„ამერიკელებმა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს“ - კვირის პალიტრა

„ამერიკელებმა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს“

"ეს ერთუცნობიანი კი არა, მრავალუცნობიანი განტოლებაა. ვერსია ბევრია, მაგრამ შეიძლება ამერიკელების მიერ ივანი­შვილისთვის დაგებული მახეც იყოს", - ამგვარად შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პრეზიდენტის სასახლე და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. როგორი იქნება ზურაბიშვილის მისია ახალ რეალობაში, აღიარებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას დასავლეთი და როგორ განვითარდება პროცესები, ამის შესახებ მირიან­ მირიანაშვილი გვესაუბრება:

- ის, რაც საქართველოში ხდება, მოვლენათა შესაძლო განვითარებაა. გასულ თვეებში საპროტესტო აქციებს დროთა განმავლობაში სიმწვავე იმიტომ ეკარგებოდა, რომ მხოლოდ ქართველი ხალხი იყო აქტორი. ამჯერად პროტესტს გარედანაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ქართველი ერი ძალიან გულმოცემულია და არ დაიღლება, როგორც ელოდა "ქართული ოცნება".

- ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ,­ რომ მიესალმებიან ბიძინა ივანიშვილის დასანქცი­რებას. ერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ ივანიშვილს­ ამერიკა სძულს, ჩინეთი და ირანი კი უყვარს... თუმცა, როგორც ირკვევა, სანქციებში არ მოხვდა არც ერთი ბიზნესი, რომლის მესაკუთრე ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრია.

- ასეთია ამერიკული სანქციების სტანდარტი - შანტაჟის ფორმა. სხვათა შორის, შანტაჟის ეს ფორმა აპრობირებულია რუსეთთან. ასეთ სანქციებში გამოკვეთილი არ არის სასჯელის ფორმა. პირი დასანქცირე­ბულია, მაგრამ რა და როგორ, არ ჩანს. სანქცია გამოკვეთილ ფორმას შეიძენს მაშინ, თუ ივანიშვილი აღებულ გეზს გააგრძელებს. ამერიკელებმა ივანიშვილი საჯაროდ გააფრთხილეს და უკან დახევის შანსი დაუტოვეს. შეიძლება ითქვას, ყვითელი ბარათი უჩვენეს.

- რამდენად უნდა ველოდოთ ივანიშვილისგან უკან დახევას, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარიდან, რიგით პარლამენტარამდე ამბობენ, რომ სანქციები ჯილდოა სამშობლოს ერთგულებისთვის, რომ ვერც ივანიშვილს, ვერც სხვა ლიდერებს და გუნდის წევრებს სანქციებით ვერ შეაშინებენ, რადგან იცავენ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს.

- ვფიქრობ, ეს ოფიციალური პოზიცია და თითოეული მათგანის პირადი აზრია. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპას და პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთსა და ჩინეთს გადააბარებს. ის ადრეც ამას ფიქრობდა, რაც მე იმთავითვე მცდარად მეჩვენებოდა. ეს არის გაუგებარი წარმოშობის თეზა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

- მმართველი გუნდის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ სანქციებით ბაიდენის ადმინისტრაციამ "კუდი მოიქნია"...

- ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია, რაც ნიშნავს, რომ საკითხი მათთანაც არის შეთანხმებული. ხელისუფლების გადაბარების კონგრესის 1974 წლის სტატუტის მიხედვით, მოქმედი ადმინისტრაცია ვალდებულია საგარეო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციის გარდამავალ ჯგუფს მიაწოდოს. ერთი სიტყვით, შეუძლებელია ტრამპის გარემოცვა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე საქმის კურსში არ იყოს. შესაბამისად, ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან გადაჭარბებული იმედი აქვს, ის მალე იმედგაცრუებული დარჩება. სხვათა შორის, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი დაემთხვა ყაველაშვილის ინაუგურაციას. ამით ამერიკელებმა ივანიშვილს მიანიშნეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს წამოიწყებს, მისი სასჯელი გაცილებით მკაცრი იქნება.

- რეპრესიების საკითხმა, ალბათ, აქტუალურობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლე დატოვა.

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ნურც სხვა ვერსიას გამოვრიცხავთ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლე კი დატოვა, მაგრამ თან წაიღო დროშა და ლეგიტიმაცია. შეიძლება ითქვას, ზურაბიშვილმა სასახლის დატოვებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ახლა საინტერესოა, აღიარებს თუ არა ჯარი მთავარსარდლად მიხეილ ყაველაშვილს, ასევე საინტერესოა დასავლეთის რეაქცია როგორც ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლაზე. შეიძლება ერთი ვერსია ისიც იყოს, რომ ზურაბიშვილი არ იყო დასავლეთის და განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერაში დარწმუნებული და ამიტომ ვეღარ გაბედა სასახლეში გამაგრება, ან ეს შეიძლება მახე იყოს ივანიშვილისთვის...

- რა შემთხვევაში შეიძლება ზურაბიშვი­ლის ეს ნაბიჯი ივანიშვილისთვის მახე აღმოჩნდეს?

- ზურაბიშვილი სასახლეში თუ დარჩებოდა, ეს დამატებითი გამოწვევა იქნებოდა ივანიშვილისთვის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება, თუ ზურაბიშვილი შინიდან დაიწყებს მტკიცებას, რომ ის პრეზიდენტია. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ივანიშვილის წინაშე დიდი ცდუნებაა სახლში­ გაუგზავნოს "რეპრესიული მანქანა", ეს კი მისთვის ძალიან დიდი პრობლემა გახდება, დასავლელ ლიდერებს იმის თქმის საბაბი მიეცემათ, რომ პრეზიდენტმა დეესკალაციური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც გაატარა მის წინააღმდეგ რეპრესიები.

არ არის გამორიცხული, ზურაბიშვილს დასავლეთიდან ჰქონდეს ნაკარნახევი ეს ნაბიჯი, რათა ივანიშვილის ბრალი უფრო მძაფრად გამოაჩინონ. ივანიშვილს ისეთი გეზი აქვს აღებული, მეეჭვება უკან დაიხიოს. მისი პრობლემა ის არის, რომ უკან დასაბრუნებელი წერტილი­ უკვე გაიარა, ახლა მის წინაშე ძალიან ბევრი რისკია და გაუგებარია, რომელი მოკავშირეების საშუალებით აპირებს მათ გადალახვას. აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო მაშინვე გაერიდებიან, როგორც კი მიხვდე­ბიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ტრამპის გადარჩენის გეგმაში არ ზის. ძნელი წარმოსადგენია, როგორ აპირებს ივანიშვილი ამერიკის ადმინისტრაციასთან დავას­ თუნდაც იმ ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.

მოდი, მისი გადარჩენის ყველაზე კარგი ვერსია განვიხილოთ: ვთქვათ, 20 იანვრამდე არაფერი მოხდა და ტრამპმა გადაიბარა პრეზიდენტობა. რა ხდება მერე, ივანიშვილის გადაუდებელი პარტნიორობა და გადარჩენა ტრამპის ქეისში ნომერი პირველი საქმე იქნება? სავარაუდოდ, საქართველოს საკითხს ტრამპი მიხედავს ხელისუფლების დაკომპლექტებისა და გადაუდებელი ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, ეს კი თებერვლის ბოლოს იქნება,­ მანამდე კი ივანიშვილს ძალიან რთული პერიოდი აქვს გასავლელი.

- რა შეიძლება მოხდეს თებერვლის ბოლომდე?

- თუნდაც ის, რომ ივანიშვილზე დაკისრებული სანქცია ძალიან დამძიმდეს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ უცხოურ კი არა, ქართველ ბანკებშიც შეექმნება პრობლემები. საქართველოში ყველა ბანკი საკორესპონდენციოა და ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე, რომელიც მათ სანქცირებულ პერსონალიებთან თანამშრომლობას უკრძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბანკო საქმიანობაზე წვდომა შეუჩერდებათ.

- მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ირაკლი ფარცხალაძისთვის "გამონაკლისი" დაუშვა სანქციების აღსრულების წესში.

- დიახ, მაგრამ ფარცხალაძე არ იყო გეოპოლიტიკური მოთამაშე. მისი საქმე შავი ფულის გათეთრებას უკავშირდებოდა,­ რუსულ-ქართულ ტრანსნაციონალურ დანაშაულს შეეხებოდა. ივანიშვილის საქმე სხვაგვარად იქნება. მე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მინდა გამოვყო - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ხელისუფლების ბაქიაობას, სანქციები არ მუშაობსო. სინამდვილეში რუსეთი სანქციების გამო ყოველთვიურად 120 მილიარდ დოლარს კარგავს. პუტინი ამხელა­ ფულს რომ არ კარგავდეს, ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე სხვა მოცემულობა იქნებოდა. ამერიკას მისთვის უფრო დიდი სანქციების დადებაც შეუძლია, მაგრამ ეს მთლიანად ჩამოშლის რუსეთის როგორც ეკონომიკას, ისე ფრონტის ხაზს. მართალია, ამერიკის წარმავალი და მომავალი ადმინისტრაცია რუსეთის გამარჯვების წინააღმდეგია, მაგრამ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური დაქცევაც არ აწყობთ.

- ოპოზიციაზეც გკითხავთ - ალბათ, ისიც არის პრობლემა, რომ ოპოზიცია ისევ არ არის ფორმაში...

- დიახ, თავის დროზე ივანიშვილმა მიზანმიმართულად შექმნა გამოუვალი მდგომარეობა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებით და ჩამოაყალიბა დილემა - თუ ბიძინა არა, მაშინ ვინ?! ამ კომბინაციამ დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად იმუშავა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე თავი ამოწურა. ქართველმა ხალხმა მოძებნა გამოსავალი - ოპოზიციონერი ლიდერების გარეშე დაიწყო პროტესტის გამოხატვა. ჩემი ექსკლუზიური აღმოჩენა არ არის, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ქმედებებზე დაკვირვებით ჩამოყალიბდა ანალიტიკური დასკვნა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია უმთავრეს შემთხვევაში ხელისუფლების დავალებას ასრულებდა ოპოზიციური მუხტისა და საპროტესტო აქციების განულების თვალსაზრისით. ამას მიხვდა ხალხიც და ამიტომაც აღარ უნდა ოპოზიციის აქციებში მონაწილეობა, ამიტომ არ ატარებენ მიტინგს და პოლიტიკურ პროცესს. ზოგიერთი მედია ქმნის ილუზიას, რომ საპროტესტო პროცესის სათავეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, თითქოს ისინი იკრიბებიან და გადაწყვეტილებებს იღებენ, სინამდვილეში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არც ამ საპროტესტო აქციებთან აქვთ საერთო და არც დასავლეთთან კავშირი, სრულ პოლიტიკურ ოფსაიტში არიან. არც არაფერში არიან საჭირონი.

- გასაგებია, მაგრამ ამ პროცესს მაინც სჭირდება პოლიტიკოსები, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება ხომ უნდა ჩაიბაროს.

- საკითხი აღარ დგას ისე, თუ ბიძინა წავა, ვინ მოვაო. ახლა მოდის პოლიტიკური ტექნოლოგიების გაცილებით რთული სქემების ეპოქა. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდული პროცესის სულისჩამდგმელი დასავლეთია. ამ პროცესში სასახლიდან ქუჩაში გასულ სალომე ზურაბიშვილს ენიჭება წმინდა ტექნიკური მისია. ქარტიის ტექსტში შემთხვევით არ იყო გათვალისწინებული სალივანის რეკომენდაციები ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. საკითხი დგას ასე - ქართველი ერი ახალ ტრანსფორმაციაში არა მხოლოდ "ქართული ოცნებისგან", არამედ ფსევდოდასავლური ოპოზიციისგანაც უნდა გათავისუფლდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ჩარჩება კრიზისში და გარკვეული პერიოდის შემდეგ პროცესი ცივი ფაზიდან ისევ ცხელში გადავა. ამიტომ ვამბობ, რომ გათავისუფლება ან ტოტალური უნდა იყოს, ან საერთოდ არ იყოს. ჩვენ ხშირად ვიქმნით არარეალურ ილუზიებს და მერე უფრო კრიტიკულ ვითარებაში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ხათუნა ბახტურიძე