„დიალოგი თუ არ დაიწყო, ქვეყნის დაშლისკენ მივდივართ“
ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე
- ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, მან დატოვა ორბელიანების სასახლე, შეუერთდა ხალხს და თქვა, რომ გააგრძელებს ბრძოლას. შევაფასოთ დღევანდელი მოვლენები...
- პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში ვცხოვრობთ. ერი კატასტროფულად გახლეჩილია, ერთმანეთის ზიზღისა და მიუღებლობის ფონია, რამაც წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე გავახაროთ. იმდენად რთული ვითარებაა, ამ ჩიხიდან გამოსავალი ძნელად წარმომიდგენია.
- ზურაბიშვილმა შესთავაზა ხელისუფლებას დიალოგი, თუმცა არ შედგა.
- ჩემთვის უფრო მისაღები იყო დიალოგი იმ ხალხთან, ვინც იდეის გამო დგას დღეს აქციაზე, და არა იმის გამო, რომ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. კომპრომისი და დიალოგი აუცილებელია, თუ არადა, მივდივართ ქვეყნის დანგრევისკენ, სახელმწიფოს დაშლისკენ, როცა ვერც ერთი ძალა გადამწყვეტ უპირატესობას ვერ იღებს, რომ სტაბილური ვითარება შექმნას ქვეყანაში. დიალოგის აუცილებლობას, მგონი, მხარეებიც ხვდებიან.
- მაგრამ ხელისუფლება არ თანხმდება დიალოგზე. ირაკლი კობახიძემ ისევ თქვა, რომ ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია. დიალოგზე, ალბათ, არ წავლენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა დატოვა სასახლე. ხალხის პროტესტი გრძელდება. ესკალაციის მოლოდინი გაქვთ?
- ბევრი ვერსიაა. ერთი ვერსიაა, რომ შეიქმნას დიალოგის რეჟიმი, რაც ყველაზე უკეთესია, მეორე ვერსიაა, რომ ეს ვითარება შეიძლება მესამე ძალამ გამოიყენოს როგორც 1991-92 წლებში. მესამე ვერსიით შეიძლება პოლიტიკურად ჩაერიოს მესამე ძალა, რაც ასევე ქვეყნის ღირსების შემლახველია და მეოთხე ვარიანტი - ეს ყველაფერი თავისით ჩაქრეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. არა მგონია, ეს მოხდეს, რადგან ამაში დიდი ფულია დახარჯული, ამ ვერსიებიდან ორი ქვეყნის გარეთ იმართება და ყველა ის მოვლენა, რომლებიც მართულია ქვეყნის გარედან, ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ ისევ საქართველოს მოქალაქეებმა, გინდა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, როგორმე უნდა დაიწყონ დიალოგი. ასეთ დროს მოლაპარაკებისას ორი თემაა მნიშვნელოვანი - ერთი პოლიტპატიმრების გამოშვება და მეორე არჩევნების დანიშვნა. ვფიქრობ, Pპატიმრებზე ლაპარაკი არც უნდა იყოს, ისინი უნდა გაათავისუფლონ, მიუხედავად იმისა, არც მთლად უდანაშაულონი არიან. ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას რომ უშვებ და ჩვეულებრივ მოქალაქეს ანალოგიური ქმედებისთვის სჯი, არ არის სწორი.
- ფიქრობთ, არ დაინიშნება არჩევნები?
- შეიძლება მივიდეთ არა ახალ, არამედ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩემი აზრით, ეს უნდა დაემთხვეს ადგილობრივ არჩევნებს. შეიძლება ადგილობრივი არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანა, რადგან საქართველოს არა აქვს იმხელა საშუალება, რომ ამდენი არჩევნები ჩაატაროს. მე პირადად რიგგარეშე არჩევნების მომხრე ვარ.
- იყო მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი არ დატოვებდა ორბელიანების სასახლეს. ბუნებრივია, რომ დარჩენილიყო, ალბათ, ეს უფრო გაართულებდა სიტუაციას, მით უმეტეს, ხელისუფლება დაჭერითაც ემუქრებოდა. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ ხელისუფლებასა და ზურაბიშვილს შორის დიალოგის თემა დაიხურა?
- დიალოგის თემა მათ შორის დიდი ხანია დახურულია. მე როცა კომპრომისზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ კომპრომისს იმ პირთან, რომელსაც მეორე მხარე მოღალატედ მიიჩნევს. არ გამოვიდოდა დიალოგი, მით უმეტეს, ჩემთვის ცნობილია, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევა და ვთვლი, რომ სალომეს ბევრად მეტი დელიკატურობა მართებდა "ქართულ ოცნებასთან". ჩემთვის ცნობილია ისიც, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილის გადეპუტატებაც, როცა შეირჩა მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად - ეს მისი ინიციატივა იყო. როცა პრეზიდენტის პოსტზე ირჩევ პირს, მისი ბიოგრაფია კარგად უნდა იცოდე. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს, იმიტომ, რომ მისი ბიოგრაფია კარგად ვიცი. ის სერიოზულად მართული უნდა იყოს იმ სამსახურის მიერ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს, მით უმეტეს, ნებისმიერი ტიპის დიალოგი დასრულებულია მისი ლეგიტიმაციის დასრულების შემდეგ. მოქალაქე ზურაბიშვილი ვერ იქნება ის ფიგურა, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციას. ახლა როცა ჩვეულებრივი მოქალაქე ხდება, დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციასაც არ გაახსენდება.
დიდი ხანია ვამბობ, რომ ახალგაზრდებმა უნდა შექმნან პოლიტიკური პლატფორმა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი პლატფორმა არ შეიქმნას, რადგან ის პლატფორმა მათი კონკურენტი იქნება. არადა, ამ ახალგაზრდებისთვის მიუღებელია ისინი და განსაკუთრებით "ნაცმოძრაობა". წესით, ხელისუფლებას უფრო უნდა აწყობდეს ახალგაზრდებთან დიალოგი.
- სალომე ზურაბიშვილთან ერთად საბჭოს შექმნამ არ გაამართლა?
- თავად საბჭოს წევრები არ ენდობიან ერთმანეთს. ეს საბჭო ვერ იქნება ისეთი, რომელიც პოლიტიკური კლიმატის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. არა მგონია, თანამდებობიდან წასული სალომე ზურაბიშვილი მომხიბვლელი იყოს რომელიმე პარტიისთვის.
- ინაუგურაციას არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა...
- ეს ძალიან ცუდია. მე მქონდა არაერთი საელჩოს წარმომადგენელთან საუბარი და ზოგიერთი ემიჯნება თავიანთი ხელმძღვანელობის განცხადებებს...
- კონკრეტულად რომელი ქვეყნის?
- ქვეყანას ვერ დავასახელებ, მაგრამ ისინი არ არიან წამყვანი დიპლომატები საელჩოში, საელჩოში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები არიან. ამბობენ, იძულებულები ვართ ის გავაკეთოთ, რასაც გვთხოვენო... იქ მიდის საუბარი, რომ დიქტატურა მოვიდა და ქვეყანა დაიღუპა. ზოგიერთ ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, მაგალითად, ნიდერლანდელმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, ვერაფრით ვერ გავიგე, რა ხდება ქვეყანაში, აქაურები სხვას ამბობენ, ქვეყნიდან აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ინფორმაცია მოდის და გამარკვიე, რა ხდებაო. ის ელაპარაკა როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, ჩვენც, ექსპერტებსაც გველაპარაკა და აბსოლუტურად სხვა დასკვნა გამოიტანა. ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, დაახლოებით "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის დონის ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია მედიაციაზე. დიდხანს იყვნენ აქ, დადიოდნენ მიტინგებზე, ხვდებოდნენ ოპოზიციას, ჩვენც შეგვხვდნენ ჩამოსვლის დროსაც, წასვლის წინაც და გვითხრეს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა დასკვნა გამოგვაქვს, ვიდრე სათავო ოფისი გვთხოვსო. სხვა განწყობით წავიდნენ. იმით კი არა, რომ ხელისუფლება ყველაფერში მართალია, მაგრამ არც ისეთი კატეგორიულები იყვნენ, როგორიც ევროკავშირის შეფასებებია. როთისგან აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება ჰქონდათ. ერთი იტალიელი მწერალიც არის ჩამოსული თავისი წიგნის გამო და ისიც ფიქრობს, რომ აქ იმის მეათედი არ ხდება, რაც იტალიაში. ლექცია ჩაგვიტარა 20 კაცს, თუ როგორ დაზარალდა იტალია ბრიუსელის გაუაზრებელი ნაბიჯების გამო, თუ როგორ ტოვებს იტალიას ახალგაზრდობა, როგორ გარბიან კანადასა და ამერიკაში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მუსოლინის პერიოდიაო.
- სანქციებსაც შევეხოთ. ივანიშვილიც დაასანქცირა ამერიკამ, რა მოჰყვება ამას?
- სანქციები ნელ-ნელა შემოიღეს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნელ-ნელა ცდილობენ ქვეყნის მოხრჩობასაც. საზოგადოება და მათ შორის მომიტინგეებიც ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ სანქციები დააზარალებს ქვეყანას.
- ამას რატომ ვერ ხედავს ხელისუფლება?
- დიახ, ამას პოლიტიკოსებიც უნდა ხვდებოდნენ. ამიტომ კომპრომისი აუცილებელია. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ როგორ შეიცვლება ვითარება, ვერ გეტყვით, მაგრამ ორმაგი სტანდარტი გამაოგნებელია. ის კაცი აგრძელებს სანქციებს, რომელმაც თავისი შვილი პირველ რიგში შეიწყალა, დარღვევების გამო სამართალში რომ იყო მიცემული. ასეთი რეპუტაციის მქონე კაცის ქმედება კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღმდეგ გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ მსოფლიოში პოლიტიკური ქაოსია, თამაშის წესები აღარ არსებობს. გეგონება, წარღვნისწინა პერიოდია. ყველა თავისას ცდილობს, პარადოქსული სიტუაციაა - არც ერთ ქვეყანას, ჩვენს პარტნიორს, ფსევდოპარტნიორს თუ მტერს ნორმალური ვითარება არა აქვს. ჩვენს მეზობელ რუსეთს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რაც უფრო და უფრო დამამძიმებელი ხდება. ჩინეთსაც მძიმე ვითარება აქვს, ეკონომიკურად არა ისეთი, როგორიც რუსეთს, მაგრამ ისიც განგრძობადია. ევროპაშიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და იდეოლოგიურად ძალიან რთული ვითარებაა. აზიაში რაც ხდება, ვხედავთ - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დამთავრებული არ არის, ზანგეზურის კორიდორისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება, თურქეთი სირიის მოვლენებში უფრო ჩაერთო... დანარჩენზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ამ პოლიტიკური ქაოსის ვითარებაში ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ სტაბილურობა, რაც მერე თვითონვე დავარღვიეთ. დღეს მიდის ბრძოლა რესურსებისთვის, სავაჭრო ვითარებისთვის, გავლენებისთვის. ჩვენ გვქონდა უზარმაზარი შანსი, რომ მაქსიმალური მოგება გვენახა, ახლა ეს შანსი ძალიან შევამცირეთ. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენს ხარჯზე სხვამ ნახოს მოგება - ეს არის დღეს ჩემი მთავარი გზავნილი. მე არ მაინტერესებს, რას ფიქრობს პოლიტელიტა, მინდა პოლიტელიტამ და საზოგადოებამ ამაზე იფიქრონ. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენს ხარჯზე სხვამ იხეიროს.