სანქცია, ინაუგურაცია და "ორპრეზიდენტიანობის" დილემა - რა მოხდება თებერვალში?!
ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება რომ არა, კვირის მთავარი ამბავი მაინც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლიდან გამოსვლა-არგამოსვლა იქნებოდა, რადგან წინა დღეებში გვარამიას ფრთა ლამის აიძულებდა პრეზიდენტს, სასახლიდან არ გამოხვიდეო, და პარლამენტის დათხოვნას სთხოვდა. სასახლიდან არგამოსვლა, ჯანდაბას, პარლამენტი როგორ უნდა დაეთხოვა, რა პროცედურით, კაცმა არ იცის, მაგრამ ზურაბიშვილის პრეზიდენტის სასახლეში დარჩენის მომხრეები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ერთადერთი შანსი ეს იყო. ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდის და ამიტომ სწორედ მათთან იქნება.
"მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები... მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ დღეს აქ მოსვლისთვის, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე. აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის ერთგულებაზე და თქვენს ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
და კიდევ, წლის ბოლო კვირა კიდევ ერთი უპრეცედენტო აქციით - თბილისსა და თბილისის გარეთ სხვადასხვა ადგილას „ერთობის ჯაჭვით“ იყო გამორჩეული, რაშიც მონაწილეობა ასიათასობით მოქალაქემ მიიღო.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი და რა როლი ექნება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ერთმანეთის დამუნათებით იყო დაკავებული, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
"რესპუბლიკელების ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან"
- როგორც ვიცით, ამერიკელებისთვის ძვირფასია საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ისინი, როგორც წესი, ოჯახში ატარებენ. 26-ში დილით, შობის მეორე დღეს, როდესაც ჯერ უილსონმა, მერე კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გააკეთა ძალიან მძიმე განცხადებები, ეს უკვე დასტური იყო, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პოზიცია, სპონტანური განცხადება. უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული პოზიცია იყო.
ეს მიუთითებს, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან. მე ადრეც ვთქვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როცა გადაწყვეტილებებს იღებს, ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადამდგმელია, ვიდრე დემოკრატები. დემოკრატიული ადმინისტრაციები შედარებით ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის. ბუნებრივია, ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში რაც არ უნდა გარიგებასა და შეთანხმებაზე იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებული მოთხოვნები ექნებოდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთსა და ჩინეთთან მუშაობენ. ჩვენ კი არა მარტო რუსეთსა და ჩინეთთან ვიმუშავეთ, არამედ ისიც მოვახერხეთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი "ჰამასისა" და ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს გამოჩნდა, რაც მიუღებელია ტრამპის ადმინისტრაციისთვის.
აქვს თუ არა შანსი ივანიშვილს, რომ ეს ვითარება შეცვალოს?!
- ვფიქრობ, ეს არის ინაუგურაციამდე ამერიკის პრეზიდენტის დეკლარაცია და შემდეგ, თებერვლის ბოლომდე, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, ეს რკალი სულ უფრო და უფრო მეტად შემოეჭირება "ქართული ოცნების" ე.წ. მთავრობას, რომელსაც არავინ აღიარებს. საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს შეეხება, ყველგან არის ლაპარაკი "ქართულ ოცნებაზე", მმართველ პარტიაზე, არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე და არსად არის ლაპარაკი მთავრობაზე, პარლამენტზე, ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს არ მოიხსენიებენ ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებად. მათ მოიხსენიებენ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე, აბსოლუტურად მარტო და არა მხოლოდ რუსეთის წინაშე.
- უღირდა ეს ივანიშვილს თუნდაც თავისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე? თუ ვერ გათვალა და მივიდა აქამდე, მაშინ რისი იმედი შეიძლება იყოს ახლა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- ძალიან რთული წარმოსადგენია, რა გათვლებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ირაციონალურია. არჩევნების შემდგომ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ქართველი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ხედავდა ისეთ დარღვევებს, რომ აყირავებულიყო ყველაფერი. ეს აშკარა გახდა, როდესაც მთავრობის თავმჯდომარეს გააკეთებინა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
- ივანიშვილის დასანქცირების მიზეზი რუსეთის ინტერესების გატარებაა. თქვენი შეფასებით, ეს არის "ოცნების" ქმედებებიდან გამომდინარე ლოგიკური განაცხადი თუ შესაძლებელია ამერიკას კიდევ სხვა საბუთებიც აქვს?
- ამერიკას აქვს სრული ინფორმაცია ნებისმიერ გადარიცხვებზე. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა თემაა, მაგრამ რაღაც შეთანხმებები ყოველთვის ტოვებს ფინანსურ კვალს და ჩანს, ვინ ვისთვის რას აკეთებს. აქედან გამომდინარე, თუ რაღაცის შესწავლას დაიწყებენ, ბუნებრივია, რაღაც კვალსაც იპოვიან. სხვა საკითხია, რას ამბობენ საჯაროდ და რას საუბრობენ კულუარებში. არის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ ვრცელდება. ამ გახმაურებული საქმის უკან სხვა ინტერესებიც შეიძლება იყოს, ამიტომ ისინი კარგად არიან ინფორმირებული. როგორც ჩანს, მათი დაზვერვაც კარგად მუშაობს. არც ის გამორიცხოთ, თუკი დაინტერესდნენ, თავად რუსეთისგანაც მიიღონ ინფორმაცია. მე ახალს არაფერს ვამბობ, რომის იმპერიიდან მოყოლებული ასე იყო და არის. ალბათ, ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს თავისი ინფორმაციის წყაროები. აშშ-სა და ევროპას მილიარდობით დოლარი აქვთ ჩადებული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საქართველო ამ რეგიონში და მთელ აღმოსავლეთ რეგიონში უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნიმუში, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ დემოკრატიული განვითარება უკეთესია ამ რეგიონის პროგრესისთვის, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი. ამაში ჩადეს დიდი ფული ევროპამ და აშშ-მა და ცხადია, დაინტერესებული იყვნენ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ყოფილიყო წარმატებულად შემდგარი პროექტი. ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატივა იმ სისტემისა და მოდელებისა, რასაც პუტინის რუსეთი და ჩინეთი გვთავაზობენ. ის კი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების ღალატი, არამედ პირდაპირ წყალში ჩაყარა ამერიკელებისა და ევროპელების მილიარდები. ბუნებრივია, ივანიშვილს პასუხს მოსთხოვენ. ახლა ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც მთავარია ეს ისე მოხდეს, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, რაც იოლი არ არის.