„1992 წლის შემდეგ საქართველოს 15-20 წელი დასჭირდა, რომ ჭრილობები მოეშუშებინა“ - კვირის პალიტრა

„1992 წლის შემდეგ საქართველოს 15-20 წელი დასჭირდა, რომ ჭრილობები მოეშუშებინა“

საქართველომ თავისი ისტორიის განმა­ვლობაში ბევრი ქარტეხილი გამოიარა: იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამხედრო გადატრიალება, "ვარდების რევოლუცია" და უკვე 30 წელზე მეტია, ქართველი ხალხი სხვადასხვა გზით იბრძვის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული­ მომავლისთვის. ბოლო დროს განვითარებული­ მოვლენებიდან გამომდინარე საზოგადოებაში ისევ გაჩნდა შიში, რომ საქმე არ მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. გვესაუბრება პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი­, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური.

- დღეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხეა. თქვენ კარგად გახსოვთ 90-იანი წლების ამბები. როგორ მივიდა ვითარება სამოქალაქო ომამდე?

- პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაპირისპირება სულ სხვაგვარი მოვლენა იყო და პარალელის გავლება დღევანდელ ვითარებასთან არ შეიძლება. მაშინ გამსახურდიას სწორედ დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო რუსეთის ჩარევით დაუპირისპირდა ქვეყნის პოლიტიკური შემადგენლის დიდი ნაწილი და ამან გამოიწვია საბოლოოდ სამხედრო გადატრიალება. შემდეგ მოსული შევარდნაძის ხელისუფლება, ძირითადად, რუსული ძალის მხარდაჭერით­ ინარჩუნებდა ხელისუფლებას 1992-დან 2003 წლამდე.

ყველაფერი მოსკოვის პუტჩის შემდეგ­ დაიწყო. ზვიად გამსახურდიას სურდა ეროვნული გვარდია გამხდარიყო შსს-ს შინაგანი ჯარის ნაწილი, დაქვემდებარებოდა შს მინისტრის მოადგილეს და შეენარჩუნებინა მხოლოდ ტაბელური იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ თენგიზ კიტოვანი პრეზიდენტს არ დაემორჩილა და ეროვნული გვარდია გაიყვანა, ცალკე დაბანაკდნენ. ის იარაღი იყო მაშინდელი ე.წ. ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა. იმ იარა­ღით დაიწყო დეკემბრის მოვლენები, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა... 1992 წლიდან მოყოლებული, მთელი 10 წლის განმავლობაში, ამ იარაღით არბევდნენ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების მიტინგებს­... Mმადლობა ღმერთს, დღეს იარაღი არ ფიგურირებს, მაგრამ ისეა დაძაბული მდგომარეობა, არ ვიცი, ასეთი პოლარიზებული საზოგადოების შერიგება როგორ უნდა მოხდეს. ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს, მისი ყველა ნაბიჯი საზოგადოების პოლარიზაციას ემსახურება. ხელისუფლების გეგმა და სურვილია როგორმე გადატეხოს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა. მარტო ოპოზიციურ პარტიებზე არ არის ლაპარაკი, ის 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც სასტიკად არის ნაცემი, დაპატიმრებული, მათი დიდი უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის წევრები არ არიან.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სწორხაზოვნად იაროს, ძალადობით ელაპარაკოს მოსახლეობას. მსგავსი ვითარება საქართველოში არასოდეს მინახავს. თუ არ ჩავთ­ვლით იმ პერიოდს, როცა "მხედრიონი" და გვარდია არბევდა დემონსტრაციებს­ და პირდაპირ იარაღის ძალით ახშობდა...

როცა ნიღაბი უკეთია ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნომერი, რომ მისი იდენტიფიკაცია შეიძლებოდეს. ვთქვათ, რომ ამოიღოს იარაღი და ესროლოს ადამიანს, მოკლას, იდენტიფიკაციას ვერ მოახდენ, რაც არ უნდა ვიდეოკადრები გქონდეს. ნიღაბს­ სწორედ იმიტომ უკეთებენ, რომ აძლევენ მოძალადეებს შესაძლებლობას, ნებისმიერი­ მეთოდებით გაუსწორდნენ მოქალაქეებს. ამას ემატება ის, რომ აშკარად რუსული ეფ-ეს-ბეს რეკომენდაციებითა­ და გემოვნებით არის მიტინგები დარბეული. ხელისუფლება არა მარტო ტექსტებით გამოხატავს რუსეთის მიმართ სიმპათიას, პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან არა მარტო სტრატეგიულ საკითხებში, არამედ როგორ დაარბიონ აქციები, ხალხი, ინსტრუქტაჟს იღებენ მათგან. უშუალო კავშირია რუსულ სპეცსამსახურებსა და ქართულ ძალოვანებს შორის.

ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს­, საზოგადოების პროტესტი არსად გამქრალა, მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება.

hotel-tbilisi-january-1992-1735509290.jpg

- შეიძლება სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს?

- ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ ადამიანების სასტიკად ცემით, დამცირებით ვინმე შეაშინა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ძალიან ცდება. არსად წასულა ბრაზი, შეურაცხყოფით მიყენებული პროტესტის გრძნობა. ღმერთმა დაიფაროს, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ისეთ კონდიციამდე მივიდეს, რაც უკვე ნანახი გვაქვს, ამის მერე ქვეყნის უკან დაბრუნებას ნორმალურ რელსებზე ათეულობით წელი სჭირდება. 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ საქართველოს 15-20 წელი დასჭირდა, რომ ის ჭრილობები მოეშუშებინა და ბოლომდე მაინც ვერ მოიშუშა. რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, ქვეყნის უკან დაწევაა.

არც ბიძინა ივანიშვილს, არც იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია მაღალ თანამდებობებზე, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ, ისეთი ბედნიერი სახეებით იყურებიან, როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, მიტინგებისა და შეკრებების კანონს ცვლიან, პოლიციის უფლებამოსილებას ზრდიან, საჯარო მოხელეების რეპრესირება უნდათ, ჰგონიათ, გენიოსური გადაწყვეტილებები მიიღეს. სააკა­შვილის ხელისუფლებამ რა ძალადობებიც ჩაიდინა, იმის გამოა, რომ ხალხს "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის გაგონებაც არ უნდა. "ნაცმოძრაობას" კარგად გადააჭარბა "ოცნებამ". 7 ნოემბერი ერთი დღე იყო და რამდენიმე 7 ნოემბერს ეყოფოდა ისეთი სისასტიკე ვნახეთ ამ დღეებში თბილისში...

რა თქმა უნდა, სამხედრო გადატრიალების შემდგომ მიტინგებსა და მანისფესტაციებს პირდაპირ ტყვიამფრქვევით ხვრეტდნენ, ესეც გვინახავს, მაგრამ მაშინ სულ სხვა მოვლენები იყო ქვეყანაში. ასე მშვიდობიან პერიოდში, როდესაც სტაბილურობით იწონებდა­ თავს ხელისუფლება, რა მივიღეთ?! ეს არის მშვიდობა და ევროპაში ღირსებით შესვლა?! "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა ჰკითხოს დღეს თავის თავს, მშვიდობა მივიღეთ საქართველოში თუ ყველაზე საშინელი დაპირისპირება, როცა ქვეყანა ორადაა გაყოფილი? არჩევნები ტოტალურად გააყალბეს, სახელმწიფო სტრუქტურა ისეა გადაჯაჭვული მმართველ პარტიასთან, გაყალბება, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ამბავია.

- რამდენიმე მოქალაქეზე აღიძრა სისხლის­ სამართლის საქმე, ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკიც ჩაუდეს. თქვენ იყავით პოლიტპატიმარი და კარგად იცით, რას ნიშნავს ბრალის შეთხზვა.

- მინდა ყველას, ვინც ახლა დაპატიმრებულია, სოლიდარობა გამოვუცხადო და დავარწმუნო, რომ ძალიან მალე გათავისუფლდებიან. შიდა პროტესტთან ერთად, საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებას აიძულებს დათმობაზე წავიდეს. როდის იქნება ეს, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ­ - ეს ხელისუფლება კიდევ 4 წლის განმავლობაში სათავეში ასეთი ფორმით ვერ დარჩება. აუცილებლად ვადამდელი ან ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ფაქ­ტია, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. არ მიდიან, მაგრამ იძულების წესით მოუწევთ­ წასვლა, ხალხი აიძულებს, დასავლეთი აიძულებს.

- ისევ 90-იანი წლების მოვლენები გავიხსენოთ, მაშინ შეიძლებოდა სამოქალაქო დაპირისპირების აცილება?

- შეიძლებოდა თუ არა, ეს იყო რუსული სცენარი, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო წრეების პირდაპირი ჩარევით გადატრიალება. მაშინდელი პოლიტიკური აქტორები მონაწილეობდნენ ამაში.­ შევარდნაძეც რუსული სცენარი იყო, რომელსაც ზვიად გამსახურდია უნდა ჩაენაცვლებინა.­ სანაცვლოდ, საქართველომ, რომელმაც უარი თქვა 1991 წელს საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობაზე, რომელიც დსთ-ში გაწევრებას გულისხმობდა, 1994 წელს შევარდნაძემ შეიყვანა დსთ-ში და ქვეყანა გადავიდა რუსულ ორბიტაზე. საკადრო პოლიტიკასაც რუსეთს უთანხმებდა. მაშინდელი შს მინისტრი შოთა კვირაია, თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე - სამივე რუსეთის მოქალაქე იყო...

დიდი წვალების, ამდენი სისხლის ფასად დავიწყეთ რუსეთიდან თანდათან ჩამოშორება და როდესაც გაიღო სრულად ევროპის კარი და საქართველოს გაუჩნდა შანსი, გამხდარიყო­ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსალოდნელი არჩევ­ნების წაგების შიშით პირდაპირ აირჩია რუსული სცენარი. კანონმდებლობა, იმის ნაცვლად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მოვიდეს­ ჰარმონიზაციაში, ნელ-ნელა რუსულს ემსგავსება. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს. გავიხსენოთ თუნდაც "პოლიციის შესახებ" კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონებში, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული ცვლილებები.