„მაღალ შენობებს რომ ვუყურებ, დღემდე იმაზე ვფიქრობ, საიდან და როგორ შეიძლება ავცოცდე“
ლაზარე კომახიძე, როგორც თავად გვეუბნება, აქციიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ქაშუეთის ეკლესიასთან იყო. შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სპეცრაზმელებმა ლაზარეს ცემა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, როდესაც თქვა, რომ მისი ძმის ნათლია სოზარ სუბარია. ლაზარემ გორის მუნიციპალიტეტში, საზღვრისპირა სოფელ ნიქოზსა და წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიანში მეკლდეურთა კლუბები ჩამოაყალიბა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ კედელზე ცოცვას ასწავლის.
- დედაჩემი ძეგვის ბავშვთა სახლში მუშაობდა და ჩვენც, შვილებიც, იქ ვიზრდებოდით. 7 დედმამიშვილი ვართ. ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც უამრავი ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა. ზოგს სახლ-კარი არ ჰქონდა. ჯერ ძეგვში გაიხსნა დიდი ბავშვთა სახლი, შემდეგ ბედიანშიც და იქ გადავედით. 9 წლის ვიყავი, კლდეზე ცოცვა რომ დავიწყე. ძეგვის თავშესაფარში ახალგაზრდა მასწავლებელი მოვიდა, გვავარჯიშა, შემდეგ კი შეჯიბრებაზე გაგვიყვანა. 10 წლისა საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამ სპორტმა ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა, კლდეზე ცოცვის შემდეგ მიზანი გამიჩნდა, წარმატებული სპორტსმენი გამოვსულიყავი. ბედიანში არ დამიტოვებია არც ერთი ხე და კლდე, რაზეც არ მიბობღია. 2004 წელს, 16 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ფინეთში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად რომ წავიდა. იქიდან რომ მოდიოდა, მკითხა, რა წამოგიღო, ტელეფონი თუ საცოცი ფეხსაცმელიო, ფეხსაცმელი-მეთქი. დღემდე შენობებს რომ ვუყურებ, იმაზე ვფიქრობ, საიდან და როგორ შეიძლება ავცოცდე.
მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც თბილისში გადმოვედით, გავაგრძელე ცოცვა, ოღონდ მოკლე ხნით, რადგან სემინარიაში დავიწყე სწავლა, შემდეგ იყო 5-წლიანი ცხოვრება მონასტერში, მაგრამ ცოცვის სურვილი არ გამნელებია.
2008 წლის ომის დროს, 8 აგვისტოს პირველად ჩავედი ნიქოზში. გზაში გავიგე, რომ ომი დაიწყო. თბილისში აღარ დავბრუნდი და მონასტრისკენ გავაგრძელე გზა. იქ მისულს, სოფელი დაბომბილი დამხვდა. 11 აგვისტოს მონასტერიც დაიბომბა, ტაძრის მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, რომელშიც ჩვენ ვისხედით, დანარჩენი შენობები განადგურდა. მეუფეს საკვირაო ხელოვნების სკოლა ჰქონდა და ბევრ რამეში ვეხმარებოდი, ბავშვებთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა და იქ დამებადა სხვადასხვა იდეა. მთელი ბავშვობა ველოსიპედზე ვოცნებობდი, სოფელში ხან გოჭი გავზარდე, ხან მაყვალს ვკრეფდი და ფულს ვაგროვებდი, რომ ველოსიპედი მეყიდა, მაგრამ ვერ მივედი იქამდე, რადგან ოჯახში გვეხარჯებოდა ფული. ჰოდა, პირველი პროექტის წყალობით 10 ველოსიპედი ვიყიდე და კარვებითა და საძილე ტომრებით აღჭურვილი ნიქოზელი ბავშვები სხვადასხვა ისტორიულ ადგილას წავიყვანეთ. მაშინ 23 წლის ვიყავი.
საცოცი ღია კედელი 2015 წელს გავაკეთეთ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ბავშვები იმდენად დაინტერესდნენ, კედლის გახსნიდან 2 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატებში კარგ შედეგებს იღებდნენ. 2018 წელს ლენტეხში 12 წლამდე ბავშვების ჩემპიონატი იყო და 12 მედლიდან 9 ჩვენ, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბმა წამოვიღეთ. მერე 4 ბავშვი წავიყვანეთ ავსტრიაში მეკლდეურთა ჩემპიონატზე. ძალიან მინდა ბავშვებისთვის გავაკეთო ის, რაც ჩემთვის ვერ გავაკეთე.
2017 წელს დავიწყე ბრძოლა იმისთვის, რომ ნიქოზში დარბაზი აგვეშენებინა, რადგან ზამთრობით ვარჯიშის შეწყვეტა გვიწევდა. ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით ხუთ პრემიერს მივწერე (მხოლოდ ბოლო პრემიერისთვის არ მიმიწერია) და ვთხოვდი, რომ ნიქოზში ბავშვებისთვის ერთი პატარა დარბაზი აეშენებინათ. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა ვერ მივაწვდინეთ. 2022 წელს ქვემო ნიქოზში ვნახეთ უფუნქციო შენობა, მოსახლეობამ მოგვიწერა ხელი, რომ ეს შენობა გადმოგვცემოდა. შემდეგ დავიწყეთ თანხის შეგროვება ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისგან. სახელმწიფოს ჩართულობა და ფინანსური დახმარება არც ამჯერად გვქონია.
2020 წელს მეკლდეურთა კლუბი ბედიანშიც კერძო დახმარებით გავაკეთეთ. სახელმწიფო დახმარება, შეიძლება ითქვას, ჩემი ხელფასია გორის სპორტსკოლიდან, რომელიც 290 ლარს შეადგენს და იმასაც სკოლაში ჩემს დამხმარეს ვაძლევ. ის ადრე საქართველოს ჩემპიონი იყო ცოცვაში, ახლა ბავშვებს ავარჯიშებს.
თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულია. ეს სიკეთეები ჩვენს ქვეყანას ძალიან მოაკლდება.
- მეკლდეურობამ როგორ შეცვალა მოზარდების ყოველდღიურობა?
- ერთ მაგალითს მოვიყვან - ნიქოზში შენობას რომ ვარემონტებდით, ბავშვებმა ფანჯრები ჩაგვიმტვრიეს. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე, როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ბავშვები ცხოვრობენ გარემოში, სადაც მათთვის არაფერია სასიკეთო. დღეს კი ის ბავშვები ცოცვაზე დადიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათთვის ცხოვრება იყოს წახალისებული, რომ მსგავსი ცუდი მიდრეკილებები არ გაუჩნდეთ. ერთხელ ვკითხე ბავშვს, რა შეიცვალა შენთვის-მეთქი, და მიპასუხა, აქამდე სულ რაღაცას ვაფუჭებდით, ახლა კი ცოცვაზე ვფიქრობთო. ჩვენთან უმეტესად სკოლის ასაკის ბავშვები მოდიან. ევროპაში ბავშვი ხოხვიდან სიარულზე რომ გადადის, იმ პერიოდიდან აწყებინებენ კედელზე ცოცვას. ეს საოჯახო სპორტად მიიჩნევა. ავსტრიის ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 240 კანდიდატი იღებდა, მარტო ჩვენ ვიყავით, მწვრთნელები, ვისაც სხვისი შვილები გვყავდა წაყვანილი. ყველა ბავშვის მწვრთნელი მშობელი იყო. ეს ძალიან საინტერესო ურთიერთობაა მშობლებსა და შვილებს შორის, რაც დღეს ყველას გვაკლია.
"როდესაც ხედავ უამრავ ბავშვს, რომელთაც გამეტებით ურტყამენ, როგორ უნდა მიატოვო"
29 ნოემბრის ღამეს, 30 რომ თენდებოდა, ქაშუეთის ტაძართან ვიჯექი. დავინახე სპეცრაზმი რომ დაიძრა. გვერდით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოდიოდნენ. მაშინვე მომცვივდნენ, ერთი მაგინებდა, მეორე ხელის კვრით ბორდიურიდან ჩაგდებას ცდილობდა. მოვასწარი, ჩავხტი, მაგრამ მაინც გააგრძელეს გინება. ნუ იგინებით-მეთქი, მივაძახე, და ამაზე გაღიზიანდნენ, ჩამოცვივდნენ და დამაკავეს. დაკავებისას არც ვიცი რამდენი მუშტი მომხვდა. სასტიკად ნაცემს ერთი რობოკოპი სახეზე წიხლებით შემდგა. როცა მივხვდი, არ გაჩერდებოდა, ამოვიხავლე, სოზარ სუბარი ჩემი ძმის ნათლიაა-მეთქი. ამის გაგონებაზე გაჩერდნენ. ერთმა მომაძახა, თუ შენი ნათესავია, აქ რა გინდაო (მართლა ნათლიაა, არ მომიტყუებია. კაცი, რომელიც სახალხო დამცველი იყო და ადამიანების უფლებებისთვის იბრძოდა, დღეს ჯალათი ხელისუფლების ერთ-ერთი თანამდებობის პირია). მანქანაში რომ ჩამსვეს, ჭკუა ვიხმარე, ჩემი კლასელი ვახსენე, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, და ამანაც გაჭრა. ამჯერად ასე გადავურჩი ცემას.
მცხეთის იზოლატორში გადამიყვანეს. სამედიცინო დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ მეორე დღეს, სანამ ადვოკატი არ შემოვიდა, სამედიცინო პუნქტში არ წამიყვანეს. ტვინის შერყევა დამიდგინდა და სახეზე ძლიერი დაზიანებებიც მქონდა. დაკავებისას ჩანთაში ლეპტოპი მედო, წამართვეს და არ დამიბრუნეს. პოლიცია მაროდიორობდა, ვინც უნდა გიცავდეს, სწორედ ის გვძარცვავდა.
წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში გიწევდეს იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფომ მშვიდობიან მოსახლეობაზე არ უნდა იძალადოს. ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება. თუ ვინმემ დააზიანა ეს ერი, როგორც ტერიტორიების წართმევით, ისე ქართველი კაცის ღირებულებების განადგურებით, ეს რუსეთია.
სასამართლოზე მოსამართლემ მკითხა, გამაფრთხილებელი ხმა თუ გესმოდა, რატომ არ წახვედიო. როდესაც ხედავ უამრავ ბავშვს, რომელთაც გამეტებით ურტყამენ, როგორ უნდა მიატოვო.
სოფო კაჭარავა