ქართველი კაპიტანი პუტინის ბნელ გეგმებში?! - რუსულ ტანკერს, რომლის კაპიტანი 39 წლის საქართველოს მოქალაქეა, ნატოს ქვეყნების ელექტროკაბელის სპეციალურად გაწყვეტას ედავებიან
ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში ბოლო პერიოდში ისე მოხშირდა წყალქვეშა კაბელების გაწყვეტა, რომ ეს შემთხვევით ხასიათს ნამდვილად აღარ ატარებს და არცთუ უსაფუძვლოდ ამაში რუსეთს ადანაშაულებენ...
ფინეთის ყურის ჩრდილოეთით ფინეთის ნაპირია, სამხრეთით - ესტონეთის და ნატოსა და ევროკავშირის ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს არა ერთი კავშირგაბმულობისა და ელექტროკაბელებით უკავშირდება, რომლებიც ფინეთის ყურის ფსკერზეა ჩადებული.
რა აზიანებს წყალქვეშა კაბელებს?!
პირველი დაზიანება მოხდა 17 ნოემბერს, დილით, როდესაც ლიეტუვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული 218 კმ სიგრძის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გამოვიდა მწყობრიდან...
მეორე ინციდენტი 18 ნოემბრის ღამეს განმეორდა-ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი 1 200 კმ-იანი წყალქვეშა კაბელი გადაჭრილი იქნა შვედეთის კუნძულ ელანდის სიახლოვეს...
წყალქვეშა კაბელების დაზიანება ხანდახან მართლაც ხდება, როდესაც რომელიმე გემის მიერ ჩაშვებული ღუზა წამოედება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოვანი ოპტიკურბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელის, რომელთა საშუალებითაც ნატოს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან საიდუმლო ოპერატიული კავშირი აქვთ დამყარებული, მწყობრიდან გამოსვლა, შემთხვევითობა სულაც არ არის...
მესამე ინციდენტი კი 25 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც გადაჭრილი იქნა წყალქვეშა ელექტროკაბელი EstLink 2, რომელიც ესტონეთისა და ფინეთის ენერგეტიკულ სტრუქტურებს აკავშირებს...
მეორე დღეს, 26 დეკემბრის დილასვე ფინეთის პოლიციამ და მესაზღვრეებმა აბორდაჟზე აიყვანეს ნედლი ნავთობის გადამზიდავი ტანკერი Eagle S-ი, რომელიც კუკის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა და ინციდენტის დროს ფინეთის ყურის სწორედ იმ კოორდინატებზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა წყალქვეშა ელექტროკაბელის გაწყვეტა.
ფინელი სამართალდამცავების ეჭვი იმ ფაქტმა უფრო გააძლიერა, რომ ამ ტანკერს არ ჰქონდა... ღუზა, ხოლო ელექტროკაბელის გაწყვეტის რაიონში ფსკერს ეტყობოდა ორკილომეტრიანი თხრილი, რომელიც სწორედ ღუზის ფსკერზე თრევისას შეიძლება გააკეთოს გემმა...
რა აღმოჩნდა დაკავებულ ტანკერზე
დაკავებულ ტანკერზე აღმოჩნდა ისეთი თანამედროვე ელექტრონული აპარატურა, როგორიც საერთოდ არ სჭირდება სავაჭრო გემს და უფრო გამოიყენება ზღვებში, სადაზვერვო საქმიანობისთვის...
ფინელებს მიაჩნიათ, რომ ტანკერი Eagle S-ი, სინამდვილეში, ეკუთვნის რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად ეზიდება ნავთობპროდუქტებს კრემლის სავალუტო ფინანსების შესავსებად და ამასთან, როგორც ჩანს, გამოიყენება საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობისთვისაც, როგორც გაშლილ ზღვაში, ისე - სხვა ქვეყნების ნაპირებთან და პორტებთან.
მაგრამ ჩვენთვის რაც ყველაზე საინტერესოა, დაკავებული ტანკერის Eagle S-ის კაპიტანი 39 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამ ტანკერის კაპიტნის ბოგურაზე მხოლოდ ოქტომბერში ასულა, დიდ ბრიტანეთში ღუზის ჩაშვების დროს.
ქართველი კაპიტნის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, მაგრამ თუკი დამტკიცდა, რომ ნატოს ორ ქვეყანას შორის ფინეთის ყურის ფსკერზე გამავალი ელექტროკაბელი სანქტ-პეტერბურგიდან გამოსული ტანკერის - Eagle S-ის ეკიპაჟმა ღუზის ჩაშვებითა და ფსკერზე თრევით სპეციალურად გაწყვიტა, ხოლო ტანკერის ბორტზე დამონტაჟებული ელექტროაპარატურა გამოიყენებოდა რადიოელექტრონული დაზვერვის საწარმოებლად, ამ ტანკერის ქართველ კაპიტანს ეტყობა ძალიან მძიმე ბრალდებებს წაუყენებენ...