„ქართველები სამჯერ მეტი რომ ვიყოთ, დედამიწას გადავდგამდით“
14 დეკემბერს ატლანტიკ-სიტიში გამართული King of the Table 13 ლოგიკურად დასრულდა: "მკლავჭიდის მეფემ" ლევან საგინაშვილმა ძალიან იოლად დაამარცხა ერთი შეხედვით "უხერხული მეტოქე", ამერიკელი ჯერი კადორეტი და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის წოდება შეინარჩუნა. ჩემპიონის ქამართან ერთად, ლევანს დამატებითი ჯილდო - "ოქროს მკლავიც" გადასცეს. გასული წელი ტრადიციულად წარმატებული იყო "ქართველი ჰალკისთვის" და ჩვენი გაზეთის საახალწლო ნომრისთვის მასზე უკეთეს მეკვლეს სად ვიპოვიდით?! ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან საგინაშვილს მორიგ გამარჯვებაზე, თბილისში თებერვალში გასამართ ტურნირზე, იაპონიაში გამართულ "საქართველოს დღეებზეც" ველაპარაკეთ და 2025 წლის გეგმებზეც:
- ლევან, რომელი იყო 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება?
- მეც გამიკვირდა, კადორეტი ისე იოლად დავამარცხე. აი, წინა შეხვედრა, დევონ ლარატთან გამარჯვება, გაცილებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მით უმეტეს, ტრავმის სარეაბილიტაციო ხანგრძლივი ეტაპის შემდეგ ეს პირველი ორთაბრძოლა იყო...
- არადა, კადორეტს "უხერხული მეტოქე" უწოდე...
- ვეტერან ამერიკელს ხელის გადაწევის თავისებური ტექნიკა აქვს. ჩემს კარიერას თუ გადავხედავთ, წინა წლებში რაც წამიგია, უმეტესობა სწორედ მსგავსი სტილის მეტოქეებთან. სწორედ ამიტომ მოვეკიდე ჯერისთან შეხვედრას მაქსიმალური სიფრთხილითა და მობილიზებით - მზადების პერიოდშიც და თავად მატჩის დროსაც. მკითხველისთვის განვმარტავ, რას ვგულისხმობ "კადორეტის სტილში": იმის მიუხედავად, რომ ეს მოძრაობა შეხვედრის ორივე მონაწილისთვის ტრავმის დიდ რისკს გულისხმობს, კადორეტი მთელი კარიერის განმავლობაში ასე სწევს ხელს - მაჯას მოწინააღმდეგეს "უთმობს", თვითონ კი მთელი ტანით, სრული სიმძიმით აწვება მეტოქის მკლავს! მასზე უკეთესად ამ მოძრაობას მსოფლიოში ვერავინ აკეთებს, ფაქტობრივად, კადორეტის "საფირმო ნიშანია" და ბევრს ეგონა, ასეთი ტექნიკით ჩემს დამარცხებასაც შეძლებდა. მოკლედ, გარკვეული ინტრიგა იყო, მაგრამ...
- მკლავჭიდის მაგიდასთან შეხვედრამდე დევონ ლარატი შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობდა წონასწორობიდან შენს გამოყვანას. ცხადია, ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი იყო და დიდად არც გავბრაზებულვართ. კადორეტისგან კი მსგავსი არაფერი გვინახავს - რამე გითხრა ბრძოლის დაწყებამდე, ან დამარცხების შემდგომ?
- არა. არც კადორეტია ე.წ. თრეშ თოქის ("ბინძური საუბარი", როცა ორთაბრძოლის გამართვამდე, მომავალი მეტოქეები ერთმანეთის დამამცირებელ განცხადებებს აკეთებენ და ამ გზით ცდილობენ მოწინააღმდეგის შეშინებას/წონასწორობიდან გამოყვანას) მოყვარული და მე, მით უმეტეს. აი, დევონ ლარატი კი ამ მხრივ გაცილებით მაღალ საფეხურზეა, შეიძლება ითქვას, "მკლავჭიდის კონორ მაკგრეგორია"... რაც შეეხება ჯერის, ბევრი არც წაგების შემდეგ ულაპარაკია, მოკლედ მითხრა, შანსი არ მქონდაო... სხვათა შორის, მეც გამიკვირდა, ისე იოლად გავიმარჯვე.
- სხვა მეტოქეები რამდენიმე წამის განმავლობაში მაინც ახერხებდნენ ხოლმე შენთვის წინააღმდეგობის გაწევას, კადორეტი კი ოთხივე რაუნდში ძალიან სწრაფად დაამარცხე! პირველ რაუნდში გამარჯვების შემდეგ ამერიკელს ისე ემოციურად დაუყვირე, ყველა მივხვდით, რომ შენს მეტოქეს გამარჯვების თეორიული შანსიც არ ჰქონდა...
- "ღრიალით" იმ მცირედი ნერვიულობისგანაც გავთავისუფლდი, მატჩის დაწყებამდე რომ მქონდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კადორეტს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა და დარჩენილი რაუნდები კიდევ უფრო მარტივად მოვიგე. რაც შეეხება "ოქროს მკლავს", ეს დამატებითი ჯილდოა (მარჯვენა და მარცხენა ხელით გამარჯვებისთვის) და მოგებულ მკლავჭიდელებს ჩემპიონის ქამართან ერთად გადაეცემათ.
- ატლანტიკ-სიტიში გამართულ მატჩს ძალიან ბევრი ქართველი დაესწრო: რას გრძნობ ხოლმე, როცა დარბაზიდან მშობლიურ ენაზე გამხნევებენ?
- ასეთ დროს, სიამაყესთან ერთად, პასუხისმგებლობის განცდაც განსაკუთრებულად მძაფრდება, უფლება არა გაქვს, იმედი გაუცრუო ადამიანებს, რომლებმაც დიდი მანძილი გაიარეს შენი გამარჯვების სანახავად... ატლანტიკ-სიტი მხოლოდ 130 მილით არის დაშორებული ნიუ-იორკისგან და არ გამკვირვებია, განსაკუთრებით ბევრი ქართველი რომ ჩამოვიდა. მათ გარდა, ბრძოლის სანახავად სხვა შტატებიდან ჩამოსული ჩვენებურიც ბევრი იყო და მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა!
- ..."მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას!" - თქვი კადორეტის დამარცხების შემდეგ. რას ნიშნავს ეს სიტყვები შენთვის და შენი სამშობლოსთვის?
- ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა! ატლანტიკ-სიტის დარბაზში ნათქვამ სიტყვებში ვიგულისხმე დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც და ყველაფერი, რაც კი თავისუფლებას უკავშირდება... არ დაგიმალავთ, ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება, აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე ღამე დაძინებაც ვერ შევძელი, აქციებს ვუყურებდი და ძალიან ვნერვიულობდი...
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რამე ცუდი არ მოხდეს და ქართველების დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მტრებმა კიდევ ერთხელ არ გამოიყენონ სათავისოდ. მინდა ქართველების ერთიანობას ვხედავდე, ხალხი აღარ იყოს დაყოფილი ამა თუ იმ პარტიის მომხრედ და ამის გამო ასე ადვილად არ იმეტებდეს ერთმანეთს... მრავალი წლის განმავლობაში პირველად ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ვნახე. იმ დღეებში, ყველა დავრწმუნდით, თურმე შესაძლებელი ყოფილა, თურმე რა კარგია...
- სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა ხნით შევძელით ერთიანობის შენარჩუნება...
- საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს... არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ მომიტინგეები დაისაჯნენ, მეორე მხრიდან კი არავინ გასამართლებულა. როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის ძალიან დიდ განცდას იწვევს! მინდა ქვეყანაში კანონი ყველასთვის კანონობდეს, ნებისმიერისთვის ერთი იყოს, იმის მიუხედავად, სტუდენტია, სამართალდამცავი თუ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი... არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ და რაც არასწორად მიმაჩნია, ბუნებრივია, რეაქციაც მექნება... მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, გამარჯვებას - ქართველ ხალხს. უნდა შევძლოთ გაერთიანება და როცა ერთიანი ვიქნებით, ქვეყანასაც გავაერთიანებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!
- მკლავჭიდს დავუბრუნდეთ: კადორეტთან შენი გამარჯვებისთანავე ითქვა, რომ Kინგ ოფ ტჰე ტაბლე-ს შემდეგ ეტაპი თბილისში უნდა გაიმართოს. დეტალები უკვე ცნობილია?
- დიახ, 2025 წლის 15 თებერვალს ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს. ჩემი ბოლო ბრძოლიდან მხოლოდ ორი თვე იქნება გასული, ამიტომ ქართველი გულშემატკივარი ჩემს ბრძოლას ვერ ნახავს. თუმცა იქნება ძალიან საინტერესო დუელები: ლარატი-კვიკვინია, ზირაქაშვილი-ჰაჩინგსი, ლალეტინი-მოროზოვი (მარცხენა ხელით), გასპარინი-ტოდი...
- ბოლო ინტერვიუში მითხარი, მინდა ციპლენკოვს შევხვდე და სამუდამოდ გავაქროთ კითხვის ნიშნებიო... ამ შეხვედრის კონტურები ჯერაც არ ჩანს - ვინ შეიძლება იყოს ლევან საგინაშვილის მეტოქე უახლოეს ორთაბრძოლაში?
- დიდია ალბათობა, ეს იყოს ვიტალი ლალეტინი. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებს გასპარინი-ტოდის ორთაბრძოლაში. ჩემთან შეხვედრამდე იტალიელი მოსამზადებლად დროს ითხოვს, მაგრამ თუ თბილისში ტოდმა გაიმარჯვა, შესაძლოა ლალეტინამდე სწორედ ამერიკელს შევხვდე. ვნახოთ.
- ცნობილია, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს, მაგრამ "ევრო-2024"-ზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ გამგზავრება ვერ მოახერხე. მიზეზი საპატიოა - ტოკიოში გამართულ "საქართველოს დღეებში" მონაწილეობდი:
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტოკიოში ხალხმრავალი დელეგაცია გაემგზავრა და იაპონელებისგან დიდი ინტერესიც დავიმსახურეთ. მგონი, ყველა იაპონელი მკლავჭიდელი მოვიდა ჩემთვის ხელის გადასაწევად, შორეული ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უამრავი კაცი, ქალი თუ ბავშვი მოვიდა ჩემს დასამარცხებლად. ყველაზე სასაცილო ის იყო, ბოლოს მითხრეს, ახლა სცენაზე ავიდეთ, იოში კანაის უნდა დაეჭიდოო. კანაი ყოფილი ჩემპიონია, ჯონ ბრზენკსაც კი შეხვედრია და თურმე ორსაათიანი "სპარინგების" შემდეგ პროფესიონალ მკლავჭიდელთან უნდა მქონოდა დუელი... დროულად რომ გეთქვათ, იქნებ კი გამოსულიყო ეგ საქმე, მაგრამ ახლა არც სურვილი მაქვს და არც კონტრაქტი მაძლევს უფლებას მსგავსი ორთაბრძოლა გავმართო-მეთქი ვუთხარი და ეს ამბავი ასე მხიარულად დამთავრდა.
- იაპონიაში ქართველი სუმოისტებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ტოკიოში "ტოჩინოშინს" (ლევან გორგაძე) და "გაგამარუსაც" (თეიმურაზ ჯუღელი) შეხვდით?
- რა თქმა უნდა. ლევანს აქვს კომპანია, რომელსაც იაპონიაში ქართული თაფლი და ღვინო შეაქვს და "საქართველოს დღეებზე" თავისი პროდუქცია ჰქონდა წარდგენილი. მოგვიანებით ერთ-ერთი ვეტერანი სუმოისტის რესტორანშიც დაგვპატიჟა და ტრადიციული იაპონური კერძები დავაგემოვნეთ. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა იაპონური ლუდი.
- საუბრის ბოლოს, კარს მომდგარ დღესასწაულზეც ვილაპარაკოთ - ახალი წლის დადგომა რასთან ასოცირდება შენთვის?
- როგორც ყველას, ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა და მოუთმენლად ველოდი ხოლმე ახალი წლის დადგომას. თუმცა, რაც დრო გადის, ის საზეიმო განწყობა და მოლოდინი გაფერმკრთალდა... შესაძლოა ეს იმის ბრალიც არის, თბილისში თოვლი რომ აღარ მოდის ხოლმე.
- შენი წარმატებისა და შემოსავლის მთავარი წყარო კი ხელია, მაგრამ "ფეხი" როგორ გაქვს? მეკვლედ ხშირად გეპატიჟებიან ხოლმე? რაც უფრო დიდი და წარმატებულია მეკვლე, ოჯახში მით უფრო დიდ სიხარულსა და ბედნიერებას არ შეიტანს?!
- არ მახსოვს, ბოლოს ვისთან ვიყავი მეკვლე... ისე კი, წინათ ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე, კარგი ფეხი გაქვსო...
- რამდენიმე ფილმში უკვე ითამაშე. ახალ როლზე 2025 წელსაც ხომ არავის მიუწვევიხარ?
- ახალი ჯერ არაფერია. სამაგიეროდ, ამერიკაში მიმიწვიეს რესლინგის ექსტრემალურ ჩემპიონატში (ECW) მონაწილეობის მისაღებად - თუ სინჯებს წარმატებით გაივლი, კონტრაქტს გაგიფორმებთო. თუ ხელშეკრულება გაფორმდება და შემდეგ გავივლი შესაბამის მომზადებას, შესაძლოა დავფიქრდე კიდეც, თორემ თვეების განმავლობაში სინჯების გავლის და კონტრაქტის ლოდინის სურვილი ნამდვილად არა მაქვს.
- დევონ ლარატი გაოცებული გეკითხებოდა, ოთხ მილიონზე ნაკლებ ქართველს ამდენი ჩემპიონი, სპორტსმენი, ამდენი წარმატებული ადამიანი გყავთ, ვინ ხართ, ასეთი რა ერი ხართო?! შენ რა პასუხი გაქვს ამ კითხვაზე?
- ალბათ, ამიტომაც ვართ ცოტა, თორემ სამ-ოთხჯერ მეტი რომ ვიყოთ, დედამიწას გადავდგამდით! სერიოზულად კი მართლაც განსაკუთრებული ერი ვართ, ოღონდ ცუდი თვისებაც გვაქვს - ერთმანეთის "ჭამა" გვიყვარს... ეგ რომ არა, გაცილებით მაგრები ვიქნებოდით... ისიც ფაქტია, საუკუნეების განმავლობაში სულ გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევდა და ქართულის გენის თანმდევად იქცა ძალა, ჭკუა, მოხერხებულობა... საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრჯერ შემხვედრიან ადამიანები, რომლებსაც ჩემზე დიდი ხელის მტევანი აქვთ, რაც სწორედ ქართული გენეტიკის შედეგია... ვიმეორებ -
ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემად ის მიმაჩნია, რომ ნიჭს და ენერგიას არასწორი მიმართულებით ვიყენებთ, ერთმანეთის ქიშპობაში ვანიავებთ!
- "კვირის პალიტრის" საახალწლო ნომრიდან რას ეტყვის, რას უსურვებს "მკლავჭიდის მეფე" ლევან საგინაშვილი სამშობლოს, გულშემატკივარს, ქართველ ხალხს?
- ქართველ ხალხს მშვიდობას, ჯანმრთელობას, ევროპულ მომავალს ვუსურვებ - ევროპულ ხელფასებს, პენსიას, ჯანდაცვას... მინდა ქუჩაში მხოლოდ ბედნიერ სახეებს ვხედავდე!