"ვეცდები, "ორერა" ძველებურად ვარსკვლავურ ფორმაში იყოს, ჩაუქრობლად იბრწყინოს და იკაშკაშოს" - კვირის პალიტრა

"ვეცდები, "ორერა" ძველებურად ვარსკვლავურ ფორმაში იყოს, ჩაუქრობლად იბრწყინოს და იკაშკაშოს"

"ორერას" ახალი მუსიკალური და სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს - გიორგი წიკლაური,

რის შესახებაც ბატონმა გენო ნადირაშვილმა თავად გვიამბო.

- იმ წლებში (2000-2005), როცა ანსამბლი რუსეთში წარმატებით მოღვაწეობდა, მოსკოვში ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე ჩვენთან ერთად, მაყურებლის წინაშე გიორგი წიკლაურიც წარადგინეს, როგორც სოლისტი. "ორერას" მაშინდელ მუსიკალურ ხელმძღვანელთან, გია ძიძიგურთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, შევხვედროდით, მოგვესმინა და ახლოს გაგვეცნო. მისი სიმღერის მანერა, სტილი ჩვენი ანსამბლის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. გიორგიც დათანხმდა, გახდა "ორერას" ოჯახის წევრი და აგერ უკვე 20 წელს ითვლის ჩვენი ერთობა. გიორგიმ ჩვენთან ერთად გაიზიარა ისეთი დიდი წარმატებები, როგორიცაა: 2005 წელს "ორერას" ვარსკვლავის გახსნა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში და 2011 წელს საქართველოში - თბილისში. მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და გულითადად იყო ჩართული ანსამბლის შემოქმედებით პროცესებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკე ესტრადის სოლო შემსრულებელიცაა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება მის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე, საოცრად კარგი ახალგაზრდაა და იმდენად კარგად ესმის "ორერას" გულისცემა, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.

- გიორგი, როგორი იქნება "ორერას" მომავალი თქვენი ხელმძღვანელობით და რა გეგმები გაქვთ?

გიორგი წიკლაური:

- ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ შემადგენლობის ხუთეულში ყოფნა. ბატონი გენო და ბატონი თემური (დავითაია) ის ადამიანები არიან, რომლებიც დაბადებიდან მოჰყვებიან ანსამბლს. ვფიქრობ, საჭირო დრო და მომენტია, გამოიცეს ისტორიული წიგნი ანსამბლზე, რადგან ეს ნამდვილად უდიდესი ისტორია და ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთი ხუმრობაც არსებობს, საქართველოში ჯერ "ორერა" შეიქმნა და მერე სიმღერაო. ისეთი წევრებიც ჰყავდა ანსამბლს, როგორებიცაა: უპირველესი ხელმძღვანელი რობერტ ბარძიმაშვილი და ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე. სასიხარულო იქნება, თუ ამ იდეის ხორცშესხმისათვის გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამ სასიკეთო საქმისთვის თითო აგურს დადებს, რადგან ამ ეტაპზე ანსამბლს არანაირი სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ის დამოუკიდებლად მოღვაწეობს და მისი საკონცერტო საპრემიო შემოსავლები ამ მიზნისთვის არასაკმარისია.

ანსამბლის წევრების ახლანდელ შემადგენლობაში არიან ზურა მირზიაშვილი და დავით მაღლაკელიძე, ხოლო ძველი წევრების ასაკობრივი ჩივილები მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაზე საჩქარო და მოსასწრებია, რადგან წიგნისთვის საჭირო მასალას ეს ადამიანები მეხსიერებაში ინახავენ და ამ მასალის ფურცლებზე გადმოტანას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. წიგნის ნიუანსებიც გარკვეული და დალაგებული გვაქვს, რედაქტორიც შერჩეული (პოეტი ე. უგულავა), სტამბაც მოძებნილი და ყველაფერი გათვლილი. ერთი-ორი მსურველიც გამოჩნდა, ვინც წიგნის დაფინანსების სურვილი გამოთქვა, თუმცა ქვეყანაში არაპროგნოზირებადმა პოლიტიკურმა ამინდმა ამ გეგმასაც შეუშალა ხელი.

- ბატონო გენო, ამ გადასახედიდან "ორერას" ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი თქვენი და "ორერას" ვარსკვლავების გახსნის გარდა, რა გახსენდებათ?

გენო ნადირაშვილი:

- ყველაზე შთამბეჭდავი 1977 წელს ამერიკის ერთთვიანი ტურნე იყო ბუბასა და ნანისთან ერთად; კიდევ, 1964 წელს დიდი ბრიტანეთის დაუვიწყარი ტურნე, "როიალ ალბერტ ჰოლის" საკონცერტო დარბაზი და 14000-კაციანი მაყურებელი. კონცერტი პირდაპირი ტრანსლაციით გადიოდა მაშინდელი ინგლისის წამყვანი სატელევიზიო ეთერებით. აქამდე არასოდეს მითქვამს, რომ ანსამბლი "ორერა" 80-იან წლებში, მსოფლიოს ექვსეულში შედიოდა, ანსამბლ "ბითლზთან" ერთად, ჩვენი დისკის რეკორდული მაჩვენებლის - 3-მილიონიანი გაყიდვებისთვის, რის გამოც ჯილდოდ "ოქროს დისკი" გვერგო. "ორერამ" მსოფლიოს 5 კონტინენტის 92 ქვეყნის ხალხის გულების დაპყრობა შეძლო.

- გიორგი, როგორი წარმოგიდგენია "ორერა" ნახევარი საუკუნის მერე?

გიორგი წიკლაური:

- იოლი არ არის ბატონი გენოს შეცვლა, მით უმეტეს, როცა სხვა სინამდვილეში ვართ. ბატონი გენოს ნდობა ჩემთვის შეუფასებელია. ნახევარი საუკუნის მერე ვერ გეტყვით, მაგრამ მომდევნო წლებში ვეცდები, ჩემს ხელში "ორერა" ისეთივე ვარსკვლავურ ფორმაში იყოს, როგორშიც ჩემამდე იყო და ჩაუქრობლად იბრწყინოს, ძველებურად იკაშკაშოს.

ლია ჯანანაშვილი

ჟურნალი "გზა"