოვანი­ ურთიერთობა და ქვეყნიდან წასული ათასობით ქართველი. აქციების შეწყვეტა სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია განიმუხტება, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი ძალით იფეთქოს.

თუმცა არის მეორე ვერსიაც - რა მოხდება, თუ პოლიტიკური კრიზისი ესკალაციაში გადაიზარდა?

ამის საფრთხე, ალბათ, უფრო რეალურია, ვიდრე „გაყინული არასტაბილურობის“ ვერსია. 2024 წლის ნოემბრის მიწურულს და დეკემბრის დამდეგს ერთი კი არა, ნახევარი ნაბიჯიც კი არ გვაშორებდა კატასტროფას. მსხვერპლს რამდენჯერმე გადავრჩით. ესკალაციის ნაღმები ჩვენ გარშემო უამრავია.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მიერ სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ერთ მხარეს მთლიანად ქართველი საზოგადოება დგას, ხოლო მეორე მხარეს მარტოდ დარჩენილი ხელისუფლება, შეცდომა და გულუბრყვილობაა. არა, რაც არ უნდა მოიტყუონ თავი, ფაქტია - "ოცნების" პოზიციასაც არცთუ ისე მცირე მომხრე ჰყავს. უბრალოდ, ისინი ქუჩაში­ არ გამოდიან (ტროლ-ბოტებს, რომელთაც­ ყველა მხარე აქტიურად იყენებს, არ ვგულისხმობთ).­ სწორედ ამიტომ არის უფრო სახიფათო ეს პოლარიზაცია.

ადრე როგორ იყო - პარტიები ჩხუბობდნენ და საზოგადოების დიდი ნაწილი მაყურებლის როლში იყო. ასე იყო 2020 წელსაც, როდესაც პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს ამ პოლარიზაციაში საზოგადოებაც არის ჩართული - ძმა ძმას არ ელაპარაკება, მამა - შვილს, მეგობრებმა­ ერთმანეთი დაკარგეს და ა.შ. გეცნობათ 90-იანების დასაწყისის სიტუაცია?

თუ ესკალაცია მოხდა, მაშინ უბედურება­ კი არ მოგვეპარება, უცბად ჩაგვიკაკუნებს თავში. მხოლოდ ეკონომიკური კრიზისით ვეღარ გამოვძვრებით - იქნება ეკონომიკური კოლაფსი, გაიღვიძებს ყველა ბნელი­ ძალა და კრიმინალი ახალი ძალით შეუტევს ჩვენს ქუჩებს­, მოიშლება ყველაფერი - დაწყებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დამთავრებული ჯანდაცვის სისტემით. შეიძლება მთლად 90-იანი წლების მასშტაბები არ მივიღოთ, მაგრამ, სულ მცირე, 5 წელი დასჭირდება ქვეყანას, რომ განვითარების ადრინდელ ტემპს დაუბრუნდეს.

ნუ დაგვავიწყდება ჩვენი, ყველას საე­რთო­ ოკუპანტი მტერი. რუსული სპეცსამსახურების პროგრამა-მაქსიმუმიც­ სწორედ ის არის, რომ საქართველო ღრმად­ და დიდი ხნით ჩაძირონ ქაოსში, რათა ავტომატურად მოგვარდეს მათი თავსატეხი,­ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუ­ფლებაში - ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება.

არის თუ არა გამოსავალი?!

ზემოხსენებული კითხვა არსებულ სიტუაციაში უკვე იმას ჰგავს, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? ზოგს სჯერა,­ ზოგს არა. საერთაშორისო მედია­ტორი არ არსებობს. კი ბატონო, ემანუელ მაკრონის ზარმა ბიძინა ივანიშვილთან ოპტიმისტებს იმედი გაუჩინა (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც იყო), მაგრამ მას შემდეგ ჩამიჩუმი არ ისმის. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გასწევდა შუამავლობას, უფრო კეთილ სურვილებს ჰგავდა, ვიდრე სიტუაციის რეალურად შეფასებას. მეორე მხრივ, ტრამპის მხარდამჭერი ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ისე ერჩის საქართველოს მმართველ გუნდს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისს შეშურდება.

პოლიტიკური კრიზისი ისევ ჩვენი განსამუხტია. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ყველანაირ სიტუაციაში არსებობს - მთავარია, იპოვო გასაღები, გასაღები კი ხელისუფლების ხელშია.

ეს უკვე აღარ არის ბრძოლა "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის. აქციებზე ბევრი ისეთი ადამიანი მონაწილეობს, რომელთათვისაც სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი წითელი ხაზია. მეტიც, ისეთი ხალხიც მონაწილეობს, რომელთაც "ნაცმოძრაობასთან" ერთად არც გვარამია მოსწონთ, არც ხაზარაძე და არც გახარია. ოპოზიციონერები აქციებში დაახლოებით ისე მონაწილეობენ, ახლობლების ჯგუფი კონცერტზე რომ მიდის და შენ რომ აეკი­დები, შედარებით უცხო - შენი კამპანია არ სიამოვნებთ, მაგრამ ზრდილობის გამო არც არაფერს გეუბნებიან.

შესაბამისად, ხელისუფლების წარმომა­დგენლებმა შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ კარგად უნდა გააანალიზონ - რამ გამოიწვია ასეთი პროტესტი. კი ბატონო, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნაა, მაგრამ ყველას შევახსენებთ, რომ ამ მოთხოვნით ოპოზიციის ორგანიზებული აქციები უკვე ჩაქრობის პირას იყო. ამის ნათელი მაგალითია 25 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გამა­რთული აქცია. ყველაფერი დაიწყო 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევად აღიქვა.

ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის. მაგალითად, პირველი ნაბიჯები­ შეიძლება იყოს ყველა დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლება ყოველგვარი "კუდების" გარეშე, რუსთაველის პროსპე­ქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოთარეშე­ ნიღბიანების ალაგმვა და დასჯა (მათ შორის მათიც, რომლებიც პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს ისინი), იმ სპეცრაზმელების (თუ მართლა სპეცრაზმელები იყვნენ) დასჯა, რომლებიც აქციების დაშლისას სასტიკად უსწორდებოდნენ­ მომიტინგეებს, ასევე თუ მართლა მიმდინარეობს საჯარო უწყებებში ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება (ყოველ­ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ არასამთავრობოები და სამსახურიდან გათავისუფლებულები), ამის აღკვეთა.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს ფორმა, რომ საზოგადოება დარწმუნდეს - 28 ნოემბერს გაკეთებული­ განცხადება ნიველირებულია. გასაგებია, "ოცნება" ამბობს, რომ არ შეუჩერებია ევროინტეგრაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა ასე გაიგო, საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

გარდა ამისა, კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვის ცესკოს დაკომპლექტების ახლებური წესის შეთავაზება და ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.

ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, განმუხტავდა სიტუაციას და ქვეყანაში დუღილის ტემპერატურას დასწევდა. რაც შეეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას - რეალობიდან გამომდინარე, ეს იქნება ხელისუფლების უკიდურესი ნაბიჯი. ამის პროგნოზირება ძნელიც არის და უმადური საქმეც. თუმცა ისიც ნათელია, რომ თუ ერთი მხარე წავა სერიოზულ დათმობაზე,­ შესაბამისი ნაბიჯები მეორე მხარემაც უნდა გადადგას. ესკალაციისგან კი ყველამ უნდა შეიკავოს თავი, თორემ შემდეგ აზრი აღარაფერს აღარ ექნება.

რა არის საჭირო, რომ საქართველოში მსგავსი კრიზისი აღარ განმეორდეს?!

იმედია, ბოლოს და ბოლოს, დალაგდება ყველაფერი და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. თუმცა როგორც არ უნდა შეცვალო საარჩევნო კანონმდებლობა, ცესკოს დაკომპლექტების რა წესებიც არ უნდა მოიფიქრო, იგივე კრიზისი ან უარესი შეიძლება განმეორდეს სულ რამდენიმე წლის შემდეგ.

არის ერთადერთი გამოსავალი - სასამართლოს სრული, ყოვლისმომცველი­ და საფუძვლიანი რეფორმირება: ახალი­ მოსამართლეების დანიშვნა-არჩევა, მათ­თვის­ სრული დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა; სასამართლო სისტემიდან ისეთი ხალხის მიბრძანება, რომელთაც წარსულის ცოდვები უმძიმებს ზურგს; საბოლოოდ, ისეთი სასამართლო სისტემის შექმნა, რომელიც მაღალი ნდობით ისარგებლებს, მოსამა­რთლეებს კი ავტორიტეტი ექნებათ. შესაბამისად, ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ დავას სასამართლოებში ობიექტური მოსამართლეები გადაწყვეტენ და როდესაც ინსტიტუციას მაღალი ავტორიტეტი ექნება, გაყალბდა-არგაყალბდას იწილო-ბიწილო აღარ დაიწყება.

ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი სიმშვიდის ფორმულა. ქვეყნისთვის ამის გაკეთება დაახლოებით იგივე იქნება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

გიორგი კვიტაშვილი