ღრუბლებიდან დაბრუნებული
არსებობენ თუ არა შეუცვლელი ადამიანები? გეტყვით, რომ არსებობენ! მიდი და ჩაანაცვლე ის კაცი, რომელსაც შუაღამისას ტელეფონის ზარი აღვიძებს: სტიქიამ ელექტროსადენები დაგლიჯა, უნდა ადგე, დელგმაში ბოძზე ახვიდე, კაბელები გადააბა და შუქი მოიყვანოო. არადა, ეს კაბელები 18-დან 35-მეტრიანია! ეს ხალხიც დგება, იცვამს და ზოგჯერ გამძვინვარებულ დელგმაშიც სიმაღლეებზე მიძვრება. თოვლიანი ამინდი თუ არის, თოვლსაც ცალი ხელით ყრის, რათა დაინახოს, სად გაწყდა კაბელი, ჩვენ კი ამ დროს თბილ სახლებში სინათლეს მხოლოდ საჩვენებელი თითის დაჭერით ვრთავთ. კი, ნამდვილად არსებობენ შეუცვლელი ადამიანები. ამ კონკრეტულ სიტუაციაში მე მემაღლივეებზე ვწერ. მათ ოფიციალურად მაღალი ძაბვის ენერგეტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ მე მემაღლივეები უფრო მომწონს. ეს 35-მეტრიან ბოძებზე უხმაუროდ მცოცავი ხალხია. ბევრნი არიან? არც ისე, თუმცა ყოველთვის და ყველგან არიან, სადაც საჭიროა. პირადად მე, როდესაც გოდერძის უღელტეხილზე 6-მეტრიან თოვლში ბოძზე ასული "ენერგო პრო-ჯორჯიას" ენერგეტიკოსები დავინახე, გულში სულ ღმერთს ვეხვეწე, მიწაზე მშვიდობით დააბრუნე-მეთქი, რაზეც "ღრუბლებიდან ჩამოსულმა" გელა ბოლქვაძემ მშვიდად მითხრა, თქვენი შიში არ მიკვირს, პირველი არა ხართ, ვისაც ეშინია, ბოძზე რომ გვხედავს, ჩემი მეუღლეც მათ რიცხვშიაო.
- მემაღლივეები ძალიან მაღალ ელექტრობოძებზე ავდივართ. არსებობს 18-მეტრიანი და 35-მეტრიანი მაღალი ხაზის ბოძები. ზემო აჭარის ბრიგადაში ექვსი კაცი ვართ. გოდერძის უღელტეხილზე მძიმე სტიქია იცის და ხშირად გვიწევს სიმაღლეებზე ძრომიალი. რა ძლიერი წვიმა და თოვლიც არ უნდა იყოს, უნდა ვიმუშაოთ, ხალხს შუქის გარეშე ვერ დავტოვებთ. მთავარია, ხილვადობა იყოს. ისეც ყოფილა, გათენებას ბოძებთან დავლოდებივართ, რომ როგორც კი ინათებდა, ავმძვრალიყავით და სადენები გადაგვება.
ამ დღეებში გოდერძის უღელტეხილზე ექვსმეტრიანი თოვლის გარდა, ისეთი გრიგალი იყო, სათხილამურო ბაზა ჩაბნელდა. სათხილამურო ბაზებში ელექტროკაბელები მიწაში გადის, მაგრამ ისინიც მაღალგადამცემ ბოძებზეა შეერთებული. როგორი კაბელიც არ უნდა გვქონდეს, ავარია მაინც მოხდება. გრიგალი კაბელებს ჰაერში ერთმანეთს აჯახებს და მაღალი ძაბვის ელექტროკაბელების ენერგია კაბელს შეხებისთანავე წვავს. ზოგჯერ გრიგალს ხე მოუგლეჯია, ელექტრობოძზე გადაუწვენია და სადენები ჩამოუყრია, მაგრამ ეს იშვიათია, ბოძის სიმაღლეს გააჩნია, 35-მეტრიან გადაბმებს ხე იშვიათად აზიანებს.
- ეს დაახლოებით 12-სართულიანი კორპუსის სიმაღლეა. შიშს თუ გრძნობთ, ცოტას მაინც, განსაკუთრებით, თუ გრიგალი მძვინვარებს და ბოძებზე დაკიდებულებს გაჯანჯღარებთ?
- თუ შიშს გულში გაივლებ, ამ საქმეს უნდა დაემშვიდობო. გრიგალის დროს ვიცდით, მის ჩადგომას ველოდებით და მერე ვიწყებთ აძრომას. მაგრამ თუ ისეთი ობიექტებია გამორთული, რომ სიცოცხლესთან კავშირშია, დიდი ქარის დროსაც ავმძვრალვარ.
- ცალი ხელით თოვლი გადმოგიყრიათ, მეორე ხელით კი ჩამოკიდებული ყოფილხართ?
- თოვლი თუ არ გადაწმინდე და კაბელის გაგლეჯის ადგილი არ იპოვე, ამხელა სიმაღლეზე რატომ მივძვრებით?! თუმცა საიმედოდ ნამდვილად ვკიდივართ. არსებობს სპეცსაშუალებები, რომლებითაც ბოძზე ვართ მიბმული და დარწმუნებული ვართ, არ გაწყდება.
- მაინც რამდენი ხანი გადის ხოლმე ბოძებზე მუშაობაში?
- დაახლოებით ნახევარი საათი. თუმცა ყოფილა შემთხვევა 4 საათიც დავრჩენილვარ.
- რომ გისმენთ, ვფიქრობ და მეღიმება, როგორი განცდა შეიძლება გქონდეთ, როდესაც მსგავს სიტუაციაში გირეკავენ და გეკითხებიან, ბიჭო, დენი რატომ არ არის, რა გახდაო!
- მაგიტომაც ტელეფონიც არ მაქვს. როდესაც დავინახავ, რომ საქმე გაკეთდა, მაგისთანა კითხვებს მერე ვპასუხობ.
- როცა "ღრუბლებიდან ბრუნდებით", რა თემაზე საუბრობს თქვენი პროფესიის ხალხი?
- გვიხარია. თუ საქმე იოლად გამოგვივიდა, მით უფრო. აღტაცებულებიც კი ვართ, რომ ყველაფერი წვალების გარეშე გავაკეთეთ.
- და ჯანმრთელობის დაუზიანებლად.
- ეგეც არის. მემაღლივეებს მაგაზე სადღეგრძელო გვაქვს, ღმერთმა ინებოს, ყველაფერი ისე გაგვეკეთებინოს, თითიც არ გვტკენოდესო.
- მეც მაგას გისურვებთ. თქვენისთანა ხალხი რაც შეიძლება მეტი უნდა ჰყავდეს ქვეყანას. წარმატებას გისურვებთ, მიწაზეც და ჰაერშიც.
- მეც იმავეს ვუსურვებ მთელ საქართველოს. უმთავრესს - მშვიდობას. მარტო ეგ მინდა გულით, რომ მუდამ ბეწვის ხიდზე სიარულში ჩემმა ქვეყანამ მშვიდობა არ დაკარგოს.