"აქ უზრუნველი ცხოვრება ვერ მაბედნიერებს, როცა ჩემს ქვეყანას უჭირს..." - კვირის პალიტრა

"აქ უზრუნველი ცხოვრება ვერ მაბედნიერებს, როცა ჩემს ქვეყანას უჭირს..."

უკვე წლებია, რაც ოჯახით, ორი მცირეწლოვანი შვილით გერმანიაში ცხოვრობს.

გია გაგოშიძე პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ ფოტოგრაფიაც ძალიან უყვარს. მისმა ფოტოებმა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროcესებია ასახული, თითქმის მთელი დასავლური მედია მოიარა. ჟურნალი "გზა" მას ბერლინში დაუკავშირდა.

- არასდროს დამიგეგმავს ემიგრაციაში წასვლა. საქართველოში ერთ-ერთ არქიტექტურულ ფირმაში ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, ჩემი პიროვნული განვითარება შეწყდა და რაღაც ახალი გარემო მჭირდებოდა. ისე, როგორც სხვებმა, მეც ცოტა ხნით დავტოვე საქართველო და მას შემდეგ, 10 წელზე მეტი გავიდა... არადა, მართლა გულით მინდოდა, ვფიქრობდი, შვილები 6 წლის რომ გახდებიან, საქართველოში უნდა წავიდე, იქაურ სკოლაში რომ შევიყვანო-მეთქი. 2014 წელს წამოვედი საქართველოდან, ენის შესწავლა მინდოდა, თან მეგონა, ეს კარიერული განვითარებისთვისაც გამომადგებოდა. საქართველოში ყოფნისას, არქიტექტურის პარალელურად, ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული. 2015 წლის ივნისის ტრაგედიის გადაღება მომიხდა, ასევე მიმუშავია პოლიტიკოსების გადაღებაზეც. გერმანიაშიც ვიღებ ახლა ფოტოებს, მაგრამ მთავარი პროფესია მაინც არქიტექტურაა.

პირველი პერიოდი, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც უმძიმესი იყო, რაც გამოწვეული იყო ენის არცოდნით, ამიტომ დღე-ღამეში 5 საათი ვიჯექი და ენას ვსწავლობდი. თუმცა, სწავლის გარდა, შემოსავალიც მინდოდა, არსებობა ხომ მჭირდებოდა. თანხა, რომელიც დაგროვილი მქონდა, დავხარჯე და მუშაობაზე დავიწყე ფიქრი. დღე ვსწავლობდი, ღამე კი საქართველოდან მიღებულ პროექტებზე ვმუშაობდი. ასე გავიდა ალბათ ერთი წელი, შემდეგ ენის გამოცდა ჩავაბარე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. იქაურ ემიგრანტზე დავოჯახდი და შვილიც შეგვეძინა, ეს კი ახალი პასუხისმგებლობა იყო.

- ვიცი, რომ ადგილობრივ უნივერსიტეტში აპირებდით სწავლის გაგრძელებას.

- დიახ, სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი პოტსდამის უნივერსიტეტში და ვიდრე პასუხი მომივიდოდა, მეგობარმა დამირეკა, - სამსახური არ გინდა? შემოთავაზება გვაქვს, არქიტექტორი გვჭირდებაო. მე შემოსავალთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლება მჭირდებოდა. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი გერმანულით არ ვლაპარაკობდი. ენას გამოცდილება სჭირდება, პრაქტიკაში, ურთიერთობაში სწავლობს ადამიანი. ჩემმა უფროსმა მაინც ინტერესით მომისმინა და გამოსაცდელი პერიოდი მომცა. მას შემდეგ 8 წელი გავიდა. ყოველ წელს ახალ-ახალ რამეს ვსწავლობ, რასაც ჩემი სამსახური უზრუნველყოფს. თუმცა, მეც ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, მათი იმედები გავამართლო.

18 წლიდან ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მაქვს, რთული პერიოდებიც გავიარე, არც გამოუცდელი ვარ, მაგრამ ის, რომ სამსახური ზურგს გიმაგრებს და გეუბნება, - შენ მოინდომე და განვითარებაში ხელს შეგიწყობთ, შენთან ვართ, ჩვენი იმედი გქონდესო, გზის ფულიდან დაწყებული, კვების, ტელეფონის თანხას, ყველაფერს ისინი მიხდიან, ასეთი დამოკიდებულება სხვა განცდა და სხვა პასუხისმგებლობაა. ისედაც შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო კიდევ უფრო მეტ მონდომებას ვიჩენ...

საქართველოში პირველი სამსახური 2003 წელს დავიწყე, 100 ლარი მქონდა ხელფასი. მაშინ ინგლისური ენის პოპულარიზაცია იწყებოდა, მე კი ვიცოდი, რომ უცხო ენა უნდა მესწავლა და იმ თანხიდან 60 ლარს მასწავლებელს ვუხდიდი, რომელმაც ვერაფერი მასწავლა, რადგან თავად არ იცოდა და ხელახლა დამჭირდა სწავლა... იმის თქმა მინდა, რომ ახლა არ ხდება მსგავსი რამეები, მაგრამ მაშინ ხდებოდა და მე იმ რეალობის ნაწილი ვიყავი. დღემდე მიკვირს ასეთი დამოკიდებულება. ყოველი ზარი, თავისუფალი დროის გამოყენება ან დასვენების დღეებში მუშაობა, ანაზღაურებადია. ამას ემატება ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა მორგებული და არა პირიქით.

- გერმანიის მოქალაქეობა გაქვთ?

- არა, მაგრამ მუდმივი ცხოვრების უფლება მაქვს. თუმცა, მოქალაქეობის მიღების ყველანაირი წინა პირობა მაქვს, რადგან ორი-სამი წლის წინ, როდესაც ამას ვაპირებდი, საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მიღება არ შეიძლებოდა და ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ვერ ვთქვი. ახლა ეს შესაძლებელია და ვაპირებ მივიღო.

- თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბერლინში იმართება, აქტიურად მონაწილეობთ.

- დიახ, ეს ერთგვარი კომპენსაციაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ვართ ჩართული... ვფიქრობ, ჩემი კი არა, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, თუ საქართველოში არ არის, იქ გააპროტესტოს, სადაც არის და ჩემი 7 წლის შვილსაც ამას ვეუბნები, - სადაც უნდა იყო, შენი ქვეყანა უნდა გახსოვდეს-მეთქი. ეს რომ არ გავაკეთო, ანუ აქციებზე არ ვიარო და ხმა არ ამოვიღო, ამ კეთილდღეობას, რაც აქ მაქვს, არაფერი ემუქრება - მეუღლე მუშაობს, მეც, კარგ უბანში ვცხოვრობ, შვილები კარგ სკოლასა და ბაღში დადიან; ყოველ საღამოს შემიძლია, სადმე წავიდე, ოჯახთან ერთად გავერთო, დავისვენო ან გატრუნულები ვიყოთ, მაგრამ როგორ ვიყო ჩუმად, როცა ჩემი ქვეყანა ასეთ დღეშია?.. ჩემი ოჯახი, მშობლები, მეგობრები საქართველოში ცხოვრობენ. ისინი თუ ცუდად იქნებიან, მე როგორ ვიყო კარგად?!. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ჩემი მეგობრები არიან, მათთან გატარებული დრო. სამშობლო მართლა მიწა და მთა-გორები ხომ არ არის, ადამიანები არიან, მათთან ურთიერთობა. გული მტკივა, მათ წვალებას რომ ვუყურებ. ჩემი თანატოლები, მეგობრები, რომლებთან ერთადაც ის მძიმე წლები გავატარე, დაიკარგნენ, ვერ რეალიზდნენ. არ მინდა, მსგავსი რამ ოდესმე განმეორდეს.

როდესაც გაზაფხულის აქციები დაიწყო, ბერლინის ქართველობა ძალიან ვაქტიურობდით. ყველამ რაღაც ავიღეთ ჩვენს თავზე, იმის მიხედვით, ვის რისი გაკეთება შეგვეძლო, რათა საქართველოს ხმა, ჩვენი ქვეყნის პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის მიგვეწვდინა. ის ქართველები, რომლებიც აქციებზე დავდივართ, ძალიან დავმეგობრდით, ჩვენი შვილებიც იცნობენ ერთმანეთს, ცეკვავენ ქართულად, მღერიან... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ჩვენმა ერთ-ერთმა ახლობელმა, ქართველმა ბიჭმა, რომელსაც კაფე აქვს აქ, საკვები მოიტანა უფასოდ; გერმანელმა ბიჭმა, ზლატანმა, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, ღვინო მოგვართვა.

მე ვთქვი, ფოტოებს გადავიღებ-მეთქი. მინდოდა, როგორც ფოტო, ასევე, ვიდეომასალა საერთაშორისო მედიისთვის მიმეწოდებინა. ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, აქციებზე ხალხი ყოველდღე მატულობდა. უცხოურ მედიას მიჰქონდა ჩვენი ფოტოები. ეს ყველაფერი მამშვიდებდა, რადგან ასე ჩემს ქვეყანას, ხალხს მცირედით ვეხმარებოდი, მაგრამ მაინც. ის გერმანელები, რომლებმაც შესაძლოა, შოლციც კი არ იცოდნენ ვინ არის და არც სჭირდებათ ამის ცოდნა, საქართველოთი დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ იციან ჩვენი ქვეყნის შესახებ, ზოგი ნამყოფიც იყო... ის სტერეოტიპი, თითქოს ცივი და უემოციოები არიან, მცდარია. მე მყავს ერთი გერმანელი მწერალი მეგობარი, ქალბატონი მიშაელა მარია მიულერი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და არაერთხელ არის იქ ნამყოფი. ის თვითმფრინავში გავიცანი, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში მიფრინავდა. რამდენიმე ხნის წინ, ერთი წიგნი წავიკითხე თქვენს ქვეყანაზე და დავინტერესდიო. მერე გავიგე, გერმანიაში გამოიცა გერმანულენოვანი წიგნი "ლამარას დღიურები", რომელშიც 90-იანი წლების საქართველოა აღწერილი. მისი ავტორიც გერმანელი ქალბატონია, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. შემდეგ მეც წავიკითხე ეს წიგნი და ჩემი ბავშვობის დროინდელ საქართველოში ვიმოგზაურე...

მოკლედ, მიშაელა ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. იქ მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებს, განიცდის, ნერვიულობს, არც ერთ აქციას არ ტოვებს... ამათთვის ხომ სამსახური და საქმე წმიდათაწმიდაა, მაგრამ იმ დღესაც კი პოულობდა 15 წუთს, რომ აქციაზე მოსულიყო, შემდეგ ბოდიშს მიხდიდა და გარბოდა. ამ დღეებში გამომიარა სამსახურში და მთხოვა, - სიმბოლურად, თანხას დაგიტოვებ, საქართველოში გადარიცხე, იქნებ იმ ახალგაზრდებს რამეში დასჭირდეთო... არ გამოვართვი, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის-მეთქი...

ერთი გერმანელი გავიცანი, რომელიც საქართველოში ასწავლიდა, შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა, მაგრამ - ქვეყნის გულშემატკივრად დავრჩი, თქვენთან ვარ, არ დანებდეთ, თქვენი ადგილი ევროპაშიაო...

აქ ძალიან პოპულარულია მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც "ელჩს" ვუწოდებ. მისი გავლენით ბევრი გერმანელი დაინტერესდა საქართველოთი, უამრავმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთმა ცხენები იყიდა, საქართველოში ჰყავს, მომვლელი აიყვანა და პერიოდულად ჩადის. ერთხელ, როდესაც საპროტესტო აქციით მოვდიოდით ქუჩაში, ვიღაც გერმანელმა აივნიდან საქართველოს დროშა გადმოგვიფინა და გაგვამხნევა, - ბრძოლა არ შეწყვიტოთ, აუცილებლად გამოგივათო.

მაბედნიერებს, რომ ეს თაობა ყველა უცხოელს აღაფრთოვანებს. მე არც კი მივიჩნევ თავს ემიგრანტად, რადგან სამ-ოთხ თვეში ერთხელ მაინც ვცდილობ ჩემს ქვეყანაში ჩასვლას, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ვგრძნობ, როგორ გაიზარდა საზოგადოება. სრულიად სხვანაირი თაობა მოდის, გონებაგახსნილი, კრეატიული, ლაღი, დამოუკიდებელი... უამრავი მეგობარი მყავს 20-25 წლის და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მათთან თავს. ჩვენს დროს, როდესაც იმ ასაკში ვიყავით, ძალიან მარტივად ვიწყებდით კონფლიქტს, დაპირისპირებას. უხეში სიტყვის, თუნდაც, მხარის გაკვრის გამო, მაშინვე ვიძაბებოდით და აგრესიული ვხდებოდით, რაც ამ თაობას არ აქვს, შეცდომებს ადვილად პატიობენ, მეტი მიმღებლობა აქვთ. თუმცა, იმავდროულად, ამათი მოტყუება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ენას კარგად ფლობენ, ინტერნეტი ხელმისწვდომია და ყველაფრის გადამოწმება შეუძლიათ, არც კრიტიკული აზროვნება უჭირთ. ამას ემატება ყველაზე მთავარი - განათლება. ჯანსაღ საზოგადოებას განათლებული და მოაზროვნე თაობა ქმნის.

- იმ ემიგრანტებზეც გკითხავთ, რომლებიც წლებია ევროპაში ცხოვრობენ, ადგილობრივი სიკეთეებით სარგებლობენ, იქიდან ოჯახებს არჩენენ და მაინც, ევროკავშირი საქართველოსთვის დამაზიანებელ ორგანიზაციად მიაჩნიათ, ლგბტ თემაზე იწყებენ საუბარს. როგორ ფიქრობთ, რა ახსნა აქვს ამას?

- საკმაოდ ბევრია ასეთი ჩემ გარშემოც და მიმაჩნია, რომ ისინი თავიანთ წრეში იხარშებიან, სავარაუდოდ, ინტეგრირებული არ არიან. მე არ ვსაუბრობ პარტიულ პირებზე, ასეთებიც არიან, მაგრამ ევროპის ცუდ კონტექსტში წარმოჩენა მაინც იმათ ახასიათებთ, ვინც უცხო გარემოში ვერ ინტეგრირდებიან. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც წლებია აქ ცხოვრობენ და 90-იანი წლების საქართველოდან გამოყოლილი მანერებით, ქუჩის ბიჭის ტერმინოლოგიით საუბრობენ. არ ჰყავთ ადგილობრივი მეგობრები, იმ მენტალობას ვერ გასცდნენ, რომელიც უკვე ჩვენს ქვეყანაშიც აღარ არსებობს. ასევე, ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც წარმატებული ბიზნესი აქვთ, შვილებით, შვილიშვილებით გერმანიაში ცხოვრობენ და საქართველოსკენ გახედვა არ უნდათ, თავს არხეინად გრძნობენ, მაგრამ ევროპას აძაგებენ და "ქართულ ოცნებას" აქებენ, - აბა, ომი გინდათო?!. მათ ვეუბნები, - გასაგებია შენი პოლიტიკური შეხედულება, ეს შენი ნებაა, მაგრამ როგორ შეიძლება მოგწონდეს ან არ გაღიზიანებდეს უდანაშაულო ადამიანების ცემა, ახალგაზრდებისთვის სახის ძვლების მტვრევა და დასისხლიანება? ეს ყველაფერი ნორმად როგორ მიგაჩნიათ-მეთქი?

- ალბათ გპასუხობენ, - ევროპასა და ამერიკაში პოლიცია უარესად იქცევაო.

- დიახ, ასე მპასუხობენ, მაშინ, როდესაც მე აქ ვცხოვრობ 10 წელია და თავად მინახავს, როგორ იქცევიან გერმანიაში, საფრანგეთში დემონსტრანტები; აქციების დროს მართლა თავზე ამხობენ ყველაფერს, წვავენ მაღაზიებს, ამსხვრევენ ვიტრინებს და ინფრასტრუქტურას. პოლიციამ კი, დაკავების წუთიდან გამორიცხულია, მოქალაქეს ხელი დააკაროს, არაფერს ვამბობ მანქანაში, განყოფილებაში ცემასა და ძალადობაზე. იმდენად დაცლილი არიან ყოველგვარი ემპათიისგან, სხვისი აზრის მიღებისა და გააზრებისგან, რომ შეუძლებელია რამე გააგებინო. არჩევნებამდე ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩამოვიდა და ქართულ დიასპორას შეგვხვდა. ამის შემდეგ, მეგობრებს სამშობლოში მიმდინარე პროცესებზე საუბარი და მსჯელობა გვინდოდა, ადგილობრივ ქართულ რესტორანში წავედით შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. გაგვაოგნა რესტორნის ადმინისტრაციამ: ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შემდეგ, მოულოდნელად, რუსული სიმღერები ჩაგვირთეს. როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა, ადგილობრივმა ჟურნალისტმა ნინო ლოპესმა ეს გავაპროტესტეთ, წარბიც არ შეუხრიათ, ისე გვიპასუხეს, - კლიენტებზე ვმუშაობთ და მუსიკასაც ამის მიხედვით ვარჩევთ, თქვენი აზრი არ გვაინტერესებსო... სიბრაზისგან რა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით. ძალიან მშვიდი ვარ, მაგრამ მოთმინება დავკარგე - ქართულ კულტურაში რა არ გყოფნით, რა აქვთ რუსებს ჩვენზე უკეთესი, სიმღერა თუ ცეკვა? მსოფლიოს ვაოცებთ ჩვენი საოცარი კულტურით და თქვენ შუაგულ ბერლინში, ქართულ კერძებს რუსული სიმღერებით ყიდით-მეთქი?.. ასეთი მენეჯმენტი გვაქვს და თუ არ მოგწონთ, წადითო... გერმანელი მეგობარი მახლდა და მოვთხოვე, გერმანული მელოდიები ჩაერთო, არ გვაქვსო. ასეთი რამეები გერმანიაში ძალიან მაოცებს.

- ოჯახზეც მიამბეთ...

- ორი შვილი მყავს - გოგონა და ბიჭი. ორივე ქართულად ლაპარაკობს, რადგან ოჯახში მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ. გოგონა ძალიან კარგად სწავლობს და ეს მაბედნიერებს, ბიჭი ფეხბურთზე გიჟდება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი იცის. მისი ოცნება მათთან თამაშია... პირველად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე წავიყვანე - გუნდი "ნაპოლი" ბერლინში ჩამოვიდა, კვარას ასისტით "უნიონ ბერლინი" დაამარცხა, მას შემდეგ გიჟდება მასზე და დანარჩენებზე. მასწავლებელს ძალიან მოსწონს, კარგი მონაცემები აქვსო. ვეუბნები, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, წარმატებას რომ მიაღწიო. ჯერჯერობით მონდომებულია. ორივე დამყავს ქართულ წრეებზე.

P.S. ეს ჩემს საყვარელ ჟურნალში ბოლო სტატიაა... ყოველი წინადადების შემდეგ ვჩერდები, რომ ძალა მოვიკრიბო და ბოლოში გავიდე. ამბობენ, რაღაცის დასრულების შემდეგ, ახალი და უკეთესი იწყებაო, ახალი ნამდვილად დაიწყო, "გზაზე" უკეთესი კი ძნელია იპოვო... თითქოს ოჯახიდან მივდივარ, სხვას ვერაფერს შევადარებ. ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ, მკითხველო!..

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"