საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე-პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში... - კვირის პალიტრა

საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე-პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში...

2024 წლის ბოლო დღე,31 დეკემბერი მსოფლიოს ომების ისტორიაში შევა,როგორც უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან რაკეტის საშუალებით პირველი შვეულმფრენის ჩამოგდება...

ის,რომ რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანმა ომმა ძალიან დააჩქარა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების განვითარება, უდავოა, მაგრამ განსაკუთრებული პროგრესი შეიმჩნევა დრონების-დიტანციურად მართვადი საფრენი, მიწაზე მოძრავი და მცურავი უეკიპაჟო საშუალებების ელვისუსწრაფეს პროგრესში...

ომის მესამე წლის ბოლოსკენ უკრაინულმა მხარემ შესძლო Magura V5 ტიპის უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან(რომელიც მანამდე ძირითადად კამიკაძე-დრონის როლში გამოიყენებოდა) გაშვებული ორი Р-73 SeeDragon ტიპის რაკეტით ჩამოეგდო ერთი რუსული Ми-8МТ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი,ხოლო მეორე კი დაეზიანებინა...

2-1735655145.png
ასე გამოიყურება უკრაინული Magura V5 ტიპის უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან მასზე დაყენებული ორი Р-73 SeeDragon-ის ტიპის „ზღვა-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტით...

ეს რუსული შვეულმფრენები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ტარხანკუტის კონცხის სიახლოვეს ჰაერიდან ნადირობდნენ უკრაინულ კატარღა-დრონებზე:შვეულმფრენების ეკიპაჟები ტყვიამფრქვევების ცეცხლით ცდილობდნენ მათ აფეთქებასა და ჩაძირვას, როდესაც უკრაინული უეკიპაჟო დრონებმა მოულოდნელად საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თანაც...მართვადი საავიაციო რაკეტებით,რის შემდგაც რუსი სამხედროები მონადირეებიდან გადაიქცნენ ნადავლად-თავად უკრაინული კატარღა-კამიკაძეებიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს,რომ რაკეტით მძიმედ დაზიანებული ერთი რუსული შვეულმფრენი შავი ზღვის ტალღებში იძირება, მეორეს კი კუდის საჭესთან უფეთქდება რაკეტა,მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც აგრძელებს ფრენას ავარიულიად მიწაზე დასაშვებად...

გარდა ამისა, უკრაინული მხარე ასევე აქვეყნებს ამ შვეულმფრენების ეკიპაჟების განწირულ ხმით რადიოსაუბრების გადაჭერილ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა,თუ რამდენად მოულოდნელი გახდა მათთვის,რომ ადვილ საკბილოდ მიჩნეულმა-კატარღა-დრონებმა იქით გამოიჩინეს „ბრჭყალები“ და საპასუხო სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს...

ჩვენთვის კი ის გარემოება იქნება საინტერესო, რომ მსოფლიოს ომების ისტორიაში განხორციელებული უეკიპაჟო კატარღა-დრონის მიერ შვეულმფრენის ჩამოგდება განხორციელდა...თბილისში დამზადებული რაკეტით!

რა თქმა უნდა ეს, „ჰაერი-ჰაერი“ კლასის ორი Р-73 ტიპის მართვადი რაკეტა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ გადაუცია უკრაინის არმიისთვს(ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროა ოფიციალური კიევისა და თბილისის დღევანდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე),ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩათ უკრაინაში, როდესაც „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვად რაკეტებს სერიულად უშვებდნენ თბილისის საავიაცო ქარხანაში...

თბილისის საავიაციო ქარხანაში მხოლოდ ზებგერითი გამანადგურებლები და შეჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავები როდი ეწყობოდა,იქ ათწლეულების განმავლობაში ასევე აწარმოებდნენ "ჰაერი-ჰაერი" კლასის ახლო მანძილზე მოქმედების სითბური დამიზნების ორი ტიპის მართვად რაკეტებს, Р-60М -სა და Р-73 -ებს, რომლებითაც შეიარაღებული იყო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების თითქმის ყველა საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავი-გამანადგურებლები,გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები.

ამ ტიპის რაკეტები ერთგვარი "პისტოლეტებია" საჰაერო ბრძოლებში აღმოჩენილი პილოტებისთვის, რომლებსაც მათი საშუალებით ახლო მანძილზე შეუძლიათ თავის დაცვა.

Р-60 ტიპის რაკეტების სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 30 ათასზე მეტი ასეთი და უფრო გაუმჯობესებული Р-60М ტიპის რაკეტა ააწყვეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტიპის რაკეტებს საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა და არა მარტო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ათასობით ამგვარი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გაიყიდა და მათ ინტენსიურად იყენებდნენ ისრაელ-არაბეთისა და ირან-ერაყის ომებში.

1983 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო "ჰაერი-ჰაერი" კლასის ბევრად ძლიერი Р-73 ტიპის მართვადი რაკეტის სერიული წარმოებაც, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელ მსოფლიოში და 40 კილომეტრის სიშორეზეც შეეძლო ჩამოეგდო საჰაერო სამიზნე. თბილისში არანაკლებ 6 ათასი ასეთი რაკეტა ააწყვეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ზემოხსენებული ორივე ტიპის მართვადი რაკეტების მცირე მარაგი შეხვდა ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ავიაციასაც და შესაძლო საჰაერო ბრძოლებში თავის დასაცავად განთავსებული იყო ასევე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ორ განაპირა პილონებზე.

გარდა ამისა, აფხაზეთის ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა "ჰაერი-ჰაერი" კლასის Р-60М ტიპის მართვადი რაკეტების მიწიდან გასაშვები დანადგარები მათი საზენიტო რაკეტებად გამოყენების მიზნით. ჩატარდა საგამოცდო სროლები შავი ზღვის სანაპიროზეც, თუმცა შემდგომში ამ მიმართულებით საკონსტრუქტორო სამუშაოები შეწყდა. მაშინ Р-60М ტიპის რაკეტის ნაცვლად ბევრად ძლიერი სარაკეტოძრავიანი Р-73 -ები რომ გამოეყენებინათ, "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა "მიწა-ჰაერი" კლასის საზენიტო რაკეტად წარმატებით "გადანათვლა" შეიძლებოდა და ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა (რაც გააკეთეს კიდეც სერბებმა, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული "რ-60მ" და "რ-73" ტიპის რაკეტების გასაშვები სატვირთო ავტომობილებზე დაამონტაჟეს და ნატოს ავიაციის წინააღმდეგაც იყენებდნენ).

სხვათა შორის, ბევრი თანამედროვე "მიწა-ჰაერი" კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მათ შორის ისრაელის "სპაიდერი" (რომელიც ქართველმა მეზენიტეებმა ჯერ აგვისტოს ომის ბრძოლებში "მონათლეს"), ფრანგული "მიკა", გერმანული "ირის-ტ" თუ ამერიკულ-ნორვეგიული "ნასამსი" საზენიტო რაკეტად გადაკეთებულ "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებს იყენებენ, რაც ბევრად იაფი გამოსავალია, ვიდრე ახალი საზენიტო რაკეტის დაპროექტება, გამოცდა და სერიული წარმოების დაწყება.

უკრაინელებმაც ეს გზა აირჩიეს და „ჰაერი-ჰაერი“ კლასის თბილისური Р-73 -ები „ზღვა-ჰაერის“ კლასის საზენიტო რაკეტად Р-73 SeeDragon-ად გადააკეთეს და და როგორც ხედავთ წარმატებითაც გამოიყენეს-მსოფლიო ომების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს...