რას გეგმავს ტრამპი - კვირის პალიტრა

რას გეგმავს ტრამპი

"პრეზიდენტი ტრამპი ხუმრობს", - ამგვარად შეაფასა ამერიკულმა მედიამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის განცხადება, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს. სი-ენ-ენის ცნობით, ტრამპმა ეს სახუმარო განაცხადი მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ამერიკაში კანადიდან შესული საქონლისთვის საბაჟო გადასახადების გაზრდაზე ისაუბრა. "თუ ასეა, შესაძლოა კანადა აშშ-ს 51-ე შტატად შეუერთდეს", - ასეთი იყო ტრამპის პასუხი. "ეს უკვე ხუმრობა­ აღარ არის", - ამგვარად ეხმაურებიან დანიასა და პანამაში ტრამპის ინიციატივას, იყიდოს გრენლანდია და აღადგინოს პანამის არხზე კონტროლი. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ტრამპმა თავისი ინიციატივებით შესაძლოა კიდევ გაართულოს მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო დღის წესრიგი. რას გეგმავს ტრამპი, როგორი შეიძლება იყოს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია და საგარეო პოლიტიკურ ხაზი, მათ შორის რუსეთთან, უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებული, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრა.

- ტრამპი საინტერესო ექსცენტრიკული მილიარდერია. შესაბამისად, არც მისი პოლიტიკა იქნება ჩვეულებრივი, ყოველ შემთხვევაში, განცხადებები მაინც. რაც შეეხება­ გრენლანდიას, ამ კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამერიკისათვის, რადგან ევროპისაკენ უმოკლეს გზაზე­ მდებარეობს. იქ არის ამერიკული სამხედრო ბაზაც. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ტრამპი,­ რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის გაკონტროლება აუცილებელია. სხვათა შორის, ტრამპს ეს საკითხი­ პირველად არ წამოუჭრია. გრენლანდიის ყიდვის­ იდეა მას პირველი ვადით პრეზიდენტობის დროსაც ჰქონდა. მას ამის გამო დანიის ხელისუფლებასთან ურთიერთობაც დაეძაბა. მაშინ დანიის პრემიერ-მინისტრი ქალი იყო, რომელსაც ტრამპმა "საზიზღარი­ ქალბატონი" უწოდა. მეტსაც გეტყვით, პირველად გრენლანდიის ყიდვის ინიციატივა ჯერ კიდევ 60-იან წლებში პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა წამოაყენა და ამის გამო კინაღამ იმპიჩმენტის მსხვერპლი გახდა. სხვათა შორის, სწორედ ენდრიუ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს იყიდა ამერიკამ რუსეთისაგან ალასკა. რაც შეეხება პანამის არხს, ტრამპი პანამის არხით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ამერიკელი ხომალდებისთვის დაწესებულ ტარიფებს მეტისმეტად მაღალ ფასად მიიჩნევს. მან თქვა კიდეც, რომ პრეზიდენტობის­ პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შეტანილ საქონელზე. ეს არის საპასუხო ზომა არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე "დამნაშავეთა და ნარკოტიკების" შემოდინებაზე.

- ზოგიერთი მოსაზრებით, ტრამპის მთავარი გეგმა­ ჩაიშალა, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინმა­ არ მიიღო ტრამპის გუნდის წინადადება, რომ ომის დასრულების პირობა უკრაინის­ ნატოში გაწევრების მინიმუმ 10 წლით გადადება იქნებოდა...

- ვფიქრობ, საბოლოოდ კორეულ სცენარზე შეთანხმდებიან - ცეცხლის შეწყვეტაზე სამშვიდობო შეთანხმების გარეშე. არ აღიარებენ რუსეთის მიერ ანექსირებულ­ უკრაინის ტერიტორიებს და გაიყინება კონფლიქტი. ამაზე მეტი კომპრომისი რუსეთისგან ვერ წარმომიდგენია.

- ამაზე ზელენსკი არ დათანხმდება.

- ამ ომის ბედი თავიდან ბოლომდე­ დასავლურ დახმარებაზეა დამოკიდებული.­ ასე რომ, ზელენსკის მოუწევს ანგარიში გაუწიოს ტრამპის გადაწყვეტილებას. ომის დასრულების ასეთი სცენარი, რა თქმა უნდა, ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ პრაგმა­ტული თვალსაზრისით ცუდი არ არის ამერიკისთვის.

- რას გულისხმობთ?

- ამ ომში რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე სამი წლის წინ იყო, დასუსტებული რუსეთი კი მთლიანად ჩინეთს "ჩამოეკიდა", რაც ამერიკის ინტერესებში არ შედის. სხვათა შორის, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ჩინეთის სამხედრო ძლიერებაზეც აისახა. ძალიან მალე ამერიკას ჩინეთის შეკავება მხოლოდ ეკონომიკურად კი არა, სამხედრო მხრივაც მოუწევს. ამიტომ აქვს ამერიკას სამხედრო ბაზები აზიის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და კორეაში.

- ტრამპის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს როლი როგორი იქნება?

- საქართველო კავკასიის გასაღებია, ამერიკის პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს როლი ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამ რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო გზა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ტრამპის ადმინისტრაციას აქცენტი ჩინეთის შეკავებაზე ექნება. ანაკლიის პორტს რომ ჩინელები აშენებენ, ეს შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს თეთრი სახლისთვის, მაგრამ სხვა ვინ არის ამ პორტის ამშენებელი?

- აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა­ ივანიშვილს სანქციები დაუწესა...

- ძალიან ცუდი ფაქტია, პირდაპირი განაცხადია, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლებას აღარ ენდობიან. "ქართული ოცნების" ლიდერების იმედი, რომ 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან­ ურთიერთობას გააუმჯობესებენ, უკვე არც ისე რეალურია.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტმა ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე დაასანქცირა?

- ახლა ამის თქმა ძნელია, ყველაფერი ერთ თვეში გამოჩნდება - თუ საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაიწყო, ე.ი. დასანქცირების საკითხი არ იყო შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ან ყველაფერი შეთანხმებული იყო ტრამპთან, ან მან უბრალოდ გაიზიარა ბაიდენის ეს პოზიცია.­ ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ "ქართული ოცნებისთვის" ყველაფერი უკან წავიდა მას შემდეგ, რაც კობახიძემ განაცხადა, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკება 2028 წლამდე გადავდეთო.

- ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადება, ივანიშვილს უყვარს ირანი,­ ჩინეთი და სძულს ამერიკაო, იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ იმთავითვე არ მოსწონდათ "ქართული ოცნების" ფლირტი­ ირანსა­ და ჩინეთთან?

- სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" ირანსა და ჩინეთთან ფლირტი პრობლემას არ უქმნიდა ამერიკელებთან ურთიერთობაში, ვიდრე საქართველოში საპროტესტო მოძრაობა არ დაიწყო. როდესაც ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, ასე თუ ისე, ახერხებს მისთვის სასურველი­ პოლიტიკური ხაზის გატარებას. "ქართულ ოცნებას" შეეძლო ჩინეთთანაც ემეგობრა, გარკვეულწილად ირანთანაც და დასავლეთთანაც გაეგრძელებინა­ პარტნიორული ურთიერთობა. როდესაც­ ქვეყანაში მხარდაჭერა არა გაქვს და დასავლე­თთანაც იფუჭებ ურთიერთობას, ასეთი ცუდი შედეგი არ უნდა გაგიკვირდეს. საქართველოს ხელისუფლება ძალიან დაასუსტა დემონსტრაციებმა, რომლის საფუძველი კობახიძის უცნაური განცხადება გახდა, რომლის მიზანიც ჯერაც ვერაფრით ავხსენი. სხვათა შორის, ვერ ავხსენი ვერც ე.წ. რუსული კანონის ინიცირება. ის კანონი რომ არა, "ქართული ოცნება" ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგებდა არჩევნებს და არც დასავლეთიდან კრიტიკა მოჰყვებოდა. სწორედ დასავლეთის კრიტიკას ანუ ევროკავშირის რეზოლუციას მოჰყვა კობახიძის განცხადება მოლაპარაკების შეჩერების შესახებ. მე არ ვამბობ, რომ არჩევნები სინამდვილეში ოპოზიციამ მოიგო. არა, ოპოზიცია სუსტი რომ არის, იმიტომ მიილია ორ-სამ დღეში მათი ორგანიზებული საპროტესტო აქციები. ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა ოპოზიციას, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებამ ის ცნობილი უცნაური განცხადება გააკეთა, ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა. მე არ მახსოვს რუსთაველი ერთი თვის განმავლობაში ყოფილიყოს გადაკეტილი. ეს არ არის ჩვეულებრივი­ პროტესტი და ეს დაინახეს ქვეყნის გარეთაც. წარმოდგენაც მიჭირს, რა რჯიდა ხელისუფლებას, როდესაც ან ე.წ. რუსული კანონი შემოჰქონდა, ან ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტდა... გამოძვრებიან აქედან?! ძალიან მეეჭვება... დავუშვათ­, მართლაც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. ხომ ვერ ჩაითრიეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან წელიწადნახევარში ხომ ააწყვეს ურთიერთობა დასავლეთთან?! ამის მერე არ მოგვცეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი?! ყველაფერი კარგად ჰქონდა "ქართულ ოცნებას" ქვეყანაშიც და მის გარეთაც, მაგრამ ყველაფერი ყირაზე დააყენეს. იცით, ყველაზე უცნაური რა არის? ის კანონი, რომლის გამოც ქვეყანას ეს ამბავი დამართეს, ჯერაც არ აუმოქმედებიათ...

ხათუნა ბახტურიძე