ქართველი "ჰალკის" პოლიტიკა - "როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის დიდ განცდას ი - კვირის პალიტრა

ქართველი "ჰალკის" პოლიტიკა - "როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის დიდ განცდას იწვევს!"

გთავაზობთ ეპიზოდს ლევან საგინაშვილის(ქართველი "ჰალკი") ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 30 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ..."მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას!" - თქვი კადორეტის დამარცხების შემდეგ. რას ნიშნავს ეს სიტყვები შენთვის და შენი სამშობლოსთვის?

- ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა! ატლანტიკ-სიტის დარბაზში ნათქვამ სიტყვებში ვიგულისხმე დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც და ყველაფერი, რაც კი თავისუფლებას უკავშირდება...

არ დაგიმალავთ, ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება, აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე ღამე დაძინებაც ვერ შევძელი, აქციებს ვუყურებდი და ძალიან ვნერვიულობდი...

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რამე ცუდი არ მოხდეს და ქართველების დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მტრებმა კიდევ ერთხელ არ გამოიყენონ სათავისოდ. მინდა ქართველების ერთიანობას ვხედავდე, ხალხი აღარ იყოს დაყოფილი ამა თუ იმ პარტიის მომხრედ და ამის გამო ასე ადვილად არ იმეტებდეს ერთმანეთს... მრავალი წლის განმავლობაში პირველად ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ვნახე. იმ დღეებში, ყველა დავრწმუნდით, თურმე შესაძლებელი ყოფილა, თურმე რა კარგია...

- სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა ხნით შევძელით ერთიანობის შენარჩუნება...

- საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს...

არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ მომიტინგეები დაისაჯნენ, მეორე მხრიდან კი არავინ გასამართლებულა. როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის ძალიან დიდ განცდას იწვევს!

მინდა ქვეყანაში კანონი ყველასთვის კანონობდეს, ნებისმიერისთვის ერთი იყოს, იმის მიუხედავად, სტუდენტია, სამართალდამცავი თუ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი... არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ და რაც არასწორად მიმაჩნია, ბუნებრივია, რეაქციაც მექნება... მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, გამარჯვებას - ქართველ ხალხს. უნდა შევძლოთ გაერთიანება და როცა ერთიანი ვიქნებით, ქვეყანასაც გავაერთიანებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!

წაიკითხე ვრცლად