უსახელოური ხვამლის მთის სანახებიდან
ხვამლის მთის სახელს უამრავი ლეგენდა, გამოგონილი თუ საიდუმლოებით მოცული ამბავი უკავშირდება. ამ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე ხარობს ერთ-ერთი უნიკალური ქართული ჯიშის ვაზი - უსახელოური, რომლისგანაც ასევე უნიკალურ ღვინოს აყენებენ. ამ ღვინის მაღალ ფასს, გამორჩეულ თვისებებთან ერთად, მისი გავრცელების არეალის სიმცირეც განაპირობებს. ამ ვენახების უმეტესობა გაშენებულია სოფელ ზუბისა და სოფელ ოყურეშის მიდამოებში. ლეჩხუმელი თამაზ ომანაძე ბიოორგანული მეღვინეობის კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც ამ ჯიშის ყურძნისგან ღვინოს 2009 წლიდან აყენებს.
თამაზ ომანაძე:
- უსახელოურის ჯიშის ყურძენი გასულ წლებში ფალსიფიცირებისგან იმან იხსნა, რომ მასობრივი მოხმარების ღვინო არ ყოფილა. ამასთანავე, წითელი ღვინო საქეიფოდ არ მიიჩნეოდა და გლეხობამაც უსახელოური ნელ-ნელა აკაფა, სანაცვლოდ კი ლეჩხუმის ცოლიკოური გააშენა. უსახელოური ღობის ძირებშიღა იყო შემორჩენილი. მერე კი გადაშენების პირას მისული უნიკალური ჯიშის ყურძენი წარმოშობით ლეჩხუმელმა ტარიელ ალავიძემ აღადგინა.
ახლა ლეჩხუმის ექვსი სოფლის ფერდობები ამ პატარა ხეობაში ერთადერთი ზონაა საქართველოს ისტორიულ ფარგლებში, რომელსაც გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელება მიენიჭა, რაც "საქპატენტმა" დაარეგისტრირა... მერე უსახელოურის ვაზისა და ღვინის დაცვის ასოციაცია ჩამოვაყალიბე, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ.
- სად იკრიფება ყურძენი, რომლისგანაც თქვენს მარანში ღვინოს აყენებთ?
- სოფელ ოყურეშში. როდესაც ეს საქმე დავიწყე, არჯევანიძეების ოჯახი ერთადერთი იყო, ვინც ამ საქმეში წამომყვა. დათანხმდნენ, რომ საკუთარი ვენახები ბიოსერტიფიცირებაზე დაეყენებინათ. მინდოდა ეს ყველაფერი ბიოორგანული მევენახეობის მაგალითი ყოფილიყო ლეჩხუმსა და საერთოდ, დასავლეთ საქართველოში. ღვინო და მისი ხარისხი ხომ ვენახიდან იწყება... ამრიგად, არჯევანიძეების ვენახი ხვამლის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზეა.
- რა გარემოა იქ ამ კულტურისთვის?
- ეს არის ცხენისწყლის ხეობა, სადაც შავი ზღვის, ასხის მთისა და ხვამლის მთის ჰაერის მასები საოცარ კოქტეილს ქმნიან და ამ ნაზავში მოდის ეს ყურძენი. ამასთან, ნიადაგი კირქვიანია და კონკრეტული ფერდობი ამ ჯიშს უნიკალურ გემოვან თვისებებს ანიჭებს. აქ მოსული უსახელოურისგან დგება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოები (ლალისფერი წითელი). არჯევანიძეების ვენახი მაგალითია, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ქართულ ორგანულ მევენახეობას.
- მისტიკური ხვამლის მთის ფერდობებზე მოყვანილი ყურძენი შეუძლებელია საუკეთესო არ იყოს...
- ხვამლის მთის მოპირდაპირე მხარეს, ბებიასთან ვიზრდებოდი. ზაფხულში ყოველთვის აივანზე მეძინა, დილას მზის ამოსვლას იქიდან ვუყურებდი, რადგან პირველი მზის სხივები ხვამლის მთიდან მადგებოდა თვალებში. ოცნებად მქონდა იქ ასვლაც, რადგანაც ვიცოდი, რომ მითური მთა იყო... მეღვინეობა რომ დავიწყე, უამრავი მასალა მოვიძიე, სულხან-საბასთან ხვამლი (ხომლი) ვარსკვლავთ კრებულს ნიშნავს და ჩემს ღვინოსაც ასე დავარქვი. ეს არის მთა, რომელზეც პრომეთე კი არა, ამირანია მიჯაჭვული... აქ არის მსოფლიო ენერგეტიკული ცენტრი და მის ფერდობზე მოდის ეს უნიკალური ვაზი.
არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციაში მყოფმა პროფესიონალებმა ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის ცის ვარსკვლავიანი სურათი. ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას. ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება.
- რას უნდა ნიშნავდეს ეს?
- ეს წელი ემთხვევა დედამიწაზე უკანასკნელ წარღვნას - 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ხოლო თანამედროვე გადათვლით, *სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ქართველების საწყისიც... ამან წარმოშვა ვარაუდი, რომ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. ეს ყველაფერი ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გადაღებულ ფილმშიც არის ნაჩვენები. ამ გუნდის გაშიფრული ხვამლის მთის პიქტოგრამები ჩემს ღვინის ეტიკეტზე გადმოვიტანე.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენი რეცეპტი?
- მევენახეობა-მეღვინეობაში აკადემიური განათლება არა მაქვს. როდესაც მეკითხებიან, როგორ აყენებ ღვინოსო, ვპასუხობ, მე გენეტიკას ვაღვიძებ, არანაირი რეცეპტი არა მაქვს. მეღვინეობა ჩემთვის ფილოსოფიაა. ვენახის, რთვლის, მარნის კურთხევით დაწყებული, ღვინის ჩამოსხმამდე - ყველა ოპერაციაში ჩართული მაქვს საგალობლები, ვკითხულობ ლოცვებს და ვაკმევ საკმეველს. ლოცვასთან ერთად ძველი მთვარეობისას ვმუშაობ.
ხომლის უსახელოური, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინო, ქვევრში ვარგდება, აქვს ჯიშური არომატი, ხვამლის მთის ბუნების სასიამოვნო სურნელი და ჰარმონიულობა, ხოლო არომატი და სურნელი დიდხანს რომ მიყვება, ეს მისი, როგორც ექსკლუზიური, პრემიუმჯგუფის ღვინის უმთავრესი ღირსებაა.
- ბოთლებში რა რაოდენობით ასხამთ?
- მოსავალს გააჩნია - 500, 1000, 1500 ბოთლიც მქონია. გარდა უსახელოურისა, მაქვს ლეჩხუმის მწვანე ცოლიკოურიც იმავე სოფლის ფერდობიდან მოწეული ყურძნისგან.
ჩემი ღვინო თბილისში ორ ადგილას იყიდება, ლონდონში კი ბუკინგემის სასახლის ცნობილ ღვინის ბუტიკში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ულტრაპრემიუმკლასის ღვინოები. თვითონ მომძებნეს, ექსპორტიორები ჩამოვიდნენ და ჩემი ღვინის მარკეტინგსაც თვითონ აკეთებენ.
- არჯევანიძეები ვენახს როგორ უვლიან?
- ვენახს ხელით უვლიან, რადგან ისეთი ფართობებია, იმ ადგილს ისეთი დაქანება აქვს, მექანიზაციას ვერ შეიყვან. ვენახის მოვლისას გამოყენებულია მხოლოდ ბიოორგანული მეთოდები, ყოველგვარი შხამქიმიკატი გამორიცხულია.
უსახელოურის მოსავლის აღება იწყება ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ყურძნის შაქრიანობა 24-28 პროცენტამდე აღწევს. მოსავლის აღება იწყება 12 საათის შემდეგ, როცა აორთქლებულია დილის ცვრის წვეთები მტევნებზე. ვენახებიდან მარნამდე ტრანსპორტირება ამ საქმისთვის საგანგებო ტექნოლოგიით შექმნილი ყუთებით ხდება.
- წლევანდელი წელი რომ შეაფასოთ.
- წლეულს რომ იყო, ასეთი 5-6 წელიწადში ერთხელაა ხოლმე. საერთოდ, მთელ საქართველოში გამორჩეული წელი იყო. ვგულისხმობ ყურძნის ხარისხს, ამინდს, წვიმას, მზეს... დანარჩენს კი გაზაფხულზე ვნახავთ, როცა ქვევრი გაიხსნება.
ცაცხვის ხის 2-ტონიანი საწნახელი მაქვს, სადაც ყურძენს ვწურავ. ეს ჭურჭელი იმიტომ კი არა მაქვს, რომ ძველებურია, არამედ საუკეთესოა. მასში მორევის პროცესიც და აირაციაც კარგად ხდება. მარანში ყურძენი დაყოვნების გარეშე იჭყლიტება და ქვევრებში თავსდება. მაჭარი ჭაჭასთან ერთად ხუთი დღის განმავლობაშია, შემდეგ კი გამოცალკევდება ყოველგვარი წნეხის გარეშე. იანვრამდე ლექის მოსაშორებლად რამდენჯერმე გადავიღებთ ღვინოს, მერე ქვევრი თიხით იხურება. იხსნება 7 თვის შემდეგ და მინიმალური ფილტრაციით ცივად, ვაკუუმის მეშვეობით ბოთლებში ისხმება.
ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია წარსულთან, ჩვენს წინაპრებსა და მომავალთან. საქართველოში თუ რამ გვაქვს, ღვინისა და ვაზისგანაა... ცოტა და მაქსიმალურად ხარისხიანი ღვინო - ეს არის ჩემი პრინციპი. პოლიტიკაც ჩემთვის ქართული ვაზისა და ღვინის გადარჩენაა. ათასჯერ გაჩეხილ ვაზს ქართველი კვლავ და კვლავ რგავდა, ამის გამო მსოფლიომ საქართველო ვაზის სამშობლოდ აღიარა. თუ ამის გადარჩენისთვის ჩემს სამშობლოში ვიბრძვი, ესაა ჩემი პოლიტიკაც, მომავალი და ჩემი ბრძოლის საგანიც.
- სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობთ?
- კი, ოღონდ ვიღებ იმ სტუმრებს, ვინც იცის ღვინის ფასი და ეძებს ღვინოს. მარანი სოფელ გვიშტიბში მაქვს, წყალტუბოს გვიშტიბის საზღვარზე... შობა-ახალი წელი დგება და მინდა ჩვენი ქვეყნის შვილებს, მევენახეებს, მეღვინეებს საუკეთესო მომავალი ვუსურვო. ვაწარმოოთ ცოცხალი, ჯანმრთელი პროდუქტი, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. მსოფლიო ბაზარზე ვერ გავალთ ვერანაირი ინდუსტრიული მეღვინეობით, ის ცალკე სექტორია. ვაზს მოვარიდოთ რადიაციული, ქიმიური პრეპარატები. ის არათუ ვენახსა და ვაზს ავნებს, ნიადაგს და იმ ადამიანების ჯანმრთელობას ანადგურებს, ვისაც შეხება აქვს. ლეჩხუმი მახას და ზანდურის სამშობლოცაა. ცოტა უკვე მოძიებული მაქვს, მინდა ისიც გავაშენო და გადავარჩინო. სიკეთე ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას!
ლალი ფაცია