„ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და თავისი ხმამაღალი დაპირებებისაგან ნელ-ნელა უკან იხევს" - The Hill
დონალდ ტრამპისათვის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იოლი არ იქნება, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და თავისი ხმამაღალი დაპირებებისაგან ნელ-ნელა უკან იხევს“ (ავტორი - ბრეტ სემუელსი). „რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირება ერთ დღეში და ერთ კვირაშიც ვერ მოხერხდება... მთავარი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმაც და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც [ორივე მხარისათვის მისაღები] ხელშეკრულების დადების სურვილი გამოამჟღავნონ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტი ამომრჩევლებს უამრავი საკითხის მოგვარებას დაპირდა, კერძოდ, ხარჯების სწრაფად შემცირება, უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულება - ინაგურაციამდეც კი - და ბაჟების შემოღება აშშ-ის ეკონომიკის მხარდასაჭერად.
მაგრამ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ამ დაპირებების შესრულება იოლი არ იქნება. მაგალითად, ამასწინანდელ ინტერვიუში არჩეულმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ გაზრდილმა ბაჟებმა შეიძლება სამომხმარებლო ფასები კიდევ უფრო მოამატოს, ამიტომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთო. ჟურნალ „თაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში (რომელმაც იგი „წლის ადამიანად“ გამოაცხადა), ტრამპმა თქვა, რომ კვების პროდუქტებზე ფასების შემცირება, რომლებიც უკვე გაზრდილია, ძნელი იქნება, ხოლო არჩევნების შემდეგ პირველივე პრესკონფერენციის დროს პალმ-ნიჩში (ფლორიდის შტატი) აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტა უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის შესუსტება.
გაუცრუა თუ არა ტრამპმა ამომრჩეველს იმედი?!
დონალდ ტრამპს დემოკრატებმა და კრიტიკოსებმა იმავწუთს ბრალი წაუყენეს, რომ იგი მოლოდინებს აქვეითებს, იმედს უცრუებს ამომრჩევლებს და უფრო მეტიც - უარს აცხადებს დაპირებების შესრულებაზე. არჩეული პრეზიდენტის გარდამავალს შტაბს და სხვა მოკავშირეებს მოუწიათ განმარტებები გაეკეთებინათ, რომ დონალდ ტრამპი, უბრალოდ, ყოვლისმომცველი წინასაარჩევნო რიტორიკიდან სახელმწიფოს მართვის კონკრეტულ ნიუანსებზე და რეალიებზე გადავიდაო.
„ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი ხმების დიდი უპირატესობით აირჩია და მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის სათანადო მანდატი მისცა... იგი თავის სიტყვას აუცილებლად შეასრულებს“, - განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა და თეთრი სახლის მომავალმა პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივიტმა.
დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მოკავშირემ ასევე განმარტა, რომ არჩეული პრეზიდენტის მოქმედება და ნაბიჯები არ ეწინააღმდეგება ადრე გაცხადებულ დაპირებებს, უბრალოდ, იგი ადრინდელი ტიპიური „სარეკლამო“ რიტორიკიდან რეალური საქმის კეთებაზე გადადის.
თავის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი მუდამ აკეთებდა აქცენტს აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მან ბრძოლა გამოუცხადა ინფლაციას, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხს წარმოადგენდა თეთრი სახლის დაუფლებისათვის სწრაფვაში. იგი არჩთუ იშვიათად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს საკვები პროდუქტების გაძვირების გამო და მხარდამჭერებს ფასების შემცირებასა და ენერგიის წარმოების გადიდებას პირდებოდა - ხაზს უსვამდა, რომ ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი აქვს ფასების წარმოქმნის პროცესში.
„ფასები დაიკლებს. აი, ნახავთ. ფასები შემცირდება და თანაც ძალიან სწრაფად. გაიაფდება არამარტო პროდუქტები და დაზღვევა, არამედ ყველაფერი“, - პირდებოდა დონალდ ტრამპი თავის მომხრეებს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში.
პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე არჩევნების წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის სასარგებლოდ მიცემული ხმა იმას ნიშნავს, რომ ხალხი პროდუქტების გაიაფების მოწმე გახდება.
მაგრამ ჟურნალ „თაიმში“ ინტერვიუს დროს 25 ნოემბერს დონალდ ტრამპის შეფასებებში უკვე სიფრთხილე სეინიშნება. კითხვაზე, რამოხდება, თუ იგი ფასების შემცირებას ვერ მოახერხებს და იქნება თუ არა მისი პრეზიდენტობა მილიონობით მხარდამჭერის იმედგაცრუება, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იგი ასე არ ფიქრობს. „მაგრამ შეხედეთ, ფასები დემოკრატებმა როგორ ასწიეს. მე დაწევა მინდა, მაგრამ ხომ იცით, რომ მომატება ადვილია, დაწევა კი ძნელი. ალბათ, შევძლებ იმის სესრულებას, რაც ვთქვი. ვფიქრობ, რომ ენერგიის წარმოების მატება ფასებს შეამცირებს. საჭიროა წესრიგის დამყარება მიწოდებაში... ხომ გესმით, რომ მიწოდების არხები მთლიანად დარღვეულია“.
დემოკრატებმა იმავწუთს დონალდ ტრამპის დაძრახვა დაიწყეს - „აი, ხედავთ? მას ჯერ კიდევ არ დაუწყია თავისი ფუნქციების შესრულება და უკვე უკან იხევს, არღვევს წინასაარცევნო დაპირებებს...“.
„კანდიდატი ტრამპი საკვებზე ფასების შემცირებას დაგვპირდა, მაგრამ ეტყობა, უკვე არჩეული ტრამპი თავისი სიტყვის შესრულებას არ აპირებს“, - დაწერა „იქს-ქსელში“ სენატორმა ელისაბედ უორენმა, დემოკრატმა მასაჩუსეტსის შტატიდან, - მარა-ლაგოში უკვე შამპანურებს სვამენ, პრეზიდენტად არჩეული ტრამპი კი აცხადებს, რომ თურმე ფასდაკლება ზალიან ძნელი ყოფილა. სამწუხარო ტრანსფორმაციაა. აი, თქვენს წინაშე უკვე ხდება დაპირებების დარღვევა“.
"სიტყვას არ ვღალატობ, მაგრამ..."
დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა დონალდ ტრამპს მისივე ნათქვამი შეახსენა, რომელთა თანახმად, დონალდ ტრამპი საბაჟო გადასახადებს შეამცირებდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე გამოსვლისას კი მან თქვა, რომ სიტყვას არ ღალატობს, მაგრამ აღიარებს იმ რისკებს, რომ ზოგიერთი კომპანია თავიანთ ხარჯებს მომხმარებელთა კისრიდან ამოიღებს. „მე არაფრის გარანტირება არ შემიძლია. მე ხვალინდელი დღის გარანტორი ვერ ვიქნები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კორონავირუსის ეპიდემიამდე ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა. ამაში ჩემი დიდი დამსახურებაც არის. მე ჩინეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დიდი გეგმები მქონდა..“.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპი თავის ჩვეულებრივ ტრადიციას - ყოყოჩობას დაუბრუნდა და კანადას ამერიკის 51-ე შტატად გადაქცევა შესთავაზა, პანამას არხის წართმევით დაემუქრა და ისევ გრენლანდიის ყიდვაზე დაიწყო ლაპარაკი - „ამერიკისათვის ყინულოვანი კუნძულის დაუფლება აბსოლუტურად აუცილებელიაო“. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპისათვის პანამის არხზე და გრენლანდიაზე ლაპარაკი ერთგვარი ბერკეტია ბაჟების შესამცირებლად აშშ-ის გემებისათვის, რომლებიც პანამის არხში ცურავენ - წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოეკეანისაკენ.
ბოლო დროს დონალდ ტრამპი ასევე ფრთხილად ლაპარაკობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, რომლის შეწყვეტას, სექტემბრის დებატების დროს, მანამდე ფიქრობდა, სანამ მისი როგორც პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდებოდა.
ამ კვირაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დარეგულირება ძალიან რთული იქნება, ახლო აღმოსავლეთის ომისაგან განსხვავებით, რომელშიც ჩართულნი არიან ერთი მხრივ, ისრაელი, მეორე მხრივ კი ირანი და სხვა მრავალი ტერორისტული დაჯგუფება. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად უნდა იყვნენ შეთანხმების დასადებად საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, თუმცა მან არ გააჟღერა, თუ რა კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ ორივე მხარეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპისათვის იოლი არ იქნება ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოახდინოს. „თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ამერიკა მთელ თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს, მაშინ იგი შეძლებს. მე ვიცი, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე ბევრად ძლიერია. ამერიკა ბევრად ძლიერია რუსეთზე. ამერიკის ეკონომიკა ყველაზე ძლიერია. ამერიკა რუსეთზე მეტად მდიდარია და მას მეტი გავლენა აქვს“.
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც დონალდ ტრამპი ბევრ დაპირებებს იძლეოდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მას არ შეუსრულებია. მაგალითად, მან არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედელს ააშენებდა, თანაც თვით მექსიკის ხარჯებით. მართალია, ზოგიერთ ადგილას კედელი ნამდვილად აიგო, მაგრამ ამაში მექსიკას ერთი ცენტიც არ დაუხარჯავს.
2016 წელს დონალდ ტრამპი ასევე დაპირდა ამომრჩევლებს, რომ გააუქმებდა სამედიცინო მომსახურების კანონს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ მიღებულს, მაგრამ ვერ მოახერხა. რესპუბლიკელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ კანონიდან სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პუნქტი ამოიღეს, მაგრამ კანონმდებლებისათვის მისი მთლიანად გაუქმება ან ალტერნატიული კანონის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.