შობის ვარსკვლავის საიდუმლო
"შობის ვარსკვლავი" - ასე უწოდეს ადამიანებმა მშვენიერ მცენარეს, რომელიც ზამთარში ყვავილობს და ყველას ხიბლავს. შობის ვარსკვლავს მეორე სახელიც აქვს - პუანსეტია. ცნობილია, რომ ეს მცენარე სპეციალისტებმა 1833 წელს აღწერეს - მას შემდეგ, რაც მოყვარულმა ბოტანიკოსმა პოინსეტმა უცხო, ეგზოტიკური მცენარე მექსიკიდან აშშ-ში ჩაიტანა, მეცნიერული დასახელებაც ბოტანიკოსის გვარს დაუკავშირდა. პუანსეტია ევროპაში შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ეს ყვავილი დეკემბერ-იანვარში მილიონობით იყიდება. ბოლო წლებში მისი ჩუქების ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდა და დღეს შობის ვარსკვლავი არაერთ ოჯახს ამშვენებს. რატომ არის პუანსეტია განსაკუთრებული მცენარე და როგორ უნდა გავახაროთ ოჯახურ გარემოში? - ამის თაობაზე გვესაუბრება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე.
ნინო გოცაძე:
- პუანსეტია მართლაც ძალიან ლამაზი მცენარეა. მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ის ველურად იზრდება, ბუნებაში მისი სიმაღლე სამ მეტრსაც აღწევს, ოჯახურ პირობებში კი ამ მცენარის სიმაღლე, საშუალოდ, 40-45 სანტიმეტრია. პუანსეტია დეკორატიული მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- რატომ დაარქვეს მას "შობის ვარსკვლავი"?
- მისი ყვავილობა შობა-ახალი წლის დღეებს ემთხვევა. მისი ფოთლები ვარსკვლავის ფორმისაა და ზემოდან თუ დავხედავთ, პუანსეტია ვარსკვლავივით კაშკაშებს. ბევრს ჰგონია, რომ ეს მისი ყვავილებია, მაგრამ არა - ეს ფოთლებია, რომელიც დეკემბერში იწყებს გაწითლებას. რადგან წითელი ფერი დღესასწაულთან ასოცირდება, პუანსეტია შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ამიტომ დაარქვეს მას "შობის ვარსკვლავი". არსებობს პუანსეტიას მრავალი ჯიში: თეთრფოთლიანი, ყვითელფოთლიანი, ვარდისფერფოთლიანი, ზოგჯერ მისი ფოთლები დაწინწკლული ან ზოლებიანია.

- როგორ ყვავილობს შობის ვარსკვლავი?
- პუანსეტიას მწვანე ფოთლები თანდათან იღებს წითელ, ვარდისფერ ან თეთრ შეფერილობას, რაც ძალზე შთამბეჭდავი სანახავია. დაყვავილების შემდეგ მცენარე ძველ სილამაზეს კარგავს და თუ სათანადოდ არ მოვუვლით, შეიძლება მოკვდეს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი მცენარეა.
- როგორი მოვლაა საჭირო, რომ "შობის ვარსკვლავმა" წლების განმავლობაში იცოცხლოს?
- თუ სათანადოდ მოვუვლით, პუანსეტია მომდევნო ზამთარშიც გაგვახარებს ფერადი ლამაზი ყვავილებითა და ფოთლებით. სასურველია, მისი ქოთანი ფანჯრის რაფაზე შემოვდგათ, ოღონდ მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს: მზე პუანსეტიას ფოთლებს წვავს და აზიანებს. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-25°ჩ-ია. კარგად რომ გაიხაროს, შობის ვარსკვლავს მაღალი ტენიანობაც სჭირდება - იქ, სადაც მისი ქოთანია, ჰაერის ტენიანობა 60-65% მაინც უნდა იყოს. თუ ოთახის ჰაერი მშრალია, მცენარე მოიწყენს და გამოიფიტება. ამიტომ, თუ პუანსეტიას ქოთანი ისეთ ოთახში დგას, სადაც გამათბობელია ჩართული და ჰაერი შრება, ყვავილს წყალი დღეში ორჯერ უნდა შევასხუროთ. ამასთან, უნდა მოვრწყოთ კიდეც, თუ მიწის ზედა ფენა გამომშრალია. ეს როგორ უნდა შევამოწმოთ? - მიწის ზედა ნაწილი თითით უნდა გადავფხიკოთ და თუ 0,5 ან 1 სმ-ის სიღრმეზე მიწა გამომშრალია, ესე იგი, მცენარე მოსარწყავია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქოთანს კარგი დრენირება უნდა ჰქონდეს და მისგან გამოსული წყალი თეფშზე არ უნდა დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფესვები დაინესტება და მცენარე ხმობას დაიწყებს.

- როგორ შეიძლება შობის ვარსკვლავის ყვავილობა გავახანგრძლივოთ?
- პუანსეტია, როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში ყვავილობს, მაგრამ თუ გვინდა ყვავილობა გავახანგრძლივოთ, ნიადაგი სპეციალური სასუქით უნდა გავამდიდროთ. მაღაზიებში იყიდება კომბინირებული სასუქები ან ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქები, რომლებიც შედარებით მეტი რაოდენობით კალიუმს შეიცავს. კალიუმი ყვავილობასაც ახანგრძლივებს, მცენარე მისი წყალობით ძლიერ ფოთლებსა და ყვავილებს განივითარებს და შემდგომი ყვავილობისთვისაც საკმარისი რაოდენობის მიკროელემენტებსა და კალიუმს მოიმარაგებს.
- რა ხდება მაშინ, რაც შობის ვარსკვლავის ფოთლები ჭკნება?
- სეზონის მიწურულს, მარტსა და აპრილში პუანსეტია მიძინების პერიოდში გადადის. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მცენარე ისვენებს? - მას ეს კარგად ეტყობა: ფოთლები ჭკნება, ცვენას იწყებს და ბოლოს მცენარე შიშვლდება. ამ დროს შობის ვარსკვლავი მიწის ზედაპირიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე უნდა გადავსხლათ და მისი მორწყვაც უნდა შევამციროთ. მოსვენების პერიოდში მცენარე მხოლოდ მაშინ უნდა მოვრწყოთ, როცა დავინახავთ, რომ ნიადაგი ქოთნის ნახევარზე გამოშრა. გასხლული მცენარე ბნელ, გრილ ადგილას უნდა გადავიტანოთ - ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა 12-14°ჩ-ია. პუანსეტიას ასეთ ადგილას გაზაფხულის ბოლომდე ტოვებენ.
მაისის თვეში დასვენებული მცენარე კარგად განათებულ ადგილზე უნდა გადავიტანოთ და რეგულარულად მოვრწყოთ. მცენარე რომ იღვიძებს, ეს ადვილი შესამჩნევია: მისი მოჭრილი ბუჩქი ახალ ფოთლებსა და ყლორტებს ამოიყრის, რაც ნიშნავს, რომ მისი გადარგვაა საჭირო. ახალ ქოთანში პუანსეტია ისე უნდა გადავიტანოთ, რომ ფესვთა სისტემა არ დავუზიანოთ. სასურველია, ეს უფრო დიდი ქოთანი იყოს და ვიდრე გადავრგავთ, მცენარისთვის ნეიტრალური ნიადაგი მოვამზადოთ, რომლის PH (მჟავიანობა) 5,5-6,5-ზე მეტი არ უნდა იყოს. ნიადაგი შეიძლება გამზადებული ვიყიდოთ: ზამთარში მოყვავილე ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი მიწა, რა თქმა უნდა, მისთვისაც გამოდგება, თუმცა ჩვენ თვითონაც შეგვიძლია მოვამზადოთ შემდეგი თანაფარდობით: ფოთლოვანი მცენარეების მიწა - 2 წილი, ყვავილების მიწა - 3 წილი, 1 წილი ტორფი და 1 წილიც - ქვიშა. ასეთი ტიპის ნარევი მსუბუქი და ფხვიერია, ოპტიმალურ მჟავიანობას კი ტორფი ანიჭებს. ამგვარი ნარევი შობის ვარსკვლავის სრულყოფილ კვებას განაპირობებს და მის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.

- რამდენად სასურველია პუანსეტიას გასახარებლად პლასტმასის ქოთნის გამოყენება?
- ბოლო წლებში ამ მასალისგან დამზადებულ ქოთნებს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე თიხისას და ეს ცუდი არ არის: პლასტმასს, თიხასთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, გამძლეა, იოლად არ იბზარება და არ ტყდება, გარდა ამისა, გლუვი შიდა ზედაპირი აქვს, რომელიც მარილის ნადებს ადვილად არ იკეთებს, თანაც ძირზე ნახვრეტები აქვს, რაც კარგი დრენაჟის საშუალებას იძლევა. ასე რომ, პლასტმასის ქოთნის გამოყენება მცენარის გასახარებლად თავისუფლად შეიძლება.
- დავუბრუნდეთ შობის ვარსკვლავს: როგორ უნდა მოვიქცეთ ყვავილის გადარგვის შემდეგ?
- თუ თქვენს პუანსეტიას ყველაფერი რიგზე აქვს, ახალი ყლორტები გამოუჩნდება და თუ გსურთ უფრო ლამაზი ფორმა ჰქონდეს, მცენარის ვარჯი უნდა გასხლათ. 5-6 ყველაზე ძლიერი და სქელი ყლორტი უნდა დატოვოთ, დანარჩენი, წვრილ-წვრილი ღეროები უნდა მოაჭრათ და პუანსეტიას სასურველი ფორმა მისცეთ. ამ შემთხვევაში მცენარე უფრო ჯანსაღი და ლაღი გაიზრდება. რაც შეეხება მის კვებას: მცენარეს ორ კვირაში ერთხელ ვკვებავთ და ამისათვის მინერალური სასუქები უნდა გამოვიყენოთ. ეს უნდა იყოს კომბინირებული სასუქი, რომელიც ზამთარში მოყვავილე მცენარეებისთვისაა განკუთვნილი. სასუქის შეტანა შესაძლებელია ნიადაგის მორწყვით ან ფოთლებზე მსუბუქი შესხურებით.
შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოდან, იწყება მცენარის მომზადება ყვავილობისთვის. თუ გვინდა პუანსეტია დროულად აყვავილდეს და თავისი სილამაზით დაგვატკბოს, სინათლის რეჟიმიც უნდა დავიცვათ. თავის სამშობლოში "შობის ვარსკვლავი" ისეთ დროს იწყებს ყვავილობას, როდესაც მზის სინათლე 10 საათს გრძელდება, ხოლო 14 საათი სიბნელეა. ასეთი განათების რეჟიმს თუ შევუქმნით, მცენარე ორი თვის შემდეგ ყვავილობას დაიწყებს. ჩვენს შემთხვევაში ასეთი პირობები ხელოვნურად უნდა შევუქმნათ: 10 საათის განმავლობაში პუანსეტია დღის სინათლეზე უნდა გავაჩეროთ, ხოლო დანარჩენი 14 საათის განმავლობაში ბნელ ადგილას მოვათავსოთ. ასეთი რეჟიმი ხელს შეუწყობს, რომ საყვავილე კვირტების რაოდენობა უფრო მეტი იყოს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი მორწყვა მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყლით შეიძლება. საყურადღებოა ისიც, რომ მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებისგან დაცვა "შობის ვარსკვლავს" ისევე სჭირდება, როგორც სხვა მცენარეებს და თუ მას მსგავსი პრობლემა შეექმნება, ფუნგიციდებითა და ინსექტიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ: პუანსეტია რძიანასებრთა ოჯახის მცენარეა და როგორც ამ ოჯახის სხვა მცენარეები, ისიც შხამიანია. ამიტომ მისი გასხვლისა და გადარგვისას, ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია. როდესაც მცენარის მოვლას მოვრჩებით, ხელები კარგად უნდა დავიბანოთ... რადგან შხამიანია, პუანსეტია ბავშვებს და ცხოველებსაც უნდა მოვარიდოთ.
- დასასრულ, თუ შეიძლება ეს მცენარე საქართველოს პირობებში 2-3 მეტრამდე გაიზარდოს?
- არა, ჩვენს პირობებში 3 მეტრამდე ვერ გაიზრდება, რადგან ამისთვის ტროპიკული გარემო ან მასთან მიახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს. კარგია, რომ ბოლო წლებში პუანსეტია საქართველოში თანდათან პოპულარული ხდება და ბევრი ცდილობს საშობაო განწყობა ამ მცენარით გაილამაზოს.
ხათუნა ჩიგოგიძე