"რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა" - კვირის პალიტრა

"რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა"

„რუსეთმა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ქსელით შეფუთა. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და მიკიბულ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი „ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა“, მაგრამ, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, რუსული მხარე მკაფიო პასუხისმგებლობას არ იღებს“, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით - „რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა“ (ავტორი - დემიუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთი ძველებურად იქცევა - სინამდვილის აღიარება არ სურს და რეალურ ფაქტს ტყუილების ქსელით ნიღბავს. რუსულმა მასმედიამ რაღაც, გაურკვეველ შეთქმულების თეორიაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ კრემლისთვის უხერხული ფაქტი დაემალა და მის ნაცვლად, თვითმფრინავის ავარიის ნამდვილი მიზეზები გამოექვეყნებინა, დაწყებული ჩიტების ძრავაში მოხვედრით და დამთავრებული უკრაინული დრონის შეტევითა და სალონში ჟანგბადის ბალონის აფეთქებით - აი, ვერსიები, რასაც რუსული წყაროები ავრცელებდნენ, თანაც - სრული დარწმუნებით.

რუსეთის ასეთი პროპაგანდისტული „სახანძრო“ სტრატეგია დიდი ხანია, ცნობილია - ამის ნათელი მაგალითია კრემლის რეაქცია 2014 წლის ივლისში უკრაინის საჰაერო სივრცეში „მალაიზიის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. მართალია, დასავლეთისათვის ყველაფერი გარკვეული იყო, რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ იმ დროს კრემლმა შეძლო და სხვადასხვა პროპაგანდისტული მაქინაციით მსოფლიოს რიგი ქვეყნები თავის უდანაშაულობაში დააჯერა - მაგალითად, „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოები.

შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრის მიზეზების რუსული ინტერპრეტაცია, ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის უარყოფა და ტრაგედიის კრემლისეული ახსნა-განმარტება - „პროვოკაციაა და ნუ ენდობითო"... მოკლედ, დეზინფორმაციის ნაკადს გარკვეულწილად ეფექტიანი სახე ჰქონდა, მაგრამ ის, რაც ასე თუ ისე გაუვიდა მოსკოვს დასავლეთთან, არ გაუვიდა თავის დსთ-ელ პოსტსაბჭოელ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან. აშკარა ნიშნებია იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ტყუილებს მედგრად დაუხვდა და მოსკოვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, პლუს - კომპენსაციის გადახდა დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თავდაპირველად კრემლმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც, მისი ავტორიტეტი აზერბაიჯანში შეირყა. ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა: მან უკვე წააგო სირია, ვერ შეინარჩუნა ბაშარ ასადის რეჟიმი და ახლა კიდევ აზერბაიჯანის უნდობლობა დაემატა, რაც „გლობალური სამხრეთისთვისაც“ უკვე აშკარა გახდა. კრემლს რაღაც უნდა გაეკეთებინა და ის იძულებული გახდა, სიმართლე არასრულად, ირიბად მაინც ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა.

რუსეთი ბოლო დროს ერთგვარ ცაიტნოტშია მოქცეული: უკრაინამ უარი განაცხადა რუსული გაზის გატარებაზე, რითაც ზარალი მიადგება არა მარტო მოლდოვას (თუმცა კიშინიოვს რუმინეთი მაინც დაეხმარება, ნაწილობრივ), არამედ - მთლიანად დნესტრისპირეთსაც. მოლდოვა, როგორც ცნობილია, კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფრონტს წარმოადგენს - ისევე, როგორც სამხრეთი კავკასია, სადაც რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ავტოკრატიულ რეჟიმს და ხელს უშლის სომხეთს ევროპასთან ინტეგრაციაში, [რასაც ახლა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესება ემატება].

მოკლედ, რუსეთის დეზინფორმაციის მანქანის კონსტრუქციაში ბზარები გაჩნდა. დადგა დრო დასავლეთისთვის, რომ ბზარები გააფართოოს და რუსული პროპაგანდის შენობა ჩამოშალოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო