"ომი რომ დამთავრდება, შობა-ახალ წელს მერე ვიზეიმებ" - კვირის პალიტრა

"ომი რომ დამთავრდება, შობა-ახალ წელს მერე ვიზეიმებ"

მესამე ახალი წელია რუსეთი უკრაინას საშობაო და საახალწლო საჩუქრებად ბომბებს უგზავნის;

მესამე წელია ქართველი მეომრები შობა-ახალ წელს უკრაინელების მხარდამხარ, ფრონტის ხაზზე ხვდებიან. რუსები პუტინის ბრძანებით ყოველ ახალ წელს უკრაინაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ასევე საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ. როგორია ამ რთულ ვითარებაში უკრაინული ახალი წელი და როგორ ხვდებიან წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ფრონტის ხაზზე მებრძოლები, ამის შესახებ ქართველი მებრძოლი-ექიმი, უმცროსი სერჟანტი ქეთი ლეშკაშელი გვიამბობს. სხვათა შორის, ქეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ "ოქროს ჯვრის" სამკერდე ნიშნით არის დაჯილდოებული. ის 2024 წელს იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით, ფრონტის წინა ხაზზე შეხვდა. ფიქრობს, ამჯერადაც ასე მოუწევს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალი 2025 წელი მაინც მოუტანს უკრაინას გამარჯვებას და მშვიდობას.

- რაც უკრაინაში ჩამოვედი, ახალი წლის განცდა არ მქონია. 2023 და 2024 წელს ორივეჯერ ფრონტის ხაზზე შევხვდი. გასულ წელს რუსებმა უკრაინელებს ძალიან მძიმე შობა და ახალი წელი გაუთენეს. "ერთმორწმუნეებისთვის" არც ძველით ახალი წლისთვის დაიშურეს "სიურპრიზები" და წელსაც არ გვაქვს უკეთესის მოლოდინი. თუმცა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სხვათა შორის, შარშან პუტინს საშობაო ზავი ჰქონდა დაანონსებული. ჩვენ იცით, რა ვქენით? უფრო მეტად მოვემზადეთ თავდაცვისთვის. ვინც რუს ხალხს იცნობს, მით უფრო, რუს პოლიტიკოსებს, კარგად იცის მათი მზაკვრობის ამბავიც. შობას და ახალ წელს სწორედაც რომ ველოდით რუსეთის სისხლიან მოლოცვას და არც გაუცრუებიათ მოლოდინი. სხვათა შორის, მე დაბადების დღე შობას - 25 დეკემბერს მაქვს.

- არც საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავ რაიმე ფორმით?

- აბა, როგორ უნდა აღვნიშნო, როდესაც შუქსაც კი ვერ ვანთებთ, იმის შიშით, რომ სისხლიანი საჩუქარი არ მივიღოთ რუსებისგან. პატარა ორიგინალური ნაძვის ხე გვაქვს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ტყეში ნაძვის ტოტი მოვჭერით და სათამაშოების ნაცვლად ბინტები, ნემსები დავკიდეთ.

- ფრონტის მეგობრები ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს თუ უკეთებთ?

- სამწუხაროდ, ამის ხალისი არ გვაქვს.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთ ახალ წელს დაიჭერით კიდეც.

- ეგ აღარ გამახსენოთ, ახალ წელს არა, მაგრამ ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ ვიჭრები. ახლაც რეაბილიტაციას გავდივარ.

- სულ რამდენჯერ ხარ დაჭრილი?

- სულ ოთხჯერ. კანტუზიებს უკვე დიდი ხანია, აღარ ვითვლი, ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია. პირველად რომ დავიჭერი, ვერც ვიგრძენი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს „ბიტა“ შემომარტყეს ან ქვა მომხვდა, მერე და მერე, რომ ამეწვა და ფეხს დავხედე, ხვრელი დავინახე. იცოცხლე, მაშინ კი მაგრად შემეშინდა. ფეხში ორჯერ ვარ დაჭრილი. ყველაზე რთულია იმის განცდა, რომ ფრონტის ხაზზე ხარ და გადაადგილება არ შეგიძლია. ხელში დაჭრა არაფერია, ეს ლირიკაა. მერე იმასაც ფიქრობ, - ვაიმე, თავში რომ მოხვედროდა? ასეთმა ფიქრებმაც იცის პანიკაში ჩაგდება, ამიტომ არ უნდა აჰყვე ფიქრებს, დროულად უნდა შემოუძახო თავს.

- სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა გქონია?

- კი, ორჯერ, ერთხელ ფეხიდან მასიური სისხლდენა დაიწყო და ძლივს შემიჩერეს, მეორედ არტერიასა და ნერვს შორის გამეჭედა ჭურვის ნამსხვრევები.

- ყველაზე სახიფათო მომენტში როდის აღმოჩნდი?

- ერთხელ ერთი კონკრეტული ადგილი ავიღეთ, უკვე დაცვითი პოზიცია გვეკავა, მარჯვენა ფლანგს ექვსი კაცი ვიცავდით და უცებ დაბომბვა დაიწყო... ერთი ბომბით ერთდროულად ორი კაცი მომიკვდა, ორი მძიმედ დაიჭრა, დავრჩით ორნი. დარტყმის ძალამ რაციები გაგვითიშა. ჩემთან ერთად გადარჩენილმა მებრძოლმა თქვა, რომ შტაბისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია დაჭრილების შესახებ. გადაწყდა, მათთან დავრჩენილიყავი, სრულიად მარტო, ინტენსიურ დაბომბვაში. ჩემი თანამებრძოლი ისეთ ცეცხლში შევიდა, არ მეგონა, ცოცხალი თუ დაბრუნდებოდა; ისიც არ მჯეროდა, რომ შტაბამდე მიაღწევდა ცოცხალი. ინტენსიური დაბომბვა რომ შეწყდა, ქვეითების ხმა შემომესმა. ვიფიქრე, ერთი ავტომატით ვერაფერს გავხდებოდი, ხელყუმბარა დავიჭირე, ჩავჯექი და ასე ველოდებოდი რუსებს. სავარაუდოდ, ნახევარი საათი ვიჯექი, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა, ყველა გამახსენდა, ვინც მიყვარდა, მენატრებოდა... ძნელი ყოფილა თავის აფეთქება... თუმცა სხვა გზა არ იყო. უცებ რაციის ხმა გავიგონე და მივხვდი, რომ ჩვენები იყვნენ. თავიდან დავიბადე, ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ! დაჭრილები გაიყვანეს და მითხრეს, რომ ბრძანების თანახმად, პოზიცია არ დამეტოვებინა. მე და კიდევ ერთი მებრძოლი ფლანგს 8 საათის განმავლობაში მარტონი ვიცავდით. ფეხი არ მოგვიცვლია, ვიდრე დამხმარე ჯგუფები არ მოვიდნენ.

- 29 წლის ქალისთვის უკვე ბევრი გაქვს გადატანილი. ხომ არ გიფიქრია, რომ დროა ყველაფერს თავი დაანებო და შინ დაბრუნდე?

- სხვათა შორის, ძალიან ხშირად შემომწოლია ასეთი ფიქრები. ბოლოს და ბოლოს, ჩემი წილი უკვე გავაკეთე, ავდგები და წავალ... გათენებულა მეორე დღე და გამიანალიზებია, რომ ფრონტის ხაზზე ჩემი მეგობრები რჩებიან, რომლებსაც ჩემი დახმარება და გამოცდილება სჭირდებათ და მაშინვე შემცვლია განწყობა. ახლაც, ამ ცოტა ხნის წინ ამერიკაში ვიყავი, შემეძლო დავრჩენილიყავი და ახალი ცხოვრება დამეწყო, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, არ მომინდა.

- თქვენ ფრონტის ხაზზე დაქორწინდით. როგორია მეომრების ოჯახური ცხოვრება ფრონტის ხაზზე?

- ძალზე რთული. მეუღლეს ოთხ, ხუთ თვეში ერთხელ ვხვდები.

- სხვადასხვა დანაყოფში ხართ?

- დიახ, ჩემი ქმარი მაიორია და არ აქვს უფლება, ოჯახის წევრი იყოს მისი ხელქვეითი.

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე ქართველი არ არის.

- ვოვა ვეგლიჩი უკრაინელია და სხვათა შორის, ძალზე სიმპათიური.

- საახალწლო განწყობებზე საუბარი გიჭირთ. იქნებ ვოვას გაცნობის ბედნიერი მომენტები გაიხსენო...

- ხარკოვზე კონტრშეტევის დროს გავიცანით ერთმანეთი. ფრონტის ხაზიდან ახალი გამოსული ვიყავი და ვისვენებდი. უცებ ოთახში შემოვიდა ტალახიანი, სისხლიანი, ნაომარი ბიჭი და ჩვენი მთავარი ექიმი იკითხა. მე რომ შემომხედა, მიცნო (უკრაინაში ცნობილი ვარ) და მკითხა, - ქეთი ლეშკაშელი ხომ არა ხარო? კი-მეთქი, ვუპასუხე. დავმეგობრდით, ერთხანს მეგობრული მიმოწერა გვქონდა. ერთ მიმართულებაზე ვმუშაობდით და როგორც ჩვენი ბატალიონის ჯარისკაცები გამომყავდა ფრონტის ხაზიდან, ისე - მისი მებრძოლები. ერთხელაც მორიგი სამხედრო ოპერაციიდან გამოსულს, ხელში დიდი თაიგულით დამხვდა. ომში ყოფნამ რომანტიზმი კი დამავიწყა და გამიუფერულა, მაგრამ ის დღე ძალიან ლამაზი იყო...

- დაქორწინების შემდეგ ფრონტის ხაზის დატოვება არ გთხოვათ?

- მთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ დრონით დაინახა, როგორც დავიჭერი, გიჟივით გამოვარდა, მაგრამ შემოსვლა ვერ შეძლო. ყველაფერი რომ დამთავრდა, გამომიცხადა, პოზიციებზე აღარ გახვალო. ნურას უკაცრავად-მეთქი. მე აქ იმისთვის ვარ, პოზიციებზე ვიარო და ასე რომ მინდოდეს, საქართველოში წავიდოდი, ჩემს სახლში დავჯდებოდი თბილად-მეთქი. ურთიერთობის დასაწყისშივე ვუთხარი, რომ ჩემს საქმე აუცილებლად გავაკეთებდი და თუ შეურიგდებოდა ამ ამბავს, ხომ კარგი, თუ არადა...

- დაქორწინების შემდეგ მაინც არ გიცდიათ, თუნდაც მხოლოდ ახალი წლის ღამეს ოჯახურ და საზეიმო გარემოში შეხვედროდით?

- გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ომი რომ დამთავრდება, ძალიან ლამაზ დღესასწაულს მოვაწყობთ ახალ წელაც და შობასაც.

- ყველაფრის მიუხედავად, საახალწლო სურვილები მაინც გექნება.

- კი, მაგრამ ჩემი ყველა ოცნება ომში გამარჯვებას უკავშირდება. აქ სხვაზე მართლა ვერაფერზე იფიქრებ. აი, დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი და მერე კარგ რამეებზეც ვიოცნებებ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"