"ნევროზი ვერ გადავა ფსიქოზში, მაგრამ შეიძლება ფსიქოზი ან შიზოფრენია მიმდინარეობდეს ნევროზული ჩივილებით" - როდის უნდა მივმართოთ ფსიქიატრს? - კვირის პალიტრა

"ნევროზი ვერ გადავა ფსიქოზში, მაგრამ შეიძლება ფსიქოზი ან შიზოფრენია მიმდინარეობდეს ნევროზული ჩივილებით" - როდის უნდა მივმართოთ ფსიქიატრს?

ცოტა ხნის წინ თბილისში, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" შემზარავი მკვლელობის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. ციხეშია 36 წლის ბექა მინდორაშვილი. მას პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი. როგორც ცნობილია, დაკავებულმა მეტროსადგურში ახალგაზრდა ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რომელსაც მოძრავი ელმავალი შეეჯახა და გარდაიცვალა.­ დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოკლულ ლაშა ამირეზაშვილს დამნაშავე არ იცნობდა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიშია, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და ადამიანების დაჭრისთვის, ის პენიტენციარული დაწესებულების თანამშრომელს თავს ორჯერ დაესხა. ბექა მინდორაშვილი ერთხანს ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.­ მას რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, არც მისი ადვოკატი უარყოფს. როგორც ადვოკატი ილია ლომია ამბობს, მინდორაშვილმა შესაბამის დაწესებულებას ჯანმრთელობის გაუარესების გამო საკუთარი სურვილით მიმართა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ფსიქიატრიული კლინიკა დატოვა და მედიკამენტების მიღება თვითნებურად შეწყვიტა. როგორც ჩანს, მინდორაშვილს ფსიქიკური მდგომარეობა გაუმწვავდა, თუმცა ქუჩაში ჩვეულებრივ დადიოდა, მეტროში ჩასულმა კი ასეთი შემზარავი ტრაგედია დაატრიალა, უდანაშაულო ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა სხვისი სიცოცხლე შეიწირა.

რა ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ადამიანებმა ფსიქიატრს, პროფესორი, ფსიქიატრი ზურაბ ზურაბაშვილი გვესაუბრება.

- 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. წელს პირველად მსოფლიო ფსიქიატრთა საზოგადოებამ მსოფლიოს ასეთი სლოგანი მისცა - "უსაფრთხო ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე" ანუ სხვა აქცენტებს დაამატა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო სივრცეში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალურ დახმარებას. დღეს სპეციალისტების დეფიციტია. მართალია, თბილისში არიან როგორც ბავშვთა ფსიქიატრები, ასევე მოზრდილთა, მაგრამ რეგიონებში დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ამიტომ საჭიროა რეზიდე­ნტებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა მოხდეს დარგის პოპულარიზაცია, დესტიგმატიზაცია. რეზიდენტურა უფასოა, მაგრამ რატომ არ შეიძლება, მაგალითად, ვინც მოიპოვებს მაღალ ქულებს, იქიდან 10 ახალგაზრდას მაინც გადაუხადოს ხელფასი სახელმწიფომ, რომ მათ რეგიონებში იმუშაონ. დღეს ჩვენ ვცდილობთ ავამუშაოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმი, რომელიც უბანს ან დაზღვეულ პირს ემსახურება. ის უნდა გაერკვეს მდგომარეობაში და გადაამისამართოს პაციენტი სწორად ექიმთან. არ ვამბობ, რომ დიაგნოზი დასვას, მაგრამ პაციენტს ძილის კორექციისთვის, შფოთვისთვის უნდა ურჩიოს ექიმი, კერძოდ, ფსიქიატრი.

- ხშირად ნევროლოგები ნიშნავენ ფსიქოტ­რო­პულ მედიკამენტებს, არადა, ფსიქიატრებისგან­ მსმენია, რადგან სათანადოდ ვერ შეფასდა, პაციენტს ურთულდება მდგომარეობაო.

- ზოგიერთ მედიკამენტს, რომელთაც ფსიქიატრები ვიყენებთ, ნევროლოგებიც ნიშნავენ. მაგალითად, მედიკამენტს, რომელიც ინიშნება ეპილეფსიის დროს, ვნიშნავთ ჩვენც და ხშირად პაციენტი გვეკითხება, რატომ მაქვს ეს წამალი დანიშნული, როცა ეპილეფსია არა მაქვსო. ინიშნება­ იმისთვის,­ რომ ქცევა, აფექტური სფერო იყოს მოწესრიგებული. იგივე პრეპარატს ნევროლოგები სულ სხვა დოზით ნიშნავენ­, ჩვენ - სხვა დოზით. ვთქვათ, პაციენტი ამბობს, რომ იყო სპეციალისტთან და არ მოუხდა მისი დანიშნულება, მაგრამ როცა ჩავეძიებით, აღმოჩნდება, რომ განმეორებით­ ვიზიტზე აღარ მივიდა. ამბობს, პირველი 20 დღე კარგად ვიყავი, მერე არ მომიხდა წამალიო. თუ თავიდან კარგად იყავი, გამოდის, სწორი დანიშნულება მოუცია, მაგ­რამ მერე საჭიროა განმეორებითი კონსულტაცია, რათა საჭიროების მიხედვით ექიმმა დოზა შეამციროს, მოუმატოს ან სხვა მედიკამენტით ჩაანაცვლოს. ამიტომ ვურჩევ პაციენტებს მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.

- რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ფსიქიატრს?

- ფსიქიატრს უნდა მიმართო, როცა დარღვეული გაქვს ძილი, არის მაღალი­ რანგის შფოთვა, თორემ ზოგადად შფოთვა ჩვენი ცხოვრების თანმხლებია, მაგრამ თუ აქვს შემაწუხებელი შფოთვა, გაუგებარი ტიპის­ შიშები, ნაძალადევი ფიქ­რები, ანუ ადამიანს არ შეუძლია გამორთოს თავისი ფიქრები და მიაქციოს ყურადღება სხვა რამეს;­ თუ არის უხალისოდ, თუ აკეთებს რამდენიმე საქმეს ერთად და არც ერთი არ გამოსდის. ასევე მთავარი მომენტი - ადამიანს გვერდით ჰყავს ოჯახის წევრი, მეუღლე, შვილი, დედა და თუ ამ ადამიანს ოჯახის წევრი ეუბნება, რომ მის ქცევაში რაღაც არ მოსწონს და ექიმის კონსულტაციაა საჭირო, უნდა წავიდეს ექიმთან. ექიმი დაუდასტურებს, რომ წაშველება სჭირდება.

- რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას?

- ძალიან ბევრ შემთხვევაში ამის მიზეზია მარიხუანასა და სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარება, იქნება კლუბური, ბიო თუ სხვა. ეს ნივთიერებები ძალიან ამწვავებს ფსიქიკურ მდგომარეობას. 1936 წელს გამოცემული წიგნი მაქვს, სადაც წერია, დღეს ნაკლები ყურადღება ექცევა ნარკოლოგიურ მიმართულებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს პრობლემა მომდევნო პერიოდში უფრო აქტუალური გახდესო. 60-იან წლებში იგივე თქვა ჩემმა პაპამ, ავლიპ ზურაბაშვილმაც. ასე რომ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნარკოლოგიას.

- რამდენად რთულია ასეთ პირთა განკურნება?

- მთავარია, მოგყვება თუ არა პაციენტი. თუ დაინტერესებულია იმკურნალოს, აუცილებლად მიხვალ რაღაც შედეგამდე.

- ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება არაფერია, რომ ის არ არის ნარკოტიკი.

- მარიხუანა იწვევს უძილობას, შფო­თვას, მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, გაუგებარი შინაარსის შიშებს, გაღიზიანებულობას, მოწევის შემდეგ აგრესიას, ეჭვიანობას. ასევე იწვევს თავის ტვინის­ უჯრედების ფუნქციის, აქტიურობის შემცირებას, რეგენერაციის და აღდგენის შესაძლებლობის შემცირებას. ჩვენ ამას ვეძა­ხით დარბილების კერებს, თავის ტვინი ლაყლაყებს და სურათშიც ჩანს ატროფიული კერები. თუ დროზე მიხვალ ექიმთან, ამის შეჩერება შეიძლება, მაგრამ თვითონ პაციენტი ამას ვერ გრძნობს. როდესაც იგრძნობს, მერე ამას ბევრი შრომა სჭირდება.

იგივე ითქმის კლუბურ ნარკოტიკებზეც.­ ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ შეიძლება მარიხუანამ 10 მოწევაში მოგცეს ასეთი შედეგი, რომელსაც მხოლოდ ფსიქი­ატრი მიხვდება და არა პაციენტი, მაგრამ კლუბურის შემთხვევაში 10 მიღებაც­ არ არის საჭირო. დღეს ისეთი კლუბური­ ნარკოტიკებია, ერთხელ მიღებაც კი ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას.

- გოგონაც ბევრია ამ პრობლემით?

- გოგონები უფრო მალე ხდებიან დამო­კიდებული ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე. გოგონებში ალკოჰოლიზმი მალე ყალიბდება, იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი, ბიოქიმიური სტრუქტურა სხვანაირია.

- ფსიქიკური აშლილობებით, ძირითადად, ნარკოტიკების მომხმარებლები მოდიან?

- ჩემთან უმეტესად ხვდებიან დუალური დიაგნოზით ანუ ნარკოლოგიური­ და ფსიქიკური ერთობლივი პრობლემით, ან ადამიანმა დაასრულა ნარკოტიკების მოხმარება და აქვს ფსიქიკური პრობლემები.

- როცა ოჯახს არ ემორჩილება პაციენტი,­ არსებობს იძულებითი მკურნალობა?

- როცა პაციენტი სათანადოდ ვერ აფასებს თავის მდგომარეობას, საშიშია საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ასეთ დროს ოჯახის წევრს შეუძლია გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, რომელიც პაციენტს ჩვენთან მოიყვანს. თუ ფსიქიატრი ჩათვლის, რომ პაციენტს სჭირდება მკურნალობა, მივმართავთ სასამართლოს და ვითხოვთ ნებართვას იძულებით მკურნალობაზე. იშვიათია შემთხვევა, როცა მოსამართლე პაციენტის შინ გაშვებას ითხოვს. როგორც წესი, პროცესზე ჩვენ ვასაბუთებთ მკურნალობის აუცილებლობას. ამ დროს პაციენტსაც ჰყავს ადვოკატი, რომელიც ითხოვს პაციენტის გაშვებას. თუ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, ასაჩივრებენ კიდეც ზემდგომ ინსტანციაში.

ჩვენი პაციენტებიდან ზოგს მუშაობის საშუალებაც აქვს, ზოგიერთი ოჯახი კი ცდილობს ის მუდმივად კლინიკაში იყოს და თვითონ არ შეწუხდნენ. თუ გავწერთ, მერე წერენ საჩივრებს, აგრესიულიაო, და ითხოვენ ისევ კლინიკაში დაბრუნებას. იქნებ შენ უშვებ იმ ადამიანთან შეცდომას, პროვოკაციაზე ხომ არ წამოაგებ ხოლმე, რომ ისევ დააწვინო საავადმყოფოში?!

- კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტი თუ არ მიიღებს მედიკამენტს, ხომ შეიძლება მისი მდგომარეობა გართულდეს?

- არის ისეთი პრეპარატები, რომელიც ორ კვირაში ან თვეში ერთხელ კეთდება. არის შინ მოვლის სერვისიც, როდესაც ექიმი თვითონ მიდის პაციენტთან, ესაუბრება,­ მედიკამენტები მიაქვს. არის დღის ცენტრებიც, მათ შორის რეგიონებში, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. როგორც სხვა ბევრი, ეს დაავადებაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. თუ თადარიგს დავიჭერთ, გავზრდით წამლის დოზას ექიმთან შეთანხმებით, შეიძლება გამწვავებაც არ მოხდეს.

- რამდენიმე დღის წინ მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტში" შეურაცხადმა პირმა ახალგაზრდა მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო... როგორც ირკვევა, ის აღრიცხვაზე ყოფილა, იწვა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც, გამოწერის­ შემდეგ კი არ იღებდა მედიკამენტებს. ალბათ, გახსოვთ შემთხვევაც, როცა პაციენტის კლინიკაში გადასაყვანად სახლში მისული ექიმები დახოცა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა; არის შემთხვევები, როცა მოკლა ოჯახის წევრი და ა.შ. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება როგორ შეიძლება?

- მეტროში მომხდარ ფაქტზე გამიჭირდება საუბარი. დეტალები ვიცი, რადგან ის ჩვენს ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, მაგრამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, არა მაქვს უფლება გავასაჯაროო პირადი ინფორმაცია. წესით, სტაციონარი არის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება 10-20 წელი ისე გავიდეს, არ დასჭირდეს სტაციონარი, მაგრამ თუ დასჭირდება, აუცილებლად უნდა მოთავსდეს. მიიღოს მედიკამენტები, თუ არ მოეწონება, ექიმს უთხრას ჩივილები და შეიცვლება მედიკამენტი ან დოზა. ფსიქიატრია შექმნილია იმისთვის, რომ შეუქმნას ადამიანს ფსიქიკური კომფორტი. თუ ის არა გაქვს, უნდა მიხვიდე ექიმთან, რათა მიხვიდე კომფორტამდე. მიდრეკილება ამ დაავადებისკენ აბსოლუტურად ყველას აქვს, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ჩაერთოს ეს მექანიზმი

- ხშირად ამბობენ, ნევროზი მაქვსო, თუ არ მიხედავ ამ პრობლემას, შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური აშლილობა და თუნდაც შიზოფრენიამდე მივიდეს ადამიანი?

- ნევროზი ვერ გადავა ფსიქოზში, თუ ის ნევროზია, მაგრამ შეიძლება ფსიქოზი ან შიზოფრენია მიმდინარეობდეს ნევროზული ჩივილებით. ამიტომ პრობლემის დროს უნდა მივიდეთ სპეციალისტთან.