როგორ ბრუნდება თონეში პურის ცხობის ტრადიცია ოჯახებში - კვირის პალიტრა

როგორ ბრუნდება თონეში პურის ცხობის ტრადიცია ოჯახებში

თონე ქართული კულინარიის განუყოფელი ნაწილია და საარსებო პურის ცხობის უძველესი საშუალება; ერთგვარად მისტიკური ინსტრუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მოდის. ეს გახლავთ წინა საუკუნეებიდან მოტანილი ტექნოლოგია, რომლის როლი თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე არათუ ამოიწურა, კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ქართულმა თონეებმა ქართველების საშუალებით "შეაბიჯეს" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც ამ თონეებში გამომცხვარი პური პოპულარობით სარგებლობს. ჩვენს არაერთ სოფელშიც დროებით მიტოვებული თონის პურის ცხობა კვლავ ახლდება. ძველი და დაბზარული თონეები ახლით იცვლება, სადაც პურები არა მხოლოდ სადღესასწაულოდ, არამედ ჩვეულებრივ ყოფაში, ოჯახისთვისაც ცხვება.

ამჟამად ქართული თონეები მცირე რაოდენობით კახეთშიც იწარმოება. ტრადიციულად, ამ მხარეში არასოდეს შეწყვეტილა თონის პურის ცხობა, სადაც შოთის პურისა და ყველის გარეშე სუფრა "ღატაკად" მიიჩნევა. უფრო მეტი თონე კი იმერეთში, ჭიათურის სოფელ ტყემლოვანაში მზადდება, სადაც ჩვენში ყველაზე მაღალხარისხოვან თიხას მოიპოვებენ. აქ დამზადებული ქვევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გადის. ქვევრისგან განსხვავებით, უცხოეთში თონეებზე მოთხოვნილება ჯერჯერობით არ არის. სამაგიეროდ, ჩვენში დაიწყო ძველი თონეების განახლება. როგორც ტყემლოვანელი მეთონე დათო კაპანაძე ხუმრობით ამბობს, წლევანდელ სეზონზე თითქმის ყველა თონე გაყიდა, რადგან ბოლო დროს ქალები უფრო "გამარჯვდნენ".

337429374-5979154865494381-1193841177102894883-n-1735566351.jpg

მეთონე სეზონზე დაახლოებით 150 ცალ თონეს ამზადებს 15-დან 30-მდე პურის ტევადობით. უფრო მეტი ტევადობის პროფესიული თონეებია, რომლებსაც ქალაქებში ამუშავებენ, სოფლებში კი შედარებით მცირე მოცულობის თონეებზეა მოთხოვნა. მოთხოვნაა 10-პურიან თონეებზეც, რაც მეტყველებს, რომ თონეების გამოყენება საოჯახო დანიშნულებას უბრუნდება.

- ვერ ვიტყვით, როდის დაიწყო სოფელ ტყემლოვანაში ჩვენმა მამა-პაპამ თონეების წარმოება. ვიცი, რომ საქართველოში V საუკუნის თონეც არის აღმოჩენილი. ჩემი აზრით, ამაზე ბევრად ადრეც იქნებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს სოფელში ძალიან მაღალი ხარისხის თიხაა, რომლისგანაც ძველთაგანვე არა მხოლოდ ქვევრებსა და თონეებს, არამედ კრამიტსაც ამზადებდნენ. მაღალხარისხოვნება იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი თონეები, ისევე როგორც ქვევრები, ძალიან გამძლეა. როდესაც იმერეთის სოფლებში თონეები გასაყიდად დამაქვს და ხალხი ყიდულობს, როცა ვეკითხები, რა ასაკის თონეს ცვლი-მეთქი, ბევრი მპასუხობს, ეგ არ ვიცით, პაპის პაპის ჩადგმულია და როდის, არ გვახსოვსო. ზოგიერთ ოჯახში კვირაში ორჯერაც კი ახურებენ და აცხობენ, რაც, ბუნებრივია, თონეს ცვეთს. თუმცა, ამის მიუხედავად, საიმედოდ და მყარად დამზადებული თონე ათეული წლების განმავლობაშიც გამოიყენება.

- თონეებს იმავე თიხითა და ტექნოლოგიით ამზადებთ, რომლითაც ქვევრებს?

- დიახ. გამოწვითაც იმავე ტემპერატურაზე და იმავე დროში ვწვავთ ღუმელში. თონე გამძლე რომ იყოს, ქვევრივით გამოწვისას მთელი სამი დღე-ღამე მასაც უნდა ღამე უთიო, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს, თორემ ნაშრომ-ნაღვაწი ან თავადვე დაგვიზიანდება, ან მყიდველთან ვერ გაძლებს დიდხანს. რაც უნდა გააკეთო, სახელი არ უნდა გაიფუჭო. თონეების თუ ქვევრების დამზადებისას ღამით ფხიზლობის ვალდებულება მე და ჩემს ბიძაშვილს გვაქვს აღებული, ერთმანეთს ვენაცვლებით ამ დროს, თორემ ადამიანი სამი ღამის თეთრად გათენებას ნამდვილად ვერ შეძლებს. სხვა დეტალებში ოჯახში მამაჩემი და მეუღლე მეხმარებიან. მთელი ოჯახი ვშრომობთ.

257455786-1368990073519210-341834599428131255-n-1735566351.jpg

- წარმატებას გისურვებთ მთელ ოჯახს. რამდენ თონეს ამზადებთ?

- სეზონზე დაახლოებით 150-ს. წელიწადის თბილი პერიოდი ნიშნავს გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ყალიბში ამოყვანისას კერამიკას, თონეს, აუცილებლად თბილი ტემპერატურა სჭირდება, რომ არ ჩამოიშალოს. სათონე თიხა 5 კილომეტრიდან მოგვაქვს. თონის ჩამოსხმას საშუალოდ 100 კილოგრამი თიხა სჭირდება, ამიტომ თიხას ერთად რამდენიმე თონისთვის ვეზიდებით. მისი მოპოვება, თქვენც მიხვდებით, რომ ადვილი არ არის: ჯერ თიხიანი ადგილი უნდა მოძებნო, რამდენიმე ბარის პირზე მიწა გადააცალო და სიღრმიდან ამოიღო. ჩვენი შედეგი ის არის, როდესაც გასაყიდი თონეები აღარ გვრჩება. წლეულს კარგი სეზონი გვქონდა. საგანგებოდ შევიძინეთ მიკროავტობუსი, რათა თონეები თავადვე ჩამოვატაროთ სოფლებში.

ჩვენი ქვევრები უცხოეთშიც გადის. ახლა თონეებზეც მოიმატა შეკვეთებმაც და ეს სტიმულია. რომელ სოფელშიც არ უნდა მივიდე, ქალები ძალიან არიან დაინტერესებული, რომ თონე იყიდონ. არადა, რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, თონეში პურს ვინღა აცხობს, როცა ამდენი პურის ქარხანა მუშაობსო.A ახლა კი ხუმრობით ვამბობ ხოლმე, მგონი, ჩვენი ქალები გამარჯვდნენ, მადლობა ღმერთს-მეთქი. განა ადვილია თონეში პურის ცხობა, რომ გადაემხობა პურის ამოსაკრავად, ადამიანს სახე ეწვება, მაგრამ როცა დაინახეს, რომ თონეში გამომცხვარი პური მათ შვილებს უფრო მეტად მოსწონთ, უფრო გემრიელია და უფრო ჯანსაღიც, ვიდრე ქარხანაში გამომცხვარი, ბევრმა გადაწყვიტა, რომ თონეს მიჰბრუნებოდა. კიდევ ერთი რამეა: თონის პური ტურისტებს ძალიან მოსწონთ და როგორც ჩანს, ამანაც გააკეთა თავისი საქმე.

- საინტერესოა, როდესაც თონეს ვდგამთ, როგორ უნდა დავამონტაჟოთ, როგორ შევარჩიოთ მისთვის ადგილი, რომ მასში კარგი პური გამოცხვეს?

- სადაც პურის ცხობისთვის მოსახერხებელი ადგილი გვაქვს, თონე ყველგან შეიძლება დავდგათ. თუმცა ადგილი აუცილებლად გადახურული უნდა იყოს, რათა ცეცხლის დანთებისას ან ცხობისას შიგ წყალი არ ჩავიდეს. თონეში წყალი თუ ჩავიდა, იქ არც ცეცხლი დაინთება და არც პური გამოცხვება. რაც მთავარია, თონის დადგმა პირდაპირ მიწაზე არ შეიძლება, აუცილებლად ჯერ აგური უნდა დავაგოთ და თონე მერე დავადგათ თავზე. იმას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მიწაში რა სიმაღლეზე მოვათავსებთ. თუ გვსურს, შეგვიძლია მიწა ამოვჭრათ და თონე ცოტა ღრმად ჩავდგათ, თუმცა, ძირითადად, უფრო მიწის ზედაპირზე დამონტაჟებულ თონეებს ვიყენებთ. ამის შემდეგ თონე გარედან აუცილებლად რაიმეთი უნდა "შემოიღობოს". შემდეგ "ღობესა" და თონეს შორის აუცილებლად ჩავყრით მიწას, რაც იმის გარანტიაა, რომ გახურებული თონე სითბოს დიდხანს ანუ იმ დონემდე შეინარჩუნებს, რომ შიგ პური გამოცხვეს. თონის "ღობისთვის" ადრე წნელს იყენებდნენ, რომელსაც თონეს გარედან ისე შემოაქსოვდნენ, რომ თონემდე დარჩენილი სივრცე მიწით ამოევსოთ, ახლა კი თონეებს ხის მესრით ღობავენ.

- საინტერესოა, რომ მცირე თონეებზე გაჩნდა მოთხოვნა. ე.ი. თონის პურის ცხობის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ დიდ თონეში ცხობა არ შეუძლია ან ბევრ პურს არ საჭიროებს და ორიგინალურ თონეს იყენებს. მინახავს "უცნაური" თონეებიც, რომელთაც ბეტონგადაგებულ ხის კუნძზე ამონტაჟებენ და სადაც სურთ, იქ გადააქვთ.

- საინტერესო გამოგონებაა. თუ ოჯახში ბევრი წევრი არ არის, ბევრი თონის პური რატომ უნდა გამოაცხო.

- დაახლოებით რამდენ გრადუსზე უნდა გააცხელო თონე პურის გამოსაცხობად?

- ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენი წინაპრები, ალბათ, ამასაც არასოდეს ზომავდნენ. როდესაც პურს შინ ტაფაზე ვაცხობთ, მის ტემპერატურას ხომ არასოდეს ვზომავთ? ისეც ხომ ვხვდებით, რომ პურის გამოცხობის ტემპერატურამდე ავიდა. დედაჩემი, მაგალითად, ხელით წამიერად ამოწმებს თონის სიმხურვალეს და ასე ხვდება, როდის არის პურის ჩაკვრის დრო. ოღონდ ვინმემ თონეში ცხობის შესწავლა მოინდომოს და გამოცდილი მეპურე ყველგან არის, ყველას სიამოვნებით ასწავლიან. თონეში პურის ცხობა ჩვენი გენეტიკური საქმეა. ჩვენ კიდევ თონეების გამოშვებას არ შევწყვეტთ.