ნაცემი „პროკურორი“ და „დეპუტატის“ მკვლელობა
დეკემბერი აფხაზებისთვის ძალიან რთული თვე გამოდგა. მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და "რესპუბლიკა" ჩაბნელდა, აფხაზებმა კრიტიკული ენერგოკრიზისის მიზეზად უკონტროლო კრიპტოვალუტის მაინინგი დაასახელეს და მას ბრძოლა გამოუცხადეს, რასაც სისხლიანი გარჩევა და "დეპუტატის" მკვლელობაც მოჰყვა. ადგურ ხარაზია, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი, რომელმაც საკომიტეტო მოსმენაზე ამტყდარი ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ომის ვეტერანი ვახტანგ გოლანძია და დაჭრა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კან კვარჩია, იმალება. ეს სისხლიანი გარჩევა დე ფაქტო პარლამენტის შენობაში 19 დეკემბერს ყველას თვალწინ მოხდა, თუმცა ხარაზიამ შენობა უპრობლემოდ დატოვა და დიდი ალბათობით, აფხაზეთის ტერიტორიაც. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
პოლიტიკური გარჩევების თვე
როგორც აფხაზური მედია წერს, 19 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე მაინინგის აკრძალვასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე მსჯელობდნენ, რის გამოც ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ვახტანგ გოლანძია კი მათ შუაში გასაშველებლად ჩადგა. თვითმხილველი "დეპუტატების" თქმით, ხარაზიას თან ჰქონდა პისტოლეტი, რომელიც, სულ მცირე, ოთხჯერ ესროლა კვარჩიას. ტყვია გოლანძიას იღლიასთან მოხვდა, კვარჩიას - მხარზე. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოლანძია უკვე გარდაცვლილი იყო. სროლის შემდეგ ხარაზია გაიქცა. დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, გადაიკეტა ორივე გასასვლელი - რუსეთის მხარესაც და ენგურის ხიდთანაც. 21 დეკემბერს, გენპროკურატურის მიმართვის შემდეგ, დე ფაქტო პარლამენტმა ხარაზიას "დეპუტატის" იმუნიტეტი მოუხსნა და საქმის გამოძიება დაიწყო.
ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ხარაზია მხარს უჭერდა მაინინგის ბიზნესის აკრძალვას, ხოლო კვარჩია, რომელსაც მაინინგმეურნეობა აქვს, ამ წესიდან გამონაკლისების მომხრე იყო კერძო ელექტროსადგურებით მომუშავე ფერმებისთვის. ხარაზია ადამიანის დაჭრაში ადრეც იყო მხილებული. "ნუჟნაია გაზეტას" ცნობით, 2020 წელს ჩხუბის დროს კაცი დაჭრა ფეხში, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა არ დასჯილა.ამ მკვლელობის შემდეგ ხარაზიას სახლი უცნობმა პირებმა ავტომატით დაცხრილეს. გამოძიება ამ საქმეზეც დაიწყო.
აფხაზურ პოლიტიკაში დეკემბერი მხოლოდ ამ კრიმინალური ამბებით არ ამოწურულა. დეკემბრის დამდეგს ოპოზიციონერი ომარ სმირი, რომელიც ახლახან დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ დაინიშნა, სოხუმის რესტორან "დოლჩე ვიტაში" გაგრის პროკურორს დაესხა თავს, აგინა, წიხლებით შედგა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც. სმირი რამდენიმე დღე იმალებოდა, შემდეგ სასამართლოში გამოცხადდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა, ის დარბაზიდან გაათავისუფლა.
დეკემბერში აფხაზები ენერგოკრიზისის მოგვარებასაც ცდილობდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობიდან 400-ზე მეტი მაინინგის აპარატი ამოიღეს. აფხაზეთში უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ რეიდები მხოლოდ მცირე ფერმებში ხდება, მსხვილ ფერმებს არავინ ეხება. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად სოხუმმა საქართველოს დახმარებისთვის უნდა მიმართოს.
20 დეკემბერს ორი ოპოზიციონერი "ენგურჰესის" დირექტორს შეხვდა, სადაც ითქვა, რომ აფხაზეთი, სადაც 244 ათასამდე კაცი ცხოვრობს, ხარჯავს იმდენს, რამდენსაც მილიონნახევრიანი თბილისი, ამ დანახარჯის 45% მაინინგზე მოდის და ისინი დენის საფასურს არ იხდიან. აფხაზების თქმით, შეთანხმებით აფხაზეთს 40% უფასოდ ეკუთვნის და იქნებ დამატებით 20% შეღავათიანად იყიდონ. ლევან მებონიამ მათ განუცხადა, რომ აფხაზებს დენი უფასოდ არ ეკუთვნით, უბრალოდ, არ იხდიან და თუკი გადაიხდიან 40%-ს, დენს ექსპორტის ნაცვლად მიაწვდიან. ეს აფხაზებს არ მოეწონათ და საუბარიც დასრულდა.
23 დეკემბერს გაცხადდა, რომ რუსეთი აფხაზეთს დენს ჰუმანიტარულად მიაწვდის - ეს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბადრა გუნბას მიმართვის შემდეგ გადაწყდა. საღამოს აფხაზეთში შუქი აინთო, ამჯერად თებერვლის ბოლომდე მხოლოდ 4 საათით მოუწევს აფხაზებს სიბნელეში ყოფნა. გაგრძელდება თუ არა ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდება მარტშიც, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, კრემლის ფავორიტი, მაგალითად, გუნბა, გაიმარჯვებს თუ არა 15 თებერვლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე.
"ეს რუსული მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკაა"
შმაგი სამხარაძე, "სამოქალაქო თანხმობის" დამფუძნებელი: - აფხაზეთის დე ფაქტო ბიუჯეტის 58% მოსკოვიდან ფინანსდებოდა. გარდა ამისა, მოსკოვმა ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ აფხაზებისგან კომერციული ტარიფის გადახდაც მოითხოვა. ამდენად, ამ პრობლემების გამო აფხაზები ერთმანეთს დაერივნენ. კან კვარჩია ბოლო დროის ოპოზიციური ამბოხის ავანგარდშია, ის ლევან მიქაასა და ადგურ არძინბასთან ერთად უპირისპირდებოდა ასლან ბჟანიას და ამიტომაც ახლა ბჟანიას მომხრეები მის გაშავებას ცდილობენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კვარჩიას მაინინგის ბიზნესი აქვს, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. შესაძლოა პირიქითაც მოხდა და კვარჩიამ ხარაზიას დააბრალა მაინინგის ინტერესი, რის გამოც ხარაზიამ ესროლა. კორუფციაში ჩაფლული ბჟანიას გუნდი ცდილობს ენერგოკრიზისი და ყველა პრობლემა ე.წ. ოპოზიციას დააბრალოს, რომელმაც გადააყენა ბჟანია, რათა თებერვალში არჩევნებით ისევ მოახერხონ დე ფაქტო ხელისუფლებაში დაბრუნება. სხვა გამოცემების ცნობით, ხარაზია ოპოზიციურად აქტიური არ ყოფილა. მართალია, რუსული საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ აქვს ხმა მიცემული, მაგრამ ასე მოიქცა ყველა, რადგან ხალხის პროტესტის გამო იძულებული შეიქნენ. ამასთან, ბოლო დროს ბჟანიას იმასაც აბრალებენ, რომ საქართველოდან მიწოდებულ ელექტროენერგიას ყიდდა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი ბადრა გუნბა დარეგისტრირდა. ის ბჟანიას გუნდის წევრია. დარეგისტრირდა ოლეგ ბარციციც, ნეიტრალური ფიგურა. ოპოზიციიდან დარეგისტრირებულია ადგურ არძინბა. მაგრამ რუსეთს ბჟანიას გუნდი აწყობს. აფხაზები ჩაბნელებით დასაჯეს, ახლა კი დაანახეს, ჩვენკენ თუ იქნებით, შეიძლება დავფიქრდეთ და ხელი ისევ გამოგიწოდოთო. ასეთია რუსული თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკა.
"აფხაზის მკვლელობისთვის სისხლის აღების წესი მოქმედებს"
ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესიდან იღებს ელექტროენერგიას. ამაში ფულს არც იხდიან. ამ ენერგიის დიდი ნაწილი მაინინგში მიდის. ფაქტობრივად, უფასო ფულია აფხაზებისთვის. აფხაზეთში დღემდე არ არის სრული გამრიცხველიანება, დენის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან, რის გამოც ზოგი აქტორი ამ ჭარბ ენერგიას მაინინგისთვის იყენებს. ამ ბიზნესს ადგილობრივი ელიტის ბევრი წევრი მიეკედლა, როგორც ე.წ. სახელისუფლებო, ისე ოპოზიციიდან, ამიტომაც არის ასეთი წინააღმდეგობა მაინინგის აკრძალვის გამო. როდესაც აფხაზეთი ჩაბნელდა, "ენგურჰესში" წყლის დონე მინიმუმამდე დაეცა და რუსეთიდანაც დენს ვერ ყიდულობდნენ, მსხვილმა მაინერებმა არ დათმეს ბიზნესი, რის გამოც ის კრიმინალური გარჩევაც მოხდა. შესაძლებელია კან კვარჩიას ოჯახსაც აქვს მაინინგის ფერმები. აქამდე იყო პრინციპი "ხელი ხელს ჰბანს" და ორივე კლანს მშვენივრად გამოსდიოდა ფულის კეთება, ახლა არ გამოსდით და ეს არის კონფლიქტის მიზეზი. აფხაზეთში მაინინგის ბიზნესი მასობრივად პანდემიის დასრულებისას დაიწყეს, როცა ბიტკოინის ფასი ავარდა. ეს საქმიანობა ლეგალური იყო. მეტიც, პირველ წლებში იმასაც გაიძახოდნენ, "ეროვნული" კრიპტოვალუტა "აფსარი" უნდა შევქმნათო, თუმცა შემდეგ ამან პარაზიტული სახე მიიღო და ახლა აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი. არიან ოჯახები, რომლებმაც სესხი გამოიტანეს და რამდენიმე მაინერი დადგეს, ზოგს 100-ობით და 1000-ობით მაინერიც უდგას და როდესაც ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ფერმების მფლობელები ცდილობენ არ დათმონ ეს ფული.
ამ უკიდურესი კრიზისის გამო აფხაზებმა დახმარებისთვის "ენგურჰესის" დირექტორს მიმართეს. ქართულ მხარეს, რა თქმა უნდა, თავისი პირობები ექნებოდა, არ აჩუქებდა ელექტროენერგიას, მაგრამ აფხაზები თბილისის პირობებზე არ დათანხმდებოდნენ. ერთია, როდესაც თბილისი ჩუქნის და მეორე, როცა ყიდულობ. ან რა ვალუტაში უნდა გადაეხადათ? ლარში თუ გადაიხდიდნენ, მაშინ ამ ფორმით ქართული სუვერენიტეტის აღიარება მოუწევდათ და თბილისს უფრო ძლიერ პოზიციაში ჩააყენებდნენ. მართალია, ვაჭრობა არაფორმალურად ისედაც მიდის, თუმცა პოლიტიკურ დონეზე ვაჭრობა სხვა საკითხია.
- ვინ არიან ის ქართველთმოძულეები, ვისაც თბილისში ბიზნესი აქვთ?
- ცნობილია, მაგალითად, ოთარ არშბა, რომელიც ბათუმში დაბადებული აფხაზია და ბიზნესი აქვს ბათუმსა და სხვაგანაც საქართველოში, ბიზნესები აქვს აფხაზეთშიც. ერთი ყველაზე ანტიქართულად განწყობილი ხაჯიმბას კლანიდანაც არის. კრიმინალ ნათესავებსაც მალავენ არაოკუპირებულ საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობა ძალიან ბევრ აფხაზს აქვს. შესაძლებელია ადგურ ხარაზიაც გადმოვიდა ენგურს აქეთ.
- რუს ბიზნესმენ კლემანტოვიჩისა და მისი ოჯახის მკვლელობის ბრალდებით წლების წინ იმუნიტეტი მოუხსნეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს "დეპუტატ" ნოდიკ კვიწინიას, თუმცა განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში "დეპუტატი" მიიმალა. რამდენად სავარაუდოა, რომ ამ მკვლელობაზე სასჯელს მოიხდის ხარაზია?
- არააფხაზის მკვლელობისთვის აფხაზს არ გაწირავენ. იყო შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ანქვაბზე ტერაქტის მოწყობაში ბრალი ედებოდა ყოფილ დე ფაქტო შს მინისტრ ალმასბეი კჩაჩს და მან დაკავებისას თავი მოიკლა. ამ შემთხვევაში მოკლულია აფხაზი და სამართლებრივად რომ არ გაასამართლონ, სისხლის აღებას ვერ ასცდება. იქ იმდენად ციხის არ ეშინიათ, რამდენადაც სისხლის აღების. მისი აქეთ მხარეს დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაცვლაც. ასეთი შემთხვევა იყო კიდეც, როდესაც თბილისმა სეპარატისტულ მხარეს გადასცა მკვლელობაში ბრალდებული ვინმე როლანდ ჟიბა და ის გალელ პარტიზან გიორგი ლუკავაში გაცვალეს (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2018 წელს თბილისმა პატიმრები გაცვალა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან).
ეკატერინე ბასილაია